მაია თურქიაშვილი
სსიპ თბილისის №24 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები მასწავლებელსა და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო-საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო, შემეცნებითი და პრაგმატული გახადონ. ალბათ, ხშირად გსმენიათ მოსწავლისგან: „მასწავლებელო, ეს მე რაში გამომადგება?!“ თანამედროვე მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან იმ ცოდნაზე, რომელიც მათ პრაქტიკულად, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ და შეავსებს მათ ზოგად განათლებას. ინტეგრირებული სწავლება სწორედ რამდენიმე საგნის გაერთიანებას და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერს ემსახურება. მოსწავლემ უნდა შეძლოს საგანთა შორის კავშირის დამყარება ისე, რომ ეს პროცესი მისთვის იყოს ბუნებრივი და თავისთავადი. ამ შემთხვევაში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რამდენად რელევანტურ სასწავლო რესურსს შესთავაზებს მასწავლებელი მოსწავლეს და იქნება თუ არა ეს რესურსი მისთვის სასარგებლო, იმდენად რამდენადაც, ერთმა სწორად შერჩეულმა სასწავლო რესურსმა უნდა შეძლოს და გააერთიანოს რამდენიმე სასკოლო დისციპლინა და, იმავდროულად, უნდა აღძრას მოსწავლეში ინტერესი ამ საგნების მიმართ და გაუღვივოს მოტივაცია, სწავლის პროცესი მისთვის ერთგვარ სიამოვნებად, ზეიმად უნდა იქცეს.
უცხოური ენების სწავლების სტრატეგიები და მეთოდები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რამდენიმე სასკოლო საგანი გავაერთიანოთ როგორც ერთი მთლიანი და ერთის ნაცვლად, ერთდროულად, ერთი და იმავე სასწავლო რესურსით, თუნდაც, სამმაგი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს მოსწავლეებს. ეს ისე უნდა მოვახერხოთ, რომ მოსწავლემ, რამდენიმე საგნის სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, თითოეულ მათგანში შეძლოს მიაღწიოს შესაბამის საგნობრივ კომპეტენციას. მაგალითად, ამ თვალსაზრისით, იდეალურია, თუნდაც, შესაბამისი ინტეგრირებული სასწავლო რესურსით, გავაერთიანოთ ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება. სწორედ ისე, როგორც ეს ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსში მოხდა. ადვილად შესაძლებელია, ზემოთ ხსენებულ საგნებში, მოსწავლეთა ფრაგმენტული საგნობრივი კომპეტენციები გავხადოთ ერთიანი. ამით მათ ვეხმარებით, სამყარო აღიქვან როგორც ერთი მთლიანი. ინტეგრირებული სწავლებით, მოსწავლეს ვუქმნით წარმოდგენას, რომ სამყაროში, ჩვენ გარშემო არსებული მოვლენები თუ პროცესები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ინტეგრირებული სწავლებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლის მრავალმხრივ, ჰოლისტურ განვითარებას, მაღალი სააზროვნო უნარების განმტკიცებას და, რაც ყველაზე მთავარია, თუნდაც ერთი მცირე მოცულობის ტექსტით, რამდენიმე საგნობრივი კომპეტენციის შევსებას. ჯამში, ჩვენ ვიღებთ ცოდნას ნაკლები ძალისხმევით (ვგულისხმობ რამდენიმე საგნის ფრაგმენტულად სწავლებას), თუმცა, გაცილებით უფრო მტკიცეს და საფუძვლიანს, რადგან მოსწავლისთვის ინტეგრირებული რესურსით სწავლა-სწავლების პროცესი, გაცილებით საინტერესო და სახალისოა, ვიდრე თითოეული საგნის სწავლა ცალ-ცალკე. ამგვარი რესურსით, შესაძლებელია მოსწავლის დროისა და ენერგიის დაზოგვაც.
ჩემ მიერ შექმნილი ინტეგრირებული სასწავლო რესურსები „Wonders of the World“ B1-B2, „Wonders of the World“ A2-B1, აერთიანებს რამდენიმე სასკოლო დისციპლინას, საკუთრივ: ინგლისური ენა, გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება. სახელმძღვანელოების თემა გახლავთ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მათში შეტანილი ტექსტები უცხოური ენის სწავლის დონეების მიხედვითაა ადაპტირებული, სახალისო და საინტერესო. აქვე, თითოეულ თავს თან ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები სხვადასხვა ენობრივი უნარების (კითხვა, წერა, საუბარი) გასაუმჯობესებლად. ინტეგრირებული რესურსი მეხმარება შევავსო მოსწავლეების კომპეტენცია სხვადასხვა სასკოლო დისციპლინაში და ამასთანავე, სწავლა-სწავლების პროცესი მათთვის უფრო სახალისო და მიმზიდველი გავხადო.
ჯამში, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ინტეგრირებული რესურსით სწავლის პროცესს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსწავლისთვის. კერძოდ:
♦ მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება;
♦ ზოგადი განათლების დონის ამაღლება;
♦ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა;
♦ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-გაუმჯობესება;
♦ საგაკვეთილო პროცესი ინტეგრირებული სწავლების დროს არის უფრო საინტერესო და სახალისო. ასეთი გაკვეთილი მასწავლებელს ეხმარება გაააქტიუროს მოსწავლეთა შინაგანი ძალები და უზრუნველყოს მათი ფოკუსირება უკეთეს შედეგზე;
♦ ინტეგრირებული რესურსის გამოყენება იდეალურია პროექტებით სწავლების დროს, აღძრავს მოსწავლეებში მოტივაციას და ინტერესს;
♦ ხელს უწყობს ჯგუფური მუშაობის პროცესს და ამ პროცესში მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოზე მუშაობის დროს, მოსწავლეები სიამოვნებით ეცნობიან მათთვის აქამდე უცნობ ფაქტებს, მოვლენებს და აღნიშნავენ, რომ სურვილი აქვთ უფრო და უფრო მეტი შეიტყონ ამა თუ იმ ძეგლის შესახებ. ისინი, ასევე, ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ერთდროულად ახერხებენ რამდენიმე საგნის კომპეტენციის შევსებას და გაღრმავება. წინამდებარე რესურსის დახმარებით, მოსწავლეებმა გაიგეს იმის შესახებ თუ სად მდებარეობს „მაგიდის მთები“ და რატომ მოიხსენიებენ მათ ასე, რა ლეგენდა იმალება ტაჯ-მაჰალის გრანდიოზული ტაძრის მიღმა, რას უკავშირდება მარცვლეულის რგოლების წარმოშობა, რატომ არის მკვდარი ზღვა მკვდარი და ა.შ. მათთვის სწავლის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, რადგან მიაჩნიათ, რომ წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია მათი ზოგადი განათლების დონის ასამაღლებლად.
უნდა აღინიშნოს რომ, ინტეგრირებული რესურსით სწავლების დროს გასათვალისწინებელია:
♦ სწორად გავაერთიანოთ საგნები;
♦ ყურადღებით შევარჩიოთ სასწავლო რესურსი. რესურსზე მუშაობის დროს გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესები, შეხედულებები, ასევე წინარე ცოდნა, რაზეც ვაშენებთ მიმდინარეს;
♦ სწორად განვსაზღვროთ მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი, რათა შევძლოთ მათი სწავლა-სწავლების პროცესში მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა;
♦ და რაც მთავარია, ხშირად მოვითხოვოთ მოსწავლეთაგან უკუკავშირი, რათა დროულად შევაფასოთ სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხარისხი.
ვფიქრობ, ინტეგრირებული სასწავლო რესურსით სწავლა-სწავლების დროს, შეგვიძლია უფრო მეტად საინტერესო და სასურველი გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი, გავზარდოთ მოსწავლეების მოტივაცია, ინტერესი და, ამავდროულად, რაც ყველაზე მთავარია, ერთი სასწავლო რესურსით, ძალიან სასარგებლო ცოდნით შევავსოთ რამდენიმე სასკოლო საგნის კომპეტენცია.