ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. მე-9 კლასში, ორი წლის წინ, პანდემიისას, გავიარეთ ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის, შოთა იათაშვილის ლექსი „მეგობრობა“, წიგნში მითითებულ რუბრიკაში: „მისწერე ავტორს“. მოსწავლეებს მასთან კომუნიკაციის სურვილი გაუჩნდათ, ქეთევან რუსიამ და ანდრია ბუკიამ განსაკუთრებით იაქტიურეს… სიყვარულით გამოგვეხმაურა ავტორი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ბატონი შოთას წერილს კი აქვე გთავაზობთ, ნებისმიერმა რომ წაიკითხოს, მართლაც სასიამოვნოდ დაწერილი და სითბოთი სავსე. მადლობა, ბატონო შოთა, მეტისმეტად გაგვანებივრეთ და გაგვახარეთ!
მაია გვიჩია
სსიპ ფოთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გამარჯობა, ქეთევან!
ძალიან გამიხარდა შენი წერილი.
გამიხარდა, რომ ჩემმა ლექსმა ჩემთან დალაპარაკების სურვილი გაგიჩინა.
მე თვითონ ჩემი ეს ლექსი მიყვარს (ხანდახან ისეცაა, რომ პოეტებს არ უყვართ ზოგიერთი საკუთარი ლექსი) და გამიხარდა, რომ ის სახელმძღვანელოში შეიტანეს.
ლექსი საკმაოდ ძველია, მაგრამ დღეს ისე იკითხება, როგორც თანამედროვე მოვლენებზე, პანდემიურ სამყაროზე რეაქცია. ამას წინათ ჩინეთში გადაღებული ფოტო ვნახე, რომელიც ცალსახად ამ ლექსის ილუსტრაციად გამოდგებოდა. ორი ადამიანი შუშის კედლის ორ მხარეს დგას, ერთმანეთს შესცქერის და თითის წვერებით ერთმანეთს „ეხება“. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ფოტოზე ცოლ-ქმარია ასახული, ჩემთან კი ეს ორი ადამიანი მეგობარია. თუმცა ეს განსხვავებაც არაა, რადგან ნამდვილი მეუღლეები, პირველ რიგში, ერთმანეთის ნამდვილი მეგობრები არიან. აი, გიგზავნი ამ ფოტოს, თავისი ისტორიით. ამ ლინკზეა:
რაც შეეხება შენს შეკითხვას. ჩემი აზრით, ეს ლექსი ნდობაზე კი არა, უფრო ზრუნვაზეა. და გამოსავალზე. გარემო ხშირად შეზღუდვებს გვიწესებს. ეს შეზღუდვები ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. მაგრამ გარეგნული შეზღუდვა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავის შეგრძნებებშიც შეიზღუდოს. უფრო პირიქით. და როცა არის ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი სიყვარული, რაც უფრო მეტად ზღუდავენ ადამიანს, ის მით უფრო ნატიფად და მძაფრად გამოხატავს თავის ემოციებს. ამიტომაა, რომ მხატვრულ ლიტერატურაშიც ხშირადაა ასეთი ურთიერთობების აღწერა უკიდურეს მდგომარეობაში, ექსტრემალურ სიტუაციაში – ომის, თუ როგორც ამ ლექსშია, კარანტინის დროს. სწორედ ასეთ სიტუაციებში ჩნდება ყველაზე უკეთ, თუ რამდენად ნამდვილია ის გრძნობები, რომელიც ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებდა. მე შედარებით წყნარი ცხოვრება მქონდა და ამიტომაც ნაკლებად გამომიცდია ასეთ მდგომარეობებში ჩემი მეგობრები, ამიტომ გამიჭირდება იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, მყავს თუ არა მეგობარი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. თუმცა, პირველ რიგში, გარდაცვლილი მეგობრები მახსენდება, რადგან ისინი აქამდე ჩემ გვერდით ერთგულად იყვნენ და ამ მეგობრობას აწი უკვე ვეღარაფერი გამოცდის, ამიტომ ისინი ჩემს გულში ბოლომდე ჩემი ერთგულები და ბოლომდე სანდონი დარჩებიან.
რაც შეეხება თეთრ ლექსს (ვერლიბრს) და რითმიან (კონვენციურ) ლექსს. მე გვიან დავიწყე ლექსების წერა. ჯერ მათემატიკური დავამთავრე და სკოლაში მასწავლებელი ვიყავი, მერე სარეჟისოროზე ვსწავლობდი და კინოსტუდიაში ვმუშაობდი… კითხვა ძალიან მიყვარდა. თითქმის ყველაფრის: რომანების, მოთხრობების, ფილოსოფიის. ერთადერთი, რასაც არ ვკითხულობდი, ეს პოეზია იყო. და აი, ასე უცნაურად მოხდა. რაზეც საერთოდ არ ვფიქრობდი, რაღაც მომენტში ის უცებ გაჩნდა ჩემში. და გაჩნდა ურითმო ლექსის, ვერლიბრის სახით. და როცა მივხვდი, რომ ლექსის წერა რაღაც შემთხვევითი არ იყო, მერე დავიწყე იმაში გარკვევა, თუ საერთოდ, რა ფენომენი იყო პოეზია. მეცნიერული გამოცდილება ძალიან დამეხმარა ამაში. საერთოდ, იმის სწრაფად გააზრებაში, რომ თუ პოეზიის განვითარების ხაზებს კარგად არ შევისწავლიდი, დილეტანტობას ვერ გავცდებოდი, საკუთარ ხელწერას ვერ მივაგნებდი. ამის მერე საკმაოდ დიდი ხანი იყო ვერლიბრი ჩემთვის წერის ერთადერთი ხერხი, მაგრამ რაღაც მომენტში გამიჩნდა შეგრძნება, რომ საკუთარი თავი ამოვწურე, რომ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი. ამან გამიჩინა ინტერესი რითმიანი ლექსებისადმი. „აბა რა გამოვა, რომ ვცადო?“ და 2000-იანი წლების დასაწყისიდან ასეთი მცდელობები გამიხშირდა. თანდათან თითქმის სულ რითმიან ლექსებზე გადავედი. ემოციურად მომწონდა ეს, ახალი შთაგონება გამიჩინა. 2006 წელს გამოცემულ ჩემს პოეტურ კრებულში „სანამ დროა“, დაახლოებით 80%, რითმიანი ლექსებია. სწორედ ამ კრებულს მიენიჭა პრემია „საბა“. მაგრამ თანდათანობით ეს განწყობა, როგორც მოვიდა, ისევე გაქრა, და ისევ ვერლიბრს დავუბრუნდი, რომელიც მაინც გაცილებით მეტადაა ჩემთვის პოეტური სათქმელის გამოხატვის საშუალება, ვიდრე რითმიანი ლექსი. ახლა ისევ ვერლიბრს ვწერ, თუმცა ხანდახან გავლილი გამოცდილება თავს შემახსენებს ხოლმე და ისევ მეწერინება რითმიანი ლექსი.
ლექსის წერა მართლაც მომენტის ამბავია. რაღაც დეტალი, ნიუანსი უცებ აჩენს შენში პოეტურ სათქმელს, ანუ მუზას. და თვეების განმავლობაში შეიძლება იყო ისე, რომ ეს განწყობა არ გაჩნდეს შენში. ერთხელ მგონი თითქმის ერთი წელი ვერაფერი დავწერე. მაგრამ, როგორც წესი, პოეტებს ამისი არ ეშინიათ. იციან, რომ ეს ძალიან ბუნებრივია.
რაც შეეხება კურიოზს. წერის დროს არა, მაგრამ პოეტურ გამოსვლასთან დაკავშირებული კურიოზი მახსენდება. მოსკოვის პოეტურ ბიენალეზე ვარ (ეს 2008 წლის ომამდე იყო) და გახსნაზე უნდა წავიკითხო ლექსი – ქართულად, ხოლო რუსული თარგმანი ეკრანზე წავა. დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე აღმოვაჩინე, რომ ქართული ტექსტი სასტუმროში დამრჩა. უკან მისვლას ვერ მოვასწრებ. არც ინტერნეტში დევს ეს ლექსი. თან მე ჩემი ლექსები არ მამახსოვრდება ზეპირად. მითუმეტეს ეს გრძელი ვერლიბრია. „ფანქარი მიწაში“, შეგიძლია ნახო, ახლა დევს ინტერნეტში. რა ვქნა? გამოუვალი მდგომარეობაა. და უცებ მოვიფიქრე. დავჯექი და ჩემი ლექსის რუსული თარგმანის უკან, ქართულად გადმოთარგმნა დავიწყე. ცოტა სხვანაირი გამოვიდა, მერე რომ შევადარე, მაგრამ ისიც კარგი იყო. და აი, ასე, საკუთარი ლექსის თარგმანის თარგმანი წავიკითხე სცენიდან.
ქეთევან, შენ გარდა, კითხვები გამომიგზავნა შენმა თანაკლასელმა, ანდრია ბუკიამ და ბარემ მასაც აქვე ვუპასუხებ.
პირველ კითხვაზე, როგორ გავხდი მწერალი, ზემოთ ვუპასუხე.
2) თქვენი აზრით, რის გამო არიან ადამიანები თქვენი მადლიერი?
მე ოც წელზე მეტია, სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთების მთავარი რედაქტორიც ვარ. და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი დებიუტანტი დამიბეჭდავს პირველად, დავხმარებივარ მათ სწორი გზის პოვნაში. საერთოდ, გულწრფელად მიხარია სხვისი წარმატება და თუ რამე ხარვეზები აქვთ ადამიანებს ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში, ამასაც მათ უპრობლემოდ, ღიად ვუბნები, რათა გამოასწორონ. ვფიქრობ, თუ ვინმეა ჩემი მადლიერი, ალბათ ამ თვისების გამო.
3) გაქვთ თუ არა რაიმე დამალული, გასაოცარი ჰობი?
არა, ასეთი არაფერი მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა, რომ ძალიან მიყვარს ჭადრაკი. ბავშვობაში ოსტატობის კანდიდატი ვიყავი, და ახლაც ხშირად ვთამაშობ კომპიუტერში. ეს, მუშაობის დროს, განტვირთვაში ძალიან მეხმარება.
4) ყველაზე დაუჯერებელი რამ, რაც გადაგხდენიათ
თუ პოეზიასთან კავშირში გიპასუხებთ, ძალიან უცნაურ ადგილებში წამიკითხავს ლექსები. მაგალითად, სუპერმარკეტებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ციხეში… ერთხელ, სლოვენიაში, მღვიმეშიც წავიკითხე ჩემი ლექსები, როგორც იქაური ფესტივალის ლაურეატმა.
5) რომელი მწერალია თქვენთვის მისაბაძი და რატომ?
არ ვიცი. ჩემთვის მწერლები ცოტა სხვანაირი არსებები არიან. მთლიანობაში ვხედავ, ცხოვრების წესით, ხელწერით, პლუსებით, მინუსებით… მისაბაძ არსებებს არ ვეძებ მათში.
6) თუ გქონიათ კონტაქტი რომელიმე მწერალთან და რა რჩევა მიგიღიათ მისგან?
სულ მწერლებთან მაქვს კონტაქტი, ქართველების გარდა, 20 ქვეყანაში ვარ სხვადასხვა ფესტივალებზე ნამყოფი და, ძალიან ბევრ უცხოელ მწერალს ვიცნობ. სულ რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს, აბა რა გითხრა? 🙂
7) როდის მოგეცათ იმის სურვილი, რომ გამხდარიყავით მწერალი?
ამ კითხვაზეც ზემოთ ვუპასუხე, ქეთევანს.
8) გიფიქრიათ იმაზე, რომ უნდა დაგენებებინათ ამ საქმიანობისთვის თავი?
კი, საკმაოდ ხშირად ფიქრობს ამაზე მწერალი. მე მაგალითად, რომ მქონდეს ფილმების გადაღების საშუალება, მაგაზე გადავერთვებოდი ძალიან დიდი სიამოვნებით. რაღაც ალბათ მაინც დამეწერინებოდა, მაგრამ დიდ ენერგიას მასში ჩავდებდი, იმიტომ რომ ჩემი განუხორციელებელი ოცნებაა რეჟისორობა. ისე, ბოლო სამი წელია, ძალიან ცოტა ლექსს ვწერ, რადგან პროზაზე გადავერთვე. 2020-ში ჩემი რომანი „დამწყები“ გამოვიდა, ამ დღეებში კი ჩემი ზღაპარი, „ნათიას და თათიას თავგადასავალი“ გამოვა, უკვე სტამბაშია.
ბავშვებო, თქვენმა მაიკო მასწავლებელმა მითხრა, რომ ამ წერილს მთელ კლასს წაუკითხავს. ამიტომ ყველას მოგესალმებით. მიხარია, რომ ლიტერატურა ასე გიყვართ. თუმცა ყველა საგანი თავის განუმეორებელ ცოდნას იძლევა და სხვანაირად ზრდის ადამიანს, და ამიტომ გირჩევთ, ეს იგრძნოთ, ამ თვალით შეხედოთ, ფიზიკა იქნება ეს, ბიოლოგია თუ მათემატიკა. საიდუმლოდ გეტყვით, რომ სწორედ ამაზეა ჩემი რომანიც.
გრძელი წერილი გამომივიდა.
ბოლოს ამას გისურვებთ: მართლები იყავით და კეთილები, და ინტერესიანები. ცხოვრება ერთხელ გეძლევათ და ის ტყუილად არ უნდა გაფლანგოთ. ესაა მთავარი. დანარჩენს რამენაირად მოევლება.
საუკეთესო სურვილებით,