14 მარტი, პარასკევი, 2025

ილიაუნის 6 წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

spot_imgspot_img

12 მარტს, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ილიაუნის 6 წლის ვადით მიენიჭა უპირობო ავტორიზაცია.

ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმეთვიანი დავა. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ სააპელაციო კომისიისგან დაბრუნებული საკითხი უნივერსიტეტის სასიკეთოდ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 2024 წლის 26 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, უნივერსიტეტს, 6-წლიანი აკრედიტაციის ნაცვლად, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა.

უნივერსიტეტი სრულად აკმაყოფილებდა „დაწესებულების სტანდარტებთან და სტანდარტის კომპონენტებთან შესაბამისობის შეფასების შემაჯამებელ (შვიდკომპონენტიანი) ცხრილს“, მიუხედავად ამისა, ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტთა საბჭოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და, სავარაუდოდ, მინიმუმ, ორი სტანდარტი მოთხოვნებთან ნაწილობრივად შეუსაბამოდ მიიჩნია. საბჭომ ისე გადაწყვიტა უნივერსიტეტის ხელახლა შემოწმება, რომ არ განუმარტავს, კონკრეტულად რისი შემოწმება ჩათვალა აუცილებლად.

საბჭოს გადაწყვეტილებამ ზიანი მიაყენა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის ნდობას და საერთაშორისო რეპუტაციას, – ამ ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

გუშინ ავტორიზაციის საბჭომ, ექსპერტების დასკვნის, დაწესებულების დოკუმენტების, არგუმენტირებული პოზიციისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე ოთხი შესაძლო გადაწყვეტილებიდან – ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს უპირობოდ; ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს, თუმცა აქვს ვალდებულება ერთი წლის შემდეგ წარადგინოს თვითშეფასების ანგარიში, სადაც აღწერს როგორ შეასრულა ექსპერტთა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები; ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს, მაგრამ 2-3 წლის პერიოდში ხელახლა ჩატარდება სავალდებულო მონიტორინგი (ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა სავალდებულო აღარ არის); უნივერსიტეტს ავტორიზაცია ენიჭება, მაგრამ ერთმევა ახალი სტუდენტების მიღების უფლება; უნივერსიტეტი ვერ იღებს ავტორიზაციას – პირველი, ავტორიზაციის უპირობოდ მინიჭება, მიიღო.

12 მარტის გადაწყვეტილების დეტალებზე რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ:

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ყველა კითხვა, რაც დაისვა, გავეცით პასუხები. თავმჯდომარემ თქვა, რომ დღეს საბჭომ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

[როგორც ახლა, ისე წინა შემთხვევაში] მათ ჰქონდათ ძალიან ძლიერი ექსპერტების კარგი შეფასება. საბჭოს უნდა განეხილა მათი შეფასება და თუ დამატებითი გარემოები არ გამოვლინდებოდა, მათ ამის ცვლილების უფლება აღარ ჰქონდათ, რადგან ექსპერტებს, შეფასების მომზადებამდე, ჰქონდათ ადგილზე ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა…“

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება