სოფიო ლობჯანიძე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის დირექტორი
⏩ ვინ არის სკოლის მმართველი
„ხელმძღვანელობა არის მოქმედება და არა პოზიცია“ – სკოლის დირექტორს, დიდ მისიასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება: მოსწავლის, მშობლის, კოლეგის, საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს წინაშე.
სკოლის მმართველი დამცველი და სპიკერია სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისათვის, აქტიურად ურთიერთობს მშობლებთან, მოსწავლეებთან, ხშირად სტუმრობს საგაკვეთილო პროცესს, იზიარებს და სხვებსაც უზიარებს გამოცდილებას, ზრდის მომავალ თაობას და იზრდება თავადაც მათთან ერთად….
პირნათლად მოიხადო ადამიანური ვალი ერისა და ბერის წინაშე, არც თუ ისე მარტივი საქმეა, თუნდაც სკოლის დირექტორის პოზიციიდან. როდესაც ქვეყანას აღვუზრდით ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობით აღვსილ თაობას, თაობას, რომელსაც აქვს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება, იცავს და ინარჩუნებს ბუნებრივ გარემოს, შეუძლია ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს ახალ ცოდნასა და იმკვიდრებს საკუთარ ადგილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში – აი, ესაა სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნა. ამ ყოველივეს მიღწევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეუძლებელია ღირსეული მესაჭის — დირექტორის გარეშე!
იყო სკოლის დირექტორი, ნიშნავს უსაზღვროდ გიყვარდეს ბავშვები და მათი კეთილდღეობისთვის არაერთხელ დაგათენდეს, რომ მათ ყოველი დღე წინაზე უკეთესი გაუთენდეთ, უკეთესი ინფრასტრუქტურით, სასკოლო გარემოთი, უკეთესი სწავლის ხარისხით, უკეთესი მოტივაციით, რაც ესოდენ სჭირდებათ მათ!
⏩ სკოლის ლიდერის პასუხისმგებლობა
სიყვარულის გარდა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე, შეუძლებელია ადამიანმა ნებისმიერი საქმე აკეთოს სიამოვნებით, თან პროფესიონალურ დონეზე. ჩემი აზრით, ქვეყნად ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა მასწავლებლობა. ჩვენ წინაშე ხომ სუფთა ფურცლებად იშლებიან ჩვენი მოსწავლეები, ჩვენ მათი სულის სიმებს ვეხებით, ჩვენი მოქმედებით მათში ვწერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიას.
პასუხისმგებლობებიდან ჩემთვის მთავარია, რომ სკოლაში იყოს: უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც გათვალისწინებულია თოთოეული მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებები, მკვიდრდება დამოუკიდებელი სწავლის კულტურა; სადაც ყოველთვის სიხარულით მოდიან და სჯერათ, რომ მათ საკეთილდღეოდ ყველაფერი კეთდება, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება სწავლა-სწავლების პროცესი!
ჩემი მცირეკონტინგენტიანი სკოლა მაღალმთიან სოფელში მდებარეობს, სადაც ყველა ყველას ნაცნობი, მეგობარი თუ ნათესავია, ერთ ოჯახად შეკრული – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი – ეს ერთიანობა და მათი ჩართულობა სასწავლო პროცესის მართვაში, უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევასა და წარმატებას.
როგორც სკოლის ლიდერისთვის, ასევე უმნიშვნელოვანესია, თითოეულ მოსწავლეს მივცეთ სწავლისა და 21-ე საუკუნისათვის მისაღები უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარი შესაძლებლობა, მიუხედავად მათი სოციალური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ფიზიკური შესაძლებლობებისა. ურთიერთთანამშრომლობა და თანასწორობა არის ჩემთვის წარმატების გარანტი!
⏩ მართვის პრაქტიკის გაზიარება
სკოლის მართვისას ჩემი მიზანია სკოლის საქმიანობის ყველა სფეროში მაღალი სტანდარტის მიღწევა. ვცდილობ, სწორად შევაფასო სკოლის ზოგადი საქმიანობა და დავსახო პრიორიტეტები საქმიანობის გასაუმჯობესებლად, გამოვძებნო სტანდარტის ამაღლების გზები და საშუალებები.
წელს გავიარეთ ავტორიზაციისთვის თვითშეფასების პროცესი, რამაც გვიჩვენა ჩვენი მუშაობის შედეგი – დადებითიც და ისიც, რა გვაქვს უკეთესად გასაკეთებელი, რათა დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები და ავტორიზაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
სკოლის მართვის პროცესში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა მოსწავლეთა სიმცირეა. ამ პირობებში, სასკოლო ღონისძიებების სრულფასოვნად გამართვაც რთულია; ასევე ვერ ხერხდება სკოლაში ყველა საგნის მასწავლებლად ადგილობრივი კადრის აყვანა. შორიდან მოსულ მასწავლებლებს კი უჭირთ ტრანსპორტირება და ხშირად ისე ხდება, რომ ერთი წელი ჩერდებიან და ისევ ახალი მასწავლებლის პოვნა გვიწევს. მოსწავლეებს ყოველ წელს უხდებათ მასწავლებლის გაცნობა, შეჩვევა და… მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.
წარმატებული მასწავლებელი ზრდის წარმატებულ მოსწავლეს! ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ წინსვლას. ოთხი წლის წინ, როდესაც დირექტორი გავხდი, მხოლოდ მე ვიყავი სტატუსიანი მასწავლებელი, ერთი წლის თავზე კი მივაღწიეთ იმას, რომ ჩემმა მასწავლებლებმაც აიმაღლეს სტატუსი, რაც ყველაზე მეტად მახარებს და მეამაყება.
მინდა, მათთვის სამაგალითო და სტიმულის მიმცემი ვიყო – წელს კვლავ ჩავაბარე პროფესიული უნარების გამოცდა, ვმუშაობ პორტფოლიოს შედგენაზეც, როცა მე ავიმაღლებ სტატუსს, ისინიც იფიქრებენ ამაზე, ეს კი სკოლის ავტორიზაციისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ჩვენი თითო კურსდამთავრებული თითქმის ყოველ წელს რომ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში და ხშირად გრანტითაც სწავლობს, ესეც ხომ დიდი წარმატება და სიამაყეა.
⏩ სამეურვეო საბჭოსთან თანამშრომლობა
სკოლის დირექტორისა და სკოლის სამეურვეო საბჭოს კოორდინირებული მუშაობა სკოლის წარმატების საწინდარია, იმ ვალდებულებასთან ერთად, რასაც მოქმედი კანონმდებლობა გვიწესებს.
მართალია, მე არ გახლავართ სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, მაგრამ ეს არ მათავისუფლებს იმ ანგარიშვალდებულებებისგან, რაც მაკისრია ამ რგოლის წინაშე. მე უკვე ვითანამშრომლე წინა ვადით არჩეულ სამეურვეო საბჭოსთან, სასკოლო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხი იხილებოდა მათთან ერთად, გადაწყვეტილებებსაც მათი ჩართულობით ვიღებდით. სამეურვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, ისმენს დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს, ფინანსურ თუ სწავლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს და მონიტორინგს უწევს დირექტორის საქმიანობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი და სამეურვეო საბჭოს აქტიურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად შეცვალა სასკოლო გარემო, ჩვენ ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სკოლისა და მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებით.
რეალურად, როცა სამეურვეო საბჭოს წევრებს გათავისებული აქვთ უფლება-მოვალეობები და აქტიურად არიან ჩართული სკოლის მართვის პროცესში, საკითხები თვალსაჩინოა და მიღწეული შედეგიც მოსწავლეთა უკეთესი სწავლის პირობების შექმნას უზრუნველყოფს. სამეურვეო საბჭო უნდა ეხმარებოდეს დირექტორს სკოლის მართვაში, კანონიც ხომ ამას ავალებს.
⏩ როგორ მოქალაქეს ზრდის სკოლა
რომ გადავხედო წარსულს, გავიხსენო ჩემი მოსწავლეობის პერიოდი, სიმართლე გითხრათ, გული მწყდება ბევრ რამეზე… არც სოციალური მდგომარეობა, არც სასკოლო გარემო, არც არაფორმალური განათლების საშუალება არ ჰქონდა ჩემს თაობას, არც იმის ფუფუნება, რომ სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიეღოთ ან საჭირო ინფორმაცია ასე მარტივად მოეპოვებინათ, როგორც დღესაა ხელმისაწვდომი, ვერც ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ გარემოში იღებდნენ განათლებას, ვერ მონაწილეობდნენ კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში, ვერ მიდიოდნენ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. დღეს ეს ყოველივე ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, მთავარია მათი სურვილი და მონდომება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზება და წარმოჩენა. სწავლება მიმდინარეობს კონსტრუქტივისტული მიდგომით, რაც საშუალებას აძლევს მოზარდებს, ისწავლონ სწავლის სწავლა, ისწავლონ კეთებით, მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებასთან, ეს ყველაფერი უვითარებს მათ 21-ე საუკუნის უნარებს და უფრო შემზადებულები არიან ცხოვრებისთვის, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით უვითარდებათ ცხოვრებისეული პრობლემების ადვილად მოგვარების უნარები.
ახლანდელი თაობა უფრო რეალურად აფასებს, ხედავს ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სწორად გეგმავს მომავალს. ბევრი ახალგაზრდა, უმაღლესში ცოდნის მიღებას, პროფესიის შესწავლას ამჯობინებს, რაციონალურად იყენებენ დროის რესურსს, პროფესიასაც იღებენ და, შედარებით მოკლე დროში, დასაქმებასაც ახერხებენ. დღეს ნამდვილად იზრდებიან სკოლაში აქტიური, საკუთარი აზრის მატარებელი პიროვნებები.
⏩ პროფესიული განვითარება
უწყვეტი პროფესიული განვითარება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს სფეროში. როცა ასწავლი, საჭიროა თავადაც უწყვეტ რეჟიმში სწავლობდე! სისტემა ნამდვილად ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, ძალიან ბევრი ტრენინგი თუ ვებინარი მიეძღვნა მასწავლებელთა წინსვლის საკითხს და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს.
რაც შეეხება სკოლის დირექტორების პროფესიულ გადამზადებას, ჩემი აზრით, როგორც ყველა სფეროსა და საკითხს მსოფლიოში, ძალიან შეუშალა ხელი პანდემიამ. მახსოვს, ზუსტად დირექტორების გამოცდებისათვის ვემზადებოდით, ჩატარების თარიღიც ჩანიშნული იყო, ჩვენთან პანდემია რომ დაიწყო და ეს პროცესი შეჩერდა.
გეთანხმებით, რომ აუცილებელია დირექტორთა უწყვეტი პროფესიული ზრდა, რათა ფეხი ავუწყოთ საგანმანათლებლო სფეროში თანამედროვე მოთხოვნებს. სულ ახლახან დამტკიცდა დირექტორის ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც დირექტორი აღარაა მენეჯერი და უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი, ეს ნამდვილად საჭირო ცვლილებაა.
სკოლის მართვასთან ერთად, აუცილებელია სწავლის ხარისხის ამაღლება. არც დირექტორის წინა სტანდარტით გაწერილი მოთხოვნები იყო ადვილად მისაღწევი. გადამზადების გარეშე გაუჭირდებათ, განსაკუთრებით ახალბედა დირექტორებს, ფეხი აუწყონ სისტემის მოთხოვნების შესრულებას.
ჩვენ ზაფხულში ჩაგვიტარდა ტრენინგები სკოლის მართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, მივიღეთ დროული რეკომენდაციები და ვიმედოვნებ, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებები, ალბათ, მალე დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდებიც ჩატარდება, რადგან პანდემია შესუსტდა და რეგულაციებიც შეიცვალა.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგა დირექტორებს, რომლებიც პირველი დღიდან მხარში მიდგანან, გამოცდილებას მიზიარებენ, ძალას მაძლევენ და მარწმუნებენ, რომ შეუძლებელი და გაუკეთებელი არაფერია, რომ ურთიერთთანამშრომლობა ყველაზე დიდი „ოქროს გასაღებია“.
ასევე მინდა, მადლიერება გამოვხატო რესურსცენტრის უფროსისა და თანამშრომლების მიმართ, გაწეული დახმარებისათვის, მხარში დგომისათვის, ისინი დაუღალავად შრომობენ ჩვენი წარმატებისთვის.