23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ილია ჭავჭავაძის იუბილეს მიეძღვნა ლეილა ბაგრატიონის (ბაბადიშის) წიგნის წარდგინება

spot_img

1837 წლის 8 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას XIX საუკუნის ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გამორჩეული მოღვაწე, პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის თავკაცი, ერის მამად წოდებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმინდა ილია მართალი. 21 წლის ჭაბუკმა ილიამ განაცხადა: „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს“. ილია ჭავჭავაძემ „მგზავრის წერილებში“ მოხევე ლელთ ღუნიას ათქმევინა: ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნეს, მით იყვნის უკეთ…“

ამ სიტყვებით დაიწყო, კვირას, 20 ნოემბერს, ქალაქ დედოფლისწყაროს თამარ მეფის სკვერში გამართული, ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის თანათავმჯდომარემ, ნანა ჭიჭინაძემ. მან შეკრებილ საზოგადოებას ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები წარუდგინა.

ილია ჭავჭავაძის ღვაწლსა და ერის წინაშე დამსახურებაზე, მის შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა სასწავლო ცენტრის „სპექტრი“ დირექტორმა, ნუნუ ცაკაშვილმა.

ილიას იუბილეს მიეძღვნა ლეილა ბაგრატიონის წიგნის „მიმოხვეულში“ წარდგინება. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა, ლალი გურასპაულმა ისაუბრა ლეილა ბაგრატიონის ლექსების ახალი კრებულის შესახებ, მისი სტრიქონებისა და ოცნებების, ახდენილი და ვერახდენილი ნატვრის შესახებ. ავტორმა შეგვახსენა, რომ ცხოვრება ფართო შარაგზა კი არა, საცალფეხო ბილიკების, ვიწრო მიხვეულ-მოხვეული გზების ერთობლიობა უფროა და ამ „მიმოხვეულში“ ლექსი აძლებინებს, ანუგეშებს და სულს უთბობს ყველა ჭეშმარიტ შემოქმედს.

სხვათა შორის, ავტორის ცხოვრების გზაც „მიმოხვეულს“ წარმოადგენს – პირდაპირი მნიშვნელობით, ბედმა იგი ავღანეთშიც კი მოახვედრა, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა ორი წლის განმავლობაში. ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მის შემოქმედებას. „გიმღერეთ, როგორც შევძელი“ – მიმართავს პოეტი ქალი უფალს და მის მიერ შექმნილ ათასფეროვან სამყაროს, სათაყვანებელ სამშობლოს, საფიცარ კახეთს და ამ ?იმღერებით იკინძება მისი პოეტური შემოქმედება.

ქალბატონი ლეილა კახეთის ბაგრატიონთა და ჭავჭავაძეთა ღირსეული შთამომავალია, საქართველოს გმირული წარსულის მეხოტბე და უკეთესი მომავლის მოიმედეა. ამ განწყობით აღზარდა ერთადერთი შვილი გიორგი და მომავალ თაობასაც ასწავლის, თუ როგორ უნდა უყვარდეთ უფალი, მამული, ქართული სიტყვა…

ლეილა ბაგრატიონის კრებულიდან ლექსები მხატვრულად წიკითხეს ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

საიუბილეო საღამოს ამშვენებდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტის, ნომინაციის – „გემოვნებიანი ქალბატონი“ – საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი ნომინანტის, მხატვრული ქარგვის ფერმწერის, ლია მაისურაძის ნამუშვრები.

გთავაზობთ ლეილა ბაგრატიონის ლექსს „ვარდობს კახეთი“.

კახეთში უცხო ფერები სუფევს,

განსხვავებული ყველა ფერთაგან –

საოცარია ყოველი კუთხე,

დალოცვილია ჩვენი ქვეყანა.

თელავში, რადგან ცასთან ახლოა,

მზისფერი, თითქოს, უფრო მეტია –

უფალს თავისი სამოსახლოდან

კალთები უხვად დაუბერტყია.

ალაზნის ველი გაპენტილია,

მარად ჯეჯილობს, ვარდობს კახეთი,

აქ მზედ ამოდის დილით ილია

ყვარლის მთებიდან – აღმოსავლეთით.

მარიკა პოპიაშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები