თამარ თევდორაშვილი
სსიპ თბილისის №79 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი
მუსიკა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში. ადამიანი დაბადებისთანავე კონტაქტშია ამ ხელოვნებასთან, ხოლო მიზანმიმართულ მუსიკალურ განათლებას იღებს საბავშვო ბაღში, მოგვიანებით კი – სკოლაში.
მუსიკის გაკვეთილები, მრავალფეროვანი ინფორმაციის გარდა, რომელსაც ზოგჯერ შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, ისეთ აქტივობებს მოიცავს, რომლებიც, მოსმენილ ფრაგმენტზე დაყრდნობით, მსჯელობასა და საკუთარი აზრის გამოხატვას მოითხოვს. ეს ხორციელდება შემდეგი ოპერაციებით: შედარება, ანალიზი, დამახსოვრება, რაც ხელს უწყობს ბავშვის არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ ზოგად განვითარებასაც.
მუსიკის გაკვეთილებზე აქტიურდება შემეცნებითი და გონებრივი შესაძლებლობები, ბავშვები ბევრს სწავლობენ ნაწარმოების ყურადღებით მოსმენის შედეგად. თუმცა, ისინი აღიქვამენ მის ყველაზე ზოგად თვისებებს, მის ყველაზე ნათელ სურათებს. იმავდროულად, ემოციური რეაგირება არ კარგავს თავის მნიშვნელობას, მაგრამ თუ ბავშვს დაევალება ნაწარმოების მოსმენა, გარჩევა, შედარება, გამომხატველ საშუალებებზე დაკვირვება, ეს გონებრივი მოქმედებები მისი გრძნობებისა და გამოცდილების სფეროს გაამდიდრებს და გააფართოებს.
საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ბავშვები ზღაპარს, რომელიც მუსიკალური ენით იქმნება? ვფიქრობ, სწორედ თემიდან „ზღაპრული სამყარო მუსიკაში“ გამომდინარე, ისინი კიდევ უფრო უკეთ შეეჩვევიან ფიქრს, აზროვნებას, მსჯელობასა და ახსნას.
ზღაპარი ფანტასტიკური შინაარსის მოთხრობაა, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს, მასში იდუმალი, ჯადოსნური და საოცნებო ამბებია აღწერილი და გადაჯაჭვულია რეალობასთან, ზღაპარი ბავშვობის სიმბოლოა, რომელიც ხშირად დედებისა და ბებიების სასწაულებით სავსე ნაამბობს უკავშირდება. ზღაპრები ხომ სიკეთისა და ბოროტების, სიბრძნისა და უმეცრების დაპირისპირებას ეფუძნება, ბოლო კი კეთილია.
მუსიკის როლი ზღაპარში დიდია, დღესდღეობით ის მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. მასში გმირების, ტყის, წყალქვეშა და მთის ზღაპრული პეიზაჟებისა და სამეფოების, ფრინველებისა თუ ცხოველების – ერთი სიტყვით, ჯადოსნური სამყაროს მთელმა სიმდიდრემ თავისი ხმოვანი გამოხატულება მიიღო. ზღაპარში მუსიკა განსაკუთრებული და ჯადოსნურია. მუსიკით ვიგებთ, როგორია იდუმალებით მოცული უღრანი ტყე, როგორ ცეკვავენ ოქროს თევზები, როგორ ლივლივებენ ლურჯ ზღვაში სირინოზები, რამხელა საიდუმლოს ინახავს თვალუწვდენელი მთები, როგორი თვალწარმტაცი ჯადოსნური ადგილებია ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით…
მოუსმინეთ მუსიკას, დახუჭეთ თვალები და აღწერეთ ის, რაც წარმოიდგინეთ…
ლეროი ანდერსონი – „მივიწყებული ოცნება“
ზღაპარი უზარმაზარ შესაძლებლობებს აძლევს ბავშვებს – უვითარებს აზროვნებასა და წარმოსახვას, უმაღლებს ცნობიერებას და უყალიბებს მსოფლმხედველობას. ზღაპარი ადამიანებს მუსიკის აღქმაშიც ეხმარება, წინა პლანზე სწევს ფანტაზიასა და წარმოსახვას, ხოლო მუსიკა აცოცხლებს სცენებს, ამძაფრებს გრძნობებს, ხელს უწყობს ემპათიის გამოხატვას. ზღაპარში გადმოცემული მუსიკალური ენა ხან თხრობითია, მღერადი, ზოგჯერ დაძაბული და არამღერადი, იგრძნობა, თუ როგორ იცვლება მუსიკის შეფერილობა, განწყობა და ხასიათი.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?.. ზღაპარი ხომ ასე იწყება…ზოგჯერ მას ისეთი შინაარსი აქვს, რომ შეგიძლია თავი პერსონაჟების ადგილზეც კი წარმოიდგინო – გქონდეს უგრძელესი თმა, იყო კეთილი ფერია და ჯადოსნური ჯოხით ყველას უსრულებდე სურვილებს, გქონდეს გამჭრიახი გონება და ფლობდე ვეებერთელა ძალას… თუკი მწერლები სიტყვებითა და წინადადებებით მოგვითხრობენ სხვადასხვა ამბებს, აღწერენ გარემოს, გვიყვებიან დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების შესახებ, კომპოზიტორები სხვადასხვა მუსიკალური ხერხებით ქმნიან იმ განწყობას, რაც ასე აძლიერებს ბავშვის ემოციასა და ინტერესს.
ზღაპარში მუსიკა ეხმარება გმირებს, ამარცხებს ბოროტებას, ამაღლებს სიკეთესა და სამართლიანობას. მასში მუსიკა აძლიერებს პერსონაჟების ემოციურ მუხტს — თუ პერსონაჟი დადებითია, მუსიკა მხიარული, ტკბილხმიანი და სათუთია, ხოლო თუ ველით უარყოფითი გმირის გამოჩენას ან ავისმომასწავებელ მოქმედებას, მაშინ ჟღერს სევდიანი, დაძაბული და ტრაგიკული მუსიკა.
ზღაპარში თითოეულ პერსონაჟს თავისი განსაკუთრებული მუსიკალური დახასიათება აქვს, რაც ჟღერადობაში არსებული სიკაშკაშით, ტემბრალური ფერადოვნებით, მელოდიური ქსოვილითა და რიტმული მრავალფეროვნებით გამოიხატება. მუსიკალური თანხლება უდიდეს როლს თამაშობს გმირის განწყობისა და ემოციის გადმოცემაში.
მოუსმინეთ მუსიკას, რა განცდა დაგეუფლათ?
როგორი პერსონაჟი წარმოიდგინეთ?
რომელშია აღწერილი დადებითი პერსონაჟი და რომელში უარყოფითი?
ა. ლიადოვი — სიმფონიური სურათი „კიკიმორა“
ე. გრიგი — „ჯუჯების სვლა“
პ. ჩაიკოვსკი — ნაწყვეტი ბალეტიდან „გედების ტბა“
მაშასადამე, კომპოზიტორები, ზღაპრული სამყაროს მუსიკით აღწერისას, სხვადასხვა მუსიკალურ ხერხებს მიმართავენ, მხიარულ მაჟორს ან მოწყენილ მინორს, ხან მოლივლივე და ხანაც იდუმალ ქრომატიზმს, ნაზ, სათნო, გაბრაზებულ თუ უხეშ ინტონაციებს, ულამაზეს, მღერად ან დაძაბულ მელოდიებს, მოძრავ ან მდორე რიტმს, სწრაფ, საშუალო ან ნელ ტემპს… დაბოლოს, მძაფრდება ის მუხტი, რასაც მუსიკისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული ჰქვია.
Powerpoint-ში აწყობილი პრეზენტაცია.