ყოველ გაკვეთილს აქვს მიზანი, რომელსაც, საბოლოოდ, ხარისხიანი შედეგისთვის, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ეს კი, დიდ ძალისხმევას, უამრავ რესურსს მოითხოვს როგორც გონებრივ, ფიზიკურ, ისე მატერიალურ, უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ მეთოდს, აქტივობას…
გიამბობთ, ჩემი მხოლოდ ხუთწლიანი სამუშაო პრაქტიკიდან, მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებაზე – ინტეგრირებული გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში!
მესამე კლასი, ექვსი მოსწავლე, ინტეგრირებული გაკვეთილი ესთეტიკური ჯგუფის საგნებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკაში. გაკვეთილის თემა შემოდგომა იყო, მიზანი – საგნებს შორის კავშირის დანახვა, გარემოზე დაკვირვებისა და მუსიკით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარების, ბუნებრივი მასალით მარტივი კომპოზიციების შექმნის უნარების გამომუშავება. გაკვეთილს მოსწავლეებში უნდა განევითარებინა ზოგადი გამჭოლი უნარები: ეკოლოგიური წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება და სპეციფიკური კომპეტენციები: ესთეტიკური განცდის თვითგამოხატვის და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
ვივარაუდეთ, რომ მიზნის მიღწევის ეფექტური გზა, გაკვეთილის განსხვავებულ გარემოში, ბუნებაში ჩატარება იქნებოდა. „მუსიკალურ პარკში“ მინი-ექსკურსია მოვაწყვეთ, ვიშრომეთ, ვითამაშეთ, ვიხალისეთ, მრავალფეროვანი აქტივობებიც განვახორციელეთ, დღეც გავიფერადეთ და მიზანსაც ასე მივაღწიეთ.
დრო უქმად გზაშიც არ დაგვიკარგავს, მოსწავლეებმა გამოცანები გამოიცნეს, თავსატეხები ამოხსნეს და ბევრი სიახლეც აღმოაჩინეს. პარკში შემოდგომისფერი სამუშაო სივრცე ერთად შევარჩიეთ, მიზანი გავაცანი და აქტივობების განხორციელება დავიწყეთ.
პირველი: შემოდგომის პეიზაჟის ხატვა პლენერზე, კლასიკური მუსიკის ფონზე. მიზანი – გარემოზე დაკვირვებით მიღებული შთაბეჭდილების ასახვა პეიზაჟის ჟანრში, მათთვის სასურველი მასალით, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის. რესურსები: თაბახი, ფანქრები, ფლომასტერები, გუაშები, ფუნჯები.
მეორე: ნაშრომების გამოფენა თოკზე, ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება და თვითშეფასება. მიზანი – ნამუშევრების შესახებ საუბარი, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. რესურსები: თოკი, ფერადი სარჭები.
მესამე: ბუნებრივი მასალით, კოლაჟის ტექნიკით ნოტების სახელების გამოსახვა. მიზანი – შემოქმედებითი უნარების განვითარება, ორიგინალური იდეების გენერირება და წარმოჩენა. რესურსები: სხვადასხვაგვარი ფოთლები, ხის წვრილი ტოტები, წებო, მაკრატელი, წებოვანი ლენტი, თაბახი.
მეოთხე: ნოტების დახატვა სანოტო ხაზებზე თბილი ფერებით. მიზანი – ასოციაციური აზროვნების უნარის განვითარება, ნოტების დაწერილობის გახსენება. რესურსები: „ფლიფჩარტი“, მარკერები.
მეხუთე: კოგნიტური სქემა – „ჭეშმარიტია/მცდარია“. მიზანი – წინარე ცოდნის გახსენება-განმტკიცება, საკითხის სიღრმისეულად გაანალიზება. მასწავლებელთა მხრიდან, საკითხის ცოდნის და გაგება-გააზრების დონის შეფასება. რესურსები: „ფლიფჩარტი“, წითელი და მწვანე ფოთლები, წებოვანი ლენტი.
მეექვსე: მიღებული შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება. მიზანი – სხვისი მოსმენის და აზრის პატივისცემის, საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარების ჩამოყალიბება-განვითარება.
ჩვენი მოლოდინი გამართლდა. აქტივობების სწორად შერჩევა, განსხვავებული გარემო, წამახალისებელი განმავითარებელი შეფასებები, ჩვენი ჩართულობა პრაქტიკულ სამუშაოებში, გაკვეთილით უცხო ადამიანების დაინტერესება და მათი ფოტოობიექტივში მოხვედრა – ყოველივე ამან განაპირობა მოსწავლეებში მოტივაცის ზრდა და გაკვეთილის მიზნის მიღწევა.
ნინო ქათამიძე
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაილეთის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
- „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“, მასწავლებლის წიგნი, გამომცემლობა „მერიდიანი“;
- „განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები“.