ყველა აკრძალულ წიგნს უნიკალური ისტორია და საკუთარი გზა აქვს, გზა, რომელიც დაბრკოლებების მიუხედავად, ადრე თუ გვიან მკითხველთან მიიყვანს, მათ მკითხველს კი – თავისუფლებამდე.
სწორედ ასეთ ტექსტებს აერთიანებს გამომცემლობა „ინტელექტის“ სერია „აკრძალული წიგნების თარო“, რომლის თითოეულ ახალ წიგნს განსაკუთრებით ელოდება მკითხველი; ნაწარმოებებს, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით კრძალავდნენ.
სერიის მიზნებისა და ამჟამად მასში გაერთიანებული 26 წიგნის შესახებ ვესაუბრეთ გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტს, გვანცა ჯობავას, რომელმაც „აკრძალული წიგნების თაროს“ 2017 წელს ჩაუყარა საფუძველი.
▶️ გვანცა, ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე სერია „აკრძალული წიგნების თარო“ 2017 წელს დაიწყეთ. დღეს ის უკვე 26 წიგნს აერთიანებს. წიგნებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზით კრძალავდნენ. როგორ გაჩნდა სერიის იდეა და რა მიზანი აქვს მას?
⏺ მსოფლიო ისტორიას ოდითგანვე ახსოვს არაერთი წიგნი, რომლებსაც პოლიტიკური, რელიგიური, სამართლებრივი, მორალური, იშვიათად – კომერციული თუ სხვა ნიშნით, სხვადასხვა დროს წვავდნენ, ხევდნენ ფურცლებს, კრძალავდნენ, იბეჭდებოდა იატაკქვეშეთში და საიდუმლოდ ვრცელდებოდა, თარგმანი თუ ორიგინალი ტექსტი ხდებოდა ცენზურის მსხვერპლი – წიგნად გამოცემამდე უხეშად ერეოდნენ ავტორის კომპეტენციაში, აგდებდნენ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფისთვის არასასურველ ფრაგმენტებს და კუპიურებით გამოსცემდნენ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მშობლები ითხოვდნენ ამა თუ იმ წიგნის ამოღებას სკოლის პროგრამიდან, ბიბლიოთეკებიდან, რათა ისინი მათი შვილებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო.
1982 წელს ამერიკელმა ბიბლიოთეკის აქტივისტმა და გამოხატვის თავისუფლების თავდაუზოგავმა დამცველმა ჯუდი კრუგმა, ამერიკის გამომცემელთა და ბიბლიოთეკართა ასოციაციების დახმარებით, დააარსა „აკრძალული წიგნების კვირეული“ და მას შემდეგ ეს დღეები ყოველწლიურად სექტემბრის ბოლო რიცხვებში აღინიშნება. აღნიშნული კვირეული მალევე ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიქცევას ბეჭდვის, გამოცემის, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, წიგნებზე, რომლებიც არა მხოლოდ წარსულში, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც ხდება ცენზურის მსხვერპლი. აღნიშნული პრობლემები, სამწუხაროდ, არც ჩვენთვისაა უცხო და, ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მსგავს საკითხებზე ასევე მეტად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში,“ გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ თაოსნობით, 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, განსხვავებული ფორმატის ღონისძიებებით აღინიშნება. ამ ღონისძიების საქართველოში აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრების იდეა კი დაეფუძნა გამომცემლობა „ინტელექტის“ საგამომცემლო სერიას „აკრძალული წიგნების თარო“.
თავისთავად ცხადია, რომ თითოეულ წიგნს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად იწერება და გამოიცემა, თავისი ბედისწერა აქვს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ახსოვს ათასობით წიგნი, რომლებიც არასასურველი ან მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, მათი, თუნდაც გარკვეული ნაწილის, საგამომცემლო სერიის ფარგლებში გაერთიანება, საშუალებას გვაძლევს კაცობრიობის განვითარების მეტად საინტერესო ეტაპებს, მასშტაბურ ცვლილებებსა და გარდაქმნებსაც დავაკვირდეთ.
▶️ სერიაში შესულია გრიგოლ რობაქიძის წიგნი „ჩაკლული სული“, რომელიც მან 1932 წელს დაწერა და ერთი წლის შემდეგ გერმანიაში გამოსცა. ამ წიგნის აკრძალვის ისტორია რომ გვიამბოთ.
⏺ გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“ 1932 წელს დაიწერა და შემდგომ წელს გამოიცა გერმანიაში. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა“ და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები.
რომანის მოქმედება, რომელიც გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ, თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს, დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა.
„წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს“ – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მწერლის არა მხოლოდ კონკრეტულად ეს რომანი, არამედ მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.
▶️ სერიის ავტორობასთან ერთად, თქვენ ორი აკრძალული წიგნის მთარგმნელიც ხართ: ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ და ანა პოლიტკოვსკაიას „პუტინის რუსეთი“. ამ წიგნების შესახებ რომ გვიამბოთ. რატომ გადაწყვიტეთ მათი თარგმნა?
⏺ ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ 2018 წლის მიწურულს ვთარგმნე. მას შემდეგ ამ შესანიშნავი რომანის ქართულ თარგმანს უამრავი მკითხველი გამოუჩნდა. ისიც გამოირკვა, რომ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მოყვარულებს ზედმიწევნით ახსოვდათ მის ძალიან ცნობილ ტექსტში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ მოხმობილი ერთი სტრიქონი: „ნიგერიაში, საყვარელო, სამი კარგი მწერალია – შიიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ ო‘ჰარა“; თუნდაც მხოლოდ ამ ერთი სტრიქონის გამო, ჩინუა აჩებეს ქართულ ენაზე პირველად გამოჩენას ქართულ სალიტერატურო სივრცეში უამრავი მკითხველი დიდი სიხარულით შეხვდა. აღარაფერს ვამბობ ლიტერატურაში კარგად გათვითცნობიერებულ მკითხველზე, რომელსაც აჩებეს შესახებ დოჩანაშვილის ამ ცნობილი სტრიქონის მიღმაც ბევრი სმენოდა და მოუთმენლად ელოდებოდა აფრიკის კონტინენტის მართლაც რომ საუკეთესო მწერლის ქართულ სალიტერატურო სივრცეში გამოჩენას.
„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ეპოქალური ნიგერიელი მწერლის, ჩინუა აჩებეს მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება ხვდა წილად. ეს ნაწარმოები დღემდე აუცილებელ სასწავლო ტექსტადაა მიჩნეული როგორც აფრიკის კონტინენტის, ისე ინგლისურენოვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. წიგნი თარგმნილია ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე და ამ დრომდე გაყიდულია ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა — ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა – სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდეალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის, თუმცა ამასთან, გაჯერებულია ტრადიციების, რიტუალების, რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ურთიერთგაგების ძლიერი განცდით.
რომანში აღწერილია ერთი ადამიანის, იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი მებრძოლის – ოკონკვოს ქარიშხლიანი, ტრაგიკული ცხოვრება და ბრძოლა იბოს ტომის ტრადიციების გაუფასურებათა ყოველი მცდელობის წინააღმდეგ – მათ შორის გაორებულ თანატომელთა წინააღმდეგაც.
„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“, კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო, მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო.
თუ ამ წიგნის წაკითხვისა და სულ სხვა აფრიკის, უფრო კი, ნიგერიის, აღმოჩენის ბედნიერება ჯერ არ გქონიათ, მაშინ ამ მცირე ფრაგმენტს გიზიარებთ და გირჩევთ, რომ ეს ბრწყინვალე წიგნი აუცილებლად წაიკითხოთ:
„თეთრმა კაცმა მიწის შესახებ, ჩვენი წეს-ჩვეულების შესახებ არ იცის? საიდან უნდა იცოდეს, როდესაც ჩვენს ენაზეც კი არ საუბრობს? მაგრამ ამბობს, რომ ჩვენი ტრადიციები უვარგისია; და ჩვენი ძმებიც კი, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს, ამბობენ, რომ ჩვენი ტრადიციები არაფრად ვარგა. როგორ წარმოგიდგენია ომი, როდესაც ჩვენივე სისხლი და ხორცი განგვიდგა?! თეთრი კაცი ძალზე ჭკვიანია. ერთობ ჩუმად და მშვიდობიანად შემოგვეპარა და ფარად ეს თავისი რელიგია გამოიყენა. ჩვენ მის სიბრიყვეზე კარგად გავიცინეთ და ნება დავრთეთ დარჩენილიყო. ახლა კი ჩვენი ძმები გადაიბირა და ტომს აღარ შესწევს უნარი, ერთ სულ და ერთ ხორც იმოქმედოს. დანა დაასო ყველაფერს, რაც კი გვამთლიანებდა და ახლა ორად ვართ გახლეჩილი“.
ანა პოლიტკოვსკაიას „პუტინის რუსეთის“ თარგმნა რომ დავიწყე, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპს გავდიოდი, თავი უზარმაზარ სამყაროში სულ მარტო დარჩენილი გოგო მეგონა და რაღაც ძლიერი ემოცია მჭირდებოდა, დიდი ენერგეტიკა, საკუთარ ძალებში დარწმუნება. ეს წიგნი კი, ზუსტად ის აღმოჩნდა, რასაც ვეძებდი.
ანას გავყევი და მის გაკვალულ გზაზე სიარულმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს, როგორც პიროვნების, ფორმირებაში; საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაშიც დამეხმარა და ღირებულებების განსაზღვრაშიც.
ანასთან ერთად ბევრი ვიმოგზაურე. ეს არ იყო სასიამოვნო მოგზაურობა, პირიქით, ძალიან რთული და საშიში, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი მოგზაურობა აღმოჩნდა, რომელმაც უამრავ მოვლენაზე თვალი ამიხილა და უმთავრესში დამარწმუნა: სამართლიანობისთვის ბრძოლა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის უმთავრესი პასუხისმგებლობა სამყაროს წინაშე, რომელმაც ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გვაჩუქა.
თავდაპირველად, საბჭოთა კავშირსა და ბნელ 90-იანებს მივუბრუნდით. ანა ჰყვებოდა დამფრთხალი, გალოთებული კაცების ქუჩაში სავაჭროდ გამოსულ ცოლებზე, საბჭოთა კავშირის ნანგრევები საკუთარი ხელით რომ გაიტანეს, მწყობრიდან გამოსულ გათბობის სისტემასა და თავიანთ სახლებში გაყინულ ადამიანებზე, ხშირად, დიდი დაგვიანებით, იატაკზე მიყინულებსაც რომ პოულობდნენ.
შემდეგ ჩეჩნეთის ომი წამოგვეწია. ანა პოლიტკოვსკაიამ ხომ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო, როგორც „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. არადა შეუძლებელია გონებიდან ამოგივარდეს თექვსმეტი წლის ელზა კუნგაევას ამბავი, ცნობილმა რუსმა პოლკოვნიკმა ბუდანოვმა, მოცალეობის ჟამს, ჩვეულებრივი გართობისთვის რომ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. ალბათ ეს ერთი საზარელი ისტორიაც სავსებით საკმარისია რუსეთთან ომის საშინელების გადმოსაცემად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ საზარელ ამბავს გერმანულენოვანმა ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა მოგვიანებით, ფაქტობრივად, მთელი რომანი – „კატა და გენერალი“ მიუძღვნა.
რუსეთის ჯარშიც შევაღწიე ანასთან ერთად. შესვლამდე კი, გაურკვეველ ვითარებაში, სამხედრო სამსახურის დროს მოკლული შვილების, რუსი სამხედროების დედებს შევხვდით, სამხედრო ნაწილების დიდ გალავნებთან ატუზულ რუს დედებს, ამაოდ რომ ეძებდნენ სამართალს, სასამართლო დარბაზებსაც ამაოდ სტუმრობდნენ, მოსამართლეები თავად ისინი იყვნენ – მათი შვილების მკვლელები: გენერლები, მეთაურები, ჩინოვნიკები, რომლებსაც ეს უბედური დედები ამაოდ უყურებდნენ თვალებში, იქ სინანული არ იყო, არც დარდი, წუხილი.
მაფია? რამდენიც და როგორიც გინდათ! ადამიანების გაწირვა, ხოცვა, პუტინის რუსეთში ჩვეულებრივი ამბავია. რუს მაფიოზებს უდიდესი მფარველები ჰყავდათ ხელისუფლებაში, დროთა განმავლობაში კი თავად იქცნენ მათ უდიდეს „მფარველებად“. ასე მივიდა რუსეთი 2002 წლის 23 ოქტომბერს „ნორდ-ოსტის“ საზარელ ტრაგედიამდე, წინ კი, უარესი – „ბესლანი“ ელოდათ.
რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელსაც ათასობით უსამართლობის მსხვერპლი იმედის თვალით შეჰყურებდა, 2006 წლის ოქტომბერში, მისი სახლის სადარბაზოში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ამბობდნენ პუტინმაო, რამზან კადიროვმაო, თუმცა, ამდენი წლის შემდეგ მისი მკვლელობის შემკვეთი კვლავაც დაუსჯელია.
„პუტინის რუსეთი“ ჟურნალისტების წასაკითხი წიგნია, იმიტომ რომ ის შეიძლება იქცეს შეუცვლელ სამაგიდო წიგნად ამ პროფესიის ადამიანებისთვის. პოლიტიკოსების წასაკითხი წიგნიც არის, იმიტომ რომ ნათლად დაინახონ რაოდენ დიდია პუტინისეული რუსეთის გავლენა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაზე, და როგორი შესამჩნევია ეს მსგავსებები, თუკი ოდნავ მაინც იცნობ რუსეთის ცხოვრებას. და ჩვეულებრივი მოქალაქეების წასაკითხიცაა, განურჩევლად პროფესიისა, იმიტომ რომ ანა ბევრს საუბრობს საზოგადოების პასუხისმგებლობაზე სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების წინაშე, საზოგადოების, რომელსაც ასე ადვილად „ამშვიდებს ხოლმე ხელისუფლება“, იმიტომ რომ მას ერთი სული აქვს ვინმემ „დაამშვიდოს“. საუბრობს სამოქალაქო აქტიურობის აუცილებლობაზეც, იმიტომ რომ, მისი თქმით, „ხელისუფლებაში დამკვიდრებულ ჩეკისტებს ჩვენს შიშს ვაჩვენებდით. ამით კი მხოლოდ ვუმძაფრებდით სურვილს, ცხოველებივით მოგვქცეოდნენ. კაგებე მხოლოდ ძლიერებს სცემს პატივს, სუსტებს კი ანადგურებს. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. შიში საბჭოთა ჩეკისტისთვის თაფლია. მათთვის არ არსებობს უკეთესი საჩუქარი, ვიდრე იმის შეგრძნება, როგორ ცახცახებს ხალხის მასა, რომელიც საკუთარ ნებას უნდა დაუმორჩილონ“.
▶️ სვეტლანა ალექსიევიჩი, ანა პოლიტკოვსკაია, ბორის პასტერნაკი, ანდრეი პლატონოვი, ვენედიქტ ეროფეევი – მათ წიგნებს „აკრძალული წიგნების თარო“ აერთიანებს. ეს ავტორები რუსეთის მრავალსაუკუნოვან სისასტიკეზე შეულამაზებლად მოგვითხრობენ. რა საერთო სათქმელი აქვთ მკითხველებისთვის ამ ავტორებსა და მათ ტექსტებს?
⏺ სვეტლანა ალექსიევიჩი, ანა პოლიტკოვსკაია, ბორის პასტერნაკი, ანდრეი პლატონოვი, ვენედიქტ ეროფეევი ბელარუსი, უკრაინელი და რუსი ავტორები არიან, რომლებიც რუსულად წერდნენ თუ წერენ. მათ ერთი მთავარი რამ აერთიანებთ, საბჭოთა კავშირისა თუ მისი გადმონაშთის, დღევანდელი რუსეთის იმპერიის თამამი მხილება, იმ მანკიერებების ჩვენება, რომლებიც საბჭოთა წარსულის რომანტიზების მცდელობასაც კი, წარმოუდგენელ დანაშაულად აქცევს.
„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ აკრძალული ბელარუსი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან, რომელიც ჩვენს სერიაში შევიდა. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები… – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.
სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე — დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას.
წიგნში ასევე შესულია ოქმები სასამართლო პროცესებიდან (1992-1994 წწ.), რომლებიც „ცინკის ბიჭების“ გამოცემის შემდეგ გაიმართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პერსონაჟები გამოიყვანა. წიგნი რუსულიდან ზურაბ ქუთათელაძემ თარგმნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სვეტლანა ალექსიევიჩი, გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით, საქართველოს, ნობელის პრემიის მიღებიდან ძალიან მალე, 2017 წელს სტუმრობდა და მას ჩვენს ქვეყანასთან დიდი სიყვარული აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ალექსიევიჩი დღემდე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ მოვლენებს და მუდმივად უჭერს მხარს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
რაც შეეხება უკრაინული წარმოშობის რუს ჟურნალისტს, ანა პოლიტკოვსკაიას, რომლის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ, იგი „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო, რომელიც უშიშრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. მან ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, უფრო მოგვიანებით კი უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა; იმ ტერორზე, ქვეყანაში რომ სუფევდა.
ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორი „პუტინის რუსეთში“ მოქალაქეების ყოფის შესახებ მოგვითხრობს, ნამდვილი ისტორიების მაგალითზე, ფაქტებით გვიჩვენებს იმას, თუ როგორ არაფრად უღირს რუსულ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები, როგორ იბადება და იკვებება სისასტიკე და ბოროტება პუტინის რეჟიმში.
ანა პოლიტკოვსკაიას სიმართლის სამსახური საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ის წიგნის გამოცემიდან ორ წელიწადში, რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. 2014 წელს მისი მკვლელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს, თუმცა, „ვერ მოხერხდა“ შემკვეთის პოვნა.
ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“ პირველად 1957 წელს იტალიაში გამოიცა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში რომანის გამოსვლამ დიდი გამოხმაურება პოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. საბჭოური ლიტერატურული კრიტიკა რომანს უმკაცრესად, დაუნდობლად შეხვდა. დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. ამ წიგნისათვის ბორის პასტერნაკს, 1958 წელს, ნობელის პრემია მიენიჭა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალი აიძულა, პრემიაზე უარი ეთქვა.
რომანის სიუჟეტი ვითარდება 1905 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. მთავარი გმირის – ნიჭიერი და პატიოსანი რუსი ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის — იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს…
წიგნი რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნოდარ ნონიაშვილმა.
იოსიფ ბროდსკიმ ანდრეი პლატონოვი დოსტოევსკის შეადარა და ჯოისის, მუზილისა და კაფკას გვერდით დააყენა, მეორე მხრივ, იგი აშკარად იმსახურებს ადგილს ბეკეტისა და იონესკოს გვერდითაც. პლატონოვის გენია სტალინმაც კი დაინახა და დაწერა: „ნიჭიერი მწერალია, მაგრამ გარეწარი“; პლატონოვის გენიალური ქმნილებები: „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“, რომლებიც ჩვენ ერთ წიგნად გამოვეცით, თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე — ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდა“. წიგნი რუსულიდან გივი კიკილაშვილმა ბრწყინვალედ თარგმნა.
„მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მე-20 საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა — საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით, მატარებლის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.
„მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო, საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა. წიგნის სრულიად ახალი და არაჩვეულებრივი თარგმანი დავით ცინცაძეს ეკუთვნის.
▶️ სერიის თაროზე გვხვდება ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის ორი საკულტო ნაწარმოები: „1984“ და „ცხოველების კარ-მიდამო“. ეს წიგნები საქართველოში დღემდე არ ჩამოდის ბესტსელერების თაროდან. თქვენი აზრით, რომელი მთავარი გზავნილების გამოა ისინი მკითხველისთვის დღესაც ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი?
⏺ საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის პოლიტიკურმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქართველმა მკითხველმა ამ ავტორის ნაწარმოებები ან ხელახლა გადაიკითხა, ან სწორედ ახლა წაიკითხა პირველად ძალიან დიდი ინტერესით. ფაქტია, ჩვენს მკითხველს დღეს ძალიან აინტერესებს მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ რას ამბობს ლიტერატურა დიქტატურაზე.
ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა 1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს.
პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების, მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა.
„1984“, რომელიც ჩვენი სერიისთვის, საგანგებოდ, მთარგმნელმა ლალი ყუშიტაშვილმა ინგლისური ენიდან თარგმნა, აღწერს ცხოვრებას უკიდეგანოდ დიდ ქვეყანა ოკეანიაში, რომელსაც პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა: „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან… გიცქერდა და ჩაგძახოდა – ძილსა თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში – მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს – საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა – „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა… ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა…“. ჯორჯ ორუელი ამ უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.
რაც შეეხება „ცხოველების კარ-მიდამოს“, ეს არის წიგნი, რომელშიც ალეგორიულად, თუმცა ძალიან მკაფიოდაა აღწერილი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი. წიგნი, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თუმცა, მის გამოცემას ორუელის სამშობლოში, საბჭოთა კავშირის იმდროინდელ მოკავშირე დიდ ბრიტანეთშიც, საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა. სწორედ ამაზე წერს ორუელი წინასიტყვაობაში, რომელსაც „ბეჭდვის თავისუფლება“ ჰქვია. მასში მწერალი ბრიტანულ გამომცემლებს, და ზოგადად, ბრიტანელ ინტელექტუალებს საბჭოთა კავშირის მიმართ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებასა და სტალინის კრიტიკის მიუღებლობაში ამხელს. თუმცა, ეს წინასიტყვაობა თავად გახდა მასში გაკრიტიკებული ცენზურის მსხვერპლი და 1945 წლის აგვისტოში, ბრიტანეთში, „ცხოველების კარ-მიდამო“ მის გარეშე დაიბეჭდა. ორუელის გარდაცვალების შემდეგ, 1972 წელს, ის მწერლის არქივში აღმოაჩინეს, თუმცა, პირველად წიგნში ის მხოლოდ 1993 წელს, ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ შეიტანა.
„თუკი თავისუფლების ცნება საერთოდ რაიმეს ნიშნავს, ეს, პირველყოვლისა, იმის უფლებაა, ადამიანს მისთვის არასასურველი სიმართლე პირში უთხრა.“ – წერს ორუელი 1945 წელს „ცხოველების კარ-მიდამოს“ წინასიტყვაობაში. ამ სიტყვებით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი ამ წიგნის დაწერის მიზანსა და მის დანიშნულებაზე
„ცხოველების კარ-მიდამოს“ ახალი თარგმანი, რომელიც თამარ კოტრიკაძეს ეკუთვნის, იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მასში, ორუელის მიერ წიგნის წინასიტყვაობად განსაზღვრული, ხსენებული ესეიც ქართულ ენაზე პირველად სწორედ ჩვენს სერიაში დაიბეჭდა. წიგნის შინაარსსა და წინასიტყვაობას კი ერთი ძალიან საგულისხმო საერთო აქვს: ორივე მათგანი კაცობრიობის ისტორიის ისეთ მანკიერ მხარეს ებრძვის, საზღვრებსა და ეპოქას რომ არ ცნობს და მუდმივად გვდევს, როგორც ბნელი ჩრდილი.
▶️ სერიაში „აკრძალული წიგნების თარო“ შესულია მაია ენჯელოუს „ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“ და შირინ ებადის „ოქროს გალია“. რისი სიმბოლოა ამ წიგნებში ნახსენები გალია? როგორაა შესაძლებელი მისგან თავის დაღწევა?
⏺ მაია ენჯელოუსა და შირინ ებადის წიგნები თვისობრივად განსხვავებულ თემებზე საუბრობს. „ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“ შავკანიანი გოგოს ამბავს გვიყვება, მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას რომ ცდილობს. რაც შეეხება შირინ ებადის „ოქროს გალიას“, ეს რომანი გვიყვება ოჯახზე, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. თუმცა ორივე შემთხვევაში ამბის ეპიცენტრში დგანან ძლიერი ქალი მწერლები. ორივე წიგნი ინგლისური ენიდან ასევე შესანიშნავმა ქალმა მთარგმნელებმა, ანი კოპალიანმა და სალომე ბენიძემ, თარგმნეს.
„ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია, რომლითაც პრინციპში გავხსენით კიდეც სერია „აკრძალული წიგნების თარო“. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.
ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.
შირინ ებადის „ოქროს გალია“ 2011 წელს გამოიცა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.
შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ; იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.
შირინ ებადიმ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, ყოფილმა მოსამართლემ და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელმა, მთელი სიცოცხლე ირანში ქალებისა და უმცირესობათა დაცვას მიუძღვნა. იგი გახდა პირველი ირანელი ქალი, რომელიც ნობელის პრემიით (2003 წ.) დაჯილდოვდა. თუმცა, მოგვიანებით (2009 წ.), ირანის მთავრობამ მას ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი ჩამოართვა. ებადის მედალი და დიპლომი, სხვა პირად ნივთებთან ერთად, საბანკო შემნახველი ყუთიდან ამოიღეს. მოგვიანებით, ებადის ქმარი ცოლის ღალატისთვის დააპატიმრეს და ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ კი შირინ ებადის, დასავლეთის აგენტად გამოცხადების სანაცვლოდ, თავისუფლება შესთავაზეს. ებადი ქმარს დაშორდა და ემიგრაციაში წავიდა, მოგვიანებით კი თქვა: „ის, რომ სამშობლოსგან შორს ვარ, არ ნიშნავს, რომ ციხეში წასვლის მეშინია. თუკი ირანის ციხეში ვიჯდები, უსარგებლო ვიქნები ჩემი ხალხისთვის… აქ კი შემიძლია, რომ ჩემი ხალხის ხმა ვიყო და მთელ მსოფლიოს მოვუყვე, რა ხდება ჩემს ქვეყანაში.
▶️ გვანცა, 26 აკრძალული წიგნიდან, რომელი იქნებოდა ის ერთი წიგნი, რომლის წაკითხვასაც დღევანდელი რთული, ქარტეხილებით სავსე გზის კვალდაკვალ ურჩევდით ახალ თაობას?
⏺ ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ზოგადად კითხვას ვურჩევდი, რადგან მიმაჩნია, რომ ქარტეხილებით სავსე გზის გავლა სწორედ წიგნიერი და განათლებული საზოგადოებისთვისაა შესაძლებელი. ვფიქრობ, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული. დღეს, როდესაც ასე მომრავლებულია დეზინფორმაცია, განსაკუთრებით კი, სოციალურ სივრცეში, და როგორც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა ამბობს, ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია შესაძლებელია იქცეს სიმართლედ, თავი სწორედ წიგნის კითხვით და, რა თქმა უნდა, კრიტიკულად კითხვის უნარების გამომუშავებით უნდა დავიცვათ სიცრუისგან. მაგრამ რადგან ერთი წიგნის დასახელებაზე ვსაუბრობთ, ალბათ, სრულიად შეგნებულად, მაინც ანა პოლიტკოვსკაიას „პუტინის რუსეთის“ წაკითხვას ვურჩევდი ყველას. დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება იმის გააზრება, რომ არ არსებობს არანაირი „ერთმორწმუნე ძმა“, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე იზრუნებს და ჩვენი მეგობარი იქნება. რუსეთი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საკუთარი ხალხის მტერიც არის და ამაში ანა პოლიტკოვსკაიაზე უკეთ, მკითხველს ვერავინ დაარწმუნებს.
თუმცა, სირიაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მკითხველს ყურადღებას გავუმახვილებდი სირიელი მწერლის, ხალიდ ხალიფას წიგნზეც „სიკვდილი მძიმე შრომაა“, იმის გასააზრებლად, როგორ ჰგავს სხვადასხვა ქვეყნის დიქტატურა ერთმანეთს და იმ მძიმე ისტორიულ მოვლენებში გასარკვევადაც, რაც სირიელმა ხალხმა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაიარა. ეს წიგნი უილიამ ფოლკნერის ცნობილ რომანსაც „სული რომ ამომდიოდა“ მოგაგონებთ, თუმცა უნიკალური მხატვრული სახეებით, ვფიქრობ, თანამედროვე არაბული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც დარეჯან გარდავაძემ არაბული ენიდან შესანიშნავად თარგმნა.
▶️ როცა აკრძალულ ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ წარსულზე არ ვსაუბრობთ. არის თუ არა წიგნების აკრძალვისა და ცენზურის საშიშროება მარადიული თემა?
⏺ წიგნების აკრძალვისა და ცენზურის, მწერლების დევნისა და შევიწროების ფაქტები, სამწუხაროდ, არც 21-ე საუკუნისთვისაა უცხო. როგორც იცით, გამომცემლობა „ინტელექტში“ საქმიანობის გარდა, 2015 წლიდან გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აქტიური წევრი და 2025 წლიდან კი ამ ასოციაციის პრეზიდენტი ვარ. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მთელ მსოფლიოში სწორედ გამოცემის თავისუფლების თემებზე მუშაობაა. არსებობს თავისუფლების სამი ძირითადი მიმართულება, ე.წ. სამება, რომელსაც განსაკუთრებულად ვცემთ პატივს: გამოცემის, სიტყვისა და კითხვის თავისუფლება. სამწუხაროდ, ამ თავისუფლებას ძალიან ბევრ ქვეყანაში ემუქრება საფრთხე. სწორედ ამიტომ, უკვე წლებია, ჩვენი ასოციაცია გასცემს ვოლტერის პრემიას, რომელიც ისეთ გამომცემლებს გადაეცემათ, რომლებმაც გამოცემის თავისუფლებისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული თავდადება გამოავლინეს. ამ პრემიის გამარჯვებულები ხშირად დაპატიმრებული არიან ან სამშობლოს საზღვრების დატოვება ეკრძალებათ იმ ავტოკრატიული რეჟიმების გამო, რომლებიც მათ ქვეყნებშია გაბატონებული. ვოლტერის პრემიის ლაურეატები, რომელიც 2006 წლიდან გაიცემა, სხვადასხვა წლებში გახდნენ თურქი, ბელარუსი, ეგვიპტელი, პალესტინელი, რუსი, ჩინელი, ერაყელი, ლიბანელი და სხვა გამომცემლები. გავცემთ ვოლტერის პრემიის სპეციალურ პრიზებსაც, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ორ უკრაინელ მწერალს: ვოლოდიმირ ვაკულენკოსა და ვიქტორია ამელინას გადაეცათ. 2007 წელს, მისი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე კი, ეს პრიზი ანა პოლიტკოვსკაიას გადაეცა. რაც შეეხება ვოლოდიმირ ვაკულენკოსა და ვიქტორია ამელინას, ორივე მათგანი ომის დანაშაულის მსხვერპლი გახდა, რამაც დაგვაფიქრა იმაზე, რომ თანამედროვე სამყაროში გამოცემის თავისუფლების შეზღუდვა არა მხოლოდ ქვეყანაში გამეფებულმა დიქტატურამ, არამედ საომარმა მოქმედებებმაც შეიძლება განაპირობოს.
სამწუხაროდ, დღემდე მსოფლიოში წიგნების აკრძალვის უამრავი ფაქტი გვაქვს, თუმცა მამაცი ადამიანების ბრძოლა თავისუფლების დაცვისთვის არ წყდება. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ქუვეითელი არტისტის, მოჰამედ შარაფის პროტესტი, რომელმაც ხელისუფლების მიერ ქუვეითის წიგნის ბაზრობაზე 4300 წიგნის აკრძალვის ფაქტის გასაპროტესტებლად, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყო სიმბოლური ინსტალაცია — ასობით წიგნის სასაფლაო.
21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თვითცენზურაა, როდესაც იმის გამო, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, მწერლები, გამომცემლები თვითცენზურას მიმართავენ და თავს არიდებენ მწვავე თემებზე წერას, გამომცემლები კი სთხოვენ ავტორებს, მსგავს პასაჟებს შეელიონ ან უარს ამბობენ ისეთი წიგნების გამოცემაზე, რომლებიც, შესაძლოა, მათთვის საფრთხის შემცველი იყოს.
მთელ მსოფლიოში ავტოკრატიის გაძლიერების კვალდაკვალ, საფრთხის ქვეშაა დემოკრატიული ღირებულებები, რომლებიც პროგრესული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. სწორედ დემოკრატიის სიძლიერე განაპირობებს უსაფრთხო გარემოს მწერლებისა და გამომცემლებისთვის, რათა მათ შეძლონ, მათი მთავარი მისია, აღწერონ სიმართლე, მათ შორის ყველაზე საშიში სიმართლეც კი, პირნათლად შეასრულონ. სწორედ ამიტომ, დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს.
ესაუბრა მელანო კობახიძე