გიორგი სიჭინავა აფხაზეთში, დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე გაგრაში, 1944 წლის 15 სექტემბერს, დაიბადა. პირველი საფეხბურთო განათლება ქალაქის ღვაწლმოსილი მწვრთნელისგან, რეზო შარტავასგან მიიღო, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ვლადიმერ ბარქაია აღუზარდა.
გიორგი სიჭინავას კარიერა იმდენად შთამბეჭდავად დაიწყო, რომ 15 წლის ასაკში გაგრის „ტორპედოში“ თამაშობდა, რომელიც, იმ პერიოდში, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ასპარეზობდა. მისი წარმატებული თამაში თვალთახედვიდან არ გამოპარვია ლეგენდარულ მწვრთნელს, ანდრო ჟორდანიას და ყველა ახალგაზრდის საოცნებო თბილისის „დინამოში“ მიიწვია. მისი სადებიუტო მატჩი 1960 წლის 30 ივლისს, ერევანში, „სპარტაკის“ წინააღმდეგ შედგა. 9 წლის განმავლობაში, გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების გვერდით, მან არაერთი ბრწყინვალე საფეხბურთო სპექტაკლი აჩუქა ქართველ გულშემატკივრებს.
გიორგი სიჭინავას მდიდარ საფეხბურთო ბიოგრაფიაში ორი მატჩია განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი: უპირველესად, 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში ჩატარებული „ოქროს მატჩს“ გავიხსენებთ. გიორგი სიჭინავას სჯეროდა, რომ „დინამო“ ჩემპიონი გახდებოდა. სხვათა შორის, 60 წლის შემდეგ, იგი ერთადერთი ფეხბურთელია იმ შემადგენლობიდან, რომელიც ჩვენს რიგებს შემორჩა; მეორე მატჩი, 1965 წლის შემოდგომაზე, მოსკოვში, ბრაზილიის ნაკრებთან შედგა. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 21 წლის გიორგი სიჭინავას. მას პელეს მეურვეობა დაავალეს, რაც ფრიადზე შეასრულა. მატჩის შემდეგ, ფეხბურთის მეფისგან საქებარი სიტყვები მოისმინა და მან 10-ნომრიანი მაისურიც აჩუქა. მიუხედავად მრავალგზის ფულადი შეთავაზებისა, ეს საჩუქარი დღესაც მისი ოჯახის საგანძურია.
რომ არა გაუმართლებელი დისკვალიფიკაციები, რასაც ნაწილობრივ თვითონაც ეთანხმება, მისი კარიერა უფრო წარმატებული იქნებოდა. პირველი დისკვალიფიკაცია, 1965 წელს, ბაქოს „ნეფტიანიკთან“ კალენდარულ თამაშზე მისცეს, სასჯელიც სამაგალითო გამოუწერეს, თუმცა მოსკოვიდან ჩამოსული ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი, ნიკოლოზ მოროზოვი დაუდგა თავდებში, რადგან 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სიჭინავა, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და მურთაზ ხურცილავა ნაკრების უპირობო მოთამაშეებად ითვლებოდნენ. სამწუხაროდ, მაშინ ფეხბურთი, მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ, კაბინეტებიდან იმართებოდა, რამაც მესხი და სიჭინავა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა.
მეორე დისკვალიფიკაცია 1969 წლის დეკემბერში მისცეს – უსაფუძვლო ბრალდებით ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული ვიქტორ პონედელნიკის თხოვნით, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. შემდეგ ერთი სეზონი საკავშირო ჩემპიონატის II ლიგის მონაწილე რუსთავის „მეტალურგში“ ითამაშა, იყო საინტერესო შემოთავაზებები მოსკოვის „დინამოდან“ და ალმა-ატის „ყაირათიდან“. გიორგი სიჭინავამ შემოთავაზებები უარყო, 28 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, მშობლიურ გაგრაში ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ჩაუდგა სათავეში და წარმატებით იმუშავა 1992 წლამდე… შემდგომ საქმიანობაში „კორექტივი“ აფხაზეთის ომმა შეიტანა და იგი საცხოვრებლად სოჭში გადავიდა, სადაც ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, სლავა მეტრეველმა გადადგა კაერიერის პირველი ნაბიჯები. სტადიონს, სადაც მისი ბიუსტია დადგმული, გიორგი სიჭინავა ხშირად სტუმრობს და ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრების და ახალგაზრდა თაობის სასურველი თანამოსაუბრეა, იხსენებს კარიერის საუკეთესო წლებს.
2024 წლის 15 სექტემბერს, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ, განუმეორებელ ქართველ კაცს 80 წელი შეუსრულდა. დიდ სიყვარულს გამოვხატავთ მისი პიროვნების მიმართ, საქართველო არასოდეს დაივიწყებს მის ამაგს და სიყვარულს ქართული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ.
ბეჟან ჩხეიძე