ინტეგრირებული გაკვეთილი (სასწავლო დისციპლინების ინტეგრაცია) საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მოსწავლეს სკოლიდანვე შევუწყოთ ხელი, დაინახოს სამყაროს მთლიანობა, გაიგოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს შორის ურთიერთკავშირი, შეიმეცნოს გარემომცველი სამყარო, განივითაროს ანალიზის, სინთეზისა და განზოგადების უნარები, შეძლოს ერთ საგანში მიღებული ცოდნის სხვა დისციპლინაში გადატანა (ცოდნის ტრანსფერი) და ცოდნათა სწორად და ეფექტიანად ურთიერთდაკავშირება. ამავდროულად, სწორად დაგეგმილი და წარმართული ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს დაეხმარება, თავადვე უპასუხოს კითხვას: „რატომ უნდა ვისწავლო ეს?“. ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელსაც, უმეტესწილად, ორი (შესაძლებელია, მეტიც) მასწავლებელი ატარებს, კარგი მამტკიცებელიცაა იმისა, რომ კოლეგებს შორის არსებობს ურთიერთგაგება, თანამშრომლობა და მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი შიდასასკოლო კულტურის ფორმირებისთვის.
ჩვენ პრინციპულად ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისკენ უნდა დავგეგმოთ. მივიჩნევთ, რომ ასეთი გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია (უფრო მეტიც, სასურველიც კია) სასწავლო წლის ნებისმიერ პერიოდში, თუ მოსწავლეებს უკვე აქვთ ცოდნა, რომელიც ახალ სიტუაციაში უნდა გამოიყენონ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ხშირად ვატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილებსა და პროექტგაკვეთილებს. ამჟამად გაგიზიარებთ სამ მათგანს.
ინტეგრირებული გაკვეთილი №1
ინიციატორი მასწავლებელი: ზაზა შულაია
ინტეგრირებული საგნები: ქართული (მასწავლებელი – ზაზა შულაია) და ბუნება (მასწავლებელი – მაყვალა ხარაიშვილი)
კლასი: მე-3
აქტივობები:
♦ მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი ტექსტები (რესურსი: ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე, „ქართული“, მე-3 კლასის სახელმძღვანელო, ნაწილი პირველი, მე-5 თავი) და მათში მოცემული მინიშნებებით, ტექსტის გააზრებით, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რომელ ტექსტში წელიწადის რომელი დრო და რომელი ბუნებრივი მოვლენაა აღწერილი;
♦ ჩამოთვალეს მათთვის ცნობილი ბუნებრივი მოვლენები;
♦ შექმნეს თემატური ნახატები წელიწადის დროებსა და ბუნებრივ მოვლენებზე (ძირითადად, შესწავლილი ტექსტების ილუსტრირებით).
ბუნების მასწავლებელმა მოსწავლეებს:
♦ თვალსაჩინოდ უჩვენა წვიმის წარმოშობის პროცესი;
♦ მარტივ ენაზე აუხსნა მათ სხვა ბუნებრივი მოვლენების (ჭექა-ქუხილი, ელვა, მეხი, წვიმა, თოვლი, სეტყვა, ქარი) წარმოქმნა;
♦ განუმარტა ტყის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის ციკლში;
♦ ესაუბრა უსაფრთხოების წესების შესახებ ბუნებრივი მოვლენებისას.
საგაკვეთილო პროცესი წარიმართა მოსწავლეთათვის საინტერესოდ და მათი აქტიური ჩართულობით.
ინტეგრირებული გაკვეთილი (პროექტგაკვეთილი) №2
ინიციატორი მასწავლებელი: მაია ოდიშარია (პროექტის ხელმძღვანელი)
ინტეგრირებული საგნები: რუსული ენა (მასწავლებელი – მაია ოდიშარია) და ქართული ენა და ლიტერატურა (მასწავლებელი – ზაზა შულაია)
კლასები: მე-7 და მე-8
გაკვეთილის თემა: „Добро пожаловать в Москву “ — „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მოსკოვში“
აქტივობები:
♦ მოსწავლეებმა მსმენელებს გააცნეს მოსკოვის დაარსების ისტორია რუსულ და ქართულ ენებზე;
♦ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი: „ვირტუალური მოგზაურობა მოსკოვში“;
♦ ქართულ ენაზე წაიკითხეს რუსი კლასიკოსების ლექსები და პირიქით, რუსულ ენაზე წაიკითხეს ქართული პოეზიის ნიმუშები;
♦ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი პროექტგაკვეთილი ჩატარდეს ხშირად.
ინტეგრირებული გაკვეთილი №3
ინიციატორი მასწავლებელი: ზაზა შულაია
ინტეგრირებული საგნები: ქართული ლიტერატურა (მასწავლებელი – ზაზა შულაია) და ისტორია (მასწავლებელი – გიორგი (გოგი) გელაშვილი)
კლასი: მე-7
ინტეგრირებულ გაკვეთილზე, რომელსაც ორი საგაკვეთილო საათი დაეთმო, განიხილებოდა მ. ლებანიძის ლექსი „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.
აქტივობები:
მოსწავლეებმა:
♦ პრეზენტაციისას ისაუბრეს ლექსში მოხსენიებული მწერლების (მოდრეკილი, ცურტაველი, რუსთაველი), ხელოვანების (ოპიზრები) და ხუროთმოძღვრული ძეგლების (იყალთო, გრემი) შესახებ;
♦ მოამზადეს საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტები ლექსში ნახსენები საქართველოს მეფეებისა და სხვადასხვა ისტორიული ეპოქის შესახებ;
♦ იმსჯელეს, რატომ დაარღვია ავტორმა, მწერლების ჩამოთვლისას, ქრონოლოგია (ჯერ მოდრეკილი, მერე ცურტაველი) მაშინ, როდესაც მეფეებზე და ისტორიულ ეპოქაზე საუბრისას ქრონოლოგია დაცულია;
♦ შექმნეს რუკები: 1. „საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“; 2. „საქართველოს ვასალი სახელმწიფოები“;
♦ საგნების მასწავლებლების დახმარებით (მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა), დაადგინეს, რომელი მეფეები იგულისხმა პოეტმა „ოთხ მეფეში“ (თეიმურაზ I, არჩილი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II).
გაკვეთილის ბოლოს ერთ-ერთმა მოსწავლემ – ბარბარე მეგრელიშვილმა გაბრწყინებული თვალებით განაცხადა: „მას, მე ამ ლექსს ზეპირად ვისწავლი!“ (ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ზაზა შულაია არ ავალდებულებს მოსწავლეებს ლექსების ზეპირად დასწავლას). მასწავლებლებს ამაზე დიდი მიზანი არც ჰქონიათ.
მთავარია, საგნებს შორის კავშირი იყოს ორგანული, თემა – საერთო ან მომიჯნავე, არ მოხდეს მათი „ძალდატანებითი“, მექანიკური და უსაფუძვლო გაერთიანება, თორემ რაც უფრო ხშირად ჩავატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილს, მით უკეთესი იქნება სასწავლო პროცესისათვის და სასურველი შედეგის მისაღწევად.
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის:
ბუნების მასწავლებელი მაყვალა ხარაიშვილი
რუსული ენის მასწავლებელი მაია ოდიშარია
ისტორიის მასწავლებელი გიორგი (გოგი) გელაშვილი
ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი ზაზა შულაია