მაია გვიჩია
სსიპ ქ. ფოთის ილია ჭავჭავაძის სახ. №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ყოველთვის, როცა ვაჟას „ალუდა ქეთელაურში“ მინდიას პიროვნებას განვიხილავ, მოსწავლეთაგან მუდმივად წინააღმდეგობრივი აზრები მოდის, ზოგნი მას ამართლებენ, ზოგნი – პირიქით. რთულია, მათ არ უსმინო, მათ ნათქვამშიც არის სიმართლე ისევე, როგორც ჩემსაში… მახსოვს, სამი წლის წინ, ერთი ძლიერი მე-11 კლასი მყავდა, სადაც თითქმის ყველა მზად იყო, მასწავლებლის მოსაზრება მწარედ გაეკრიტიკებინა და გაენულებინა. „ონლაინებიდან“ ახალი დაბრუნებული ვიყავით, ისედაც ნახევარსაათიან გაკვეთილზე რა უნდა მოგვესწრო — ძველის გამოკითხვა, ახსნა თუ განმტკიცება, თუმცა, ასე თუ ისე, მაინც მოვერგეთ ახალ ფორმატს, ვეცადე გამომეკითხა, ტექსტიც აიხსნა ნაწილობრივ და პოემის მე-5 თავში, იქამდე, სადაც მინდია თვალცრემლიანი იდგა თემისა და ბერდიას გადაწყვეტილებაზე, ვერაფერში მიეშველა ალუდას:
„ამის გამგონე მინდიას მაუწყლიანდის თვალები:
ვეღარასა ჰშველს ალუდას,
გულზე გადიწყვის მკლავები.“
როგორც იქნა, მივედით… ბავშვებმა ერთხმად გაამტყუნეს მინდია, რაკი აქამდე ნაწარმოების მიხედვით მიჩვეულნი იყვნენ მისგან ალუდას ქომაგობასა და დაცვას, არ მოეწონათ, თუმცა აღიარეს, რომ თემი ისეთი ძლიერი ორგანიზმი იყო. რომლის წინაშე ვერაფერს გააწყობდა ვინმე. მიუხედავად ამისა, მინდიას ქმედება მაინც მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, კლასში ბევრი იდეალისტი და მაქსიმალისტი იყო, სიმართლე გითხრათ, ვერ დავარწმუნე, რომ სხვაგვარად უბრალოდ ვერ შეძლებდა, ვერ მოახერხებდა, რადგან მასაც იგივე ხვედრი ელოდა სოფლისაგან, ამიტომ, სავარაუდოდ, ჯერ მინდია მზად არ იყო ამგვარი ნაბიჯისთვის… თუმცა, ყველა ჩემი მცდელობა ამაო გამოდგა. ბოლოს ქრისტეს მოციქული პეტრე გამახსენდა, მანაც ერთგულებაზე გადადო თავი მოძღვრის წინაშე, უთხრა, არასოდეს გიღალატებო, თუმცა, განსაცდელმა რომ მოუკაკუნა, მამლის ორჯერ დაყივლებამდე, სამჯერ მოასწრო მისი ღალატი და უარყოფა, არა, მე არა ვარ ის კაცი, ვინც მასთან იყოო… ამის მერე არ უნდა გაგვიკვირდეს მინდიას ბოლო გადაწყვეტილება – დუმილი თუ პასიურობა. ბავშვებს მოეწონათ ეს არგუმენტი, ყველა ერთბაშად დამეთანხმა, მინდიას განსჯაც შეწყდა. მე კი იმით დავასრულე, რომ მის თვალებში ცრემლი, სინანულია, გულდაწყვეტა, თუ მისკენ სამომავლოდ სწრაფვის სურვილი, სინამდვილეში არავინ იცის, მაგრამ როგორც ფილოლოგმა მაია ჯალიაშვილმა თქვა, ალუდამ მისი სახით ხნულში მარცვალი ჩატოვა… ოდესღაც ხომ უნდა აღმოცენებულიყო ეს მარცვალი? რაც იმედს გვიტოვებს სახვალიო ფიქრისა… პეტრე მოციქულს მერე, გადმოცემის მიხედვით, მთელი დარჩენილი ცხოვრება უტირია, მამლის ყივილზე განსაკუთრებით ახსენდებოდაო სანუკვარი და მისგან უარყოფილი მოძღვარი… თვალები დაწითელებული და ცრემლისაგან ღარებიც კი ჰქონია სახეზე. ვინ იცის, მინდია რას განიცდიდა შემდეგში, ეწვია თუ არა მას „პეტრეს სინანული“, რომელსაც ასრერიგად დღესაც ნატრობს ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი.
ლიტერატურის ისტორია უამრავ მსგავს პერსონაჟს იცნობს, რომლებიც გმირების ნაკვალევს მიუყვებიან, მათ გზას აგრძელებენ, მათნაირად იწყებენ აზროვნებას ან მომავალში აპირებენ მაინც, ამის მაგალითებად „იგის“ ძველი ბელადი და იგიც კმარა, ან იგი და ტომის ბოლოში მდგარი წელში გამართული ზუ; ალავერდის ტაძრის ეზოში შეკრებილი, წამით გარინდებული საზოგადოება და ტაძრის ლავგარდანზე ქრისტესავით მდგარი გურამი „ალავერდობიდან“; ინგლისელი კოლონიზატორების წინაშე ამაყად და უშიშრად შემართული მაჰათმა განდი, თავისუფლებას მოწყურებულ ინდოელებთან ერთად; ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ისტორიული რომანიდან „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ სოფლის ქრისტედ შერჩეული მთავარი პერსონაჟი მანოლიოსი და მისი მიმდევარი ოთხი მეგობარი, მას მერე სიწმინდით რომ ცხოვრობს და ნათელი აზრებით უყურებს სამყაროს; „მერანში“ მხედარი და მის მიერ გაკვალული გზა, სხვებს აუცილებლად რომ უნდა გაუადვილდეთ მისი გავლა… კიდევ რამდენი ჩამოვთვალო… მთავარი მაინც ისაა, მივხვდეთ, ჩავუღრმავდეთ ასეთი პერსონაჟების დანიშნულებას, მათ როლსა და ფუნქციას ნაწარმოებში. ამ თემებზე მსჯელობისას, მათემატიკოსმა კოლეგამ მკითხა, რატომ გვინდა, რომ ყველასგან გმირი გამოვიყვანოთო, იქნებ არც მე მინდა, მაგრამ ამაზეც ასეთი არგუმენტი მაქვს, სახარებაში ქრისტემ გვითხრა: „იყვენით თქვენ სრულ ვითარცა თქვენი მამა ზეცათაი სრულ არს“… რაღა დაგვრჩენია, ქრისტე ვერავინ ვიქნებით, თუმცა, უნდა ვცადოთ მაინც მასთან მიახლება…