14 მაისს, სასტუმრო „იოტაში“ გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი. ასოციაციის წევრ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი; განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე და მისი მოადგილე თამარ სამხარაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე, ასოციაციის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა დაინტერესებული პირები.
ასოციაცია არსებობის მეექვსე წელს ითვლის და ჩამოყალიბდა როგორც ავტორიტეტული, კომპეტენტური, მძლავრი ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო და არის — პროფესიული განათლების სისტემის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად. ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია საქართველოს კერძო კოლეჯების უმრავლესობა — 46-დან 35. ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობა. პროფესიული განათლების 2020-2022 წლების ხედვის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ. გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.
საერთო კრებამ ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩია: ია ერაძე — საქართველოს ბიზნესის აკადემია „SBA“; მაია ჩიხლაძე — საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“; ნინო გომელაური — მარნეულის კოლეჯი; გიორგი ბერაია — საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“; შორენა ხაჭაპურიძე — საზოგადოებრივი კოლეჯი „ფანასკერტელი“; მანანა მახარაშვილი — საზოგადოებრივი კოლეჯი „ნატალი აკადემია“; რაინდი ლომაია — საზოგადოებრივი კოლეჯი „კავკასიონი“. ახლად არჩეულმა გამგეობამ, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტად ია ერაძე აირჩია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად — მაია ჩიხლაძე და ნინო გომელაური.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა, ია ერაძემ ერთსულოვანი მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ასოციაციის წევრ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და აღნიშნა, რომ ყოველთვის გრძნობდა მათ თანადგომას: „გპირდებით, არ დავიშურებ ძალისხმევას, გავამართლო თქვენი იმედები და ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა და ჩვენი ერთიანი მისიით გაცხადებული მიზნების რეალიზებისათვის. უზრუნველვყოფ ასოციაციის მართვის ორგანოების რესტრუქტურიზაციის გზით გადაწყვეტილებების მიღებისა და წევრთა წარმომადგენლობითობის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, სახელმწიფო უწყებებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის — დაფინანსების წყაროებსა და სხვადასხვა სოციალურ სარგებელზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობას.
გამოვიყენებ საკუთარ გამოცდილებასა და მიდგომებს ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან თქვენივე შესაძლებლობათა გაძლიერების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ერთად შევძლებთ, პროფესიული განათლების ფარგლებში, კერძო პროვაიდერების პოპულარიზაციას, მათ შორის, ბრენდირების მოდერნიზებული სისტემის სრულყოფას ახალი მიდგომებისა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, პროფესიულ სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების ხელშეწყობას, სხვადასხვა ნომინაციებში პროფესიული განათლების ალტერნატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე ეროვნული ჯილდოს დაწესებასა და სხვა საინტერესო აქტივობების განხორციელებას. ჩემი ყველა ძალისხმევა მიმართული იქნება ასოციაციის წევრებს შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებისა და არსებული მემორანდუმების ფარგლებში ურთიერთსასარგებლო მიმართულებების გააქტიურებისაკენ. მჯერა, რომ ბევრ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ, პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის“.
ფორუმის დასასრულ, რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ კერძო კოლეჯების ასოციაციის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ია ერაძეს.
— რის განხორციელებას გეგმავთ პირველ ეტაპზე?
— კერძო კოლეჯები პროფესიული განათლების ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ამას ფორუმზე არაერთხელ გაესვა ხაზი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სოციალური პარტნიორების მხრიდან. ამ კონტექსტში რთულია პირველი ნაბიჯების გამოყოფა. ბევრი რამ სასწრაფოდ და ერთდროულადაა გასაკეთებელი. პირველი მაინც საჭიროებათა სწორი იდენტიფიცირებაა. ამისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის და დიალოგის რეჟიმში უნდა შეჯერდეს კოლეჯების ხედვები და სხვა მხარეთა მოლოდინები, როგორიცაა სამინისტროები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა რეალური გაერთიანებები. ეს მოგვცემს ჩვენი ნაბიჯების სწორად დაგეგმვის შესაძლებლობას. თუმცა აშკარაა, რომ ასოციაციამ სასწრაფოდ უნდა იპოვოს ადგილი პროფესიული განათლების რეფორმის ერთიან ფრონტზე და აქტიურად ჩაერთოს საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაში, რაზეც სწორედ ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
— რა არის მთავარი პრობლემა, რის წინაშეც კერძო კოლეჯები დგანან?
— მას შემდეგ, რაც დაიწყო დაფინანსების მოდელის გადახედვა და მიმდინარე წლიდან კერძო კოლეჯების სტუდენტებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან დაფინანსების სქემაში, მთავარი პრობლება, რაც კერძო კოლეჯების წინაშე იდგა, მეტ-ნაკლებად თანდათანობით მოგვარდება. შესაბამისად, უკვე წინ წამოიწევს ისეთი საკითხები, რომლებიც საერთოა კერძო და საჯარო კოლეჯებისათვის, როგორიცაა პროფესიული განათლების ჯერ კიდევ არასაკმარისი პოპულარობა, ხარისხის კულტურის განვითარება, უცხოური სასწავლებლების უკანონო ფილიალების არსებობა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შეუძლებლობა. ზოგადად, ასეთი დინამიური ცვლილებების შემდეგ, პროფესიული განათლების მდგრადი განვითარებისათვის სტაბილური გარემოს შექმნა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.
— წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა კერძო კოლეჯების ხელშეწყობისათვის ?
— უფრო ვიტყოდი, რომ ნაბიჯები ახლა იდგმება, რადგანაც ჯერ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დასრულებულა და შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ამას პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღებამ შეუქმნა საფუძველი, თუმცა მთავარი მაინც კანონქვემდებარე აქტებია. ძალიან მალე კერძო კოლეჯების სტუდენტები ისარგებლებენ სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსებით, მალე დაიწყება ზრდასრულთა განათლების მოკლევადიანი პროგრამები, რაც დამატებით შესაძლებლობას მისცემს პროვაიდერებს, შესაძლებელი გახდება ზოგადი განათლების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში, რაც საგანმანათლებლო ჩიხებს აღმოფხვრის. წლის ბოლომდე კიდევ მრავალი სიახლის მოლოდინში ვართ, რაც თანდათან გააფართოებს კერძო კოლეჯების შესაძლებლობებს საგანმანათლებლო ბაზარზე.
მოამზადა მაკა ყიფიანმა