16 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

spot_img

იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ქალაქ თბილისის 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნანა ზარდიაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლალი ახვლედიანს ერგო, ხოლო მესამე ადგილი – თბილისის 112-ე საჯარო სკოლისა და შპს „ლამპრის“ პედაგოგს, მარიამ გვასალიას.

კონკურსის ფარგლებში, დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკრის“ პედაგოგს, რუსუდან ყოინაშვილს გადაეცა.

მიხეილ ჩხენკელმა ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის: „მინდა, თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალისტობა და მთელი გულით გისურვოთ წარმატებები და წინსვლა თქვენს საქმიანობაში! თქვენ, პედაგოგები ემსახურებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას და ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც განათლებული თაობების აღზრდით შეგაქვთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პედაგოგების როლის კიდევ უფრო დაფასებას და მათი შრომის აღიარებას ისახავს მიზნად. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ტრადიციას კვლავ ვაგრძელებთ და დღეს მაქვს პატივი, ფინალისტებს პირადად მივულოცო მიღწეული წარმატება.

ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში მასწავლებლობა კიდევ უფრო პოპულარული და პრესტიჟული ხდება. ამას მოწმობს ისიც, რომ ყოველწლიურად მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ.

მსურს, მადლობა გადავუხადო კონკურსის პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყოველ წელს აქტიურად არიან ჩართულნი იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ორგანიზებაში. ჩვენ იტალიასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს და განათლების ყველა საფეხურზე არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.“

ცერემონიის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა, კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გამარჯვებულ მასწავლებლებს სპეციალური პრიზები გადასცა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვა“ ვიცე-პრეზიდენტი ჯოვანი ჯაკომანტონიო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა. კონკურსის პარტნიორები არიან – იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია „მინერვა”.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს. საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები