როგორც ცნობილია, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის მიზანია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენა იმ აუცილებელ პირობებთან, რომელთა დაკმაყოფილება უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხო გარემოს, ისე სასწავლო პროცესის ხარისხს.
სკოლა ოთხი სტანდარტის მიხედვით მოწმდება:
- სკოლის ფილოსოფია;
- სასკოლო კურიკულუმი;
- სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა;
- მოსწავლეთა მხარდაჭერა.
ეს ოთხივე სტანდარტი საკმაოდ ფართო სპექტრით იშლება და ყველა იმ კომპონენტს ფარავს, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე და უზრუნველყოფს მის ეფექტურობას.
როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი და ისტორიის მასწავლებელი დავით მალაზონია ამბობს: „ცალკე მსჯელობის თემაა სკოლების შეფასების პროცესი, რაც გულისხმობს მათი მზაობის ხარისხის ოთხდონიან რანჟირებას (შესაბამისი, მეტწილად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი და შეუსაბამო). ვფიქრობ, საკმაოდ მოქნილი შეფასების სისტემაა, რაც ავტორიზაციის საბჭოს აძლევს საშუალებას, არ იყოს ხისტი, გაითვალისწინოს სკოლის კონკრეტული საჭიროებები და ძლიერი მხარეები და მიიღოს დაწესებულების ინსტიტუციური განვითარების ხელშემწყობი გადაწყვეტილება“.
ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შეფასებისას, ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიმე სტანდარტის გამოყოფისგან, მნიშვნელობის მიხედვით, თავს იკავებს, რადგან მისი აზრით, ოთხივე სტანდარტი ერთად და არა ცალ-ცალკე განაპირობებს სკოლის კულტურის განვითარებას, თუმცა, მიიჩნევს, რომ „სასკოლო კურიკულუმებზე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაზე, მოსწავლეთა მხარდაჭერის, მათი ინიციატივების წახალისების მექანიზმებისა და პრაქტიკების შესწავლაზე აქცენტირება ავტორიზაციის პროცესის განსაკუთრებულ ძლიერ და ინოვაციურ მხარეს წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების მიმართებების დადგენა სასწავლო პროცესის, მათ შორის, არაფორმალური განათლების აქტივობების შინაარსთან და არსებულ გამოცდილებასთან. ავტორიზაციის საბჭოსთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდეს, რომ სკოლის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი კი არ აქვს, არამედ, განივთებულია სკოლის ცხოვრების ყველა არსებით მხარეში“.
⇒ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რის საფუძველზე იღებს საბჭო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას?
⇒ საბჭო შედგება 12 წევრისგან და თითოეული თავისუფალია საკუთარი პოზიციის გამოხატვისა თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება არ არის ერთსულოვანი – ყოველთვის როდი ხდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ერთგვარი პოზიციის დემონსტრირება. ეს არ ნიშნავს, რომ საბჭოს წევრებს არ გვაქვს გაზიარებული საერთო მიდგომები, ხედვა ან განსხვავებულად გვესმის სკოლის შეფასების სისტემა. საერთო ჯამში, საკმაოდ საინტერესო მოცემულობასთან გვაქვს საქმე – საბჭო კოლეგიალური ორგანოა, გაზიარებული პასუხისმგებლობით და დამოკიდებულებებით, თუმცა, ამავე დროს, კვალიფიციური და ავტორიტეტული ინდივიდებისაგან შემდგარი და თითოეულს შეიძლება საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება ჰქონდეს. ჩემთვის ასეთ კოლეგიალურ ორგანოში მუშაობა, სადაც საქმისადმი საერთო ინტერესი და ინდივიდუალური ხელწერა ერთმანეთს ორგანულად ერწყმის, დიდ გამოცდილებასთან ერთად, უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა.
რა თქმა უნდა, არსებობს გამოცდილებით დამკვიდრებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკაც. ეს, ძირითადად, გულისხმობს ექსპერტთა დასკვნის, განხილვის დროს გამართული დისკუსიის შედეგების (ზოგჯერ საკმაოდ ცხარე დისკუსიისაც კი) და სკოლის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა საფუძველზეც ვიღებთ გადაწყვეტილებას.
⇒ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს ავტორიზაციის საბჭო?
⇒ როგორც უკვე აღვნიშნე, სკოლების შეფასების სისტემა მოქნილია. ჩვენეული შეფასებაც სხვადასხვა წყაროებს (ექსპერტების დასკვნა, სკოლის დოკუმენტაცია, განხილვა-დისკუსია) ეფუძნება. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებებიც საკმაოდ მრავალფეროვანია და მიზნად ისახავს სკოლების განვითარების მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, მათი პრაქტიკის ობიექტური ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, არის შემთხვევები, როდესაც სკოლა სრულად იღებს ავტორიზაციას, თუმცა, უფრო ხშირად, თუ საბჭოს წევრების უმრავლესობას უჩნდება საფუძვლიანი განცდა, რომ სკოლას გარე მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდება ხარვეზებთან გამკლავება, საბჭო უწესებს მონიტორინგს იმ სტანდარტებსა თუ კომპონენტებში, რომლებიც სკოლას მომდევნო წლების განმავლობაში გასაძლიერებელი ექნება. ყველაზე ხშირად ეს მაინც მეორე სტანდარტს (სასკოლო კურიკულუმები) ეხება. ამის მიზეზი, სტანდარტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების უპირობო მნიშვნელობასთან ერთად, ისიცაა, რომ ყველა სკოლას ჯერ არ აქვს კურიკულუმებზე მუშაობის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების ახლებური სისტემების დანერგვის, ინტეგრირებული სწავლების, კომპლექსური ხასიათის დავალებების შედგენის თუ არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების თანაბრად წარმატებული გამოცდილება. ეს არც გასაკვირია და არც უპატიებელი ნაკლი, უბრალოდ სიახლეა, რომლის დანერგვის პროცესში სკოლებს მხარდაჭერა, უშუალოდ ამ პროცესს კი, ჩვენი მხრიდან შეფასება სჭირდება.
⇒ როგორ შეაფასებთ ავტორიზაციის პროცესს?
⇒ იმ დირექტორებისა და პედაგოგების პოზიციებზე დაყრდნობით, რომელთა სკოლებმაც უკვე მიიღეს ავტორიზაცია, შემიძლია ცალსახად დადებითად შევაფასო პროცესი და ვთქვა, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თითოეული ავტორიზებული სკოლის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, მოლოდინის რეჟიმში მყოფი სკოლები გაითვალისწინებენ დაგროვილ გამოცდილებას და კიდევ უფრო მეტ მზაობას გამოავლენენ.
ჩვენთვის სასიამოვნო სიახლე იყო არაერთი სკოლის „აღმოჩენა“ — საინტერესო პროგრამებით, წარმატებული პრაქტიკით, თანამშრომლობის მაღალი კულტურით, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით და ა.შ. აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ ე.წ. დიდკონტინგენტიან სკოლებზე, არამედ პატარა, ხშირად, დემოგრაფიული პრობლემების მქონე რეგიონებსა თუ თემებში მოქმედ სასწავლებლებზეც, რომლებიც უდიდესი ძალისხმევით და მოტივაციით ქმნიან საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.
არ შემიძლია ცალკე არ აღვნიშნო და უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის მიმართ, რომლებიც შეისწავლიან სკოლის მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტაციას, ახორციელებენ ვიზიტებს სკოლებში, გვაწვდიან კვალიფიციურად შედგენილ დასკვნებს და, ჩვენთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობენ განხილვის პროცესში.
რაც შეეხება ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, აქ მხოლოდ ერთს აღვნიშნავ — რომ არა მისი ხელმძღვანელისა და თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი, გაბედულება, მოტივაცია და ენთუზიაზმი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესი უბრალოდ ვერ შედგებოდა და დღეს ამ თემაზე სასაუბროც არაფერი გვექნებოდა.
♦ ♦ ♦
სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2027 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო ავტორიზაციის ვადების გახანგრძლივებას გეგმავს და საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყების ნაცვლად, 2030-2031 სასწავლო წლის დასაწყისით განისაზღვრება. საერთო ჯამში, ავტორიზაციის პროცესში 2086 საჯარო სკოლა უნდა ჩართულიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველწლიურად საავტორიზაციო მზაობა, დაახლოებით, 600-მდე საჯარო სკოლას უნდა გამოეხატა. ინიცირებული ცვლილების შემდეგ კი, „პროცესი წარიმართება გეგმაზომიერად და, ყოველწლიურად, ავტორიზაციის პროცესში 200-დან 300 სკოლამდე ჩართვა იგეგმება,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ავტორიზაციის კანონის თანახმად, სკოლა მიიღებს სრულ ავტორიზაციას ან დათქმებით და მონიტორინგის ქვეშ გააგრძელებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც კანონი ავალდებულებს. თავისთავად, პროცესის შეფასება კიდევ უფრო საინტერესოა მისი უშუალო შემსრულებლების და დამკვირვებლების მხრიდან – რას შეცვლის სკოლებში ეს პროცესი და რეალურად, როგორ დაინახეს სკოლის დირექტორებმა პროცესი; იქცევა თუ არა სკოლის განვითარების ხელშემწყობ ბერკეტად ავტორიზაცია ან რა გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდნენ ისინი? ექსპერტების აზრით, რომლებიც ავტორიზაციის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით არიან ჩართულები და ევალებათ, ასე ვთქვათ, სკოლების „შემოწმება“ და დადგენა, რამდენად არის მზად კონკრეტული სკოლა შეუფერხებლად გაიაროს ავტორიზაცია, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნავენ, რომ სკოლების უმრავლესობამ „ჩაიხედა სარკეში და ზედმიწევნით კარგად დაინახა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები“, რაც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს შემდგომი ნაბიჯების განხორციელებისას. ანუ აღმოჩნდა, რომ სკოლების უმრავლესობამ თვითშეფასება საკმაოდ სწორად და მიზნობრივად გაიარა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის, მაკა ჭიაბერაშვილის აზრით, გმირობის ტოლფასია ის, რაც განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო. „საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი არაერთხელ გადავადდა, რაც გასაგებიცაა – არაა მარტივი საჯარო სკოლა სრულად შესაბამისობაში მოვიდეს ავტორიზაციის სტანდარტთან. თუმცა ჩემთვის, როგორც ავტორიზაციის ექსპერტისთვის, ერთი რამ გახდა ცხადი: თუ არ დაიწყე, ვერასოდეს იქნები მზად. ამიტომაც, გმირობის ტოლფასი მგონია დღეს ის, რაც დაიწყო განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა. 2019 წლიდან ვთანამშრომლობ აღნიშნულ ცენტრთან და, გულწრფელად ვიტყვი, ერთ-ერთი ყველაზე მწყობრი, ჯანსაღი და პროგრესული სამსახურია განათლების სისტემაში.
როგორია ჩემი, როგორც ექსპერტის შეფასება მიმდინარე პროცესის? პირველ ეტაპზე, სამასამდე სკოლამ გაიარა ავტორიზაცია და ეს ნიშნავს, რომ ამ სამასამდე სკოლამ ჩაიხედა სარკეში და ზედმიწევნით კარგად დაინახა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. თითოეული ექსპერტი, ყველა ჩემი კოლეგა აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია. ძალიან რთულია, როდესაც შედიხარ სკოლაში და, ერთი მხრივ, უნდა დაიცვა შენი პროფესიული ეთიკა, იყო ობიექტური, სამართლიანი და, ამავდროულად, დაწესებულებას მიაწოდო პოზიტიური მუხტი, განმავითარებელი უკუკავშირი, დაანახო ობიექტური რეალობა ისე, რომ არ გამოიწვიო ნეგატიური განწყობა. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ეს გამოგვივიდა.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საჯარო სკოლები, რომელთაც დღეს სრულად ან მეტწილად დააკმაყოფილეს ავტორიზაციის სტანდარტი, რაც სასიხარულოა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგანან. მათ უკვე ყველაზე უკეთ იციან, რა გამოწვევები აქვთ დასაძლევი და როგორ გაუმკლავდნენ მათ. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ენიშნება მონიტორინგი ერთ ან ორ წელში, ეს ნიშნავს, რომ დათქმული დროისთვის ისევ იმავე ხარვეზებით სკოლა ფონს ვეღარ გავა. ხშირად დასმული კითხვაა: რა მოხდება მაშინ, თუ სკოლა ვერ/არ აღმოფხვრის ხარვეზს? არ მინდა ჩემს უფლებამოსილებას გადავაჭარბო, მაგრამ თამამად ვიტყვი, ეს ის საკითხია, როდესაც გადასახედი იქნება დაწესებულების სწორი ორგანიზაციული მენეჯმენტის საკითხი. მე მაინც ვფიქრობ, ღირსეული საგანმანათლებლო ლიდერები კარგად იაზრებენ საკუთარ როლს ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც ავტორიზაციაა.
პირველ ეტაპზე, ავტორიზებული სკოლებისთვის, ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელსაც სკოლა დამოუკიდებლად ვერ მოერევა და სახელმწიფოს როლი აქ გადამწყვეტია. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, სკოლას უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო, მოიყვანოს საკუთარი შიდა პროცესები კანონმდებლობასთან და ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობაში. პირველი ეტაპის სკოლებს, ამ მხრივ, ცოტა გაუჭირდათ. გარე შეფასების დაწყებამდე მათ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან, თუმცა მაინც დაჩქარებულად და შეზღუდულ დროში. ახლა, როდესაც ეს პირველი ეტაპი დასრულდა, შემდგომი ეტაპის სკოლებისთვის ერთგვარი გაკვალული გზაა და უკვე მათ შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გამოიყენებენ კოლეგების გამოცდილებას“.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს 22 სკოლაში ჰქონდა ვიზიტი, როგორც სახელმწიფო ენის ექსპერტს და ყველგან ძალიან დიდი მზაობა დაინახა. „ბუნებრივია, სკოლების ნაწილი კერძო იყო, ნაწილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მზაობა კი – ყველგან მაღალი. სკოლის მასწავლებლებს, კათედრას, ადმინისტრაციას სრულად აქვს გააზრებული, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია არის გარე შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზომვაზე. სტანდარტებიდან მეორე გახლავთ სასკოლო სასწავლო გეგმებთან მიმართება და სასიამოვნოდ გავოცდი, როცა დიდი სხვაობა არ იყო დედაქალაქსა და პერიფერიებს შორის. გავიხსენებ თბილისის №124 და №155 სკოლების შესანიშნავ პრაქტიკას, დაგეგმვასა და კურიკულუმებისადმი მიდგომებს. ეს სკოლები სრულად არიან მზად ორიგინალური სასწავლო გეგმების შესაქმნელად, გეგმების მონიტორინგის, რევიზიისა და გაუმჯობესებისთვის. ანალოგიური მდგომარეობა ვნახე გორელოვკის სკოლაშიც! ყველა სკოლაზე ვერ ვისაუბრებ, ბუნებრივია, მაგრამ საგანმანათლებლო სივრცისთვის ავტორიზაცია იყო მამოტივირებელი, პოზიტიური და კარგი პრაქტიკის დემონსტრირების საშუალებაც. მახსენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის მცირეკონტინგენტიანი სკოლების მასწავლებელთა გულწრფელობა, ორიგინალური აქტივობები, რომლებიც მაღალი საგანმანათლებლო ღირებულებისაა“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლამ ავტორიზაცია ორი წლის შემდეგ მონიტორინგის პირობით მიიღო, თუმცა, დირექტორი ფიქრობს, რომ ამ გამოწვევას ისინი, აუცილებლად, სკოლის სასარგებლოდ გამოიყენებენ.
ია კვატაია: „ავტორიზაციის პროცესში პირველ ეტაპზე ჩართვა ჩვენი სკოლისთვის არც მოულოდნელი ყოფილა და არც იმის განცდა გვქონია, რომ რაიმე გაგვიჭირდებოდა. განწყობა იყო ასეთი: თუ რაიმეს გაკეთება, ზოგადად, შესაძლებელია, ჩვენ ერთ-ერთი პირველი უნდა ვიყოთ. გავაცნობიერეთ, რომ წარმატებას აუცილებლად დასჭირდებოდა სკოლის თითოეული თანამშრომლის უდიდესი შრომა, ჩვენც მზაობა გამოვხატეთ და პროცესებს თანმიმდევრულად გავყევით.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თვითშეფასების კითხვარის შევსებამდეც, სანამ ავტორიზაციის მაძიებლად ცნობენ სკოლას, თითოეულ სტანდარტზე ჰყავს მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც დეტალურად განიხილავს ყველა ინდიკატორს, გაგზავნინებს ნარატივსა თუ ნებისმიერ დოკუმენტს, გიმოწმებს და კომპეტენტურ რჩევასაც გაძლევს. ცენტრი მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე გვთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც პირველად დასკვნას მივიღებთ და შესაბამისობის გეგმას წარვადგენთ.
უმნიშვნელოვანესი ეტაპია ექსპერტთა ჯგუფის სკოლაში ვიზიტი. ფაქტობრივად, სკოლას საშუალება ეძლევა, სასკოლო კულტურა, თანამშრომლობითი გარემო, სკოლის ზოგადი იერსახე, რომელსაც საფუძვლიანად ვერ წარმოაჩენ გადაგზავნილ დოკუმენტებში, უშუალოდ ხილული გახადოს ექსპერტთა ჯგუფისთვის. საყურადღებოა, რომ ექსპერტები საკმაოდ კეთილგანწყობილი არიან, პოზიტიურები და ეს გვიხსნის ემოციას, რომელმაც შეიძლება სკოლის დადებითად წარმოჩენაში შეგვიშალოს ხელი – სკოლა, რომელიც ავტორიზაციის პროცესს გადის, ყველა ეტაპზე, უნდა იყოს გულწრფელი, დაივიწყეთ, რომ ვინმეს რამეს ხელოვნურად პოზიტიურად წარმოუდგენთ. თქვენი მუშაობა, დოკუმენტებზე მეტად, ეტყობა თქვენი სკოლის ეზოს, თქვენს საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კედლებს, სკოლის ეზოში შემოსვლისთანავე იგრძნობენ, რა არის თქვენი სკოლის საუკეთესო გამოცდილება. ნუ დაელოდებით როდის დაიწყება თქვენს სკოლაში, ოფიციალურად, ავტორიზაციის პროცესი. ნუ გაასრულყოფილებთ დოკუმენტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიიღოთ. უამრავი სკოლის გამოცდილება გაქვთ წინ. ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მოგთხოვონ კონკრეტული ინდიკატორის წარმოსაჩენად, მოიძიეთ და მზად გქონდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა საკმაოდ მაღალია, ავტორიზაციის პროცესმა მეტად გაგვაერთიანა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ყველა დოკუმენტს, ვუზიარებდით ერთმანეთს. თითქმის ყველა თანამშრომელს ჰქონდა გადანაწილებული საქმე და ყველას როლი იყო მნიშვნელოვანი. ძალიან კომფორტულია, თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე პასუხისმგებელ ჯგუფს ჰქონდეს თითოეული თანამშრომლის ელექტრონული პორტფოლიო, ყველა შესაძლო დოკუმენტით. რეალურად, თუ ასე ვიმუშავებთ, უფრო მობილიზებულები ვიქნებით, საქმეზე ორიენტირებული და თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელოვნური არც ერთი დოკუმენტი არ გვინდა, ყველა ფურცელი მოსწავლის სწორად აღზრდისა თუ განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ჩვენმა სკოლამ ავტორიზაცია, ორი წლის შემდეგ, მონიტორინგის პირობით მიიღო. ძირითადი საფუძველი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის არქონა გახლდათ. შესაძლოა, მსგავსი პრობლებით სხვა სკოლამ სრული ავტორიზაცია მოიპოვა, მაგრამ ამ გამოწვევასაც ჩვენი სკოლის სასარგებლოდ გამოვიყენებთ. მოდუნება არ გვჩვევია, ორი წლის შემდეგ ვიზიტის მოლოდინი დამატებითი მობილიზაციის საფუძველია. სამწუხაროდ, დასახელებული პრობლემის მოგვარება სკოლაზე არაა დამოკიდებული და გვწამს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ლაბორატორიის შეძენაშიც აუცილებლად დაგვეხმარება. სკოლის ფინანსებიდან ნაშთი, რაც გვქონდა, ავტორიზაციის საფასურში გადავიხადეთ (საკმარისი, რა თქმა უნდა, არ იყო და სამინისტრომ შეგვივსო). ჩვენ რაც შევძელით, ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სკოლამ მემორანდუმი გააფორმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რის საფუძველზეც სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება პროფესიული უნარების განმავითარებელი სასწავლო კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“. მემორანდუმის შესაბამისად, სკოლას 6000 ლარზე მეტის რესურსი გადმოეცა, ხელსაწყოების სახით, რომელსაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები, და არამარტო ისინი, აქტიურად გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში.
მნიშვნელოვანი იყო საგანმანათლელო რესურსცენტრის მხარდაჭერაც. მათი გვერდით დგომა ერთგვარი სტიმული იყო, სკოლას წარმატებით გაერთმია თავი აღნიშნული პროცესისთვის“.
ია კვატაია სკოლის დირექტორებს შეახსენებს, რომ მათ შემართებაზე, განწყობასა და მონდომებაზე დიდწილადაა დამოკიდებული, რა მზაობა ექნება სასკოლო საზოგადოებას ავტორიზაციის პროცესების მიმართ. „თქვენს სკოლას საბჭომ ნდობა უნდა გამოუცხადოს, რომ ავტორიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებთ და ამ ნდობის მოლოდინი ერთგვარი მოტივაციაა, დღესვე დაიწყოთ ყველა განხორციელებული აქტივობისა თუ ამა თუ იმ ინდიკატორის დამადასტურებელი მტკიცებულებების გასრულყოფილება“.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ინა ბიწაძე უმიშვნელოვნესად მიიჩნევს იმის გააზრებას, რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლა, რათა დროულად გადაიჭრას იდენტიფიცირებული პრობლემები. ავტორიზაციის პროცესიც ხომ სკოლების მხარდაჭერას გულისხმობს. რეალურად, ეს აძლევს სკოლას სწორი გზით განვითარების შესაძლებლობას. „თავდაპირველად, სკოლა აკეთებს თვითშეფასებას, რაც ყველაზე კარგად იძლევა რეფლექსიის შესაძლებლობას. ცხადია, ამით ვხვდებით რა გამოგვდის კარგად და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი, ამიტომ თვითშფასებისას მთავარია გულწრფელობა – სასკოლო საზოგადოებამ უნდა შეძლოს საკუთარი გამოწვევების დანახვა, ჰქონდეს მიმღებლობა, მზაობა ცვლილებებისთვის“.
ინა ბიწაძე ამბობს, რომ ავტორიზაციის პროცესმა კარგად აჩვენა რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს სკოლებში როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე სკოლის ფილოსოფიის, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხარდაჭერისა თუ სასკოლო კურიკულუმის მიმართულებით და დარწმუნებულია, ეს პროცესი უფრო ადრე რომ დაწყებულიყო, დღეს სკოლა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იქნებოდა. „ავტორიზებული სკოლის სტატუსის მოპოვება მთელი სასკოლო თემის დაუღალავ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, ყველა იყოს ჩართული სტრატეგიულ დაგეგმვაში, მისიისა და ხედვის შემუშავებაში. სკოლა მუდმივად უნდა იკვლევდეს საკუთარ საჭიროებებს და ითვალისწინებდეს დაგეგმვისას; ქმნიდეს ინკლუზიურ გარემოს და ყველა პირობას თითოეული პერსონალის, მასწავლებლისა თუ მოსწავლის განვითარებისთვის.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლისთანავე იგრძნობა რა ფსიქოემოციური გარემოა, რამდენად უსაფრთხო და დაცულია სკოლა, არის თუ არა მზრუნველი და წამახალისებელი გარემო, რეალურად ატარებს თუ არა სკოლა იმ ღირებულებებს, რაც შესაძლოა, დოკუმენტურად კარგად აქვს ასახული. ხშირია შემთხვევები, როცა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართულია, მაგრამ ამ საკითხებში მოისუსტებს. ავტორიზაციის ექსპერტები იძლევიან საუკეთესო რეკომენდაციებსა და რჩევებს, რაც სკოლამ აუცილებლად უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს. სწორედ ეს განაპირობებს განვითარებას“.
ყველაზე მატად რა უჭირთ სკოლებს ავტორიზაციის პროცესში? „მასწავლებლებს, შედარებით, უჭირთ მოსწავლეთა ნამუშევრების დოკუმენტირება, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკების შექმნა ყველა დავალებისთვის ინდივიდუალურად, შემაჯამებელი დავალებების სიღრმისეული ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; შუალედური და გრძელვადიანი მიზნების მიღწევისთვის ნაბიჯების სწორად დაგეგმვა და განხორციელება. ეს პროცესი, მაღალ კომპეტენციასთან ერთად, მასწავლებლისგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, კათედრების კოორდინირებულ მუშაობას, კოლაბორაციასა და ჯანსაღ კომუნიკაციას, მუდმივ სამუშაო შეხვედრებს, სადაც მასწავლებლები ერთობლივად უმკლავდებიან ყველა პრობლემას. თუ ეს პროცესი მოდუნდა ან უწყვეტი განვითარების ჯაჭვს ერთი რგოლი გამოეცალა, რღვევა გარდაუვალია და ხარისხიც ეჭვქვეშ დგება. მოკლედ, „თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის“.
უკვე ავტორიზებული სკოლის დირექტორი იმ სარგებელზეც საუბრობს, რომელსაც სკოლა ავტორიზაციის შედეგად იღებს. ამბობს, რომ, ზოგადად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სჭირდება შეფასების გარე მექანიზმი, რომელიც დაეხმარება დაადგინოს რამდენად უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის ხარისხიანად განხორციელებას. ავტორიზაციის ერთ-ერთი მიზანი დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციების გაცემაა, პროგრესის მისაღწევად. „დღეს ჩემი სკოლა სრულად ავტორიზებულია და ეს მთელი სასკოლო თემის დაუღალავი შრომის, საქმის სიყვარულისა და, ხშირად, თეთრად გათენებული ღამეების შედეგია. სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მე მაინც მგონია, იქ, სადაც ადამიანური რესურსი მოწოდების სიმაღლეზეა, ყველა პრობლემა მოგვარდება და ავტორიზებული სკოლის სტატუსიც არ დააყოვნებს.
მე მაღალმთიანი სოფლის სკოლის დირექტორი ვარ, სადაც მოსწავლეთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, სადაც თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებდეს, მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას იძლეოდეს, მოსწავლეებს არაფორმალური განათლების ფართო არჩევანი ჰქონდეთ. ჩემი მთავარი მიზანია, ყველა მოსწავლეს უხაროდეს სკოლაში მისვლა, იქ ისეთი გარემო დახვდეს, სადაც თავს დაცულად და მნიშვნელოვნად იგრძნობს, მისთვის საინტერესო სამყაროში აღმოჩნდება, იმ უნარებსა და ღირებულებებს შეიძენს, რომლებიც მთელი ცხოვრება დასჭირდება, – ამბობს ინა ბიწაძე, – დემოკრატიულ საზოგადოებას საფუძველი სკოლაში ეყრება და მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებაც სკოლის საქმეა. თუ სასკოლო საზოგადოება ამას ითავისებს და ხელს უწყობს მოსწავლის განვითარებას დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ოთხივე მიმართულებით (ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები, ცოდნა და კრიტიკული გააზრება), ავტორიზებული სკოლის სტატუსსაც ადვილად მოიპოვებს, რადგან ხარისხიანი განათლება, პირველ რიგში, მოსწავლის 21-ე საუკუნის გლობალური უნარებით აღჭურვასა და პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდას გულისხმობს“.
ლალი ჯელაძე