ირმა გრიგალაშვილი
ფილოლოგი, სსიპ თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
„ვეფხისტყაოსნის“ საკვანძო პასაჟების ინტერპრეტაციისათვის
ხვარაზმელი სასიძოს მკვლელობა, ჭაშნაგირის მკვლელობა
ქართველთა კულტურული განვითარების მწვერვალს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ წარმოადგენს. მე-12 საუკუნეში შექმნილი ეს ტექსტი ყოველ დროსა და ეპოქაში იმსახურებდა არამხოლოდ ჩვეულებრივი მკითხველის, არამედ მწიგნობარ-მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას, ამიტომაც მასზე ბევრი რამაა თქმული. რთულია მოიძებნოს შეუსწავლელი ლიტერატურული პასაჟი ან რაიმე ენობრივი თუ მხატვრული დეტალი პოემისა, თუმცა ისეთი ღრმა და მრავალპლანიანი ნაწარმოები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“, ალბათ, ყოველთვის იქნება ლიტერატურული კრიტიკის, განსჯისა და ფიქრის საგანი.
ამჯერად მსურს ყურადღება გავამახვილოთ პოემის იმ ორ უმნიშვნელოვანეს მომენტზე (ხვარაზმელი სასიძოს მკვლელობა, ჭაშნაგირის მკვლელობა), რომლებიც ხშირად ბადებენ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს როგორც თავად მკვლევრებს, ისე მასწავლებლებს შორის და ამავდროულად, ყველაზე ცხადად ავლენენ ავტორის მსოფლმხედველობის სპეციფიკას, მის განსხვავებულობას, გამორჩეულობას. როდესაც მასწავლებლებს პოემის ასეთი საგულისხმო პასაჟების სწავლება გვიწევს, ვფიქრობ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა ნაწარმოების ლიტერატურული ანალიზი არ გამოვიდეს ცალმხრივი და ზედაპირული. წერილის მიზანია გამოვკვეთო აღნიშნული პასაჟების სწავლებასთან დაკავშირებული სირთულე, კრიტიკულად გავაანალიზო სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მოსაზრებები და მათი განხილვის პარალელურად შევთავაზო მკითხველს საკითხის ჩემეული ხედვა. რაც მთავარია, ხელი შევუწყო პოემის საკვანძო მომენტების სიღრმისეულ გააზრებას. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების აღქმა-გააზრება ავტორის მორალურ-ეთიკური პრინციპებისა და სოციოისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით.
1. ხვარაზმელი სასიძოს მკვლელობა
მოცემული პასაჟი ვერც ერთმა მკვლევარმა ვერ მოარგო ქრისტიანულ ეთიკას, მკვლელობა ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანული მოძღვრების უმთავრეს მცნებებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი“, „არა კაც ჰკლა“. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ამ, და სხვა არაერთი მომენტის გამო, ქართული ეკლესიის მიერ იდევნებოდა. კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე ცდილობდა, პოემა მისაღები გაეხადა ქრისტიანული ეკლესიისათვის, მაგრამ სასიძოს მკვლელობის ეპიზოდის „გაკეთილშობილურებაზე“ არც უფიქრია. ამ უკანასკნელს იგი ბოროტების მაგალითად განიხილავდა და ფიქრობდა, რომ ნესტანი და ტარიელის ხაზი პოემის ბნელი მხარეა და რომ ისინი დასაგმობნი არიან სამაგალითო თინათინთან და ავთანდილთან შედარებით. „ნესტანი იძლევა ისეთ რჩევას, რომელშიც შეზავებულია ცრუობა, ურცხვობა, ვერაგობა, მშობელთა უპატივცემულობა, მეფის დამცირება-შეურაცხყოფა, ქვეყნისა და სამშობლოს განწირვა და მხოლოდ და მხოლოდ თავმოთნეობა“. კ. ცინცაძე, გვ.243 (კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის მოსაზრებას ვიმოწმებთ ე. ხინთიბიძის მონოგრაფიიდან, 2009, 364). კათალიკოსი არ უღრმავდება ქმედების მოტივაციას, ის მხოლოდ ჩადენილ ქმედებას, მისი სიტყვით, ცოდვას აფასებს. სასიძოს მკვლელობა სხვა არაერთი მკვლევრის მიერ იქნა განხილული, როგორც უპატიებელი დანაშაული, მაგ., ზ. კიკნაძე: „ნესტანისა და ტარიელის ქმედება არ ემყარებოდა „მართალ სამართალს“, მ. კარბელაშვილი: „ნესტანი სოფიზმით ცდილობს უდანაშაულო ადამიანის მოკვლის დასაბუთებას“ (ხინთიბიძე 2009: 473).
სწორედ ეს არის უმთავრესი სირთულე, რომელიც მოცემული ეპიზოდის სწავლებას უკავშირდება. მასწავლებლებიც ხშირად პერსონაჟთა ქცევას ქრისტიანული მორალით აფასებენ და ცდილობენ მკვეთრად გამიჯნონ მათი მსჯელობა-ქმედებანი ავტორის პოზიციისაგან. მეათე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ სახელმძღვანელოშიც საკითხი მსგავსადაა დასმული. მოსწავლემ უნდა უპასუხოს კითხვას: „რომელი აფორიზმით გაამართლა ნესტანმა თავისი განზრახვის სისწორე? როგორ ფიქრობთ, ამართლებს თუ არა პოემის ავტორი ნესტანის საქციელს (დააკვირდით სიუჟეტის შემდგომ განვითარებას, რა მოჰყვა ამ ამბავს?)“ (ქართული ენა და ლიტერატურა, 2022). სიუჟეტის შემდგომი განვითარება დრამატულია, რამაც გამოუცდელ მკითხველს (ამ შემთხვევაში მოსწავლეს) შეიძლება აფიქრებინოს, რომ ავტორი კიცხავს ნესტანსა და ტარიელს, ხოლო ღმერთი სჯის მათ. საკითხის ასე გადაწყვეტა, ვფიქრობ, არასწორია. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ პოემის ტექსტი მას მხარს არ უჭერს. არც ავტორი და არც გმირები მათზე მოწეულ უბედურებას მომხდარის საპასუხო სასჯელად არ აღიქვამენ და მით უმეტეს ღმერთს არ ადანაშაულებენ თავიანთ უბედურებაში. „ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა“ – ხაზგასმით შენიშნავს ნესტანი სატრფოსთან მიწერილ წერილში. მეორე მხრივ, ამ პასაჟის ზემომოცემული წაკითხვა პოემას აქცევს ვიწრო რელიგიურ ჩარჩოებში და მცდარ წარმოდგენას გვიქმნის ავტორის მორალურ-ესთეტიკურ ორიენტირებზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო მოსაზრებებიც არსებობს, მაგ., მკვლევარი ლ. ხეცურიანი ფიქრობს, რომ თავად სასიძო განასახიერებს „ბნელ ძალას“ და მასზე ნესტანის დაქორწინება „ღვთის საწინააღმდეგოდ წასვლაა“, ხოლო მისი მკვლელობა არის „ერთადერთი გზა კანონიერების აღდგენისა ინდოთ სამეფოში“ (ხეცურიანი 2014: 228). სასიძოს ბნელ ძალად გამოცხადებას, რასაკვირველია, ტექსტში პირდაპირი არგუმენტი არ მოეპოვება, მაგრამ ხეცურიანისეული ინტერპრეტაციით სასიძო დამნაშავეა იმდენად, რამდენადაც მას თვითმპყრობელური მისწრაფებები ამოძრავებს, რაც დამღუპველია და „კაცობრიობის ისტორიის ყოველ ეტაპზე გარკვეულ საფრთხეს შეიცავს“ (ხეცურიანი 2014: 227). ჩვენი მხრივ, დავეთანხმებით მსჯელობის იმ ნაწილს, რომ მკვლელობა სამართლიანობის აღდგენის გზაა მოცემულ სიტუაციაში, მაგრამ სასიძოს ბოროტ ძალად გამოცხადებას მხარს ვერ დავუჭერთ.
ხვარაზმშას მკვლელობის ეპიზოდის ყველაზე ფართო და ამომწურავ ინტერპრეტაციას ელგუჯა ხინთიბიძე გვთავაზობს. მეცნიერი იმთავითვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქრისტიანული ეთიკის თვალსაზრისით, „ვეფხისტყაოსნის“ ზნეობა სამაგალითო არ არის“ (ხინთიბიძე 2009: 369). მისივე შენიშვნით, „რუსთაველმა შუასაუკუნეების ეთიკური აზროვნების განვითარებაში ახალი სიტყვა თქვა, თანახმად აზროვნების განვითარების ისტორიული კანონზომიერებისა, თავისი ახლებური პოზიცია მას უნდა დაეფუძნებინა ძველ სისტემაზე“ (ხინთიბიძე 2009: 361). ეს სისტემა კი არისტოტელეს ფილოსოფია აღმოჩნდა. „მართალი სამართლის“ ქმნით მოტივირებულ ქმედებას ტარიელისას ელგუჯა ხინთიბიძე არისტოტელეს „საშუალსაც“ უკავშირებს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია მეცნიერის მსჯელობა „მართალი სამართლის“ დეფინიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არისტოტელე მიჯნავს ერთმანეთისაგან ჩვეულებრივ ზოგად სამართლიანობასა და ἐπιεικείᾳ-ს, ე.წ. უტყუარ სიმართლეს. ეს უკანასკნელი აღემატება ფორმალურ სიმართლეს, კანონმდებლობას და წარმოადგენს მის შესწორებას კონკრეტული შემთხვევებისათვის (შდრ. ზოგადად ქურდობა ცუდი საქციელია, მაგრამ გამართლებულია რიგ შემთხვევებში: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“). „მართალი სამართლის“ ამგვარ ინტერპრეტაციას ძველი ქართული სამართლის ძეგლებმაც დაუჭირა მხარი და თავად სახარებამაც. მკვლევარი იმოწმებს სათანადო მონაკვეთებს მონოგრაფიაში „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“ (ხინთიბიძე 2009: 449-465). მაშასადამე, ხინთიბიძის პოზიცია ასეთია: რუსთაველის გმირები მართალი სამართლის კვალობაზე მსჯელობენ და ამდენად პირნათელნი არიან ღვთის წინაშეც, რადგან ერთი სასიძოს მკვლელობით თავიდან იცილებენ მოსალოდნელ ულმობელ სისხლისღვრას. ისინი თავს არ მიიჩნევენ დამნაშავეებად, რადგან მათი გადაწყვეტილება „ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.
მკვლევარი საგანგებო მსჯელობის საგნად ხდის „ხმელი ხის განედლების“ სიმბოლიკასაც, რომელიც სათავეს ბიბლიიდან უნდა იღებდეს. „ძელის აყვავების სასწაული ქრისტიანულ მწერლობაში მრავალ წმინდანს მიეწერება. წმინდანი, რომელიც თავისი ქველისმოქმედებითი ცხოვრებით ღმერთს სათნო-ეყო, შემძლებელია ხმელი ხის აყვავებისა“ (ხინთიბიძე 2009: 380). ნესტანის შეგნებით, მათი ქმედება იმდენად საჭირო და ქველისმოქმედებითია, რომ ხმელი ხის აყვავების მადლს უტოლდება.
სასიძოს მკვლელობა რომ ანტიკური ეთიკის პრინციპებითაა შთაგონებული და არ არის უღირსი საქციელი, ამის მტკიცებას ელგუჯა ხინთიბიძე არისტოტელეს საშუალის თეორიის გაანალიზებით ცდილობს. არისტოტელესეული საშუალი გულისხმობს შუალედს ორ უკიდურესობას შორის (მაგ., სიუხვე საშუალია მფლანგველობასა და სიძუნწეს შორის). ხინთიბიძის თქმით, არისტოტელესეული საშუალის ერთგვარი ანალოგი ბიბლიაშიც გვხვდება, კერძოდ, „ეკლესიასტეში“: „ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაძაბუნდები – რად გინდა, რომ შეძრწუნდე? მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე – რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე? უმჯობესია ერთიც იყო და მეორეც, რადგან ღვთის მოშიში ყველაფრისგან თავს აღწევს“ ეკლ. 7, 16-18 (ხინთიბიძე 2009: 394). საშუალის პრინციპებს ზედმიწევნით მიესადაგება ნესტანის მსჯელობა, იგი არ არის არც „ზედმეტად მართალი“ (მოსაკლავად იმეტებს უდანაშაულო ადამიანს) და არც „მეტისმეტად ბოროტი“ (თავისი ინიციატივით ექომაგება დაჩაგრულ ტარიელს, ინდოეთს). „საშუალი, არისტოტელეს სიტყვებით თუ ვიტყვით, ორი ბოროტებიდან ნაკლები უნდა ყოფილიყო… ნესტანმაც სწორედ ეს გზა აირჩია“ (ხინთიბიძე 2009: 410). ელგუჯა ხინთიბიძის აზრით, ხვარაზმელი სასიძოს მკვლელობა პოემის გმირთა ზნეობას ლაფს კი არ სცხებს, არამედ პირიქით, ამაღლებს მათ. მოსაზრების ავტორი საგანგებოდ შენიშნავს, რომ საანალიზო ეპიზოდის ამგვარი ინტერპრეტაცია მისი პირადი ან, ზოგადად, ჩვენი საუკუნეების თვალსაზრისით ნაკარნახები არ არის და თავად „ვეფხისტყაოსნის“ ეთიკური სისტემის შინაგან კანონზომიერებებს ეფუძნება.
ხვარაზმელი უფლისწულის ხვედრი ნაწარმოების ერთ-ერთ უმთავრეს პასაჟად მიაჩნია თამაზ ვასაძესაც. ის ფაქტი, რომ ნესტანი და ტარიელი აუცილებლობად მიიჩნევენ ხვარაზმშას ძის მოკვლას და თანაც არ ნანობენ ამ საქციელს არასდროს, მკვლევარს აძლევს შემდეგი მსჯელობის საფუძველს: „ცოდვის და მონანიების ფუნდამენტური ქრისტიანული მოტივის… დემონსტრაციული უკუგდება ერთ-ერთი უმთავრესია იმ ნიშანთაგან, რომლებიც რუსთაველს შუა საუკუნეებს აშორებენ და რენესანსის ეპოქას აახლოებენ, რუსთაველი ყოველგვარი ცოდვათა მონანიების გარეშე ანიჭებს თავის გმირებს ბედნიერებას“ (ვასაძე 2014: 312). მართლაც „ვეფხისტყაოსანს“ არ ახასიათებს სინანულის ცრემლით ცოდვათა განწმენდის შუასაუკუნეობრივი ესთეტიკა.
მკვლევარი ასევე ცდილობს, დეტალურად მიმოიხილოს ყველა ის არგუმენტი, რომლებიც ტარიელისა და ნესტანის სიმართლეში დაგვარწმუნებს:
♦ ნესტანისა და ტარიელისთვის ხვარაზმშას ძე არაა კონკრეტული პიროვნება, არ იცნობენ მას, ის მხოლოდ „სოციალური როლის შემსრულებლის სქემატური და მკრთალი სახით არსებობს“ (ვასაძე 2014: 312);
♦ ის არასდროს შეხვედრია ქალს, ნესტანს, რომელსაც ბედს უკავშირებს, ე.ი. მისი მოტივაციის განმსაზღვრელი პოლიტიკური ანგარიშია და არა სიყვარული. სასიძო არაა მიჯნური, რაც რუსთაველისათვის სრულფასოვანი ადამიანის ტოლფასია;
♦ რუსთაველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნესტანს უსიყვარულოდ უპირებენ დანიშვნას. ნესტანისა და ტარიელის მხარესაა ისეთი სიყვარული, რომელშიც სრულად არის გამოვლენილი ადამიანის ღვთაებრიობა.
ვფიქრობ, დამოწმებული არგუმენტები მართლაც ექომაგება ნესტანისა და ტარიელის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ავტორიც არაპირდაპირად მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავადაც თანაუგრძნობს თავის გმირებს. თუმცა ზოგიერთი მოცემულ არგუმენტთაგან თანამედროვე ზნეობრივ პრინციპებსაა მისადაგებული და არა რუსთაველის ეპოქისას. მაგ., ქორწინების საკითხი, შუა საუკუნეებში და შემდეგაც, უსიყვარულო, პოლიტიკური ხასიათის ქორწინებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ ამის გამო ხვარაზმშას ძის გაკიცხვა არაბუნებრივია.
თამაზ ვასაძის აზრით, ხვარაზმელი სასიძოს ხვედრი მნიშვნელოვანი ნაწილია პოემისა იმდენად, რამდენადაც სწორედ ამ ეპიზოდში ვლინდება პროცესი ახალი ფასეულობების დამკვიდრებისა. „პიროვნების თავისუფლება და თავისუფალი სიყვარული, პიროვნების სრულფასოვანი თვითრეალიზება და თვითდამკვიდრება ამქვეყნად, მისი ამქვეყნიური ბედნიერება… ახალ ფასეულობათა პრიორიტეტულობას, უზენაესობას, უკიდურესი სიმკვეთრით წარმოაჩენს სწორედ ის, რომ მათ ადამიანური მსხვერპლი ეწირება“ (ვასაძე 2014: 313). სრულიად ვიზიარებთ წარმოდგენილ პოზიციას და ვფიქრობთ, რომ მკვლევრის მხრიდან მსხვერპლის აუცილებლობის იდეის ხაზგასმა რუსთაველის მსოფლმხედველობის ერთ-ერთი მახასიათებლის მიგნება და აღმოჩენაა.
ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობის პასაჟის განხილვა არ იქნება სრულყოფილი, თუკი არ მოვიხმობთ პოემიდან კიდევ ერთ მსგავს ეპიზოდს, ავთანდილის მიერ ჭაშნაგირის მკვლელობას.
2. ჭაშნაგირის მკვლელობა
ჭაშნაგირის მოკვლა ისეთი კეთილშობილი პერსონაჟისაგან, როგორიც ავთანდილია, მკითხველისათვის ცოტა მოულოდნელია, მაგრამ, როგორც კი ქმედების შედეგსა და მოტივაციას ჩავუკვირდებით, არაბი ჭაბუკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვისაც მისაღები ხდება. ამ, ერთი შეხედვით, შეუწყნარებელი საქციელის გამო, ავთანდილის პერსონაჟმაც დაიმსახურა ზოგიერთი მკვლევრისაგან გაკიცხვა, მაგრამ ამაზე აქ აღარ შევჩერდებით. ვფიქრობ, ჭაშნაგირის მკვლელობა ავთანდილის სახის ისეთი შტრიხია, რომელიც მას მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ, „ფართო მასშტაბის“ პერსონაჟად აქცევს. „თუ კლასიკური ხელოვნების მთავარ ნიშან-თვისებას ქართულმა მწერლობამ რამე შემატა, ეს ავთანდილის სახეა“ (ბაქრაძე 2004: 53). ეს განსაკუთრებულობა და არსობრივი სიახლე ავთანდილის პერსონაჟისა მდგომარეობს იმაში, რომ ავთანდილი, ერთდროულად, არის „იდეალურიც და რეალურიც“ (ვასაძე 2014), სავსეა, როგორც სულიერებით, ისე ნივთიერებით (ბაქრაძე 2004).
თამაზ ვასაძის აზრით, ავთანდილის მიერ გულანშაროში გამოვლენილი ხასიათი რუსთაველის მსოფლმხედველობის გასაღებია. „ძველი ლიტერატურისათვის დამახასიათებელი იდეალიზმის ფონზე რუსთაველი გამოირჩევა სინამდვილის და ადამიანის მხატვრული ამაღლების განსაკუთრებული პათოსით“ და, ამავდროულად, იგი „აღჭურვილია რეალობის ძალიან მახვილი გრძნობით“ (ვასაძე 2014: 352). აღნიშნული მსჯელობისას მკვლევარს მხედველობაში აქვს შემდეგი მომენტები პოემიდან – ავთანდილმა ნახა, რომ გულანშაროში დაბალი ზნეობის, უკიდურესად პრაგმატული ადამიანები ცხოვრობენ. გმირი მიხვდა, რომ მისი რაინდულ-იდეალური მისწრაფებები ამ სამყაროში გამოუსადეგარი იქნებოდა (მაგ., ავთანდილმა ნახა, როგორ დასცინოდა ჭაშნაგირი მის იდეალს, „ხელიღა ვრბოდე მე ველადო“ რომ დაიქადნა, ავთანდილს ეტრფოდნენ გულანშაროელი ქმრიანი ქალები და სხვ.). სწორედ ამის გამო ისიც მათსავით შეიმოსა. შეიმოსა, არამხოლოდ მატერიალური სამოსით, გარკვეულწილად მდაბალი სამყაროს ქცევის ნორმებსაც ეზიარა (მოკლა ადამიანი, სარეცელი გაიზიარა სხვის ცოლთან). ავთანდილმა კარგად აუღო ალღო არსებულ რეალობას, თუმცა არ უღალატია მაღალზნეობრივი მისწრაფებებისთვის და სწორედ ამის წყალობით განახორციელა თავისი კეთილშობილური ჩანაფიქრი. „იმისათვის, რომ ერთმანეთთან შეეკავშირებინა სიბრძნე და პრაქტიციზმი, სერვანტესს ორი კაცი დასჭირდა: დონ კიხოტი და სანჩო პანსა, რადგან ვერ წარმოედგინა ერთ კაცში გაერთიანებული ეს ორივე უნარი, რუსთაველმა წარმოიდგინა და ავთანდილში განახორციელა“ (ბაქრაძე 2004: 54).
ავთანდილის მიერ ჭაშნაგირის მოკვლა, ხვარაზმელი სასიძოს მკვლელობასთან შედარებით, იმდენად „მსუბუქი დანაშაული“ აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტზე ყურადღება არ გაუმახვილებია ნესტანისა და ტარიელის გამკიცხავ კალისტრატე ცინცაძეს, რომელმაც ისინი გამოაცხადა ავთანდილისა და თინათინის პერსონაჟთა ანტიპოდებად. არც რაინდული ან ქრისტიანული ქცევის ნორმებით ავთანდილის მიერ გულანშაროელი კაცის მიპარვით მოკვლა სამაგალითო საქციელი არ არის, მაგრამ ავთანდილის „ცოდვას“ ამსუბუქებს ფაქტიც, რომ ჭაშნაგირი არ არის უდანაშაულო ადამიანი. სწორედ ხვარაზმელი სასიძოს უდანაშაულობა ამძიმებს და ტრაგიზმით ავსებს ტარიელის ჩადენილ მკვლელობას (ავტორის მიერ არსად არაა მითითებული ხვარაზმელის ბრალეულობა, მეტიც, ის ფარსადანის პირით ამბობს, რომ ხვარაზმელები უბრალონი არიან: „ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე“ (ვეფხ. 25, 568)).
რომ არა ის „ცოდვები“, რომლებიც ავთანდილმა გულანშაროში ჩაიდინა, იგი ვერ ამაღლდებოდა ისეთ გმირამდე, რომელიც თავის თავში აერთიანებს სულიერს და მატერიალურს (რაც რეალურად არის ქრისტიანული გაგებით ადამიანად ყოფნის არსი: სული და ხორცი), ავთანდილი, „უცოდველობის“ შემთხვევაში, ალბათ, შუა საუკუნეების წმინდანის იდეალის დონეზე დარჩებოდა, რომელიც ხორცს სწირავს სულისათვის, მაგრამ „ხორცთა დაწვა და სულთა ლხენა“, როგორც ჩანს, აღარ არის რუსთაველისათვის უპირობოდ მისაღები და ერთადერთი ნორმა ცხოვრებისა. რუსთაველი აცნობიერებს, რომ ადამიანად ყოფნა ხორცზე, ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე ზრუნვასაც გულისხმობს. ამქვეყნიურ რეალობაში კი ქრისტიანული პრინციპების ბოლომდე ერთგულება შეუძლებელია, ქრისტიანული სწავლება გვისახავს იდეალს, ხოლო მორწმუნე ადამიანის ცხოვრება მისი ერთგვარი მიბაძვაა („კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი“ – მათე 10:25). ქრისტიანობა გვასწავლის „გიყვარდეს მტერი შენი“, მაგრამ აბა ვინ გვინახავს მტერი მისი ისევე უყვარდეს, როგორც მოყვასი? თუმცა ამ იდეალის მიბაძვა ადამიანის მხრიდან, ალბათ, ის იქნება, რომ მტერი მისი არ სძულდეს და ებრალებოდეს. ვფიქრობ, ავთანდილი ახერხებს ქრისტიანული იდეალის თავისებურ მიბაძვას ისე, რომ არც სული დაიზიანოს და არც ხორცი ივნოს, ალბათ, გამომდინარე აქედან, ავთანდილის კაცის კვლის ქმედებაც ქრისტიანული ეთიკისთვის ისეთი შეურიგებელი არ უნდა იყოს, როგორიც ეს ტარიელის შემთხვევაშია. შეიძლება, ავთანდილის ქმედებები ქრისტიანული მორალის გარკვეულ გადააზრებას წარმოადგენდეს რუსთაველის მხრიდან.
„ჭაშნაგირის მკვლელობა ხვარაზმელის მკვლელობის თავისებური დუბლირებაა: ორივე აქტი ინსპირირებულია ქალის მიერ და ჩადენილია „მალვით“, „მოპარვით“ – წერს თამაზ ვასაძე „ისინი ხორციელდება, როცა პოემის მთავარ გმირთა მისწრაფებები უხეში რეალობის ზღუდეს აწყდება, როცა რუსთაველის პოეტურ სამყაროში პირდაპირ იჭრება ცხოვრებისეული სინამდვილე თავისი ულმობელი კანონებით და რუსთაველის გმირები იძულებულები არიან თავიანთი მოქმედება ამ კანონებს მიუსადაგონ“ (ვასაძე 2014: 352). შემოთავაზებული მსჯელობა, ვფიქრობთ, საუკეთესო ახსნას წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ მკვლელობათა მიზეზების გასააზრებლად, თუმცა ორივე ქმედების ერთ დონეზე დაყვანა და ერთ ჭრილში განხილვა არ იქნება სრულყოფილი ლიტერატურული ანალიზი.
ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ავტორისეული შეფასებებიც. რუსთაველი გულანშაროში განვითარებულ ეპიზოდს უფრო ლაღად და დინამიკურად გადმოგვცემს, ვიდრე ინდოეთის სამეფოში მომხდარს. საინტერესოა ისიც, რომ როდესაც მკვლელობის წინ ტარიელი დამაშვრალი და დაძაბუნებულია, ავთანდილი პირიქით შემართებით სავსეა: „რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზეარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!“ (ვეფხ., 46, 118). თანაც შემთხვევითი არაა, რომ ავტორი ავთანდილის ამაღლებულ ზნეობას კიდევ ერთხელ გახაზავს ეპითეტით „ბუნება-ზეარი“ (ზოგან – ბუნებაზიარი). ამ მომენტშიც კი, მსგავსი დამოკიდებულება არ გვხვდება ტარიელის მონათხრობში.
ვფიქრობ, ხვარაზმელი სასიძოს მკვლელობის პასაჟი დიდი საქმეებისათვის მსხვერპლის გაღების იდეის შემცველიცაა, რაც უკვე ითქვა ზემოთ, მაგრამ ამჯერად შევეცდები წარმოვაჩინო ის დეტალები ნაწარმოებიდან, რომლებიც სასიძოს მსხვერპლად აღიარებას უჭერს მხარს და აღნიშნულ პასაჟს ტრაგიკულობის განცდას მატებს.
„ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა“ – პოემის ამ თავის დასაწყისიდანვე საცნაურდება, რომ ტარიელი (ასევე ავტორიც) ხვარაზმელის ბედს ღვთის ნებად აღიქვამს:
– „მოვიდა კაცი, „სასიძო მოვაო“, მოსვლა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა“ – (ვეფხ., 25, 554).
ამ ფაქტს ხაზგასმით აღნიშნავს თამაზ ვასაძეც (ვასაძე 2014). ჩემი მხრივ დავძენ, რომ ტარიელს მოქმედების აუცილებლობა და კეთილშობილური მიზანი აქვს გაცნობიერებული ნესტანთან საუბრის შემდეგ და ამიტომ აღიქვამს ღვთის ნებად, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სინანულისა და სიბრალულის მოტივს.
♦ ვფიქრობთ, საგულისხმოა სიტყვა „გლახ“, რომელსაც ტარიელი ამბობს სასიძოს გახსენებისას. ზურაბ სარჯველაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონში“ ეს სიტყვა ზმნიზედითაა განმარტებული: „გლახ – ვაგლახად, საცოდავად“ (სარჯველაძე 1995: 52). ტარიელის სიტყვებშიც სიტყვა „გლახ“ სინანულით წარმოთქმულ შორისდებულს უდრის.
♦ ტარიელის სულიერ მდგომარეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ის ფაქტიც, რომ იგი სასიძოს მოკვლას არ ჩქარობს. „საურავ-გადახდილი“ და „დამაშვრალი“ გმირი უბრალოდ დასაძინებლად მიდის: „მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა, შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა“ (ვეფხ. 25, 559). ტარიელი სიყვარულისთვის მებრძოლი ჭაბუკისათვის უჩვეულოდ მშვიდი და მოდუნებულია. არაა გამორიცხული დავალების შესრულება უმძიმდეს. ვინაიდან „ვეფხისტყაოსნის“ ეპოქაში ფსიქოლოგიზმი იმ დოზით არაა შეჭრილი ლიტერატურაში, როგორც მომდევნო და ახალი დროის მხატვრულ სივრცეშია. გასაგებია, რომ რუსთაველი ყოველთვის დიდ მონაკვეთებს არ უთმობს პერსონაჟთა შიდასამყაროში მიმდინარე სულიერ ჭიდილებს, ხანდახან ამას, უბრალოდ, დეტალებით გვიჩვენებს და ამის მაგალითია ტარიელის განცდები.
♦ ტარიელს ქმედებისაკენ კიდევ ერთხელ უბიძგებს ნესტანი, გმირი იუკადრისებს ქალისაგან „ომთა წვევას“„, რაც მნიშვნელოვანი იმპულსი აღმოჩნდება მკვლელობის ჩასადენად:
„მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი,
უკუვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“
შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.“
(ვეფხ. 25, 562)
♦ ტარიელს ემძიმება მკვლელობის სცენის გახსენება.
„კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით!“ (ვეფხ., 50, 563)
ძველ ქართულში (და არამხოლოდ) „ზარის“ შემცველი სიტყვები ყოველთვის დიდ გლოვასთან იყო დაკავშირებული. „ზარ“ კომპონენტიანი რთული ზმნა „ზარ-ჰხდა“ ძველი ქართულის ლექსიკონებში განმარტებულია, როგორც შეძრწუნება, შიში (აბულაძე 1973, სარჯველაძე 1995). „ზარ-მაც“ რთული ზმნაც ტარიელის საუბარში შეძრწუნების სემანტიკას მოიაზრებს.
♦ საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ტარიელს საზეიმოდ მორთული წითელკარვებიანი მოედნის ხილვა აღვსების დღესასწაულის ასოციაციას ჰგვრის.
„მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს//არ აღვსებისა“ (ვეფხ., 25, 558).
რატომ ახსენდება გმირს მაინც და მაინც აღვსება? ხომ არ უსვამს ხაზს ეს ფაქტი იმას, რომ სასიძო სხვის ბედნიერებას შეწირული ზვარაკია? მართალია სასიძო უსისხლოდ მოკვდა, მაგრამ მოედანი მაინც წითლადაა „შეღებილი“, რაც აძლიერებს მსხვერპლშეწირვის შთაბეჭდილებას. აქვე საგულისხმოა ვ. ნოზაძის შენიშვნაც, წითელ ფერთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის სიმდიდრის გამომხატველი არაა და ზოგ შემთხვევაში გლოვას, განცდას, სისხლისღვრასა და სიკვდილს უკავშირდება (ნოზაძე, 1953).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, ტარიელის მიერ ხვარაზმელი უდანაშაულო სასიძოს მოკვლა მიუთითებს იმაზე, რომ რუსთაველის მსოფლაღქმაში შეინიშნება მსხვერპლის გაღების აუცილებლობის შეგნება დიადი საქმეებისათვის. ეს ერთგვარად ქრისტიანული პოზიციაცაა. როგორც ვიცით, ქრისტიანობამ გააუქმა ღვთისადმი სისხლიანი მსხვერპლის შეწირვის ტრადიცია და ყოველივე ძველი აღთქმისეულ შეგნებაში დატოვა, მაგრამ თავად ქრისტეც ხომ მსხვერპლია? ქრისტიანობა ღვთისადმი ზვარაკად ადამიანის თავგანწირვას, სულიერ ღვწას მოითხოვს სისხლის ნაცვლად, იქნებ სასიძოს უსისხლოდ მკვლელობაც ამ იდეის სიმბოლური გამოხატულებაა, ხოლო სულიერი ტანჯვის აღმსრულებელი ტარიელია, რომელმაც ტანჯვის ფასად დაიმსახურა სანეტარო ბედნიერება. მართალია ამ უკანასკნელ იდეაზე ავტორი ხაზგასმით არსად არ გვესაუბრება, მაგრამ შესაძლოა მის მიერ შესრულებულ მხატვრულ ქსოვილში საამისო დეტალები და მინიშნებებიც იმალებოდეს.
„ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ტექსტი ქართველთა კულტურული განვითარების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სახით კაცობრიობის სულიერი განვითარების საქმეში ქართველებსაც გვაქვს ღირსეული წვლილი. ამდენად, პოემის სწავლებისას მაქსიმალურად ვცდილობ, გავაცნო მათ რუსთაველი, როგორც ტოლერანტობის მქადაგებელი, ფართო ერუდიციის მქონე ავტორი, რომელიც არ იზღუდება ვიწრო ეთნიკური თუ რელიგიური ჩარჩოებით. შემოთავაზებული წერილი კი, ვფიქრობ, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მასწავლებელს აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის.
ლიტერატურა
⇒ აბულაძე 1973 – ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი 1973;
⇒ ბაქრაძე 2004 – აკაკი ბაქრაძე სკოლას, „ავთანდილის სახე ვეფხისტყაოსანში“, გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი 2004;
⇒ ვასაძე 2014 – თამაზ ვასაძე, „ვეფხისტყაოსანი“ ტექსტი და კომენტარები, გამომცემლობა დიოგენე, თბილისი 2014;
⇒ ნოზაძე 1953 – ვიქტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტველება, ბუენოს-აირესი;
⇒ სარჯველაძე 1995 – ზურაბ სარჯველაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი 1995;
⇒ ქართული ენა და ლიტერატურა 2022 – ქართული ენა და ლიტერატურა, ძველი ქართული მწერლობა, მოსწავლის წიგნი, ავტორ-შემდგენლები: მანანა გიგინეიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი, ვახტანგ როდონაია, სწავლანი, თბილისი, 2022;
⇒ ხეცურიანი 2014 – ლ. ხეცურიანი, „ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა…“ მე-10 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოდან, ქართული ენა და ლიტერატურა, თ. ცხადაია, დ. კვანჭიანი, ნ. ღონღაძე, თ. ღონღაძე, ნ. კუცია, ნ. მაღლაკელიძე. გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2014;
⇒ ხინთიბიძე 2009 – ელგუჯა ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი 2009;
⇒ http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=list&d=18&t=dict&w1=1- პოემის ტექსტის ციტირებისათვის გამოყენებულია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაციფრულებული „ვეფხისტყაოსანი“;
⇒ http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/akhali/mate/mate-10.htm – მათეს სახარება.