თათა ჭანტურია
♦ განათლების სპეციალისტი
♦ USAID-ის საბაზისო განათლების წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი
პირველ რიგში, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ, რა არის ის ძაფი, ან ე.წ. „კაუჭი“, რითაც გვინდა, რომ სკოლა ბავშვებისთვის საინტერესო, ერთგვარად დამაინტრიგებელ ადგილად იქცეს. ვგულისხმობ, ბავშვი ცნობისწადილით, გულის ბაგაბუგით ელოდეს, აბა, რა მოხდება დღეს სკოლაში? რა დამხვდება კლასში? რას გავაკეთებთ გაკვეთილზე?
ცხადია, მასწავლებელთა უმეტესობა ყოველ წელს ისედაც გადახედავს გასავლელ პროგრამასა და რესურსებს, თუმცა შეიძლება დავალებები თუ აქტივობები, რომელთა მოსინჯვასაც ბავშვებთან ვგეგმავთ, გაცილებით სიღრმისეულად იყოს გადასასინჯი.
ახლა, როცა ნებისმიერი ინფორმაცია სულ მარტივადაა ყველასთვის ხელმისაწვდომი, უკვე პირველკლასელებსაც კი, არათუ შედარებით უფროსკლასელებს, იმდენი ცოდნა და უნარები აქვთ ჩამოყალიბებული, რომ თუკი თვითგანვითარების სურვილი ექნებათ, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად შეუძლიათ, გარკვეულწილად, სკოლაც ჩაანაცვლონ და თავად დაეუფლონ ნებისმიერ რამეს, რაც აინტერესებთ, სჭირდებათ, გამოადგებათ. შესაბამისად, ამ ცოდნით, უნარებით, დამოკიდებულებებით აღჭურვილებს უკვე სკოლისადმი მოლოდინებიც, მოთხოვნებიც ეცვლებათ. შეიძლება ვთქვათ, დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მასწავლებლისთვის, იყოს ამ თაობისათვის საინტერესო.
თუკი, დაახლოებით, ათეული წლის წინაც კი, დაფასთან დაკიდებული ბუშტები ან მასწავლებლის ხელით გამოჭრილი აპლიკაციები საკმარისი იყო ბავშვის აღფრთოვანების მისაღწევად და შესანარჩუნებლად, დღეს ასე აღარ არის. დღევანდელი ბავშვები, აღჭურვილნი ვირტუალური თუ რეალური სამყაროდან მიღებული მრავალფეროვანი ცოდნით, ძალიან მყარად დგანან მიწაზე, სხვაგვარად, მეტად პრაგმატულად აფასებენ დახარჯულ დროს, თავიანთ საჭიროებებს. შესაბამისად, ხშირადაც გვესმის მათგან კითხვა: ახლა რომ ამას ვაკეთებ, რაში დამჭირდება? ზოგჯერ უფროსები ვბრაზდებით ხოლმე ამ შეკითხვაზე, ხისტი რეაქცია გვაქვს. ბავშვობაში, ალბათ, ყველას ხშირად გვესმოდა ხოლმე პასუხი: ხომ იცი, ზოგადი განათლება ადამიანს გამოადგება… აი, ნახავ, თუ არ დაგჭირდება. რასაკვირველია, ეს ისევ ასეა, ზოგადი განათლება კვლავ მნიშვნელოვანია და არავინ დავობს, რომ ის ადამიანს გამოადგება, მაგრამ ვიდრე ბავშვებს გავუწყრებით ამ შეკითხვისთვის, ის კონტექსტიც გავითვალისწინოთ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ – გაცილებით რეალისტურად უყურებენ ყველაფერს, დროც გაცილებით აჩქარებულია, შესაბამისად, შედეგების დანახვაც მალევე სურთ. უკვე დასახული აქვთ კონკრეტული პატარ-პატარა მიზნები. ზოგიერთს ხელსაქმე გამოსდის კარგად, სურს ნამუშევრები შექმნას და გამოფენა-გაყიდვა მოაწყოს. მიიჩნევს, რომ ასე ცნობილიც გახდება და წვრილ-წვრილი ხარჯებისთვის ფულსაც თავისი შრომით იშოვის. ზოგს მენეჯერის გამოკვეთილი თვისებები აქვს და ამ კუთხით მოსწონს საქმიანობა, ზოგი ბუნებისა თუ ცხოველების განსაკუთრებული გულშემატკივარია და მათ დასაცავად გადასადგმელ ნაბიჯებს გეგმავს. იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე ბავშვების მიზნებიცა და მოლოდინებიც გაცილებით პრაგმატული, რეალისტურია. მათი სურვილი, რაღაც ისწავლონ, პირდაპირ უკავშირდება მათსავე ყოველდღიურობას, რეალურ ცხოვრებას. ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი სწორედ ეს უნდა იყოს: მოსწავლეს რომ კლასში რაღაც ვასწავლე, უნდა ვხედავდე, როგორ შეიძლება მისი ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში. მოსწავლის ცოდნისა თუ ამა თუ იმ უნარის კონსტრუირებას უბრალოდ იმიტომ ხომ არ ვახდენთ, რომ სადღაც სახელმძღვანელოში ან გეგმაში გვიწერია. რასაკვირველია, ამ ცოდნასა და უნარებს გრძელვადიან ჭრილში ვუყურებთ – როგორ გამოადგება ეს ბავშვს ხვალ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ან თუნდაც დღესვე. რაში? თითქოს რთული წარმოსადგენია, არა? მაგალითად, იმაში, რომ ბებოს მიეხმაროს პენსიის დათვლაში, ან კლასელებთან ერთად დაგეგმოს ექსკურსიის მარშრუტი და ბიუჯეტი, ან შეადგინოს განცხადება, თუკი, მაგალითად, კატა დაეკარგა. ბავშვის ცხოვრება ხომ ყოველდღიური, პატარა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი ამბებისგან შედგება. თუკი გვინდა, სკოლა თანამედროვე იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რასაც სკოლაში ვასწავლით, რეალიზდეს, აირეკლოს მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მრავალფეროვანი მხატვრული, საინფორმაციო თუ ფუნქციური ტექსტები, ცხადია, იძლევა ამის საშუალებას. მთავარია, სწორად შევარჩიოთ მათი დამუშავებისათვის აქტივობები და დავალებები. ალბათ, მინი-პროექტები, რომელთა თემატიკაც ავთენტური და აქტუალურია ბავშვებისათვის, შესრულების ვადა და ნაბიჯები კი – გონივრული, მკაფიო და ლოგიკური კავშირებით დაგეგმილი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა დასაინტერესებლად და სწავლის მოტივაციის გასაზრდელად. ამგვარი დავალებებით თამამად ვუპასუხებთ მათ სავსებით ლეგიტიმურ შეკითხვასაც: „რაში დამჭირდება ამის სწავლა?“ და არამარტო საგანს, შესაძლოა, მთელი ცხოვრების ინტერესსაც აღმოვაჩენინებთ მოსწავლეებს.
მეორე მხრივ, ამ შეკითხვაზე დამაჯერებელი და კომპეტენტური პასუხი რომ გვქონდეს, ალბათ, ჩვენ თავად განუწყვეტლივ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ ვიყოთ საინტერესოები ბავშვებისათვის. საინტერესო, თუნდაც გარეგნობით, სიტყვათა მარაგით, ხასიათით, იუმორით, ცოდნით და ა.შ. ეს იოლი ნამდვილად არაა. თუმცა მიიღწევა პროფესიულ თვითგანვითარებაზე, თვითშემეცნებაზე ორიენტირებითა და ქმედებით.
მასწავლებლის საქმიანობა ერთგვარად ორ ნაწილად იყოფა: ერთია, ვიცოდე, კლასში რა შევიტანო და როგორ გავხადო მასალა, დავალებები, აქტივობები საინტერესო, ავთენტური, მრავალფეროვანი, ცოდნის ტრანსფერის საშუალების მომცემი და მეორეა, ვიცოდე, მე თვითონ როგორ განვვითარდე, რომ ამ გამოწვევებს მომზადებული დავხვდე. ალბათ, მუდმივად უნდა ფიქრობდე, რომ ბავშვებისთვის არ გახდე მოსაწყენი, რომ 45 წუთი გაკვეთილზე ყოფნა მათთვის მხოლოდ ვალდებულება არ იყოს. წავიდა ის დრო, წინა თაობებთან ნაცადი თეორიითა და პრაქტიკით შედარებით იოლად რომ გავდიოდით ფონს. ახლა უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, მეცადინეობა გვჭირდება ელვის სისწრაფით განვითარებული ახალი ტექნიკებისა თუ ინფორმაციის აღმოსაჩენად, და იმის ხელახლა აღმოსაჩენადაც, რაც გვგონია, კარგად ვიცით.
ბავშვებს ძალიან უყვართ უფროსებთან ურთიერთობა, თუკი ისინი მათთვის საინტერესონი არიან, რაღაც ისეთი იციან, რაც მათაც აინტერსებთ, ისეთ ენაზე ესაუბრებიან, მათ რომ კარგად ესმით. მაღალფარდოვანი, პათეტიკური, განყენებული საუბარი ბავშვებისთვის მოსაწყენიცაა და გაუგებარიც. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვებს ენა უნდა მოვუჩლიქოთ, ზედმეტად დამტკბარი ტონითა და მოსაფერებელი სიტყვებით ვესაუბროთ. ამით მხოლოდ მოვაყირჭებთ ჩვენს ალერსსა და ზრუნვას. ბავშვებს ყველაზე მეტად სწორედ ის მოსწონთ, როდესაც მათ თანასწორად მივიჩნევთ და ამგვარადვე ვექცევით. გულწრფელად ვთხოვთ დახმარებას, გაზიარებას, კომპანიონობას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს. ამყოლი, ლაღი მასწავლებელი ერთიორად ძვირფასია, რადგან ცოტა რამაა ბავშვისთვის იმაზე მშვენიერი, თავისუფლების შემაგრძნობინებელი, გამალაღებელი, როგორც ლაღი უფროსი, ამ შემთხვევაში – მასწავლებელი.
მნიშვნელოვანია ბავშვებთან ღირებულებებზე ხშირი, თუმცა ძალდაუტანებელი საუბარი (როგორიც არის, მაგალითად, თანაგრძნობა, ოჯახის წევრების სიყვარული, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეკოცნობიერების ჩამოყალიბება და სხვ.) რასაკვირველია, ამ საუბრებისათვის სწორად უნდა შევარჩიოთ სიტყვები, ტონალობა, აქცენტები, რათა დათვური სამსახური არ გამოგვივიდეს და სიყალბისა და პათეტიკისკენ არ ვუბიძგოთ. ამგვარი საუბრების ბუნებრივად წამოსაწყებად თუ განსავითარებლად შესანიშნავი საშუალებაა პარალელები სხვადასხვა წიგნისა თუ ფილმის პერსონაჟთან, პირად გამოცდილებასთან, ქუჩაში ნანახ შემთხვევასთან; შეკითხვების დასმა; ხმამაღლა ფიქრი; მსჯელობისას მოვლენებისა თუ ფაქტების შეჯამება, შეფასება. ამ ტიპის საუბრები უნდა გასცდეს საკლასო ოთახს და გადაინაცვლოს ეზოში, სკოლის ბუფეტში, ბიბლიოთეკაში, ექსკურსიაზე და, სულაც, ონლაინ, სოც. ქსელებსა თუ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში. სწორედ არაფორმალურ გარემოში საუბარი ფასეულობებზე, ადამიანებსა და მათ ქმედებებზე ძალდაუტანებლად ეხმარება ბავშვებს პრიორიტეტების დალაგებაში, თვისებების ფორმირებაში, პასუხისმგებლობების გაცნობიერებაში, დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
♦ ♦ ♦
ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იცნობდეს და ფლობდეს კლასის მართვის სტრატეგიებს. კლასი ხომ მიკროსოციუმია, ერთგვარი მინი-მაკეტი, რომელიც ყველაფერს ირეკლავს, რაც საზოგადოებაში ხდება – ზოგიერთები ლიდერები არიან, ზოგს გააქტიურება სჭირდება, ვიღაც „ინტრიგებს“ ხლართავს, ვიღაც ამრევია და ა.შ. მასწავლებელი ამ ყველაფერს სწორედ კლასის მართვის სტრატეგიებით უნდა აბალანსებდეს.
ზოგჯერ გვინახავს, რომ მასწავლებლები თავს არიდებენ ჯგუფურ აქტივობებს, რომლებიც ჯგუფის წევრებს შორის დინამიკას, დისკუსიას, ფუსფუსს მოითხოვს. არადა, სინამდვილეში სწორედ ასეთი აქტივობებია ბავშვებისთვის გაცილებით ნაყოფიერი. ამ დროს შეიძენენ ცოდნის, უნარებისა თუ დამოკიდებულებების იმგვარ პაკეტს, რომელიც ინდივიდებად, საზოგადოების მომავალ წევრებად ფორმირებაში ეხმარება, ასეთებია, მაგალითად, ორგანიზება, თვითმენეჯმენტი, თვითმონიტორინგი, ურთიერთდახმარება, ურთიერთშეფასება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, რასაკვირველია, სწავლის შედეგებზე აისახება. ამ პროცესის ეტაპობრივად, ულუფებად წარმართვაში მნიშვნელოვანი საყრდენია პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელი. ეს გულისხმობს, რომ საწყის ეტაპზე მასწავლებელია მოვლენების წარმმართველი, დომინანტი. მისი მოდელისგან იღებენ ბავშვები ამა თუ იმ ქცევის მაგალითს. საკლასო დათქმებისა თუ რუტინების დადგენა-დაცვაშიც მასწავლებელია მთავარი ინიციატორი და დამხმარე. მოგვიანებით, მომდევნო ეტაპზე, მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად მოქმედებენ. მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობასა და ინიციატივას იჩენენ. ცხადია, საბოლოო მიზანია, მოსწავლეები ვაქციოთ მთავარ აქტორებად, კლასში მიმდინარე ყოველდღიური, შედარებით უმნიშვნელო თუ მასშტაბური პროცესების დამგეგმველებად და განმახორციელებლებად. რასაკვირველია, პერიოდულად, მასწავლებელი კალაპოტს შეუცვლის პროცესის მდინარებას, მოატრიალებს საჭეს ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, თუმცა უნდა გვახსოვდეს, თუკი ბავშვებს ვერ/არ გადავეცით პასუხისმგებლობა, რომ თავად მართონ საკუთარი ქცევები, ერთმანეთს დაეხმარონ დროის მენეჯმენტში, სწავლის მენეჯმენტში, თვითორგანიზებაში, ურთიერთორგანიზებაში, რა თქმა უნდა, სწავლის შედეგებიც არ იქნება ეფექტური.
კლასის მართვა ხომ მხოლოდ იმას არ ნიშნავს, წლის დასაწყისში კლასის წესები გამოვაკრათ და მერე შევახსენოთ ხოლმე მოსწავლეებს: „აბა, ბავშვებო, მოვუსმინოთ ერთმანეთს!“ „არ ვიხმაუროთ!“ – და ამით დავამთავროთ. წესები კლასის ერთგვარი კონსტიტუციაა, რომელიც პერიოდულად უნდა შეიცვალოს. მაგალითად, სექტემბერში შეთანხმებული პირობები შეიძლება ნოემბერში სულაც აღარ იყოს აქტუალური ანუ აზრიც აღარ ექნება კედელზე მის დატოვებას. წესები უნდა იყოს ცოცხალი, დინამიკური და, რაც მთავარია, ყველა უნდა იცავდეს მათ. თუკი დავაწესებთ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, არც მასწავლებელი უნდა აწყვეტინებდეს მოსწავლეს საუბარს და ისევე უსმენდეს, როგორც მას ვთხოვთ თანაკლასელის მოსმენას. თუკი ბავშვებს ვთხოვთ, არ იყვირონ, მაშინ არც მასწავლებელმა უნდა აუწიოს ხმას და გამოურიოს უხეში ტონი გაწყრომისას. ალბათ საუკეთესო გზაა, საკუთარ კანზე მოირგო ის, რაც გინდა ბავშვებთან დანერგო. ეს ერთი შეხედვით უფრო რთული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. აი, კლასში გყავს 20 მოსწავლე, 21-ე კი შენ თვითონ ხდები. თავად იწყებ წესების შესრულებას, მათთან ერთად ერთვები პროცესებში, უკეთ იაზრებ, სად იყო შენი გადაცდომა, სად მოსთხოვე ზედმეტი ან გაეცი საჭიროზე ნაკლები ინსტრუქცია. ასეთ დროს უფრო ფხიზლად ხარ, ირგებ მოსწავლის როლს და ცოტა ხნით ჩამოდიხარ პროფესიული კვარცხლბეკიდან.
როლური მოდელი, განსაკუთრებით დაწყებით სკოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებელი სწორედ საკუთარი ქცევით აჩვენებს ბავშვებს, როგორ იყვნენ კაცთმოყვარე, მომსმენი, მომთმენი, კეთილგანწყობილი, თავაზიანი, როგორ უნდა შეძლონ შეცდომის აღიარება. თუკი მე, მასწავლებელი, გამოვხატავ, რომ ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომას დრამატულად განვიცდი, რასაკვირველია, ბავშვიც ჩათვლის, რომ მცდარი პასუხი ან სხვა ტიპის შეცდომა ტრაგედიაა, რომელზეც უნდა იგლოვოს, იტიროს, შინ დამალოს. თუკი მე ადეკვატური რეაქცია მექნება შეცდომაზე, შევძლებ, მაგალითად, ბოდიშის მოხდას, გაფუჭებულის შესწორებას და ამაზე ხმამაღლა საუბარსაც, ამით ვაჩვენებ, რომ არაფერია გამოუსწორებელი, ტრაგიკული, რომ ყოველდღიურობა შედგება შეცდომებისგან და ამ შეცდომებით ვიზრდებით ყველანი. ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვით არა, ქმედებით უნდა გამოვხატოთ. მალევე კი აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მოსწავლეებიც ამგვარად მოიქცევიან, რაკი მასწავლებლის ნათქვამი თუ ქცევა მათთვის ერთგვარი მოდელია.
მართალია, 6-7 წლის ადამიანებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მართლა ასეა – უხილავი, სახელდაურქმეველი პროცესები ფუთფუთებს კლასში. პირდაპირ არავინ ამბობს, „მე ლიდერი ვარ“, „მე შენთან მეგობრობა არ მინდა“, „ჩემთან დაჯდომა არავის უნდა“, მაგრამ ურთიერთობის ერთგვარი უჩინარი ყალიბი ყოველდღიურად იძერწება. მაგალითად, თუ დავაკვირდებით, სრულიად უწყინარი თამაშის დროსაც კარგად ჩანს ხოლმე, ურთიერთობის როგორი სისტემა შეიმუშავეს. თუკი მუდმივად ვიღაც არის პრიორიტეტული, ყველას მასთან თამაში უნდა, წესებს მუდმივად ის განკარგავს, ის წყვეტს, როდის დაიწყონ და შეწყვიტონ თამაში, ასეთ დროს, ცხადია, რაღაც შესაცვლელია, რადგან დანარჩენები ვერ ახერხებენ თანასწორობის პრინციპის დაცვას, თავიანთი ძალებით გამკლავებას. ასეთ დროს მასწავლებლის ძალდაუტანებელი ჩართულობა, ძირითადად, კარგ შედეგს იძლევა. მაგალითად; „მოდი, ერთად ვითამაშოთ“, „მეც გამიზიარეთ, რა, თქვენი წესები“ ან „ერთხელ მეც მინდა, ვიყო არჩევანი, ახლა გავცვალოთ როლები, რა“ (მასწავლებლის მხრიდან „დაჩაგრული“, უფლებებშესუსტებული ბავშვის პოზიციაში თავის ჩაყენება, რასაკვირველია, სინამდვილეში მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, ყურადღების ცენტრში შემოყვანის ხერხია).
ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ფრთხილად და ფაქიზად მიუდგეს ამ პროცესებს. ერთი მხრივ, პირდაპირ, მენტორულად არ უნდა ჩავერიოთ ბავშვების ურთიერთობაში, არ დავუგეგმოთ როგორ ითამაშონ, როგორ დაისვენონ, არ წავართვათ არჩევანის თავისუფლება. მეორე მხრივ კი, რაკი მათ, ძალიან მცირე გამოცდილების გამო, ჯერ არ აქვთ ურთიერთობის სწორი ფორმები გაცნობიერებული, ჩამოყალიბებული, ჩვენი დროული და სწორი ჩარევა შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
ბავშვებს ხშირად არცთუ სახარბიელო ურთიერთობების გამოცდილება აქვთ, ვთქვათ ბაღიდან, შეიძლება ოჯახიდანაც. შესაძლოა უფროსების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლნიც კი იყვნენ ან პირიქით – მჩაგვრელები. ამიტომაცაა სიფაქიზესა და სიფხიზლეზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანი – ფაქტობრივად, ყოველ ჩქამს უსმენ. კი არ აყურადებ, მაგრამ სულ ფხიზლად ხარ, თვალს ადევნებ, რადგან თითოეულ ბავშვში მოციმციმე უნიკალური ვარსკვლავი შენი სულ პატარა მოდუნებითაც კი ქრება (ზოგჯერ – სამუდამოდაც). სამაგიეროდ, შენი სიფხიზლითვე იკაშკაშებს (ხშირად – სამუდამოდაც). სწორედ შენ მიერ წარმართული ურთიერთობების როლური მოდელით იცხოვრებს რამდენიმე წლის შემდეგ ამ ბავშვებისგან შემდგარი საზოგადოების ნაწილი.
ხშირად მასწავლებლებს გვაქვს ამგვარი „საცდური“: უკვე ოთხი კლასი გავუშვი და რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მოდი, კვლავ იმავე მიდგომით გავაგრძელებ ყველაფერს. სინამდვილეში ხომ შეუძლებელია, ზუსტად იგივე გზა უცვლელად გავიაროთ. თუკი ერთი ფორმულა „მუშაობს“ ყველასთან, გამოდის, ადამიანები ერთმანეთის კლონები ყოფილან, ზუსტად ერთნაირი განცდებითა და განვითარების ტემპით. არათუ სხვადასხვა კლასთან, ერთი კლასის ფარგლებშიც კი, რამაც შედეგი გამოიღო ორ ბავშვთან, შეიძლება სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს დანარჩენი ოცისათვის. შესაბამისად, ოსტატობა ნამდვილად გვჭირდება სწავლებაში, ურთიერთობებში. მუდმივად მზად უნდა ვიყოთ, რომ საჭე შემოვატრიალოთ და სწავლებისა თუ კლასში მიმდინარე სხვა პროცესების მიმართულება შევცვალოთ. მაგალითად, ტიპური საკლასო სიტუაციაა, რომ რაღაც მასალაზე მუშაობა მქონდა დაგეგმილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს უკვე იციან ბავშვებმა (ან წაუკითხავთ, ან უნახავთ), ან კონკრეტულ დროში კონკრეტულ მასალაზე მუშაობის მოსწრებას ვგეგმავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ დაძლიეს ბავშვებმა, არ გამოუვიდათ. ასეთ დროს „მერე რა, რომ იციან, პროგრამაში მიწერია და მე მაინც ამას გავივლი“ ან „არ გამოუვიდათ, მაგრამ მოსასწრები მაქვს, მაინც მივცემ დავალებად“ არაა გამართლებული ტაქტიკა. არც გაუგებარი მასალის იმავე ხერხით ხელახლა ახსნა იქნება შედეგიანი. თუკი მიწოდებული მასალა ვერ გაიგო, აქ ბავშვის ბრალეულობა ნაკლებია. მთავარი პასუხისმგებლობა, ალბათ, სწორედ მასზეა, ვინც მასალას აწვდის და მის მისაწოდებელ ხერხებს არჩევს. შესაბამისად, მასწავლებელს მუდმივად კლასის პულსაციაზე უდევს ხელი და საჭეს სწორედ ამის მიხედვით ატრიალებს. მხოლოდ ის არ არის საკმარისი, დიაგნოსტირებით ვიპოვოთ, სად არის პრობლემა. უნდა გვქონდეს ამ პრობლემაზე რეაგირების ტექნიკების მთელი არსენალი. და, რაც მთავარია, უნდა გვქონდეს კომპეტენცია მათი სწორად შერჩევისა. მაგალითად, ვიცოდეთ, როდისაა უმჯობესი სხვა სიტყვებით ახსნა, სხვა მეთოდების გამოყენება, განსხვავებული რესურსის შეთავაზება, ერთი ნაბიჯით უკან დახევა, ურთიერთსწავლებისთვის მიმართვა, მშობლის ჩართვა და სხვ. განმავითარებელი შეფასებაც ხომ რეალურად სწორედ ესაა. მუდმივად ხარ სტარტზე, რადგან შენი მყისიერი და კომპეტენტური რეაგირება ბავშვების ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების ცვლილებაზე გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ვგულისხმობ საჭის დროულად და სწორად მოტრიალებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად გაგვექცევა პროცესები ხელიდან. ბავშვის ყურადღების, ინტერესის, მოტივაციის მოპოვება და შენარჩუნებაა რთული, თორემ დაკარგვა ხომ ერთი წამის საქმეა.
და კიდევ ერთი, ალბათ სულ უნდა გვახსოვდეს – ბავშვი მატარებელია, დაქრის ახალ-ახალ ადგილებში, აღმოაჩენს ახალ ნიჭს, ცოდნას, უნარებს, თვისებებს, ადამიანებს, გარემოებებს. შენ, მასწავლებელი, სადგური ხარ. შენი მოვალეობაა, მიიღო შენთან შემოსული „მატარებელი“, მისცე, რაც სჭირდება, დაასუფთავო, დაათბო, დააკვალიანო, აღჭურვო და გაუშვა. არც მიიჯაჭვო, არც ზედმეტი წუხილი გაუჩინო/გაიჩინო დაშორებისას, არც თავიდან მოიშორო, არამედ, როგორც სადგურმა, მიიღო სიმყუდროვეში, გადასცე ყველაფერი, რაც შეგიძლია და მწვანე შუქი აუნთო, რადგან მატარებელს შენი საგზლით უკვე სხვა გზები აქვს გადასაქროლი, ვიდრე მუდმივ სავანეს იპოვის. შენ კი ამასობაში სხვა მატარებლის ხელგაშლილად სამასპინძლოდ მოემზადები.