21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

კითხვა ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ დამაწყებინა

spot_img

კითხვა ჩვეულებრივმა, ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ დამაწყებინა. მაინტერესებდა, რა ეწერა კედლებზე გაკრულ ფირნიშებზე, მაღაზიებისა და კინოთეატრების აბრებზე. მშობლებს ვეკითხებოდი, რა ერქვა ამა თუ იმ ასო-ნიშანს, ვისმენდი პასუხს, ვიმახსოვრებდი და ვცდილობდი გადამება ერთმანეთისთვის. პირველი სიტყვები, რომელთა წაკითხვა დამოუკიდებლად შევძელი, სავარაუდოდ, იყო: „საკონდიტრო“, „ბაკალეა“, გასტრონომია”, ნინოშვილის ქუჩა, მარჯანიშვილის მოედანი, „ამირანი“, „კოლხიდა“.

სურათებიანი წიგნების კითხვა ხუთი წლისამ დავიწყე და სკოლაში წასვლამდე ლამის ზეპირად ვისწავლე ნაცარქექიას, წიქარას, კომბლეს, ხუთკუნჭულასა და ასფურცელას ზღაპრები. ნამდვილი, ანუ ნაკლებად დასურათხატებული წიგნების კითხვაზე რომ გადავედი, უფროსებმა დაისვენეს – აღარც ბებოს და აღარც დედას ვთხოვდი, ახლა ეს წამიკითხე და ახლა ისო. ფათერაკებით დახუნძლულ ამბებს დავეწაფე, სათავგადასავლო ლიტერატურას. ისე მაინტერესებდა მოვლენების განვითარება, რა გადახდებოდათ წიგნის გმირებს, როგორ დააღწევდნენ თავს ერთიმეორეზე მძიმე განსაცდელებს, რომ მზად ვიყავი შეუსვენებლად, დღე და ღამე მეკითხა. არ ვეპუებოდი გვერდების რაოდენობას, რომელიც ხშირად ოთხ, ხუთ ასეულს აჭარბებდა და ისეთ სქელტანიან წიგნებს, როგორებიც „კაპიტან გრანტის შვილები“ და „სამი მუშკეტერი“ გახლდათ – სამ დღეში ვნთქავდი.

მოგვიანებით, როცა გარესამყაროს მიმართ შეკითხვები გამიჩნდა და პასუხები ვერც უფროსებისგან მოვისმინე და ვერც ჭკვიანი მეგობრებისგან, სათავგადასავლო რომანებიდან ე.წ. „სერიოზულ“ წიგნებზე გადავერთე. კვლავ სქელტანიან თხზულებებზე, სადაც ავტორები პერსონაჟებთან ერთად უღრმავდებოდნენ ცხოვრების აზრს. ეს უკანასკნელნი, მანამდე წაკითხული წიგნების გმირებისგან განსხვავებით, არა მარტო ასაკობრივად, არამედ სულიერადაც იცვლებოდნენ – როგორც უკეთესობის, ისე უარესობისკენ. პასუხებს ვპოულობდი და პირველ ხანებში ეს ძალიან მახარებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ მათი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში ან შეუძლებელი გახლდათ, ან უაღრესად ძნელი.

კითხვის შემდეგი ეტაპი იყო წიგნის შერჩევა და მოძიება ავტორების მიხედვით… როცა ან ცნობილი, აღიარებული მწერლის ნაწარმოებზე „ვნადირობდი”, ან რომელიმე ავტორიტეტული მკითხველის რეკომენდაციას ვეყრდნობოდი და მანამდე უცნობი პროზაიკოსისა და პოეტის წიგნს ვიღებდი ხელში. ამ პერიოდში არც თავს ვიქცევდი და არც ცხოვრების გაიოლებას ვცდილობდი. უბრალოდ, ვტკბებოდი კარგ მთხრობელებთან, უცნაურად მოფიქრალ, განათლებულ ხალხთან ურთიერთობით…

ამის შემდეგ მეამბოხეების დრო დადგა, მწერლებისა, რომლებიც კალაპოტიდან ამოვარდნას, გაკვალული ბილიკებიდან გადახვევას და გაბატონებული შეხედულებებიდან თავის დახსნას ქადაგებდნენ, იმ დროს წაკითხულ წიგნებს შორის საუკეთესო იყო ესპანელი რეჟისორის, ლუის ბუნუელის „ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა”…

ამჟამად ყველაფერს ვკითხულობ, უფრო სწორად, თითქმის ყველა ჟანრის ლიტერატურას, რადგან ვისწავლე, ვისთან და როდის უნდა დავიჭირო საქმე. ჩემი ბიბლიოთეკას ახლა უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ორმოცი წლის წინ და კარადების თაროებზე გვერდიგვერდ მიწყვია: სტივენსონის, დიუმას, ჰემინგუეის, ჟიულ ვერნის, მარკ ტვენის, ბორხესის, ეკოს, ჰიუგოს, პერეს-რევერტეს, დეკარტის, ლინდგრენის, სერვანტესის, ჰაშეკის, საბატინის, მონტენის, ორტეგა გასეტის, ფოლკნერის, ჰრაბალის, მიხეილ ჯავახიშვილისა და თომას ვულფის წიგნები.

ზაალ სამადაშვილი 
1 ივლისი, 2020 წელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები