კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, USAID-ის პროგრამა „ზრდის“ ინიციატივით და დაფინანსებით, რეგიონული ტურისტული გიდის გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსის შემუშავება-დანერგვის პროექტი განხორციელდა.
კურსი დაინერგა სამეგრელოს, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პარტნიორი სასწავლებლები არიან: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესიული კოლეჯი „განთიადი“, საზოგადოებრივი კოლეჯები: „ოპიზარი“ და „აისი“. 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხივე სასწავლებელში, ჩატარდა საპილოტე კურსები. შესარჩევ კონკურსში, ჯამში, 120-ზე მეტმა პირმა გააკეთა განაცხადი, მათგან 75 შეირჩა, ხოლო კურსი სრულად გაიარა და სერტიფიკატი გადაეცა 63 მონაწილეს.
12 თებერვალს, კურსდამთავრებულებს და პროექტის ფარგლებში გადამზადებულ მასწავლებლებს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სერტიფიკატები გადასცეს.
რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების პროგრამის მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და ზრდის ხელშეწყობა, ცვლილებასა და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდის მომზადებით. კურსი მიმართულია ადგილზე იმ უნარების გაუმჯობესებაზე, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური რეგიონული თავისებურებებით გაჯერებული მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას.
აღნიშნული კურსის მთავარი თემებია: გიდის სამუშაოს აღწერა; ეთიკის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები; ტურისტული პროდუქტის არსი და კონცეფცია; ექსკურსიის/ტურის შექმნა; საამბო ტექსტის შემუშავება; ჯგუფის გაძღოლა და მართვა; ტურისტული ობიექტის დემონსტრაცია; უსაფრთხოების საკითხები. კურსის მსვლელობისას, საკურსო ნაშრომის სახით, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეებმა შეიმუშავეს ახალი ექსკურსია/ტურები, სავარჯიშოებისა და სიმულაციების მეშვეობით კი მათ გიდობის უნარების პრაქტიკაში გამოცდისა და დახვეწის შესაძლებლობა მიეცათ.
CTC-ის დირექტორი ირინა ხანთაძე ამბობს, რომ მათი სურვილია, კურსმა ამ კოლეჯებში არსებობა განაგრძოს და მხოლოდ ერთჯერადი აქტივობით არ შემოიფარგლოს, ამავდროულად, გახდეს კარგი პრეცედენტი მოკლევადიანი გადამზადების პროგრამების მიმართულებით: „ჩვენი მიზანი, გარდა იმისა, რომ რეგიონში გაჩნდეს საჭიროებაზე მორგებული ახალი საინტერესო პროგრამები, ისიც არის, რომ პროგრამა ერთჯერადი არ იყოს და გაგრძელდეს უკვე ავტორიზებული პროგრამების სახით. ასეთი პრეცედენტის შექმნაში კი, უმნიშვენლოვანესია თავად კოლეჯების როლი. გვინდა, რომ პროექტი, ამ თვალსაზრისითაც, კარგ ქეისად იქცეს, პროგრამების მდგრადობის მოლოდინი გვაქვს და იმედია, სასწავლებლებიც იაქტიურებენ და განათლების სისტემაც კეთილგანწყობილი იქნება, რომ ამ პროგრამებმა ავტორიზაცია მიიღონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს უკვე შექმნილი პროგრამები საიმედო განვითარებას კოლეჯებში.“
USAID-ის პროგრამა „ზრდის“ ხელმძღვანელმა, ბაიან კინგმა აღნიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონული ტურისტული გიდების შესაძლებლობების განვითარებას, მათი უნარების დახვეწას, რომ მომავალში ვიზიტორებს უკეთესი სერვისი შესთავაზონ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის მეორე რაუნდი მალე, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, დაიწყება და იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, პროგრამა ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას, ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, კომპლექსური მიდგომების გამოყენებით. პროექტის განხორციელების შედეგად, სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
პროექტში ჩართული სასწავლებლების ხელმძღვანელები, პროგრამის საჭიროებაზე საუბრისას, ხაზგასმით ამბობენ, რომ დღეს ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონებში ტურიზმის პოტენციალის გაზრდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სტანდარტულად მომზადებული გიდები კი, სფეროში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობენ.
ლელა ავალიშვილი, კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორი: „სტანდარტული პროგრამები არსებობს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აგროტურიზმი ვითარდება, განსაკუთრებით რეგიონებში, გაიზარდა საოჯახო სასტუმროები, რომლებიც ცდილობენ, თვითონ მოაგვარონ ეს პრობლემები და ინფორმაცია მიაწოდონ ტურისტებს. გაჩნდა საჭიროება, რომ არა მხოლოდ სტანდარტულად მომზადებული გიდები გვყოლოდა, არამედ სიახლეებზე მორგებული გიდებიც. სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ ირინა ხანთაძესთან ერთად და შეიქმნა გიდების მომზადების ახალი პროგრამა. შემდეგ კოლეჯებში განვახორციელეთ და ჩაიდო მდგრადობისთვის კომპონენტი, რომელიც ამ მოკლევადიანი მოსამზადებელი პროგრამის ავტორიზაციას გულისხმობს. საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ, გარკვეული რეკომენდაციებიც გვაქვს. ფოკუსიც უნდა გავზარდოთ და გაზრდილ ავტორიზებულ კურსში შეიძლება ბაკალავრიატის მოთხოვნაც ჩაიდოს, თუმცა, არსებული კურსი უნდა დავტოვოთ, ასევე, არაფორმალური კურსის სახითაც, რომ ნებისმიერი მსურველისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ჩემს კოლეჯში 63 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან 20 შეირჩა და 17-მა შეძლო დასრულება. კურსის ფარგლებში, მსმენელებმა შექმნეს ტურისტული მარშრუტები – ასპინძის, ადიგენისა და ახალციხის მიმართულებით სრულიად ახალი ტურისტული მარშრუტები გაჩნდა.“
მალხაზ ასლამაზაშვილი, კოლეჯ „აისის“ დირექტორი: „ვფიქრობთ, კოლეჯის პროგრამები ძალიან მოქნილი და შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნდა იყოს, სწრაფი რეაგირების საშუალებებს უნდა იძლეოდეს. ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის – მოქნილი და სიახლეებზე ორიენტირებული კოლეჯი, რომელიც განვითარებისთვის სწრაფ ნაბიჯებს დგამს. ამიტომ, ჩვენ საერთოდ არ დავფიქრებულვართ პროექტის განხორციელებაზე, მაშინვე დავთანხმდით. რაც მთავარია, წარმატებული გამოვიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურიზმის ინდუსტრია თავისთავად საჭიროებს გარკვეული მიდგომების დივერსიფიცირებას, პროგრამამ ზუსტად ამის საშუალება მოგვცა. ამ ადამიანებმა/მსმენელებმა შეძლეს რეგიონებში თემატური ტურების აღმოჩენა და ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
კოლეჯში გიდის პროგრამა აქამდეც გვქონდა, ვახორციელებთ ანალოგიურ გრძელვადიან პროგრამას „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“, თუმცა ასეთი ტიპის მოკლევადიანი პროგრამა, ამგვარი მიდგომებით არასოდეს გვქონია. ახლა უკვე ინტენსიურად დავნერგავთ მას და პროექტის მდგრადობის მიზნით, ახალი პროგრამა აუცილებლად გაივლის ავტორიზაციასაც.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ჩვენმა კოლეჯმა 15 მსმენელი მოამზადა. რაც მთავარია, მათ ისეთი უნარები შეიძინეს, რომელიც მართლაც ინოვაციურ მიდგომებზეა დაფუძნებული, რაც ხელს შეუწყობს იდეების გენერირებას, რეგიონში პატარ-პატარა აღმოჩენებს ტურისტული მიმართულებით და შემდეგ, ამის საფუძველზე, ტურისტული პროდუქტების შექმნას.
ზოგადად, პილოტირება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან პროგრამის განმახორცეილებელი ადამიანები, ორგანიზაციები უკვე პრაქტიკაში ვხედავთ გარკვეულ ხარვეზებსა და მიმართულებებს, საით წავიდეთ შემდგომში. ჩვენ შევძლებთ ამ ახალი პროგრამის მორგებას რეგიონის საჭიროებებზე.
დღეს სერტიფიკატები გადაეცათ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ეს არის ჩართული მხარეების ერთობლივი სერტიფიკატი, ხოლო ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ისინი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ.“
თეონა ხუფენია, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი: „ზოგადად სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაში განსაზღვრულია და გაცხადდა, რომ პროფესიული და უმაღლესი განათლება თანაბრად არის განვითარებული, რაც იმაში გამოიხატება, რომ პროფესიული მიმართულებით რეფორმას კვალდაკვალ მივყვებით. შესაბამისად, შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენი არსებობის 10 წლის მანძილზე, შევიმუშავეთ და განვახორციელეთ, დაახლოებით, 35 საგანმანათლებლო პროგრამა, ამის გარდა, უკვე ახალ სტანდარტებთან და ჩარჩო დკუმენტთან შესაბამისი 18 მოდულური პროგრამა. შემიძლია, ჩვენი შედეგები ციფრებით დაგისახელოთ – უკვე გვყავს 1000-მდე პროფესიული სტუდენტი და მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსებით გადამზადებული 3000-მდე ბენეფიციარი. რადგან მომზადება-გადამზადების კურსებში ჩვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა, თან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ამ მიმართულებით, სიამოვნებით ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში. ბუნებრივია, უფრო ეფექტურია სწრაფი და მოქნილი პროგრამების ამუშავება, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია შრომის ბაზარზე – დასაქმებაზე. ამ პროექტის ფარგლებში, შემუშავდა დამატებითი კომპეტენციები, რაც რეგიონზე მორგებული გიდის კომპეტენციებს გულისხმობდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ეფექტური და მოქნილი პროგრამაა, რაც მთავარია, ეს მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის საფუძველი გახდება, საითკენაც სისტემაა ორიენტირებული.“
კურსდამთავრებულთა გამოკითხვა აჩვენებს, რომ 95% კურსით კმაყოფილია. ყველა გამოკითხული მონაწილე ადასტურებს კურსის შესაბამისობას და მისი გამოყენების უპირატესობას, ხოლო უმრავლესობა (90%) მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს სხვებს, რომ გაიარონ აღნიშნული პროგრამა.
„კურსმა საშუალება მომცა, აღმოვაჩინო ჩემთვის საჭირო ნიუანსები და ვიცოდე რა არის დღეს თანამედროვე გიდის სტანდარტი და გამოწვევები. კურსის პრაქტიკული და თეორიული ნაწილი აღნიშნული მიზნებისთვის შესაფერისია“; „ბევრი რამ ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის მიმართულებით ვსწავლობდი, ამ კურსმა ბევრი პრაქტიკული მიმართულება მომცა“; „დამეხმარება ჩემს სოფელში ტურიზმი განვავითარო“; „თითოეული დღე წინაზე უკეთესი და საინტერესო იყო, ინტერაქტიული და დატირთული“ — ეს გამოკითხულ მსმენელთა ჩანაწერებიდან ამონარიდებია.
კოლეჯ „განთიადის“ რეგიონული ტურისტული გიდის გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსდამთავრებული ანა გოგებაშვილი ამბობს, რომ პროექტმა მრავალმხრივი პრაქტიკული უნარები და ცოდნა შესძინა: „ჩამომაყალიბა ცვლილებებზე ორიენტირებულ, ახალი ტურისტული პროდუქტის შემოქმედ მკვლევარ გიდად. პროგრამის ფარგლებში, შევისწავლე ახალი პროდუქტის აღმოჩენის და ტურისტულ პროდუქტად გარდაქმნის უნარები. ახლა შემიძლია შევქმნა რეგიონის სპეციფიკისა და კონტექსტის შესაბამისი ტურისტული პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე რეგიონის ტურისტული პოტენციალისთვის. ეს გარკვეული მასტერკლასი აღმოჩნდა ჩემთვის. გორის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწორედ ტურიზმის მიმართულებით ვსწავლობდი.“
შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ანი გაბელიასთვის, რომელიც ინგლისური ენის ფილოლოგიის მიმართულებაზე სწავლობს, გიდის მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსის მსმენელობა კიდევ ერთი პროფესიის დაეუფლებაში დაეხმარა. „პროგრამა, თავისთავად, იმ გარკვეული საკვანძო უნარ-ჩვევების განვითარებაშიც დამეხმარა, რაც ზოგადად გიდს სჭირდება ისეთი ტურის დასაგეგმად, რომელიც რეგიონის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე იქნება მორგებული, ასევე, იმ უნარების განვითარებაშიც, რაც, ზოგადად, ადამიანს სჭირდება, რომ უფრო წარმატებული გახდეს. შემიძლია ჩამოვთვალო ზოგიერთი საკვანძო უნარები, რაც ამ პროგრამის ფარგლებში განმივითარდა – მაგალითად, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, პრეზენტაციის და ა.შ.
ინგლისურ ფილოლოგიაზე ვსწავლობ და ხშირად ვცდილობ ინგლისურენოვან ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას. სწორედ ერთ-ერთმა უცხოელმა მომაწოდა ამ პროფესიის არჩევის იდეა, როცა მითხრა, რომ ისურვებდა ჩემნაირი გიდის ყოლას. როცა ჩემს უნივერსიტეტში ამ მოკლევადიან პროგრამაზე მიღება გამოცხადდა, ძალიან გამიხარდა და მაშინვე გადავწყვიტე, მსმენელი გავმხდარიყავი. დღეს კურსის დასრულების სერტიფიკატი მივიღე და ძალიან კმაყოფილი ვარ.“
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: კურსდამთავრებულები ოთხივე რეგიონიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის წარმომადგენელი მარინა ქუთათელაძე, USAID-ის პროგრამა „ზრდის“ ხელმძღვანელი ბაიან კინგი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი პროფესიული კოლეჯებისა და ტურიზმის სფეროში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციების სწარმომადგენლები.
მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, პირველ რიგში, ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს, რომელიც, მისივე თქმით, ნებისმიერ პროექტს, რასაც კი ხელს მოკიდებს, წარმატებით ახორციელებს. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ: „საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის და, რაც მთავარია, იმ მომსახურების ხარისხის ზრდისთვის, რაც დღეს ტურიზმში გვაქვს, ამ პროექტის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. თვისობრივად განსხვავებული ახალი პროგრამები/კურსები გაჩნდა, რომლებიც, ერთი მხრივ, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, ბევრად უფრო ხარისხიანი სერვისი შესთავაზონ ტურისტებს და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობენ ინოვაციური იდეების გენერირებასა და განვითარებას. დღეს ჩვენ დავინახეთ როგორი განსხვავებული ინოვაციური პროდუქტები შექმნეს სტუდენტებმა, ტურისტული მარშრუტების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე ინოვაციურად დაიწყეს აზროვნება, სწორედ ეს შესძენს დამატებით ღირებულებას ჩვენს ადამიანურ კაპიტალს და გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.“
ლალი ჯელაძე