მარინა არაბიძე-აშვეთია
სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის №3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
თხზულების წერის უნარების განვითარება, სწავლების საშუალო საფეხურზე, მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მით უფრო, რომ ამ ტიპის დავალება შეტანილია ეროვნულ გამოცდებზე და მასწავლებლის, მოსწავლეებისა თუ აბიტურიენტებისაგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. უპრიანია, ამ მიმართულებით, ბავშვებს გზამკვლევი, სწავლა-სწავლების მაღალ საფეხურზე, მასწავლებელმა მიაწოდოს.
წერითი დავალება – თხზულების დაწერა, დავალებაში მოცემული სამიზნე მიმართულებით გარკვეულ უნარებს მოითხოვს მოსწავლისაგან (აპლიკანტისაგან), რომლის გაღვივება და გაძლიერება მასწავლებელს ხელეწიფება. იმისათვის, რომ თხზულება დაიწეროს, საჭიროა წერის სტრატეგიების ცოდნა, ანუ უნდა ვიცოდეთ ე.წ. „ჩარჩო“, რაც სპეციფიკურია და მოსწავლეს დაეხმარება ამ ტიპის დავალების წარმატებით შესრულებაში.
პირველ ყოვლისა, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ესესა და თხზულების წერის სპეციფიკა და მათი მახასიათებლები.
თხზულება არის მსჯელობითი ხასიათის ტექსტი, რომელიც გულისხმობს მხატვრული ნაწარმოების ან რაიმე საკითხის ობიექტურ ანალიზსა და განხილვას. თხზულებაში ავტორის ხედვა სუბიექტური არ უნდა იყოს, ობიექტურად უნდა შეფასდეს ან დახასიათდეს ფაქტი, მოვლენა ან ლიტერატურული გმირი.
თხზულების თემატიკაც (სამიზნე თეზისი), მეტ-ნაკლებად, თავიდანვე განსაზღვრულია. თხზულების თემა შეიძლება იყოს მხატვრული ნაწარმოების ან მოცემული ეპიზოდის ანალიზი, მასში არ უნდა ჩანდეს ავტორის ემოციური დამოკიდებულება და განწყობა გმირის, ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ. დასმულ სამიზნე მიმართულებაზე ორიენტირებითა და შეფასებითი მსჯელობით უნდა წარმოჩინდეს სათქმელი.
თხზულების თემად შეიძლება იქცეს მხატვრული ნაწარმოების ანალიზი და მისი ადგილის განსაზღვრა ლიტერატურაში, გმირი და მისი დახასიათება, ერთი პერსონაჟის შედარებითი დახასიათება სხვა გმირთან, ეპოქის ანალიზი, ფაქტის ან მოვლენის ანალიტიკური შეფასება, ეპოქის მახასიათებლების წარმოჩენა და სხვ.
ესე თხზულებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ მასში მკაფიოდ ვლინდება განსახილველი საკითხისადმი ავტორის პირადი დამოკიდებულება, კარგად უნდა ჩანდეს ემოცია, მოვლენების აღქმის უნარი. ესეში აუცილებელია ავტორის პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები, რომელშიც შეიძლება პირადი გამოცდილების, ნანახის ან წაკითხულის არგუმენტებად გამოყენება, რაც სრულიად მიუღებელია თხზულებისათვის, რადგან თხზულება გვავალებს არა სუბიექტურ, არამედ ობიექტურ შეფასებას. ესეს თემატიკა უფრო ფართო და მრავალფეროვანია, ესეს თემა შეიძლება იყოს საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, ზოგჯერ არაორდინარულიც.
მოსწავლეებმა კარგად უნდა გაიაზრონ ესესა და თხზულებას შორის არსებული განსხვავებები.
როგორც ვიცით, თხზულებისათვის გასააზრებელ დავალებად მოდის ამონარიდი უცნობი ან ნაცნობი ტექსტებიდან.
ამასთანავე, მოსწავლეებს ვაწოდებ გზამკვლევს, თხზულების წერის ძირითადი მიმართულებების ჩვენებით, რომელშიც გაწერილია თხზულებაზე მუშაობის ძირითადი ეტაპები.
როგორ იწერება თხზულება
(გზამკვლევი)
- გაეცანით ტექსტს და გაიაზრეთ წაკითხული მასალა;
- უნდა გვახსოვდეს, რომ აპლიკანტისთვის, ამოსავალი მხოლოდ მოცემული ტექსტია და არ გჭირდებათ სხვა ინფორმაცია, რომელიც ამ მასალაზე იცით. ტექსტს სჭირდება 2-3-ჯერ წაკითხვა, გზადაგზა მონიშნეთ სამიზნე თეზისის შესაფერი საანალიზო ადგილები;
- ყურადღებით გაეცანით სამიზნე თეზას (მიმართულებას), რომელსაც უნდა შეუსაბამოთ მსჯელობა და მინიშნებული მიმართულებით წაიყვანოთ მუშაობა, ანუ ტექსტი უნდა გააანალიზოთ მოცემული თეზისის გათვალისწინებით;
- თხზულების წერა დაიწყეთ მინიშნებული პირობის ზოგადი გააზრებით;
- ზოგადი გააზრება დაუკავშირეთ მოცემულ მასალას (ტექსტს), ე.ი. მიანიშნეთ, რომ მოცემული, სამიზნე თეზისი კარგად წარმოჩნდება მასში. ახსენეთ მწერალი და ნაწარმოები, რომელზეც მუშაობთ;
- ანალიზის დროს არ დაგავიწყდეთ მსჯელობის შესაბამისი ციტატების გამოყენება მოცემული ტექსტიდან;
- მსჯელობის დასრულების შემდეგ, სამიზნე თეზისის მიხედვით, გაავლეთ პარალელი სხვა ნაწარმოებებთან, ფილმებთან ან ცხოვრებისეულ რეალობასთან.
- მოცემული პრობლემა დაუკავშირეთ თანამედროვეობას.
- მიანიშნეთ, როგორ შეძლო მწერალმა მხატვრული ხერხებით – გამოსახვის საშუალებებით სათქმელი ჩვენამდე მოეტანა. მოიყვანეთ თითოეული გამომსახველობითი მხატვრული საშუალების 2-3 მაგალითი ტექსტიდან.
- დაწერეთ დასკვნა, რომელიც გამომდინარეობს სამიზნე თეზისიდან, ახსენეთ მწერალი და მოკლედ მიანიშნეთ სამიზნე თეზისზე, როგორ წრმოჩინდა მინიშნებული პრობლემა წინამდებარე მასალაში.
თხზულებათა სავარაუდო მიმართულებები
(სამიზნე თეზისები)
- ხორციელი ცხოვრების დათმობისას წმინდანებსაც შეიძლება სინანული დაეუფლოთ (იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ ბოლო ეპიზოდის მიხედვით, ჯოჯიკი შუშანიკთან – ბოლო, მე-12 თავი);
- საეკლესიო საზოგადოებაში გაჩენილი უთანხმოება საერო საქმეებსაც ვნებს (გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ 21-ე თავის მიხედვით – ჯავახეთის საეკლესიო კრება);
- „გულჩვილნი და გულკეთილნი ამქვეყნად ვეღარ გაძლებენ და დამარცხდებიან“ (მიხ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებიდან“, ყურადღება გაამახვილე თეიმურაზისეულ „სადღეისო ათ მცნებაზე“);
- „ზოგჯერ ადამიანები ცრუ იმიჯის შესაქმნელად ნიღაბს ირგებენ, რათა თავი სხვებზე უპირატესად წარმოაჩინონ“ (გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – პირველი თავის მიხედვით);
- „ლიტერატურული გმირები მწიგნობართათვის ცხოვრების თანამდევნი არიან“ („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – მე-12 თავის მიხედვით);
- „უწიგნური ადამიანების ნიღბის ჩამოხსნა მხოლოდ მწიგნობრებს შეუძლიათ“ ( „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – მე-13 თავის მიხედვით);
- დამარცხების შემდეგ ბელადები (ლიდერები) თავიანთ „საწმყსოში“ აღარ რჩებიან, პრეისტორიული ცხოვრების წესიც ამის დასტურია — ანუ დამარცხებული ბელადის ბედი (ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან „იგი“);
- განსხვავებულის კვალი წარუშლელია – ანუ „იგისგან დარჩა ის, რაც იგიში იგი იყო“, რა დარჩა იგისგან?(საჭირო მონაკვეთების ამოკრება და ანალიზი);
- გრძნობა-გონების ჭიდილი ადამიანში მძაფრ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს (ალ. ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“, მე-9 თავის მიხედვით);
- სამართლიანობისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას მოზარდები ბავშვობიდანვე ეჩვევიან, რაშიც მშობლის როლი განუზომელია (ილიას „ოთარაანთ ქვრივის“ მე-5 თავის მიხედვით);
- მკაცრი და შეუვალი ადამიანები მამხილებელ როლს ჩინებულად ირგებენ და ამ გზით ჭეშმარიტებას ემსახურებიან (ილიას „ოთარაანთ ქვრივის“ მე-10 თავი, „მხილებაა თუ კადნიერება“?);
- მკაცრი და შეუვალი ადამიანებიც კი შვილების წინაშე ლოიალურნი ხდებიან, რადგან მათი თვალებით ხედავენ სამყაროს ( „ოთარაანთ ქვრივი“ – მე-11 თავის მიხედვით – „ორი თვალი“);
- სიყვარულს დიდი ძალა აქვს, მაგრამ წოდებრივი თუ სოციალური უთანასწორობის ბარიერს ძნელად თუ გაუმკლავდება, უფრო მეტიც, უძლურია („ოთარაანთ ქვრივი“, მე-19 თავი – „ჩატეხილი ხიდი“);
- წიგნში ამოკითხული ჭეშმარიტება, ზოგჯერ, სამწუხაროდ, რეალობიდან ძალიან შორსაა („ოთარაანთ ქვრივი“, თავი მე-20, „დასაწყისი განთიადისა“);
- ილიას პუბლიცისტიკა, ისევე როგორც შემოქმედება, „მართლისთქმის“ პრინციპზეა აგებული, რომელიც მიზნად ისახავს ქართველთა გამოფხიზლებას (ილიას პუბლიცისტური წერილი „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“);
- ყვარყვარიზმი მედროვე ადამიანის კლასიკური სახეა ნებისმიერ ეპოქაში, რომელსაც ადამიანები ცრუ იმიჯის მოსაპოვებლად მიმართავენ (პოლიკარპე კაკაბაძის პიესის „ყვარყვარე თუთაბერის“ პირველი მოქმედების მიხედვით, პარალელები კვაჭი კვაჭანტირაძესა და ჯაყოსთან);
- პოზიტიურად განსხვავებული ადამიანები ფიზიკურად ზოგჯერ მარცხდებიან, მაგრამ ისინი დიდ სიკეთეს უდებენ სათავეს (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით);
- მტრის ვაჟკაცობის შეფასება ღირსების საქმეა („ალუდა ქეთელაურის“ პირველი თავის მიხედვით);
- საქართველოში, ძნელბედობის ჟამს, მთისა და ბარის ერთობა მრავალრიცხოვან მტერს ამარცხებდა (ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ მიხედვით);
- მტრის სიძულვილი ჩვენს წინაპარ ქალებსაც კი ბრძოლისაკენ უბიძგებდა („ბახტრიონის“ მე-8 და მე-9 თავების მიხედვით);
- მრავალმტრიანი საქართველო ვერ ეგუებოდა მოღალატეებს და სათანადოს მიუზღავდა, რომ მსგავსი სიმდაბლე არავის არასდროს ჩაედინა („ბახტრიონი“, მე-16 თავი, მონაკვეთიდან – „ახლა ისა ვთქვათ, ვაჟებო, ვინ დარჩა სირცხვილიანი…“, მე-16 და მე-17 თავები);
- პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ერთმანეთს ხელს არ უშლის (ვაჟა ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“);
- მეფე ერეკლემ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთისკენ ქვეყნის კეთილდღეობისათვის გადაწყვიტა (ერეკლე მეფის პოზიცია არგუმენტებით, ნ. ბარათაშვილის პოემიდან „ბედი ქართლისა“);
- სჯობს ქვეყანამ თავის პრობლემებს თავადვე მიხედოს, რადგანაც „მოკავშირე“ სათავისოდ იყენებს დასახმარებელ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას (სოლომონ მსაჯულის პოზიცია პოემაში „ბედი ქართლისა“);
- ვიწრო პარტიკულარული ინტერესების დასაკმაყოფილებლად ერისთავები ხალხს იყენებდნენ მათივე სურვილის გაუთვალისწინებლად (ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ მე-17 თავის მიხედვით – ნუგზარ არაგვის ერისთავის ვერაგი ზრახვები);
- ლიდერის პასუხისმგებლობა უფრო მძიმეა, ვიდრე რიგითი ადამიანისა („ხევისბერი გოჩას“ ბოლო თავის მიხედვით, მსჯელობა თემაზე – ვინ მოკლა ონისე, მამამ თუ ხევისბერმა?);
- კომუნისტურ საზოგადოებაში ქრისტიანული სალოცავები თავის ძირითად საღმრთო დანიშნულებას ასცდა და ბრბოს გაუკუღმართებული ქმედების წიაღში ჩაიძირა ( გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან „ალავერდობა“);
- აღზმრდელის პასუხისმგებლობა აღზრდილის ქმედებისადმი განუზომელია (აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ მიხედვით);
- სინდისის ქენჯნა სიკვდილზე მძიმე სასჯელია („გამზრდელის“ მიხედვით);
- უბრალო ადამიანები ეროვნულ სატკივარს იდეალურად გამოხატავენ (ილიას „მგზავრის წერილები“ – ლელთ-ღუნიასთან მწერლის დიალოგი, ანუ ეროვნული სატკივარის გამოხატულება ლელთ-ღუნიას ნააზრევში);
- დიდი ილია ბრძოლისა და მოძრაობის იდეის მქადაგებელია („მგზავრის წერილებიდან“ შესატყვისი მონაკვეთების მიხედვით – მყინვარისა და თერგის, დღისა და ღამის შედარებები, ანალიტიკური მსჯელობა);
- ერის სატკივარს უპირისპირდება მართლისთქმის პრინციპი, რომელიც ნაკლოვანებების მამხილებელი საერკეა (ილიას „კაცია-ადამიანის“ პირველი და ბოლო თავების მიხედვით).
თხზულების ნიმუში
(მოსწავლის ნამუშევარი)
თხზულება თემაზე: ერის სატკივარს უპირისპირდება მართლისთქმის პრინციპი, რომელიც ნაკლოვანებების მამხილებელი სარკეა და გამოსწორების კეთილშობილურ მიზანს ემსახურება.
მოცემულია ამონარიდი ილიას „კაცია-ადამიანიდან“, პროლოგისა და ბოლო თავის სახით, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწეროს მინიშნებული თხზულება:
მართლისთქმა, ანუ სიმართლისათვის თამამად თვალის გასწორება ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების უმთავრესი მიმართულებაა. მწერლის ეს მახასიათებელი თვისება ნათლად ჩანს „კაცია-ადამიანის“ მოცემულ მონაკვეთში. მწერლის მიზანი კარგად ისახება ნაწარმოების ეპიგრაფში, რომელიც ხალხურ სიბრძნეს გამოხატავს: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო“. ეს სიბრძნე თავად შეაფასა მწერალმა, რაც ჩანს თავად ავტორის მინაწერში: – „გონიერი ანდაზა“. ილიამ იცის, რომ „მართლისმთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს“, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს შეიცნობენ ლუარსაბში, ლაფის სროლას დაუწყებენ და გიჟადაც შერაცხავენ, მაგრამ თავს ისევ ეპიგრაფად გამოყენებული ხალხური სიბრძნით იიმედებს და ამ სიბრძნის შემქმნელ ქართველებს ხოტბას ასხამს: „…სადა ხარ ახლა ამ გონიერი სიტყვების მთქმელო, ვიცი, ხალხში ხარ უხილავო, შენ ხალხის გენიას გეძახიან, მარად შეუცდომელი და მართალი ხარ…“
ამის შემდეგ ილია განმარტავს, თუ რა ცუდია ყალბი მაამებლობა და თავის პოზიციას ცალსახად აზოგადებს: „ზოგი გულისტკივილს იმით იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს, დანარჩენს ჩვენ გვავალებს, რომ ავირჩიოთ რომელი უკეთესია, რომელს უფრო უყვარს თავისი ხალხი…
ილია იგონებს ერთ გულისშემძვრელ ამბავს, რომელიც მას უნახავს ყმაწვილობაში – ხალხი როგორ აპამპულავებდა ერთ მოხუც დედაკაცს, ქალაქის ბიჭებს რომ დაეჭირათ და ხუთ გროშად ახტუნებდნენ. მაყურებლებიდან ზოგი იცინოდა და ზოგიც ტიროდა… ილია განმარტავს, რომ ვინც ტიროდა, ის გულით და გონებით ხედავდა, ვინც იცინოდა, მხოლოდ – თვალით… აქვე დასძენს მწერალი: „გონებას ძნელად თუ გაეცინებაო…“
ილიამ ამ მოთხრობით სარკე მიაწოდა ქართველ ხალხს და თავმდაბლად განმარტა: „სარკე მოგაწოდე, მკითხველო, მერე რა თუ ეს სარკე გაბზარული აღმოჩნდება და აქა-იქ ლაქებიანიცა, რაც მქონდა ის მოგართვი…“ თათქარიძეობა აწუხებდა მწერალს, მას სურდა ეს სენი მეტასტაზივით არ გავრცელებულიყო ქართველებში, ეს გახლდათ მწერლის კეთილშობილი მიზანი, მიმართული ქართველთა ნაკლის გამოსასწორებლად.
ამ ნაწარმოებმა აღორძინების ხანის მწერალი დავით გურამიშვილი მომაგონა, რომელმაც „დავითიანში“ ბრძანა: „მე თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,/ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“, ან კიდევ: „ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელა რა დავარქო…“
გამოსწორების კეთილშობილურმა მიზანმა დააწერინა ილიას ქართველთა ნაკლის მამხილებელი ლექსი „ბედნიერი ერი“.
ასეთი მამხილებელი პოზიცია დღესაც საჭიროა ქართველი ხალხისათვის, მაამებლობა არავის არგებს, სიმართლის გაშუქება კი გამოგვაფხიზლებს და უკეთესი მერმისისკენ გვიბიძგებს.
მწერალმა არაჩვეულებრივი მხატვრული ხერხებით შეძლო თავისი პოზიციის მკითხველამდე მიტანა.
ეპითეტი: „გონიერი სიტყვა“, „უხეირო დამწერსა“, რიტორიკული შეკითხვა: „სადა ხარ ახლა ამ მშვენიერი სიტყვების მთქმელო?“, შედარება: „ახტუნებდნენ პამპულასავით“, მეტაფორა: „მე მიყივლია და გათენდება, თუ არა, ეგ ღმერთმა იცის…“
ამრიგად, საზოგადოებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნაკლის მხილებაში გამოიხატება, რომელიც ილიას ნააზრევში ასე შთამბეჭდავად წარმოჩინდა. ეს პოზიცია ნამდვილად არგებს ქვეყანას და დაეხმარება ნაკლის გამოსწორებაში.