3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ვცდილობ, ჩემი აღქმის დონით არ შევხედო ამ გამოწვევას

spot_img

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით შექმნილმა მდგომარეობამ, ბუნებრივია, ევროპაში მყოფი ქართველი სტუდენტების დღის წესრიგი ისევე შეცვალა, უფრო სწორად თავდაყირა დააყენა, როგორც დანარჩენი მოქალაქეების. თუმცა, მათგან განსხვავებით, უცხოეთში დარჩენილი სტუდენტების უმეტესობისთვის ახლა სამშობლოში დაბრუნებაც თავსატეხად იქცა, ნაწილი კი, თვითიზოლაციის პროცესის დასრულებას, შეძლებისდაგვარად, მშვიდად ელოდება, მაგრამ ამ სიმშვიდეში ნოსტალგია მაინც მოჭარბებულად იგრძნობა. და მაინც, რა შეცვალა თვითიზოლაციამ უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების ცხოვრებაში?

ქეთევან ჯელაძე,

KIT-ის უნივერსიტეტის ფიზიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი:

უკვე მეორე თვეა, რაც გერმანიაში გადმოვედი საცხოვრებლად, ვსწავლობ კარლსრუეს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მე-9 დღეა, რაც სალექციო რეჟიმი გაუქმდა და ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში გადავედი. დღევანდელი მონაცემებით, 19 აპრილამდე ლექციები არ ჩატარდება.
ლექტორები თითქმის ყოველდღიურად გვეხმიანებიან, სხვადასხვა რეკომენდაციებს გვაძლევენ, ზოგიერთი ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც გვწერს, გვამხნევებს, რაც ძალიან სასიამოვნოა.
იმ საერთო საცხოვრებელში, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემ გარდა, ბევრი სტუდენტია. ყველა დაბნეული და ცოტა მოწყენილია. დიდ წვეულებებს აღარ მართავენ, რაც მანამდე მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ არავინ წუწუნებს.
ჩემი რეალობაც ძალიან შეიცვლა. თავი სუპერგმირი მგონია, რომელსაც რამდენიმე მისია აქვს: მაღაზიიდან პროდუქტების მომარაგება, მეცადინეობა და, რაც მთავარია, კარგი განწყობის შენარჩუნება. პირველი ორი რთული არ არის, მესამე კი, შედარებით შრომატევადია. პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად მეხმარებიან „პროცენტები“, ვითვლი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რამდენი პროცენტია ინფიცირებული, რამდენი გარდაცვლილი, რამდენია გამოჯანმრთელებული. სიახლეებს დღეში მხოლოდ ორჯერ ვეცნობი. ბევრს ვკითხულობ, რაც განსაკუთრებით მეხმარება თვითიზოლაციის დადებითი მხარეების აღმოჩენაში. ჩემი წიგნების მარაგი არც ისე დიდია, სულ 4 წიგნი მაქვს წამოღებული, მაგრამ „საბას“ აპლიკაციამ ერთი თვის განმავლობაში წიგნებზე წვდომა უფასო გახადა, რაც ძალიან გამიხარდა. ახლა „ჰომო ფაბერს” ვკითხულობ და ვცდილობ გავარკვიო, რატომ არ უყვარს ავტორს გერმანელები. ვუსმენ მუსიკას, ვუყურებ ფილმებს. ვფიქრობ ბევრს დღევანდელობის ავკარგიანობაზე, მიზეზებზე, შედეგებზე. ველაპარაკები ჩემს მეგობრებს ვიდეოზარით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი ყურადღებაც ჩემ მიმართ გაორმაგდა, რაც ძალიან მახალისებს.
ჩემი ძალიან დიდი ოჯახის 8-ვე წევრი, ყოველდღიურად, ჩემთან ერთად განიხილავს შექმნილი სიტუაციის გამოწვევებსა და შედეგებს, ჩემი დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს.
დაბრუნებასთან დაკავშირებით უცნაურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვფიქრობ, აქ დარჩენით უფრო დავიცავ საკუთარ თავსაც, ოჯახსაც და ჩემს თანამოქალაქეებსაც. დღეს ასე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რა იქნება ხვალ.
ჩემმა ერთმა ძალიან კარგმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც ძალიან მომეწონა: „ახსნას წყვეტ, როდესაც ხვდები, რომ ხალხი მხოლოდ საკუთარი აღქმის დონით აანალიზებს“. ჰოდა, მეც ვცდილობ, ჩემი აღქმის დონით არ შევხედო ამ გამოწვევას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები