√ კონსტანტინე ხოჭოლავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
თანამედროვე სკოლა – თანამედროვე მოთხოვნები
სკოლა იმ საბაზისო ცოდნას გაძლევს, რომელიც ადამიანმა უნივერსიტეტში უნდა გამოიყენოს. საბაზისო ცოდნაში მარტო თეორიული სწავლება არ იგულისხმება, არამედ ადამიანობა და მნიშვნელოვანი ღირებულებები – პატრიოტიზმი, შემწყნარებლობა და მრავალი სხვა. ზუსტად ესაა თანამედროვე მოთხოვნები, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელშიც ყველა ინდივიდი უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ სტანდარტებს, სრული ინტეგრირებისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელი საჯარო სკოლები ამ სტანდარტს ვერ უზრუნველყოფენ. მეტსაც გეტყვით, ამას კერძო სკოლების უმრავლესობაც ვერ უზრუნველყოფს. რის გამოც ახალგაზრდებს გვიწევს, მივმართოთ არაფორმალურ განათლებას, რომელიც ნაწილობრივ მაინც გვეხმარებას ამ სიცარიელის შევსებაში.
სკოლაში თვითგადარჩენა ვისწავლე. კერძო სკოლაში დავდიოდი. ეს გარემო, ე.წ. ელიტა (პედაგოგები, მოსწავლეები) ძალიან დიდი პრობლემა იყო ბევრი ბავშვისთვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე უარყოფითი გამოცდილება იყო, რადგან მეტწილად ვისწავლე, როგორი არ უნდა ვყოფილიყავი, რაც არც ისე ცუდია. ედისონის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, რომელმაც თქვა, მე ნათურა შევქმენი 100 ხერხის ცოდნით, თუ როგორ არ უნდა შექმნა ნათურა. იმისთვის, რომ სკოლებში ისეთი მოქალაქეები აღზარდონ, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, აუცილებელია თვითონ აღმზრდელის სწორად შერჩევა, თუმცა მათი პოვნა, ჯერ კიდევ, საკმაოდ რთულია პოსტსაბჭოურ სივრცეში.
„უნივერსიტეტი – სახლში“
საუნივერსიტეტო წელი პანდემიასთან ერთად და „უნივერსიტეტი – სახლში“, არც ისე სასიამოვნოა. მოგეხსენებათ, რომ თსუ-ს არასდროს ჰქონია, პანდემიის დაწყებიდან, სააუდიტორიო მეცადინეობები, გარდა რამდენიმე ფაკულტეტისა. ყოველ შემთხვევაში, ჩემსა და ანალოგიურ ფაკულტეტებს ეს ბედნიერება არ გვიგრძვნია. ონლაინ სწავლებამ ძალიან ცუდი სტუდენტობა გვარგუნა უმრავლესობას. ხარისხობრივად, ონლაინ პლატფორმა სააუდიტორიოს ვერც შეედრება. კომუნიკაციის ნაკლებობა, არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც ბევრს ჩვევადაც კი გვექცა და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, ონლაინ სწავლებას თავისი დადებითი მხარეები აქვს, განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც რაიონში ცხოვრობენ, რადგან არ მოუწევთ ქალაქში ქირით ცხოვრება და ნეგატიურ ურბანიზაციასაც შეუშლის ხელს, რაც ამ სიტუაციაში ცუდი ნამდვილად არ არის.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ქვეითდება პროფესიონალიზმი, რადგან ეცემა სწავლის ხარისხი. წარმოიდგინეთ, ჩემს უნივერსიტეტში საგრძნობლად გაიზარდა სასტიპენდიო საშუალო ქულა, ონლაინ რეჟიმში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პანდემიამდე იყო. შესაბამისად, სტიპენდიის აღებაც უფრო რთული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერ გზებს მივმართავთ სტუდენტები და განათლება ჩვენთვის მეორეხარისხოვანი გახდა. მე კიდევ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის ნამდვილად არ ვაპირებ არაკეთილსინდისიერი გზებით წასვლას, ხარისხიანი ცოდნის მიღების ხარჯზე და სხვებსაც იმავეს მოვუწოდებ.
უნივერსიტეტში შეძენილი განათლების ხარისხი
ობიექტური თვალსაზრისით, მეტს ველოდი. შეიძლება, მე ვარ ასეთი, თუმცა ამას ჩემ გარდა ბევრი სხვაც ამბობს. სხვა უნივერსიტეტებს ვერ შევადარებ, რადგან ჩემი უნივერსიტეტის გარდა, ჯერჯერობით, სხვაგან არ მისწავლია. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა ძალიან გამომადგა პრაქტიკაში, სტაჟირების დროს. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩემს უნივერსიტეტში არ არის დანერგილი თანამედროვე მეთოდები, რომლებიც იმ უნარებს გამოუმუშავებს სტუდენტებს, რაც შრომის ბაზარზე კონკურენციის გაწევისთვის გვჭირდება, მათი გამომუშავება სტუდენტზეა დამოკიდებული.
საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამა და ბაზარზე არსებული რეალური მოთხოვნები
დიახ, განვმეორდები, უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ნამდვილად არ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. მაგალითად, ძალიან ცუდია, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, რომ დამამთავრებელ კურსზე საკუთარი პროფესიით სტაჟირება გაიაროს. ეს კატასტროფაა, რადგან პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას უნივერსიტეტი არ გვაძლევს, ამიტომ გარეთ უნდა ვეძებოთ და ესეც დამამთავრებელ კურსამდე არ შეგვიძლია, თანაც ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, გამართლებაზეა. რაც შეეხება, თანამედროვე სასწავლო პროგრამას, ამით ნამდვილად ვერ გამოვარჩევდი ჩემს უნივერსიტეტს. სახელმძღვანელოებიც ზოგ საგანში იმდენად მოძველებულია, რომ პრაქტიკულად მაკულატურადაა გადაქცეული, თუმცა ეს მარტო ჩვენი უნივერსიტეტის კი არა, ზოგადად, ეროვნული პრობლემაა.
ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტი
ყველა სტუდენტი უნდა იყოს ჩართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ საქმიანობაში, რადგან უნივერსიტეტი, ვიწრო გაგებით, პატარა სახელმწიფოსავითაა, რომელშიც, სარგებლის სახით, განათლებასა და ინდივიდად ჩამოყალიბებას იღებ. ამ უკანასკნელისთვის საჭიროა სტუდენტური აქტივობა უნივერსიტეტის ე.წ. თვითმმართველობაში. ამის შესაძლებლობა უნივერსიტეტში თან არის და თან არ არის, რადგან არალეგიტიმური თვითმმართველობა ჰყავს უნივერსიტეტს, რომელსაც ფორმალური ძალაუფლება კიდევ აქვს შერჩენილი. ამ საკითხზე საუბარი შორს წამიყვანს, მაგრამ რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის პოლარიზაცია უნივერსიტეტში, მათ შორის აკადემიურ პერსონალშიც, ამიტომ საკითხავია, რამდენად უწყობს საგანმანათლებლო სისტემა სტუდენტს ხელს აკადემიურ სოციუმთან ურთიერთობაში. ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტი დასავლური ტიპის სასწავლებელია, რომელშიც იქნება დაწესებულების წესდება (სტუდენტებზე მორგებული), ჰოლოკრატიული ლეგიტიმური თვითმმართველობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მუდმივად განახლებული ბიბლიოთეკა და ა.შ.
აკადემიური პერსონალი – იდეალური ლექტორი
ჩემთვის იდეალური ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია, ობიექტური, სტუდენტებისთვის საინტერესო ადამიანი, მისი ლექციები მოსაწყენი არ უნდა გახდეს, მუდამ ინტერაქციული უნდა იყოს და გაწონასწორებული. გარდა ამისა, იდეალური ლექტორი სტუდენტებთან აუცილებლად უნდა მეგობრობდეს და მარტო სტუდენტ-ლექტორის ამპლუაში არ დარჩეს. მნიშვნელოვანია ქვეყანაში არაფორმალური პროფკავშირის განვითარება, რაც დაეხმარება დარგის როგორც ეროვნულ, ასევე კოსმოპოლიტურ დონეზე განვითარებას.
საუნივერსიტეტო გარემო, ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურა
გარემოსი რა მოგახსენოთ, მხოლოდ ერთი სემესტრი ვიყავი აუდიტორიაში და შემდეგ სულ ონლაინ, რადგან ჩვენი ფაკულტეტი მუდმივად ონლაინ რეჟიმში დარჩა, ალბათ, კიდევ ასე გაგრძელდება. ადმინისტრაციის მომსახურება რამდენჯერმე დამჭირდა და, სამწუხაროდ, გამოცდილება კარგი ნამდვილად არ იყო.
მუდამ პრობლემაა საგნების რეგისტრაციაში და ეს უკანასკნელი ბევრს არც ადარდებს.
საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, როგორც ვიცი, უნივერსიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს და ახალი აღჭურვილობაც მოიტანეს, ჯერჯერობით არ მინახავს, თუმცა სოციალურ ქსელში ნანახი ფოტოებით თუ ვიმსჯელებ, დიდი იმედი მაქვს, რომ კარგია.
კარიერის სამსახური და ქართული საუნივერსიტეტო განათლება როგორც დასაქმების გარანტი
არა და არა. ძალიან სამწუხარო რეალობაა. მართალია, თსუ აგზავნის სტუდენტის პორტალზე ვაკანსიებს, თუმცა ძალიან ცუდადაა ორგანიზებული, რადგან უკლებლივ ყველას მისდის, განურჩევლად ფაკულტეტისა და მეტწილად ისეთი ვაკანსიებია, რომლებიც სტუდენტებს ხელს არ უწყობს გრაფიკში და არც პროფესიული განვითარების თვალსაზრისითაა სასურველი. საზღვარგარეთ სხვა რეალობაა და აქ სხვა. აქ უნივერსიტეტისგან, შეიძლება, გარკვეულწილად, მიიღო შეღავათი, მაგალითად, გამოცდის თარიღი გადაწიო ან სემინარების მაგივრად ასინქრონული დავალება აიღო, თუმცა ეს სემინარის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული. საერთო ჯამში, ეს უკანასკნელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
გზა უცხოეთისკენ
რა თქმა უნდა, უცხოეთში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად ვაპირებ. გეზი გერმანიისკენ მაქვს აღებული და ენის სწავლის პროცესშიც ვარ. უცხოეთს იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ იქ უნივერსიტეტი, მთელი თავისი არსით, უნივერსიტეტობს. იქ იციან დაფასება და მაღალია სწავლის ხარისხი, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ყველანაირი ცუდი „იზმი“ არის დამკვიდრებული სასწავლო დაწესებულებებში. აქ განვითარების პერსპექტივა თითქმის ნულია. რა თქმა უნდა, სწავლა აქაც დაგიფასდება, თუმცა შედეგი არ იქნება იმ შრომის პროპორციული, რომელიც გასწიე, ამიტომ უცხოეთთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ჩემი პასუხია — „კი“.
ქართული სტუდენტური ცხოვრება
ვცდილობ, თავისუფალი დრო თვითგანვითარებისთვის გამოვიყენო. ვკითხულობ ლიტერატურას, მეტიც, წიგნსაც ვწერ, რომელსაც ახლო მომავალში გამოვაქვეყნებ, გარდა ამისა, ჩემს პროფესიას უფრო სიღრმისეულად ვეუფლები. ესაა, რაც შემიძლია გავაკეთო, რადგან საქართველოში, სტუდენტურ ცხოვრებაში, თავისუფალი დრო არ არსებობს თუ გინდა, რომ კარგი თუ არა, ნორმალური მომავალი მაინც გქონდეს. სიტუაციიდან გამომდინარე, როგორია სტუდენტური ცხოვრება, ვერ გეტყვით, რადგან ამისთვის უშუალოდ უნივერსიტეტში ყოფნაა საჭირო, მაგრამ, ალბათ, სწავლის ძირის ყველაზე მწარე ნაწილია, თუმცა სასიამოვნოა შეგრძნება, რომ კენწეროსთან ახლოს ხარ.
მომავლის გეგმები
უმთავრესი გეგმა, როგორც ვთქვი, გერმანიაში სწავლის გაგრძელება და იქ კარიერული წინსვლისთვის ძალისხმევაა. ეს აუცილებლად უნდა შევძლო, ვიცი, ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო მიზნის მისაღწევად.
ესაუბრა მაკა ყიფიანი