ცირა ბიბინიძე
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლა-სწავლების პროცესი საინტერესო, სიახლეებზე დაფუძნებულ, შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს. ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ხშირია აკადემიური მოსწრების დაბალი დონე, რაც მნიშვნელოვანი შეფერხების წინაპირობაა მოსწავლის შემდგომი წინსვლისთვის. ეს პრობლემა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული: სწავლის მეთოდების ათვალწუნება, ემოციური სირთულეები ან სამომავლო პერსპექტივების გადაფასების პროცესი. პრობლემის გამოსასწორებლად მასწავლებელი ეფექტურ გზებს უნდა ეძებდეს. საგულისხმოა, რომ ბავშვი მცირე ასაკში კრეატიულია. მას საშუალება უნდა მივცეთ, დასვას კითხვები, ისაუბროს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, დაისახოს სამომავლო პერსპექტივები, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას. სწორედ ამგვარი მიდგომით, ჯანსაღი ურთიერთობებითა და დამოკიდებულებებით ხდება მოზარდის ფსიქოემოციური განვითარება, რაც გზას უხსნის მას მომავალი პროფესიისა და სამომავლო გზის სწორად დასახვაში.
სწავლის პროცესი ერთფეროვანი რომ არ იყოს და, ამავდროულად, სიამოვნების წყაროდ ვაქციოთ, სასურველია, მოსწავლეებს მათი უნარისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით ვაკეთებინოთ ის, რაც მოსწონთ. გამოცდილებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომაც, სხვადასხვა შემოქმედებითი და საინტერესო აქტივობებით ბევრად მნიშვნელოვან თვისებებს იძენს: თანამშრომლობის, კრეატიული მხარის წინ წამოწევისა და ინიციატივის აღების უნარს. სწორედ ამ უნარების გამომუშავების საუკეთესო საშუალებაა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა, რომელიც ცოდნის მიღების პროცესს სახალისოს ქმნის და შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად შექმნან შემოქმედებითი პროდუქტი.
მსურს გაგიზიაროთ მეშვიდე კლასში კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში გამოყენებული მეთოდი – „ინტერვიუ“. ამ მეთოდის გამოყენება მიზნად ისახავს, ერთდროულად, რამდენიმე მაღალი სააზროვნო უნარის განვითარებას, კერძოდ, ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და კვლევითი უნარ-ჩვევები. ეს მეთოდი შესაძლებლობას აძლევს მათ, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა გამოცდილებას შეიძენენ ცნობილ ადამიანებთან კომუნიკაციით, მათზე დაკვირვებითა და მიბაძვით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამზადებელ ეტაპზე. იგი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს ინტერვიუს დაგეგმვასა და წარმართვაში. რაც უფრო სწორად და თანმიმდევრულადაა დაგეგმილი დავალება, მით უფრო ნაკლები წინაღობები იქმნება უშუალოდ მუშაობის პროცესში.
ჩემმა შეთავაზებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მზაობა გამოიწვია. დასაწყისშივე ავუხსენი, რომ სანამ საბოლოო პროდუქტს შექმნიდნენ, მანამდე სხვადასხვა ეტაპის გავლა მოუწევდათ: მოსამზადებელი სამუშაო, კითხვების ჩამოყალიბება, მასალის დამუშავება-ანალიზი, კვლევის შედეგების ნაშრომის სახით ჩამოყალიბება და პრეზენტაცია.
კომპლექსური დავალების პირობა ასეთი იყო: სასკოლო ურთიერთობებზე შექმნილ ნაწარმოებებზე დაყრდნობით (რ. ინანიშვილის მოთხრობა „დამრიგებელი“, მ. ბერძენიშვილის „დამნაშავე დასჯილია“ და გ. ტოგონიძის „ხისმაცქერალი კაცის ამბავი“), მოსწავლეებს უნდა მოემზადებინათ ინტერვიუ უფროსი თაობის წარმომადგენელთან მის სასკოლო და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. მომზადებულ ინტერვიუში მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ ჟანრობრივი მახასიათებლები, კონკრეტული ფაქტები რესპონდენტის სასკოლო ცხოვრებიდან, რამდენად გამოადგა მას სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში და როგორ აფასებს თავის მოსწავლეობისდროინდელ სკოლას, დადებითი და უარყოფითი მხარეებით; ურთიერთობებს სასკოლო თემთან, მასწავლებლებთან, კლასელებთან; რა გავლენა მოახდინა სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
თავდაპირველად, მოსწავლეებს ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების წაკითხვა შევთავაზე, რადგან მწერლების მიერ სასკოლო ეპიზოდების გახსენება და საკუთარი გამოცდილებების გაზიარება დაეხმარებოდათ დავალების სრულყოფილად გააზრებაში. საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად განვახორციელე რამდენიმე აქტივობა:
♦ ვაჩვენე სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფილმები;
♦ გავაცანი სტატია – „ინტერვიუ მოსწავლეებთან“.
გავმართეთ დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
♦ უნდა გაუშვას თუ არა მასწავლებელმა წესრიგის დამრღვევი მოსწავლე გაკვეთილიდან?
♦ საჭიროა თუ არა კამათი ნიშნის თაობაზე?
♦ უნდა გადავაწერინოთ თუ არა საშინაო დავალება თანაკლასელს?
♦ ჩვენმა ამხანაგმა/ამხანაგებმა რაღაც დააშავეს, რის გამოც პასუხს მთელ კლასს სთხოვენ. უნდა დავასახელოთ თუ არა დამნაშავე?
რესპონდენტთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისა და ინტერვიუს სწორად წარმართვის გასაადვილებლად, მოსწავლეები გაეცნენ ნაშრომს „ჟურნალისტიკა საშუალო სკოლის მოსწავლეებში“.
მოსამზადებელი ეტაპების გავლის შემდეგ, მათთვის აღარ წარმოადგენდა სირთულეს საბოლოო პროდუქტის შექმნა. რესპონდენტად ჩვენივე სკოლის მენტორი მასწავლებელი შეარჩიეს, მშვენივრად მოირგეს ჟურნალისტის როლი და საინტერესო, მიზანმიმართული კითხვებით მიმართეს მას:
- როგორი იყო თქვენი ბავშვობა, როცა არ იყო განვითარებული ტექნოლოგიები?
- ხომ არ გახსენდებათ ბავშვობაში განცდილი რომელიმე მძიმე ეპიზოდი?
- რა სირთულის გადალახვა მოგიხდათ მიზნის მისაღწევად, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
- თქვენ მენტორი მასწავლებელი ბრძანდებით, ეს უმაღლესი სტატუსია. რომელ კონკრეტულ ფაქტს გაიხსენებდით თქვენი გამოცდილებიდან, რომელმაც გავლენა მოახდინა ამ წარმატებაზე?
- მოსწავლეობის პროცესში, განსაკუთრებით რომელი საგანი იყო თქვენთვის პრიორიტეტული?
- აცდენდით თუ არა ხშირად სკოლას?
- დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში რა განცდა გქონდათ?
- კლასელებზე რას გვიამბობთ?
- როგორი თანამშრომლობა იყო მოსწავლეებსა და დამრიგებლებს შორის და დღეს რა განსხვავებას ხედავთ?
- გთხოვთ გვიამბოთ, რა განსხვავებაა თქვენი მოსწავლეობისდროინდელ სკოლასა და თანამედროვე სკოლას შორის? რა დადებითსა და უარყოფით მხარეებს აღნიშნავდით?
- შეიცვალეთ თუ არა ბავშვობაში არჩეული პროფესია?
- როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის წლებს?
- სკოლის გარდა, კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანის წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას?
- დაბოლოს, გვითხარით, რა არის თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?
რესპონდენტის გამოცდილების გაზიარებამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, დაენახათ, ერთმანეთთან დაეკავშირებინათ და შეეფასებინათ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლებიც არსებობდა უფროსი თაობისდროინდელ სკოლასა და თანამედროვე სკოლას შორის. გადაეფასებინათ ის პრიორიტეტები, რომლებიც ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში აქვთ. ამასთანავე, ინტერვიუს მეთოდის გამოყენებამ მოსწავლეები უფრო თავდაჯერებული, მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული გახადა.