სოფო მელაძე
ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი
როცა კვებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ საკვების მიღების პროცესი, არამედ, სხვადასხვა უნარების ჩართულობა ამ პროცესში, მაგალითად, ისეთი ორალ-მოტორული უნარები, როგორიცაა: კბეჩა, ღეჭვა, ყლაპვა, ასევე, ადაპტური უნარები – ჩანგლის/კოვზის დამოუკიდებლად გამოყენება, სოციალური უნარები – კვებასთან დაკავშირებული მანერები, წესები, სასურველის მოთხოვნა და ა.შ.
✅ ბავშვის კვება, მისი ასაკის და უნარების მიხედვით, განსხვავებულია. მოდი, ერთად განვიხილოთ როგორია კვების პროცესის განვითარება ჩვილებში:
დაახლოებით 4 თვემდე, ბავშვი იკვებება ლაქტაციის ან ხელოვნური საკვების საშუალებით, საკვების რაოდენობა კი, მისი წონიდან გამომდინარე, 1/6 ნაწილს შეადგენს. 6 თვიდან ბავშვი 5-ჯერად კვებაზე გადადის და ასევე ვიწყებთ დამატებითი საკვების მიცემას. 9 თვიდან მისი საკვები ნელ-ნელა ემსგავსება მოზრდილი ადამიანის რაციონს. სასურველია, 2 წლიდან ბავშვისთვის, საკვების მრავალფეროვნებასთან ერთად, მისი კომბინირებულად შეთავაზებაც, რათა მეტად დაბალანსდეს საკვები დანამატები ორგანიზმში და ბავშვს მონელების პრობლემები არ შეექმნას. 2 წლიდან უკვე შეგვიძლია, შევთავაზოთ 3-4-ჯერადი კვება, ორჯერადი წახემსებით – საუზმე წახემსება, სადილი, წახემსება, ვახშამი.
მნიშვნელოვანია, ბავშვის საკვები რაციონი ბალანსირებული და მრავალფეროვანი იყოს.
✅ რომელია ის საჭირო ნივთიერებები, რომლისგანაც ჩვენი კვების რაციონი უნდა შედგებოდეს?
ცილები – ანუ პროტეინები სიცოცხლისათვის აუცილებელ სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენენ და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს შეადგენენ. სხეულს ცილები სჭირდება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს, ჩაანაცვლოს ქსოვილები, იფუნქციონიროს და გაიზარდოს.
ცხიმები — ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სხეულს ცხიმი სჭირდება ზრდისთვის, ენერგიისთვის.
ნახშირწყლები – სიცოცხლისთვის აუცილებელი ენერგიის წყარო, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ძირითად საწვავს წარმოადგენს. ნახშირწყლების ორი ტიპი არსებობს: რთული და მარტივი. რთული ნახშირწყლები, ათვისების მხრივ, ნაკლები სისწრაფით გამოირჩევიან. ისინი გვხვდება მარცვლეულ პროდუქტებში(პური, ხორბალი, სიმინდი) და ბოსტნეულში (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი). მარტივი ნახშირწყლები კი სწრაფად ათვისებადი ნივთიერებებია – ხილი, რძის პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს.
„კვების პირამიდის“ მიხედვით, ჩვენი რაციონის აუცილებელ ნივთიერებებს შეადგენს ნახშირწყლები – 40%, ხილი და ბოსტნეული – 35%, ცილები – 20%, ცხიმი და შაქარი – 5%. ყველასთვის ცნობილი „ჰარვარდის ჯანსაღი საკვების თეფში“ასე გამოიყურება: თეფშის 50% ხილი და ბოსტნეულია, 25% ცილოვანი პროდუქტებია, 25% – ნახშირწყლები.
✅ სანამ კონკრეტულად კვების დარღვევებზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ რა ტიპის მჭამელი ბავშვები არსებობენ:
- „პრეტენზიული მჭამელები“ – ასეთი ბავშვების კვების რაციონი მწირი და ერთფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ისინი სხვადასხვა სახეობის ნივთიერებებს იღებდნენ, თითოეული სახეობის საკვები ერთფეროვანი და არასაკმარისი რაოდენობისაა. ისინი უარს ამბობენ ახალი საკვების გასინჯვაზე, რაც „ნეოფობიის“ სახელითაა ცნობილი.
- „რეზისტენტული მჭამელი ბავშვები“ – ასეთი ბავშვები, ძირითადად, ერთი სახეობის საკვებს იღებენ, მაგალითად, მხოლოდ წვნიანებს ან მხოლოდ მშრალ საკვებს, ცომეულს, მაკარონს და ა.შ. ისინი ანსხვავებენ საკვებს ფაქტურის, ფორმის, ფერის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. უცხო საკვებზე უარს ამბობენ, რადგან უკვე შერჩეული აქვთ მათთვის უსაფრთხო კატეგორიის საკვები.
გარდა ზემოთ აღწერილი ტიპოლოგიისა, მოდი, ჩამოვთვალოთ კიდევ რა ფაქტორები მოქმედებს ბავშვის კვების სირთულეებზე:
♦ სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა ალერგია, ყელთან და ხახასთან დაკავშირებული ორგანული დარღვევები;
♦ ორალ-მოტორული განვითარების დარღვევები, როგორიცაა ღეჭვის, კბეჩის, ყლაპვის უნარების განუვითარებლობა;
♦ ქცევითი პრობლემები, რაც დაკავშირებულია სასურველის მოთხოვნასთან და მისი სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვასთან, კვებასთან დაკავშირებული წესების და ნორმების მიმღებლობასთან, კვების მანერებთან და ა.შ.;
♦ დამოუკიდებლად კვების სირთულეები, მოტორული სირთულეებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს კოვზის/ჩანგლის დამოუკიდებლად გამოყენებას, ნატიფ მოტორულ უნარებს, როგორიცაა ლუკმის პირთან მიტანა, საკვების თეფშიდან აღება და ა.შ.;
♦სენსორული ინტეგრაციის სირთულეები, რაც გულისხმობს შეგრძნებების მიღებას, გადამუშავებას და ადაპტური პასუხის დაბრუნებას. ამ დროს, შესაძლოა, ბავშვი გარკვეული ტექსტურის საკვებს არ ჰკიდებდეს ხელს, გარკვეული ტემპერატურის ან სტრუქტურის საკვებს არ იდებდეს პირში და ა.შ.;
♦ გარდა ამისა, მოტორული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი კვების ხელშესაწყობად, რაც გულისხმობს გამართულად ჯდომას, პოზის შენარჩუნებას კვების დროს და სხეულის მართვას.
✅ ახლა დეტალურად ვისაუბრებ, თუ რა სტრატეგიებს ვიყენებთ პრეტენზიულ და რეზისტენტულ მჭამელებთან.
შევადგინოთ ბავშვის კვების რუტინა. გავაკეთოთ ორი ცხრილი: ერთი – ბავშვისთვის საყვარელი საკვების და მეორე – ბავშვისთვის ნაკლებად საყვარელი საკვების. კვებას ვყოფთ შემდეგ ნაწილებად – საუზმე-წახემსება, სადილი-წახემსება და ვახშამი.
დილით, საუზმეზე, ბავშვს ვთავაზობთ, 2 ცხრილიდან – ერთ ნაკლებად საყვარელ საკვებს და მეორე – მისთვის საყვარელს. იგი აკეთებს არჩევანს და, რა თქმა უნდა, საყვარელ საკვებს ირჩევს.
წახემსების დროსაც იგივე ტექნიკა გამოვიყენოთ, სადილის დროს კი უკვე ორივე საკვები მისთვის ნაკლებად საყვარელი საკვების ცხრილიდან შევთავაზოთ, თუ იგი ორივეზე უარს იტყვის, არ ვნერვიულობთ, რადგან მან საუზმის დროს მიირთვა მისთვის საყვარელი საკვები და მშიერი არ არის.
სადილის შემდეგ, წახემსების დროსაც, ისევ ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, საყვარელ და ნაკლებად საყვარელ საკვებს შორის, ხოლო ვახშმის დროს ისევ საყვარელ საკვებს ვთავაზობთ.
როგორც ხედავთ, ერთმანეთში ვცვლით და ვამრავალფეროვნებთ ბავშვის რაციონს, გარდა იმისა, რომ ვუქმნით შეგრძნებას, არჩევანს თვითონ აკეთებს, ასევე, ვზრდით მის მიმღებლობას სხვადასხვა საკვების მიმართ.
როცა უკვე შედარებით ადაპტირდება სხვადასხვა სახის საკვებთან, შეგიძლიათ, 1 დღე მთლიანად არასასურველი საკვების შეთავაზებას დაუთმოთ, ხოლო მეორე დღე – მთლიანად სასურველი საკვების; წახემსებები კი ბალანსირებისთვის გამოიყენოთ, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩეს.
რაც შეეხება „ნეოფობიას“, რომელიც ახალი საკვების გასინჯვის შიშს გულისხმობს, სრულიად სხვა ტექნიკას ვიყენებთ. როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს შეთავაზებული საკვები უბრალოდ არ მოსწონს და ეს მისი გემოვნების ნაწილია თუ ბავშვს ნეოფობია აქვს?
თუ ბავშვმა ერთხელ მაინც გასინჯა საკვები და მეორედ მის ჭამაზე უარს ამბობს, შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ მიღებული საკვები არ მოსწონს, ხოლო თუ ბავშვი გასინჯვის გარეშე გიცხადებთ უარს საკვების მიღებაზე, აქ სენსორული ინტეგრაციის საფეხურების გავლაა საჭირო საკვების მიმღებლობის გაზრდისთვის.
რას გულისხმობს სენსორული ინტეგრაცია? გარემოდან ინფორმაციას შეგრძნებების საშუალებით ვიღებთ: გემო, ყნოსვა, სმენა, მხედველობა, შეხება და ა.შ. სენსორული ინტეგრაცია ამ შეგრძნებების მიღებას, გადამუშავებას და შესაბამისი რეაქციის დაბრუნებას გულისხმობს. სენსორული ინტეგრაცია საგნის სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, როგორი სუნი, გემო ან ტექსტურა აქვს. ჩვენი შეგრძნებები უნდა ადაპტირდეს სხვადასხვა სტიმულებთან. მაგ.: შესაძლოა დასვრილი და სველი ხელები არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ბანანის ხელით ჭამის დროს შეგვიძლია ამაზე ყურადღება არ გავამახვილოთ, გემრიელად მივირთვათ და ბოლოს ხელი დავიბანოთ. როგორც ხედავთ, სხვადასხვა სტიმულები კვების პროცესში ხელს არ უნდა გვიშლიდეს.
- შეგიძლიათ დაიწყოთ ვიზუალური მიმღებლობით – უცხო საკვები ხშირად მოხვდეს ბავშვის მხედველობის არეში. შესაძლოა, არც კი შევთავაზოთ ბავშვს, მაგრამ „თვალი ეჩვევა“, რომ ასეთი საკვებიც არსებობს ოჯახის რაციონში.
- შემდეგი ეტაპი ხელით შეხება და თამაშია, ამ პროცესს „ფუდფლეის“ უწოდებენ – საკვებით თამაში. ამ ეტაპის დროსაც არ ვაძალებთ ბავშვს საკვების გასინჯვას, მხოლოდ ვეთამაშებით ხელებით, ვჭყლეტთ, ვჭრით, ვწურავთ, ვაქუცმაცებთ და ა.შ.
- მომდევნო ეტაპი — საკვების სუნზე ხაზგასმაა. როგორი სუნი აქვს ჩვენ მიერ მომზადებულ საკვებს? მმ… რა გემრიელია, მოდი, ვუსუნოთ. ხშირად დავაყენოთ მოცემული საკვების სუნი სახლში და შესვლისთანავე გამოვიცნოთ, მმ… რა მოგვიმზადა დედამ? წარმოიდგინეთ, როგორ შეჭამთ რაიმე საკვებს, თუ მისი სუნი თქვენთვის სასიამოვნო არ არის, ამიტომ სუნის ეტაპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკვებისადმი მიმღებლობის გაზრდაში.
- ბოლო ეტაპი საკვების პირთან მიტანას და გემოს გასინჯვას გულისხმობს, ოღონდ ესეც პატარა ბიჯებად შეგვიძლია ჩავშალოთ – ენის მიდება, ალოკვა, დაღეჭვა და გადმოფურთხება, პატარა ნაწილის გასინჯვა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, „მატყუარა თეფშის“ სტრატეგიაა – აიღეთ მოზრდილი თეფში, სადაც ბავშვის საკვები შედარებით ნაკლები რაოდენობის ჩანს, ან მისთვის უცხო საკვები საყვარელ საკვებთან ერთად მიაწოდოთ. მაგ.: თუ ბავშვს შემწვარი კარტოფილი უყვარს, ხოლო არ ჭამს კიტრს, შეგიძლიათ, კარტოფილის და კიდევ ერთი საყვარელი საკვების კუთხეში კიტრის სალათიც დაუდოთ.
✅ ბოლოს მინდა ვისაუბრო, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ადაპტური და კომფორტული გარემო ბავშვის კვებითი უნარების განვითარებისთვის:
- პოზიტიური და მშვიდი გარემო – კვების დროს არ მისცეთ ბავშვს შენიშვნები, არ გაუბრაზდეთ, თუ თქვენი მოლოდინი არ გაამართლა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კვების პროცესი გახადეთ სასიამოვნო და მხიარული;
- თუ ბავშვს წინასწარ განწყობას შეუქმნით, როდის მოდის კვების დრო, რა გვაქვს საუზმეზე, შემდეგ რას აკეთებს, მისი ქცევა მეტად მოწესრიგებული და მართვადი იქნება;
- აუცილებლად მოკალათდით მაგიდასთან და იგივე საკვები მიირთვით, რასაც ბავშვი ჭამს. გაახმოვანეთ საკვების გემო, სუნი, ფერი. დააკავშირეთ და დააწყვილეთ ისინი ბავშვისთვის საინტერესო და საყვარელ ინტერესებთან, მაგ.: უი, დღეს წვნიანი გვაქვს? გახსოვს შენს საყვარელ ზღაპარში ფიფქიაც ჯუჯებს წვნიანს უმზადებს;
- მიეცით საშუალება, თვითონ მოემსახუროს საკუთარ თავს, ეთამაშეთ როლური თამაშები, მაგ.: გაჭამოთ საკვები, აჭამოს თავის საყვარელ თოჯინას, ფისუნიას და ა.შ.;
- კვების პროცესში ბავშვისთვის სწორი პოზის შერჩევას და უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირის ფუნქცია, ორალურ-მოტორული კონტროლი ბავშვის მთლიან პოზაზე, ხერხემლის, მთელი სხეულის გამართულობასა და სიმეტრიაზეა დამოკიდებული;
- არ ჩართოთ კვების დროს სხვადასხვა სახის გამაღიზიანებლები (როგორიცაა ტელევიზორი, მობილური, ვიდეოთამაშები და ა.შ), რომელიც გადაფარავს თქვენს ხმას და ბავშვს ყურადღებას გაუფანტავს;
- კვების დროს მნიშვნელოვანია, ბავშვის ფეხები ეხებოდეს იატაკს და ჰაერში არ ჰქონდეს. ეს ხელს შეუწყობს მისი პოზის და სხეულის აღქმის წონასწორობას;
- დაბოლოს, არ დააძალოთ ბავშვს საკვები, არ გამოიყენოთ საკვები როგორც განმამტკიცებელი, რადგან ეს მას შეუქმნის წარმოდგენას, რომ სხვა საკვები ნაკლებად სასიამოვნო და მისაღებია გარშემომყოფებისთვის.