ეკატერინე მაისურაძე
თბილისის №133 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების დოქტორანტი
☑️ ქალბატონო ეკა, ოქტომბერში ქართველი მასწავლებლები მონტენეგროში გამართულ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდით. პირველ რიგში, გვიამბეთ ამ სემინარის შესახებ – რა მიზანს ემსახურება და რა კრიტერიუმებით ხდება მასწავლებლების და ქვეყნების მიწვევა?
• ოქტომბერში, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, გაიმართა ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო საერთაშორისო სემინარი – „ისტორიის მასწავლებელთა აკადემია“, რომელშიც მონაწილეობდნენ მასწავლებლები საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. სემინარის პირველი დღე საინტერესოდ წარიმართა, ისტორიის მასწავლებლები, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ადგილობრივი კონფლიქტების სწავლების შესახებ გვიზიარებდნენ გამოცდილებას. შეხვედრა ერთგვარი შეჯამება იყო იმ პროექტის, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ისტორიის საერთაშორისო კონკურსი „ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდა“. საქართველოდან ვესწრებოდით მასწავლებლები, რომელთა მოსწავლეებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს ისტორიის საერთაშორისო კონკურსში „გაყალბება – პროპაგანდის ინსტრუმენტი“, რომელში მონაწილეობაც შეეძლოთ მოსწავლეებს 16 წლიდან ზემოთ. მეც ვუთხარი ჩემს მოსწავლეებს (შარშანდელ მეათეკლასელებს), რომ ასეთი კონკურსი იგეგმებოდა. ერთ-ერთმა მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. როცა თემის შერჩევაზე მიდგა საქმე, უბრალოდ ვურჩიე, ხომ არ დაინტერესდებოდა თემით – „პიონერული ორგანიზაცია, როგორც საბჭოეთის ერთ-ერთი პროპაგანდის იარაღი“. მე თვითონ საბჭოთა მოსწავლე ვიყავი, შესაბამისად, პიონერიც და შეეძლო, პირველწყაროდ გამოეყენებინა ჩემი ნაამბობი. ისიც კი ვუთხარი, თუ სურვილი ექნებოდა, ჩავეწერე როგორც რესპონდენტი, რადგან ცოცხალ ისტორიას მოვუყვებოდი, თუ რა ხდებოდა საბჭოთა ეპოქაში პიონერულ ორგანიზაციებში.
ამ იდეით ძალიან მოიხიბლა ნიკოლოზ სხირტლაძე და შევუდექით მუშაობას. დღეს ნიკოლოზი უკვე №133 სკოლის მეთერთმეტეკლასელია. ვამაყობ, რომ მის მიერ მომზადებულმა ვიდეორგოლმა პიონერულ ორგანიზაციაზე, კონკურსში პირველი ადგილი აიღო.
კონკურსანტმა მოსწავლეებმა, გასული თვის ბოლოს (23-27 ოქტომბერს), ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც EUSTORY (ისტორიკოსთა საერთაშორისო ქსელი) ხელმძღვანელობდა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს პირველი კონკურსი არ არის, საქართველოში, უკვე მეოთხე წელია, რაც ეს კონკურსი ტარდება, ინიციატორია გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი, ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის კორბერის ფონდი (Korber Foundation) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება მონაწილე ქვეყნებს, საქართველოსთან ერთად, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა იყო წარმოდგენილი. თავისთავად, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემაა ინიცირებული, მაგალითად, წინა წლებში, მთავარი თემა იყო „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“. ძირითადად, საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული თემებია შერჩეული, რომელიც შემდეგ პუბლიკაციების სახით იბეჭდება და ონლაინ ვერსიები ქვეყნდება.
☑️ რა იყო სემინარის წლევანდელი თემატიკა?
• სემინარს უძღვებოდა ჩრდილოეთ მაკედონიის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი მირე მლადენოვსკი, რომელიც, ზოგადად, ამ პროექტსაც ხელმძღვანელობდა, არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ვიდრე უშუალოდ კონკურსამდე მივიდოდით, გარკვეული სამუშაოების შესრულება მოგვიწია. მაგალითად, მსურველი პედაგოგებისთვის (როგორც ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციიდან, ისე ნებისმიერი მსურველისთვის) ჩატარდა ტრენინგები, როგორც პროპაგანდის მაგალითებზე საბჭოთა ეპოქაში, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა დაეწერა ბავშვს საკონკურსო თემა. ამავე პროექტის ნაწილი იყო სასკოლო სახელმძღვანელოების კვლევა. კვლევის პროცესში მეც ვიყავი ჩართული. გამოვიკვლიე, თუ როგორ იყო წარმოდგენილი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში პროპაგანდის მაგალითები კულტურულ-იდეოლოგიური მიმართულებით. ვიკვლიეთ როგორც საბჭოთა პერიოდის სასკოლო სახელმძღვანელოები (რაზეც მიგვიწვდა ხელი), ასევე დღეს არსებული სახელმძღვანელოები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე, რომელსაც სწორედ მირე ვლადენოვსკი ხელმძღვანელობდა. საერთო ჯამში, ამ კვლევაში აისახა, თუ როგორი იყო ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.
კვლევა ჩატარდა ისტორიულ რუკებზეც. ამ მიმართულებით კვლევა განახორციელა და დასკვნა დაწერა ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ქ-ნმა მანანა შეყილაძემ; მოეწყო ფოკუს-ჯგუფები, მასწავლებლებისთვის შევადგინეთ კითხვარები იმის შესახებ, თუ როგორია პროპაგანდის როლი ისტორიის სწავლების პროცესში. ასეთ შრომატევად და, ამავე დროს, საინტერესო აქტივობებს მოიცავდა პროექტის საწყისი ეტაპი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ აქტივობების უშუალო ხელმძღვანელი ასოციაციიდან იყო ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ნი ნანა ციხისთავი.
ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზეთ კონკურსში მონაწილეობა, კონკრეტული თემებიც თავად უნდა შეერჩიათ, რა თქმა უნდა, მთავარი თემის გათვალისწინებით. მათ მიერ მომზადებულ საკონკურსო ნამუშევრებში ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითები უნდა ყოფილიყო. ბავშვებმა სხვადასხვა ეპოქა აირჩიეს, მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილი – გმირი, თუ ანტიგმირი, ვიკიპედია, როგორც პროპაგანდის საშუალება და სხვა. როგორც გითხარით, ჩემს მოსწავლეს პიონერულ ორგანიზაციაზე ჰქონდა მომზადებული ვიდეო, რომელმაც უალტერნატივოდ აიღო პირველი ადგილი, შესაბამისად, პრიზიც (ფულადი პრემია (ვაუჩერი) ალტას ტექნიკის მაღაზიაში) დაიმსახურა და სამიტზეც გაემგზავრა რიგაში.
☑️ ზოგადად, რა ტენდენციებია ისტორიის სწავლების მიმართულებით და რა გამოცდილება მიიღეთ, რასაც სწავლებისას გამოიყენებთ?
• მსგავსი საერთაშორისო სემინარები და შეხვედრები მასწავლებლისთვის პირველ რიგში, გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ბუნებრივია, ამ მხრივ, არც წლევანდელი „ისტორიის მასწავლებელთა აკადემია“ იყო გამონაკლისი.
აკადემიის მიმდინარეობისას ძირითადად, განხილული იყო საკმაოდ სენსიტიური თემები, რომლებიც ქვეყნის შიდა კონფლიქტებთანაა დაკავშირებული. ძალიან საინტერესო იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტის მირე ვლადენოვსკის სემინარი თემაზე: „ისტორიის სწავლება, როგორც იარაღი თუ ინსტრუმენტი?“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისტორიული მოვლენების ობიექტურად შესაფასებლად, რადგან, ესა თუ ის მოვლენა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იარაღი, რომელშიც უფრო მეტად სუბიექტური შეხედულებები იქნება ჩართული და ეს სწორედ უარყოფით პროპაგანდას წარმოშობს და ხელს უშლის პროცესების ობიექტურად შეფასებას. იარაღად გამოყენება, თავისთავად ნიშნავს მუქარით ან ომის ენით საუბარს, რომ შენ ხარ დომინანტი და შენი სუბიექტური მოსაზრებით გავლენას ახდენ საზოგადოებაზე. მაგრამ, თუკი ისტორიის სწავლებას იყენებ, როგორც ინსტრუმენტს, ამით ასწავლი რეალურ, ობიექტურ ისტორიას და შენს მოსწავლეს აძლევ საშუალებას, გაიაზროს, თავად შეაფასოს მულტიპერსპექტიული ხედვებით. მოსწავლეებს აძლევ შესაძლებლობას, ისტორია დაინახოს, ასე ვთქვათ, ორივე პერსპექტივიდან, შეაფასოს ობიექტურად და გამოიტანოს სწორი, ლოგიკური დასკვნები.
როგორც უკვე აღვნიშნე, განხილული იქნა მრავალი სენსიტიური თემა. მოგეხსენებათ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ქვეყნებში შიდა კონფლიქტების მრავალი კერა აღმოცენდა. ძალიან ბევრი მაგალითი მოვისმინეთ ამ მიმართულებით. ამ ხალხს კონფლიქტების ქარ-ცეცხლში მოუწია გავლა. დაიღუპა ბევრი ადამიანი, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის არაერთი კერა. ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესოა ისტორიის სწავლებისას. გასათვალისწინებელია, თუ როგორ ცდილობენ ასეთ რთულ რეგიონში მოსწავლეებს ელაპარაკონ არა ომის, არამედ მშვიდობის ენით, რომ კონფლიქტები აღარ გაღვივდეს და ორივე მხარის ალტერნატიული ხედვების გათვალისწინებას დაეფუძნოს თანამშრომლობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება. სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მათი გამოცდილების გაზიარება სემინარში მონაწილე ოთხივე პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რადგან, რეალურად, ჩვენ ყველა გაყინული კონფლიქტების რეგიონში ვართ. მართლაც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ფონზე, ასეთი ტიპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ისტორიის სწავლებისას. რეალურად, ეს იყო კონკრეტული მაგალითებით შემოთავაზებული მიდგომები, თუ როგორ აღვზარდოთ თაობები ისე, რომ ერთმანეთისგან მტრის ხატი არ შექმნან, ჩამოუყალიბდეთ ისეთი ურთიერთობები, რომელიც, გარკვეულწილად, კონფლიქტების დარეგულირებას წაადგება. ამ ვიზიტებს, ვგულისხმობ საერთაშორისო ხასიათის შეხვედრებს, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ყველასთვის მიმზიდველი მხარეც აქვს – ნებისმიერი ვიზიტორისთვის შესაძლებელი ხდება ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და შესწავლა. გამონაკლისი არც ამ პატარა ქვეყანაში სტუმრობა იყო,რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მონტენეგრო (რომელიც თბილისის ნახევარია, არათუ საქართველოსი) ასეთი საინტერესო, ლამაზი ისტორიული ქვეყანა იქნებოდა და ასე იცავდა თავის კულტურულ მემკვიდრეობას, ღირებულებებს. ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, რომ აბსოლუტურად მიუღებელი და მცდარია ჩვენში დამკვიდრებული ხედვა, თითქოს „ევროპა წაგვართმევს იდენტობას და ფასეულობებს“ – სწორედ ეს არის არასწორი პროპაგანდის გამოძახილი. მონტენეგრო, ეს საოცარი ქვეყანა, ამის საუკეთესო მაგალითია. არცთუ დიდი ხნის წინ, 2006 წელს მოიპოვა მან დამოუკიდებლობა და ამ მოკლე დროში, ქვეყანამ, რომელიც პატარაც არის და მცირეც, მოსახლეობის თვალსაზრისით, შეძლო თავისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც და განვითარებაც – რეალურად ტურისტული ზონაა არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ტურისტული ზონებით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით.
☑️ ქართულ რეალობას რომ დავუბრუნდეთ – რა გამოწვევებია დღეს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, ისტორიის სწავლების მიმართულებით? გვერდს ვერ ავუვლით სახელმძღვანელოების თემას, რადგან ძალიან ბევრი ოპონენტი ჰყავს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებს. რა არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში? თქვენ რა ხარვეზებს ხედავთ?
• აბსოლუტურად არ ვმალავ და ამ თემაზე ხშირადაც ვსაუბრობ კონკრეტულ ადრესატებთან, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გვაქვს, ეს არის ძალიან გადატვირთული, უზომოდ დიდი მასალა. ბავშვისთვის მთავარი იარაღი მაინც სახელმძღვანელოა, იქიდან იღებს ძირითად მასალას, თემის მომზადების პროცესში მას ეყრდნობა. ამიტომ ვამბობ, რომ პირველი და ყველაზე დიდი ხარვეზი, ამ დროისთვის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებს აქვს, უზომოდ დიდი მასალაა. კი, ბევრი წყარო ახლავს და ეს, რა თქმა უნდა, პლუსია, მაგრამ მაინც. გარდა ამისა, გულწრფელად გეტყვით, მე არც საქართველოს და მსოფლიო ისტორიის გაყოფა მომწონს, არასწორად მიმაჩნია და გეტყვით რატომ. საქართველოს ისტორიას ვერაფრით ვერ ასწავლი მსოფლიო ისტორიის კონტექსტის გარეშე, გამორიცხულია იმიტომ, რომ საქართველო იყო და არის მსოფლიოს ისტორიის ნაწილი. ნებისმიერ დიდ იმპერიას, რაც კი არსებობდა, საქართველოსთან ჰქონდა შემხებლობა, ამიტომაა წარმოუდგენელი, საქართველოს ისტორიის განკერძოებულად სწავლება. მაგალითად, თუ მოსწავლეს „არაბობა საქართველოში“ უნდა ვასწავლო, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა ვასწავლო ვინ იყვნენ არაბები, რა სახელმწიფო შექმნეს და ა.შ. თუკი ყველა ეს საკითხი ერთ წიგნში იქნება თავმოყრილი, ამით რა შავდება? ეს ნამდვილად არ დააკნინებს საქართველოს ისტორიის სწავლებას. იბნევიან ბავშვები, იმ სახელმძღვანელოში რა ისწავლეს და აქ – რა. ხშირად, თემების დამთხვევაც არ ხდება. მაგალითად, თუ პარალელურად გაყევი გაკვეთილებს მე-11 კლასში, მსოფლიოს ისტორიაში, ჯვაროსნებზე რომ ვართ, საქართველოს ისტორიაში მონღოლების თემა უნდა გაიარო. გამოდის, რომ ზოგიერთი თემა კონტექსტიდან ამოგლეჯილად უნდა ისწავლოს ბავშვმა. ისევ მასწავლებლის მოხერხებულობა უნდა ჩართო. ამიტომ მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ ერთ სახელმძღვანელოში გაერთიანდება ეს ყველაფერი და მსოფლიო ისტორიის თემებსა და ისტორიულ მოვლენებს საქართველოსთან კავშირში ვასწავლით.
☑️ როგორია უცხოური გამოცდილება? მაგალითად, როგორ ისწავლება ისტორია რომელიმე მოწინავე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში?
• ხარვეზები იქაც არის. ისტორია საგანია, რომელსაც პოლიტიკასთან აქვს კავშირი და მაინც პოლიტიზირებული ხდება ისტორიის სახელმძღვანელოები. წარსულის მაგალითებს თანამედროვეობასთან აკავშირებ, პარალელებს ავლებ, სხვაგვარად ვერ იქნება. აქ მნიშვნელოვანია მასწავლებლის ტექნიკა, როგორ მოარგებს, რა მიმართულებით წაიყვანს ამ პროცესს. ზოგადად, ასე იყო ყოველთვის, თუნდაც „ქართლის ცხოვრება“ რომ ავიღოთ, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკის ისტორია, ომების, მეფეთა ისტორია. იქ ჩვეულებრივი ყოფითი ფრაგმენტები არ გვხვდება. დღევანდელ რეალობაშიც ასე ვაკეთებთ, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შესწავლისას, იქნება ეს ევროპა, აზია თუ სხვა, წარსულს აწმყოსთან აკავშირებ. ბუნებრივია, ისტორიის სწავლებისას, ხარვეზები მარტო ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას არ აქვს და ვერც ექნება, ბევრ სხვა ქვეყანაშიც არ არის უხარვეზო და უნაკლო სახელმძღვანელოები.
☑️ როგორია ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოები შინაარსობრივად?
• თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი სახელმძღვანელოები, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ბევრად დახვეწილია, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, მრავალფეროვანი წყაროებია შემოტანილი. ბავშვს შეუძლია, კონკრეტულად ერთ წყაროზე დაყრდნობით კი არ იმსჯელოს, არამედ ალტერნატიული წყაროები განიხილოს, მულტიპერსპექტიულობა დაინახოს, სხვადასხვა ავტორების შეხედულებებს გაეცნოს და ლოგიკური დასკვნებიც ამის მიხედვით გააკეთოს. ამის ფუფუნება ნამდვილად გვაქვს. რაც შეეხება ვიზუალურ მასალას, აქაც საკმაოდ განებივრებულები ვართ, ფოტოები, რუკები, სქემები. აბიტურიენტებთანაც კი ამ სახელმძღვანელოების რუკებით ვმუშაობ (განსაკუთრებით, გამომცემლობა „დიოგენეს“ სახელმძღვანელოები, რომელშიც ქალბატონი მანანა შეყილაძის რუკებია შეტანილი). ერთ მაგალითს მოვიყვან – რამდენიმე დღის წინ, ერთ მოსწავლეს ვთხოვე, დიაოხის და კოლხას შესახებ ესაუბრა. ცოტა დაიბნა. მაშინვე ვუთხარი, ლიზიკო, რუკა გადაშალე და ის დაგეხმარება. გადაშალა და მართლაც, ძალიან კარგად ჩამომიყალიბა ყველაფერი. გაკვეთილის ბოლოს მოვიდა და მითხრა: მასწავლებელო, წიგნში ისე აბდაუბდა წერია, რომ კარგად ვერ გავიგე და როცა რუკაში ჩავიხედე, თქვენი ახსნილი გაკვეთილიც გამახსენდა, რუკას თვალი მივადევნე და ყველაფერი გამიიოლდაო. ასე რომ, სახელმძღვანელოებში აუცილებელია ვიზუალური მასალა, განსაკუთრებით კი რუკები. ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიის სწავლებისას, დიდი ყურადღება დაეთმოს რუკას. ბავშვებს მხოლოდ მისი დახმარებით შეუძლიათ სივრცეში ორიენტირება. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ხშირად უჭირთ ბავშვებს რუკაზე მუშაობა, ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა, „რუკის ლეგენდაზე“ დატანილი ინფორმაციის დახმარებით რუკის წაკითხვა, მაგრამ ჩვენ, ისტორიის მასწავლებლები, ვცდილობთ, რომ ეს ხარვეზი მაქსიმალურად აღმოვფხვრათ, თუმცა, ბუნებრივია,100%-იანი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
☑️ აქვე გკითხავთ, რამდენად თავისუფალია ჩვენი სახელმძღვანელოები და ისტორიის სწავლება პროპაგანდისტული ზეგავლენისგან, ანუ ისტორია გამოყენებულია როგორც იარაღი?
• პროპაგანდა შეიძლება დადებით კონტექსტშიც იყოს გამოყენებული. დღეს ისტორიის სახელმძღვანელოები უფრო თავისუფალია პროპაგანდისტული მაგალითებისგან. შეიძლება კიდევ არის ხარვეზები, რომელსაც დახვეწა სჭირდება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თუ წინა პერიოდის სახელმძღვანელოებთან გავავლებთ პარალელს, აშკარად პროგრესია.
☑️ როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს უკეთესი სახელმძღვანელოების შექმნას?
• ვფიქრობ, უშუალოდ მასწავლებლებიც უნდა იყვნენ ჩართული სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში იმიტომ, რომ ყველაზე კარგად მასწავლებელმა იცის, საგაკვეთილო პროცესში რა საკითხი როგორ იმუშავებს, რა დრო შეიძლება დაჭირდეს მის დამუშავებას, შესწავლას. რა თქმა უნდა, მასწავლებლის ტექნიკაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ბავშვისთვის მთავარი ინსტრუმენტი არის წიგნი. არც ამდენი კითხვაა საჭირო ერთ გაკვეთილში. ფიზიკურად წაკითხვა-გააზრებასაც ვერ ასწრებენ ბავშვები ვერც კლასში და ვერც სახლში. მაშ რა საჭიროა? მერე იმის განცდა უჩნდებათ, რომ რაღაც გამოტოვეს, რაღაც დავაკელით. მოკლედ, ეს საკითხი კიდევ მოითხოვს გადამუშავებას.
ისევ შეკითხვას რომ დავუბრუნდე, მასწავლებლებთან უნდა ხდებოდეს კონსულტაცია, თუნდაც ერთი წლის შემდეგ გვკითხონ: რა ხარვეზი დავინახეთ, როგორ იმუშავა სახელმძღვანელომ ან პირიქით. თუ სახელმძღვანელო პრაქტიკაში არ გამოსცადე, მის ავ-კარგიანობაზე ლაპარაკი ზედაპირული იქნება. მესმის, რომ ეს გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გზით რედაქტირებული სახელმძღვანელოებით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს და ისტორია ბავშვებისთვის გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, საინტერესო საგანი. საბოლოოდ კი ეს სწავლა-სწავლების პროცესს უფრო სრულყოფილს გახდის.
☑️ ბოლო წლებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, არჩევით საგნებს შორის, ისტორია ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა, ბევრი აბიტურიენტი ირჩევს ჩასაბარებლად. რას უკავშირებთ ასეთ ტენდენციას და, ამის ფონზე, როგორია აბიტურიენტთა შედეგები ისტორიის საგანში?
• ირჩევენ იმიტომ, რომ მათემატიკა რთულია. ძალიან უჭირთ მათემატიკის ჩაბარება და თუ მართლა არ ხარ დარწმუნებული, რომ მოერევი, რა თქმა უნდა, არ აირჩევ. შედეგები? რომ გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ, არა. ამაში, იცით, რა უშლით ხელს? ისევ და ისევ, დამკვიდრებული ტენდენცია – წლების განმავლობაში არაფერს გავაკეთებ და ბოლოს მოვემზადები. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა არ დებს კარგ შედეგს. როგორც რეპეტიტორი გეტყვით, თუ ჩემთან მოდის აბიტურიენტი, რომელსაც საბაზისო ცოდნა აქვს და შემდეგ მასზე ვაშენებ ახალ ცოდნას, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივ შედეგზე გავდივარ. მაგრამ აბიტურიენტთან, რომელიც ცარიელი ფურცლიდან იწყებს (საერთოდ რომ არ იცის ისტორია), კარგ შედეგს ვერ ვაღწევ. ბარიერს ყველა გადალახავს, ყველა ჩააბარებს, მაგრამ საუბარია კარგ შედეგზე. აი, ამიტომ არის აუცილებელი, რაც შეიძლება საინტერესო გაკვეთილების ჩატარება სკოლაში, თავისი ვიზუალური მასალით, სხვადასხვა რესურსით და, რაც მთავარია, გამარტივებული სახელმძღვანელოებით.
☑️ თანამედროვე სამყაროში როგორია ისტორიის საინტერესო გაკვეთილი?
• თანამედროვეა გაკვეთილი, სადაც გამოყენებულია ბევრად უფრო მეტი თვალსაჩინოება, რესურსი, ვიზუალური მასალა, ვიდეომასალა, ფილმები, პრეზენტაციები, სადაც გაკვეთილზე მთავარი როლი ბავშვს უკავია – ეს ყველაფერი ამარტივებს და საინტერესოს ხდის ისტორიის გაკვეთილებს. ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ ბევრად უფრო იოლად აღქმადი და საინტერესო გახადა ისტორიული პროცესების გაგება-გააზრება, ისტორიის გაკვეთილები უფრო შინაარსიანი და მრავალფეროვანი გახდა. სხვათა შორის, ჩვენს სკოლაში ამის ფუფუნება გვაქვს. კლასებში პროექტორებია დამონტაჟებული, ვაჩვენებთ ვიდეოსიუჟეტებს, ფრაგმენტებს ფილმებიდან, ვაწყობთ პრეზენტაციებს. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზებისა, ტექნოლოგიების გამოყენებამ ისტორიის სწავლება საგრძნობლად გაამარტივა და საინტერესო გახადა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიის როლი ისტორიული თემების განხილვისას და მიხარია, რომ მოსწავლეებს მოსწონთ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება, დისკუსიის გამართვა. არავინ იზღუდება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, ვარაუდი. პირიქით, ვახალისებთ, იყვნენ უფრო თამამები და თავისუფლები.
☑️ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოში ჯერ კიდევ არ შესული ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების სწავლება და თუ ესაუბრებით მიმდინარე მოვლენებზე თქვენს მოსწავლეებს? მაგალითად, ქვეყანაში არსებულ საოკუპაციო ვითარებაზე, ჩვენი დროის გმირებზე და ა.შ. რამდენად იყენებთ ისტორიაზე დაფუძნებულ პროპაგანდას სწორი მოქალაქის ფორმირებისთვის?
• რა თქმა უნდა, ვიყენებ და ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს დღევანდელ რეალობაზე, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ძალიან ბევრი ანალოგიური მაგალითის მოყვანა შეიძლება ისტორიიდან, რაც ხშირად მეორდება. აქედან გამომდინარე, გვინდა თუ არა, თანამედროვეობასთან მაინც გვაქვს შეხება, მაინც გვიწევს ამ საკითხებზე მსჯელობა. მთავარია, მასწავლებელმა საკუთარი აზრი არ მოახვიოს თავს მოსწავლეებს. პირიქით, საშუალება უნდა მივცეთ მათ ობიექტური თვალით დაინახონ მოვლენები, იმსჯელონ, შეადარონ,პარალელები გაავლონ, შეაფასონ, თვითმხილველების მოსაზრებები წაიკითხონ, მათაც ესაუბრონ, მოუსმინონ და დასკვნებიც თავად გამოიტანონ.
☑️ დაბოლოს, ისტორიის საგანი, მოქალაქეობასთან ერთად, უპირობოდ არის საგანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდებსა და ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სწორი მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ისტორიის სწავლებისას, ალბათ, ძალიან ფრთხილი მიდგომებია საჭირო?
• თამამად შემიძლია გითხრათ, ამ თვალსაზრისით, ისტორია, ლიტერატურასთან ერთად, პირველ ადგილზე დგას. ლიტერატურა კიდევ სხვა სულისკვეთებას და პატრიოტულ მუხტს აყალიბებს მოსწავლეში, მაგრამ ისტორიის სწავლება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ, სამშობლოს მოყვარულ, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების, ეროვნული საგანძურის დამცველ პიროვნებად ჩამოყალიბდე.თუ მათ ეყვარებათ, თუ ისინი მოუფრთხილდებიან საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას, მის ხელყოფას უცხო ვეღარ გაბედავს. აი, თუნდაც, ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მოსწავლეების ექსკურსიაზე წაყვანა, მხოლოდ გასართობადაა მოგონილი, მაგრამ არა, თუ ბავშვმა ადგილზე არ ნახა, ადგილზე არ შეიცნო და შეიგრძნო ჩვენი სულიერი სიმდიდრე, ის თავისად ვერ აღიქვამს მას და მისი დაცვის სურვილიც ნაკლებად გაუჩნდება. ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ იმიტომ კი არ უნდა ისწავლონ ისტორია, რომ ის სავალდებულო საგანია, არამედ იმისთვის, რომ შეძლონ მსჯელობა, ანალიზი, მოვლენების საღად შეფასება. როგორ შეიძლება იმსჯელო დღევანდელ პროცესებზე, საქართველოსთვის მტკივნეულ საოკუპაციო საკითხებზე, ილაპარაკო რუსეთის როლზე ამ პროცესებში და არ გაიაზრო, რას წარმოადგენდა ეს უზარმაზარი იმპერია, თუ არ იცი რა გაუკეთებია საქართველოსთვის და რა ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ქვეყანასთან. ვიღაც რომ მტკიცებით ფორმაში იტყვის: დიახ, ერეკლეს ბრალია, რომ რუსეთს მიგვაერთა, თორემ ვიქნებოდით ბედნიერადო… თუ არ იცნობ რეალურად რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებას, ვერც სწორ დასკვნებს გააკეთებ. ამიტომ არის ისტორიის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ სწავლება აუცილებლად გაუყალბებელი და რეალური ისტორიის. რაღაც ფაქტები და თარიღები შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ დალექილი ფასეულობები, ღირებულებები არსად წავა. სწორედ ეს აქცევს მოზარდს სრულფასოვან მოქალაქედ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე