სხალთა-ხიხანის ხეობა დედა საქართველოს ჭეშმარიტი ისტორიაა, ფრთაშემართული სხალთის ტაძარი ჩვენი ქართველობისა და ქრისტიანობის უტყუარი საფუძველია, ხიხანის ციხე კი ჩვენი სიმტკიცისა და უძლეველობის სიმბოლოა.
სხალთის ხეობა, თავისი ისტორიული წარსულით, კულტურულ-მატერიალური ძეგლებითა და დღევანდელობით, მისი შვილების სიამაყის საფუძველთა საფუძველია.
შუა საუკუნეებში სხალთის ხეობა მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც ტაო-კლარჯეთთან დამაკავშირებელი მთავარი არტერია. სწორედ აქ იყო ზემო აჭარის საერო და სასულიერო ცენტრი და აქ, საქართველოს ეროვნული გმირის, სელიმ ხიმშიაშვილის საგვარეულოთა სახლ-მუზეუმში, წყდებოდა აჭარის დედა-საქართველოსთან შეერთების ზოგადსაკაცობრიო საკითხი.
სხალთაში მდებარეობს ზემოაჭარის მშვენება – სხალთის ტაძარი, აქაურ მკვიდრთა საფუძველთა საფუძველი. ეს ტაძარი ყოფილა თამარ მეფის მთავარი სალოცავი ადგილი.
სხალთის საჯარო სკოლა ულამაზესი სხალთის ხეობის გამორჩეული ცოდნის ტაძარია. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის მმართველობის ხანაში, 1915-1916 წლებში, ზემო აჭარაში, ხულოს მაზრის (დღევანდელი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების) რამდენიმე სოფელში, მათ შორის ყინჩაურში, ქართულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ პირველი დაწყებითი ქართული სკოლები გახსნა. ეს დიდი მოვლენა იყო მხარისთვის, რომლის მცხოვრებთ, სამშობლოსაგან 300-წლიანი იძულებითი მოწყვეტის შემდეგ, პირველად ეძლეოდათ საშუალება, მშობლიურ ქართულ ენაზე შეესწავლათ წერა-კითხვა და, ამის საფუძველზე, გასცნობოდნენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას.
მართალია, აჭარა დედა სამშობლოს დაუბრუნდა, მაგრამ დამპყრობთა 300-წლიანმა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა აჭარის ეკონომიკასა და კულტურას, ამას დაემატა მუჰაჯირობის პერიოდი, როცა ბოროტი ძალები მაჰმადიან ქართველებს თურქეთში უხმობდნენ. 150 ათასი აჭარელი დაადგა თურქეთის გზას, თითქოსდა ერთადერთი სამშობლო და ხსნა იქ წასვლა იყო.
პირველი დაწყებითი სკოლა სოფ. ყინჩაურში გაიხსნა, ახმედ სურმანიძის საცხოვრებელ სახლში, სოფ. ჭერში – ალი გორგილაძის საცხოვრებელ სახლში.
1924-1925 წლებში, სხალთის თემში, ფაჩხასა და წაბლანაში გაიხსნა სკოლები, მეჩეთის გვერდით. სხალთის თემის მოსწავლეები წაბლანის ხუთკლასიან სკოლაში სწავლობდნენ. 1938 წელს სკოლა შვიდკლასიანად გადაკეთდა.
სხალთის თემში მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდის გამო, სოფლის ცენტრში, 1936 წელს, შვიდწლიანი სკოლა აშენდა – ყინჩაურის შვიდწლიანი სკოლა. წაბლანიდან გადმოვიდა სკოლის დირექტორი მოსე შალიკავა, თავის პედკოლექტივთან ერთად. მალე ყინჩაურის სკოლა რვაწლიანად გადაკეთდა და პირველ დირექტორად მოსე შალიკავა დაინიშნა.
1954 წელს, ყინჩაურში, საშუალო სკოლა გაიხსნა. სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობას დიდი ამაგი დასდეს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსულმა მასწავლებლებმა: მოსე შალიკავამ, ლამარა ხოშტარიამ, ნინო ბლაგიძემ, თამარ შვანგირიძემ, სულიკო ხოფერიამ, შურა ჩუბინიძემ, თამარ კეკელიძემ, ანზორ ციცხვაიამ, ლელა ციცხვაიამ, ადა კურდამიროვამ, ნოდარ გოგიჩაიშვილმა, თინა მარგალიტაძემ და სხვებმა. სწორედ მათ დაუღალავ შრომას მოჰყვა სხალთაში ახალი კადრების გამოჩენა: იოსებ მახარაძე, დავით მახარაძე, იური მიქელაძე, მზევინარ ბოლქვაძე, დარიკო ბოლქვაძე, ნაზიბროლა სურმანიძე, ლევან მახარაძე და სხვები. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია ჩვენი სოფლის მკვიდრი მიხეილ ქამადაძე, პირველი სხალთელი ვინც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა, 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ასამდე ნაშრომის ავტორია; გიორგი შაინიძე, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენა-ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია; დავით შაინიძე, სკოლის ოქროსმედალოსანი, ცნობილი პროკურორია; ოთარ გორგილაძე – სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერ თანამშრომელი; ზურაბ მახარაძე – ცნობილი ექიმ-პედიატრი; აბესალომ ასლანიძე – ფილოსოფიის აკადემიური დოქტორი; ამავე სკოლის აღზრდილია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ მახარაძე.
ჩვენს სკოლაში აღზრდილი თაობები – მსახიობები, მეცნიერები, ექიმები, პედაგოგები, სახელმწიფო მოხელეები, თავდადებული სწავლითა და შრომით, წარმატებებს აღწევენ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
სკოლას, წლებია, ხელმძღვანელობენ ადგილობრივი კადრები: იოსებ მახარაძე, იური მიქელაძე, სულიკო სურმანიძე, ბეჟან სურმანიძე, ბულბულ სურმანიძე, მერაბ შაინიძე, როლანდ ბოლქვაძე, თემურ შაინიძე. პედაგოგებიც ადგილობრივები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო სასწავლო აღმზრდელობით საქმიანობაში და მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების საქმეში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ.
მესამე თაობის ეროვნული გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სკოლის პრაქტიკაში დაინერგა კომპლექსური დავალებებით სწავლება. მასწავლებლებმა შეიძინეს ცოდნა-გამოცდილება ახალი სასწავლო გეგმების, მატრიცებისა და კურიკულუმების შექმნასთან დაკავშირებით. სკოლა წარმატებულია არაფორმალური განათლების მხრივაც, კერძოდ, სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვის წრე, მაღალ დონეზე ტარდება კლასგარეშე ღონისძიებები.
1971-1973 წ.წ. აშენდა სკოლის ახალი კაპიტალური შენობა. მის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა სკოლის დირექტორმა, იური მიქელაძემ; 1978-82 წლებში 3-ჯერ იქნა მიჩნეული საუკეთესო სკოლად საქართველოში; ვინაიდან სკოლა სხალთის თემის ცენტრში მდებარეობს და თემის რამდენიმე სოფელს ემსახურება, მოსახლეობის თხოვნით და დირექციის შუამდგომლობით, ყინჩაურის ნაცვლად, სხალთის სკოლა ეწოდა.
2011- 2012 წლებში, მასწავლებელ ნაზიბროლა მიქელაძის დიდი ძალისხმევით, სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. პირველი სართულის ფანჯრებს სახურავიდან ჩამოსული თოვლი აზიანებდა, კომპანიამ შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ რკინის სამაგრები გაუკეთა. ამავე კომპანიის თანადგომით, კეთილ მოეწყო ეზო და სკოლაში განთავსდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა.
სხალთის საჯარო სკოლა, წარმატებებითა და ტრადიციებით, ერთ-ერთი გამორჩეულია სხალთა-ხიხანის ისტორიულ ხეობაში და, წლების განმავლობაში, ჩვენი ისტორიული ხეობის კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა.
ახალმა რეფორმამ სახე უცვალა სასკოლო მუშაობას, უფრო მიზანმიმართული და შემოქმედებითი გახდა. გაუმჯობესდა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოეწყო კომპიუტერული კაბინეტი, სკოლა აღიჭურვა უახლესი თვალსაჩინოებათა სასწავლო რესურსებით, აუდიო და კომპიუტერული ტექნიკით, მოეწყო რესურსოთახი, სპეციალური სწავლების საკლასო ოთახი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის.
სასწავლო პროცესის სწორმა დაგეგმვამ და მართვამ, საშუალება მოგვცა, გვეზრუნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის – სკოლის მასწავლებელთა 92% უფროსისა და წამყვანის სტატუსს ატარებს. ისინი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სახის ტრენინგ-მოდულებში, სადაც თანამედროვე სწავლების მეთოდებს ეცნობიან და სწავლა-სწავლების პროცესში ნერგავენ. აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ, საოლქო პედაგოგთა შემოქმედებით კონფერენციებში და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. გამორჩეულები არიან: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე, მაია კონიაშვილი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლელა ბასილაძე, სპეცმასწავლებელი მამული გორგილაძე და სხვები. სკოლა ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, კერძოდ, გამარჯვებულია პროექტში „ცხოვრების ჯანსაღი წესი“; სკოლამ, ასევე, გაიმარჯვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ „თავისუფალი გაკვეთილების პროექტში“ და მიიღო დაფინანსება. გავიმარჯვეთ, აგრეთვე, etwinning-ის საერთაშორისო პროექტში „ჩემი უცხოპლანეტელი მეგობრები“ – სკოლას გადაეცა დიპლომი, ჩართულ მასწავლებლებს – ლეილა მუშამბაძეს, ნაზი მიქელაძეს და ლელა ბასილაძეს – მედლები. სკოლის მოსწავლე საბა ქამადაძე და მასწავლებელი ლელა ბასილაძე იმყოფებოდნენ ბრიუსელში.
სასკოლო მკითხველთა კლუბმა, სახელწოდებით „ჩვენი საუნჯე“ გაიმარჯვა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსში და მოიპოვა ფულადი გრანტი (კლუბის ხელმძღვანელი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე). ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისაგან დაფინანსება მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაია კონიაშვილის პროექტმა და მოსწავლემ — ლუკა გორგილაძემ.
ახლა მთელი კოლექტივისთვის მთავარი საზრუნავი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესასრულებლად ყოველდღიური შრომაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სწავლა-სწავლების ხარისხი და ჩვენი სკოლა ღირსეული გამგრძელებელი იყოს სახელოვანი ისტორიული წარსულის.