შეჩერდი წამო!
ქვემოთ, სოფელში შეშისმჭრელის პატარა შვილებს გადაუშლიათ მუხასთან წიგნი და გულკეთილი, ღუღუნა ხმებით კითხულობენ „ჩიტო-ჩიორას“!…
და ბავშვები ჩაფიქრებულნი შესცქერიან ცეცხლსა და ბუხარს…
ბავშვების სუფთა, კეთილ გულებში სიბრალული და სევდა ჩამდგარა.
ჩიტმა ჩიორამ ვერ გაიმეტა ხე, რომელზეც ბუდეა მისი!
ჩიტმა ჩიორამ ვერ გაიმეტა ძირიც ამ ხისა!
შეჩერდი წამო!
ჩიტმა ჩიორამ რა საქვეყნო სევდა იტვირთა!1
ხშირად მესმის ხოლმე დედებისგან:
რა ზღაპარი წავუკითხო ჩემს შვილს?
რატომ მაინცდამაინც ეს ზღაპარი?
რომ შეშინდეს და მშიშარა გაიზარდოს?
ნაცარქექიასგან რომ უმაქნისობა და ტყუილები გადაიღოს?
მოძალადე რომ გაიზარდოს?
კომენტარის ერთი ნიმუში სოციალური ქსელიდან:
„სხვათა შორის, არც ჩემს შვილებს მოწონდათ ზღაპრები, იმ მიზეზის გამო, რომ უმრავლესობა ძალადობის ფაქტებით არის დატვირთული, განსაკუთრებით გრიმების.
დეე, რა ამბავია ამდენი მკვლელობა? – მკითხეს ერთხელ და სულ სხვა კუთხიდან დამანახეს ჩემს ბავშვობაში ათასჯერ წაკითხული ზღაპრები.
მე რატომ არ აღვიქვამდი ასე?! ერთ ამოსუნთქვაზე ვკითხულობდი გრიმების ტომებს და აზრად არ მომსვლია, რამდენი ძალადობაა აღწერილი ნებისმიერ ზღაპარში (ქართულებსაც ვგულისხმობ).“
◊ ◊ ◊
რატომ ვკითხულობდით ბავშვობაში ზღაპრებს „ერთ ამოსუნთქვაზე“? რატომ არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ზღაპრებში სისასტიკე და ძალადობაა? ეგების, მშობელთა, მამა-პაპათა თაობა – ჩვენი წინაპრები, უფრო ცოცხლად აღიქვამდნენ ზღაპრის ხატ-სახეთა ფესვებს?
ზღაპრის ჯადოსნური ხატ-სახეები უხსოვარი დროიდან მოყვება კაცობრიობას თავისი განვითარების რთულ გზაზე. ეს ფესვები კი, რაც უფრო უკან მივდივართ, კიდევ უფრო ძველია და ღრმა, ახლოსაა დედა ბუნების პირველყოფილ ძალებთან, სულიერ არსებებთან /ღვთაებებთან/ და აქედან გამომდინარე, სამყაროში არსებულ კეთილ თუ უკეთურ ძალებთან და მათ გაგებასთან. „ზღაპრის პოეტური სახეების სათავე გაცილებით ღრმად დევს ადამიანის სამშვინველში, ვიდრე სხვა შემოქმედებითი წყაროებისა, რომლებიც ასევე სულიერად ასაზრდოებენ ადამიანის სამშვინველს.“2
მაგალითად, ძველ საბერძნეთში, ესქილეს დროს და უფრო იქით, ადამიანი იგრძნობდა თუ არა, რომ სულიერად გამოიფიტა (მაშინ ამგვარი მდგომარეობა ცხადად აღიქმებოდა როგორც ავადმყოფობა ), მიდიოდა თეატრში „სამკურნალოდ“. ტრაგედიის გმირთან ერთად განცდილი შიშისა და თანაგრძნობის განცდა სასიკეთოდ მოქმედებდა და მაყურებელში რეალურ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევდა. ტრაგედიის ეს სასწაულებრივი თვისება სწორედ ზღაპარში არსებული დედა ბუნების წმიდათაწმიდა ხატ-სახეების ჯადოსნური ზემოქმედების გამოძახილია, მისი სათავეც უძველეს მისტერიებში დევს და დღემდე მკურნალად მოჰყვება კაცთა მოდგმას ეპოქათა მანძილზე.
დიახ, დედა ბუნებაში არსებული წმიდათაწმიდა ხატ-სახეები დღესაც გაუცნობიერებელ შიშსა და კრძალვას იწვევს ადამიანში (ბავშვი იქნება, მოზარდი თუ მხცოვანი), მაგრამ ესაა შიში და გაოცება დიადისა და შეუცნობელის წინაშე, რომელიც ადამიანის შემდეგი ცხოვრების საფუძველი და იმის საწინდარია, რომ აღტაცების, სიყვარულისა და კრძალულების გრძნობა არ გაგვიქრეს. ამგვარი შიში ადამიანში ჩაბუდებული ეგოიზმის საპირწონეა. ამასვე გვეუბნება რუსთველი ცნობილი ფორმულით „შიში შეიქმს სიყვარულსა“ – შიშს ნაირგვარი სახე აქვს, ღვთისმოშიში ადამიანი სულაც არ გულისხმობს დამფრთხალ, მატერიალურს ჩაჭიდებულ და დამორჩილებულ ადამიანს, რომელიც შიშით შეცქერის სულიერ სამყაროს და ურჩევნია უარყოს მისი არსებობა (ხანდახან ამგვარადაც ესმით ხოლმე…). განა არ განგვიცდია შიში ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, სამშობლოს, იდეის, პრინციპისა თუ ცხოვრების აზრის დაკარგვის გამო და არ გაგვჩენია თავგანწირვის სურვილი? განა არ მოგვჩვენებია, რომ ამგვარი განცდის გარეშე არაფრად ეღირებოდა ჩვენი სიცოცხლე? ამგვარი შიში სიკვდილის შიშსა სძლევს!
არსებობს სხვა შიშიც, ეგოიზმიდან და ურწმუნოებიდან მომდინარე, რომელიც წყალწაღებულივით ებღაუჭება ამქვეყნიურს, წუთიერს, საკუთარ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ამგვარი ადამიანი არაფერს გაიღებს სხვისთვის. მისთვის ეს ქვეყანა, მატერია, დღევანდელობა ერთადერთი რეალობაა… ამაზე რუსთველი იტყოდა: შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა-ო. უფრო მეტიც, ამგვარი შიშის გამო ადვილად გაწირავ სხვას. ამგვარი შიშის ჩანერგვაც ისევე შეიძლება, როგორც ვაჟკაცობისა და სწორი ზნეობრივი პრინციპების. მით უმეტეს, რომ დღეს ამისთვის ათასნაირი საშუალება არსებობს. ეს შეიძლება გამიზნულადაც მოხდეს და გაუაზრებლადაც, მაგრამ შედეგი ერთი აქვს – დეზორიენტირებული, დაშინებული, არაზნეობრივ პრინციპებზე აღზრდილი საზოგადოება.
სწორედ ამ შიშზეა დაფუძნებული მოზარდთათვის განკუთვნილ დღევანდელ ანიმაციათა და ფილმთა უმეტესობა. მათი გმირები ვაჟაკაცები არ არიან, ისინი მშიშრები არიან და შიშის გამო სჩადიან ათასნაირ ბოროტებას. მათთვის სხვის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, რადგან ხედავენ, რომ საკუთარი სიცოცხლეც ჩალის ღერივით წარმავალი და წუთიერია – აი, ამგავარ შიშს ებრძვის ზღაპარი.
მგონია, რომ ამნაირივე შიშის ერთ-ერთი გამოვლინებაა ტენდენცია, რომ ქართული ზღაპარი ყველაზე სასტიკი ზღაპარია მსოფლიო ზღაპრებს შორის, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ზღაპრის ხატ-სახეთა ცნობიერ გაგებას. მაგალითად, ხდება ხოლმე ზღაპრული ხატ-სახის (მგლის, მელიის, ფრინველის და ა.შ.) გაიგივება რეალურად არსებულ პროტოტიპთან. აღმზრდელები ზღაპრის ხატ-სახეს ნამდვილი მგლისა თუ მელიის ხატ-სახეთი ანაცვლებენ, რაც მათში სიბრალულს იწვევს და ბავშვებსაც არიდებენ ამ ზღაპარს. ამგვარი მიდგომა იწვევს უკეთურ ძალთა გამომხატველ პერსონაჟთა – იქნება ეს დევი, გველეშაპი, კუდიანი დედაბერი თუ ადამიანის სახით გამოხატული ბოროტი ძალა – შეცოდებასაც, რაც ზღაპრის მთავარ საზრისს, დანიშნულებას – ბოროტისა და კეთილის გარჩევის უნარს უკარგავს მომავალ თაობას.
რატომღაც არავინ ლაპარაკობს ანიმაციური, საბავშვო ფილმებისა თუ ვიდეოთამაშების მართლაც სასტიკ, დაუნდობელ, გამიზნულად დამახინჯებულ იმ საშინელ პერსონაჟებზე, რაც დიდ ფსიქიკურ და ზნეობრივ დაღს ასვამს მოზარდებს. ადამიანმა უნდა დაიცვას ბუნებაში არსებული ყველა სულდგმული, ეს მისი წმიდათაწმიდა მოვალეობაა, მაგრამ წინ უნდა აღუდგეს ზღაპარში გამოხატულ სიხარბეს, ვერაგობას, ცბიერებას, უხეშ, დამთრგუნველ, სასტიკ, მჩაგვრელ ძალას, რაც ზღაპარში მგლის, მელიის, დათვის, დევის, ურჩხულის და ა.შ. ხატებში დევს. მათი ამგვარი სახით განცდა ადამიანში არსებულ უკეთურ ძალთა გარდაქმნას იწვევს და როცა უფლისწული ათასნაირ განსაცდელს გადალახავს მზეთუნახავის გამოსახსნელად, იმ საშინელი და სასტიკი ხატ-სახეებითაც კი, რაც ხანდახან უფროსებს უმართებულოდ გვეჩვენება, ამ დროს ბავშვში განცდილი შიშისა და თანაგრძნობის განცდა მასში არსებულ ეგოიზმს ასუსტებს. რა თქმა უნდა, საჭიროა ასაკის გათვალისწინება და იმის გათვალისწინებაც, რომ ზღაპარი მისტერიაა და მხოლოდ საუკუნეების შემდეგ, როცა ადამიანმა გაიარა განვითარების გარკვეული საფეხურები, ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის და აუცილებელი ბავშვებისთვის. მაგრამ ზოგიერთი ზღაპარი არაა 4-5 და გინდაც 7 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი.
ზღაპარი იმ ღვთაებრივი ენით გველაპარაკება, რასაც ბავშვობიდან თუ მოვუსმენთ, – შემდეგ, ცხოვრების გრძელ გზაზე, მოციმციმე ვარსკვლავი ჩვენთვის მხოლოდ ციური სხეული არ იქნება, ციცინათელა-მანათობელი მატლი, ცისარტყელა კი, მხოლოდ წვიმის წვეთებში არეკლილი მზის ათინათი. შიში და გაუცხოება ღვთაებრივისგან მოშორებასა და მისი ენის დაკარგვას მოსდევს – ნუ დავუკარგავთ ბავშვებს ზღაპრულ ხატ-სახეებს – ამ კეთილ და ჯადოსნურ მკურნალს!
ქეთევან აბრამიშვილი
ფილოლოგი, რედაქტორი
- მანანა აბრამიშვილი, საბავშვო შემეცნებითი ჟურნალი „ანო და ვანო“, 2015;
- RUDOLF STEINER ERGEBNISSE DER GEISTESFOSCHUNG GA 326.