ქეთევან აბრამიშვილი
ფილოლოგი, რედაქტორი
ერთ ტენდენციაზე მინდა ვილაპარაკო, რასაც მხატვრული ტექსტის ადაპტირება, პოეზიის გაპროზაულება და ეპოსის გაშინაარსება ჰქვია, იმ ტენდენციაზე, რომელიც უშუალო კავშირშია სიტყვასთან – ზღაპრის, თქმულების, ძველი თუ ახალი ქართული ლიტერატურის ხატ-სახეებთან, მოზარდი თაობის ფიზიკურ-სულიერ აღზრდასთან და… თუ ამ ჯაჭვს გავყვებით, ჩვენი ქვეყნის მომავალ საზოგადოებასთან.
„ნამეტანი იქნება იმაზედ ლაპარაკი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის კითხვას ყმაწვილების აღზრდაზედ, რადგანაც ცხადია, რომ ქვეყნის მყობადი მდგომარეობა დამოკიდებულია იმ მიმართულებაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას.“ 1
რა თქმა უნდა, ყველა ზღაპარი ან საბავშვო წიგნი ადაპტირებული არაა და სკოლაშიც მხოლოდ ადაპტირებულ ტექსტებს არ ასწავლიან. მე მხოლოდ იმ საერთო და სამწუხაროდ, მზარდ ტენდენციას შევეხები, რომელმაც წლების წინ წამოყო თავი და დღითი დღე გლობალურ მასშტაბს იძენს. ეს მავნე ტენდენცია ნელ-ნელა შემოგვეპარა და ახლა ხვიარა მცენარესავით შემოხვევია ზღაპრის, თქმულების, მხატვრული ლიტერატურის „ხელი-ხელ საგოგმანებ“ მარგალიტებს.
უარყოფითი ტალღა, პირველ რიგში, სწორედ ტენდენციის სახით იჩენს ხოლმე თავს, შეიძლება ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალო და წლების შემდეგ უკვე სერიოზულ პრობლემად იქცეს და თავისი კვალი დააჩნიოს მომავალ თაობას, მომავალ საზოგადოებას.
რა საოცარიც არ უნდა იყოს, ადაპტაცია, პირველ რიგში, ზღაპრებს შეეხო, მაღაზიის დახლებზე გაჩნდა უამრავი გამარტივებული, ე. წ. ადაპტირებული ზღაპარი.
„ზღაპარი დღესაც აძლევს ახალგაზრდობასა და ხალხს იმ ჯანსაღ საკვებს, რომელსაც ისინი არანაირ სხვა საკვებზე არ გაცვლიან.“ – ამას იაკობ გრიმი წერდა თავის „გერმანულ მითოლოგია“-ში.2
იაკობ გრიმი არ იყო უბრალო მეზღაპრე, იგი ის ადამიანი იყო, რომელმაც მეცნიერულად შეისწავლა გერმანული ზღაპარი და ყველანაირად შეეცადა დამახინჯებისა თუ გაუცნობიერებელი „შესწორებებისგან“ დაეცვა და ხელუხლებლად შეენარჩუნებინა კაცობრიობისთვის, რადგან კარგად უწყოდა, რომ „ზღაპარი ის სულიერი საკვებია, რომელიც ზრდის კაცობრიობას, რომელიც წყალივით და საკვებივით სჭირდება.“ 3
ზღაპარი ხატ-სახეების ენით გველაპარაკება, თითქოსდა სიტყვებით ხატავს, მაგრამ ეს არაა საკუთარი პოეტური ფანტაზიით შექმნილი ხატები.
„ყოველი ზღაპარი იგივე პატარა დრამაა, რომელიც ჩვენშივე არსებულ სცენაზე თამაშდება.“ 4 – ამიტომაა, ასე სათუთად რომ არხევს იგი ჩვენი გულის უხილავ სიმებს და მისი გადაკეთებისა თუ სახეცვლილების შედეგები, პირველ რიგში, პატარებს და შემდეგ, სკოლის ასაკიდან მოყოლებული 35 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს ეხებათ.
ყრმობისდროინდელი „შეცდომა“, სხვადასხვა ავადმყოფობისა თუ ზნე-ხასიათის სახით, სწორედ ზრდასრულ ასაკში იჩენს ხოლმე თავს, რადგან – ბავშვობის ხანიდან მოდის ზნეობრივი კრიტერიუმების, თვითდაჯერებისა თუ თავისუფლების, ოპტიმიზმის, ჯანსაღი ფსიქიკისა და ჯანმრთელობის, ასევე საკუთარ თავში დაეჭვების, კომპლექსების, ნევროზების, ენდოკრინული დაავადებისა და ბევრი ისეთი იმპულსიც, რის სათავესაც ვეძებთ და ვერ გვიპოვია. სათავე კი ჩვენსავე ბავშვობაშია.
ზღაპარს აქვს რიტმის სიმბოლიკა. ამიტომ იმდენჯერ უნდა იქნას გამეორებული ერთი და იგივე წინადადება, რამდენჯერაც ზღაპარშია მოცემული. გავიხსენოთ, თუნდაც რა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ის განსაკუთრებული რიტმი, რაც ზღაპარში ერთი და იმავე პასაჟის გამეორებით იქმნებოდა („გვრიტო, გვრიტო სად მიდიხარო?“…). ეს რიტმი ემთხვევა ბავშვის ზრდის რიტმს, უზრუნველყოფს ბავშვის კარგ მეხსიერებას.
სულაც არაა შემთხვევითი, რომ ბავშვები ასე დაბეჯითებით ითხოვენ ხოლმე ერთი და იმავე ზღაპრისა თუ ლექსის, ამბის გამეორებას. არ გაპატიებენ ერთი სიტყვის შეცვლასაც კი.
რიტმული სისტემის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში ისეთი ფაქიზი პროცესების მოგვარება ხდება, როგორიცაა მაგ., გაგებისა და შეგრძნების ერთმანეთთან დაკავშირება — რასაც ამბობდა დავით გურამიშვილი და რა პრინციპითაც აქვს შექმნილი „დავითიანი“ („მე სიბრძნისაებრ ჩემთასა არ დავადუმებ ბრძნობასა, რასაცა მომცემს გამჩენი შეტყობასა და გრძნობასა“). ამიტომაა მისი საოცარი პოეზია, ფსალმუნთა ავტორის მსგავსად, სიმღერასთან, რიტმთან, სარიტუალო ცეკვასთან დაკავშირებული;
„იქ, სადაც ნანახს ვიხსენებთ, ყურით გაგონილსაც აღვიქვამთ, რიტმულ სისტემაში ორივე უნარი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რიტმული სისტემის მეშვეობით ხდება აგრეთვე ჩვენ მიერ ნანახის დახსომება და სმენით აღქმა, რაც, თავის მხრივ, ნებას უკავშირდება.“ ნების ძალები კი წარმართავს ჩვენს ცხოვრებასა და მოღვაწეობას.5
„ზღაპარი, გამორჩეული რიტმის მქონე ნაწარმოები, ისეთივე მოსაფრთხილებელია და ისევე არ შეიძლება მასზე ძალადობა, როგორც ფერწერულ, მუსიკალურ, ლიტერატურულ თუ ხელოვნების სხვა სფეროს ნაწარმოებზე. ზღაპრის რიტმს ქმნის ალიტერაციული სიტყვების ხმარება, მოტივების გამეორება, მასში სამმაგობის პრინციპის განუხრელი დაცვა. ეს ფერხულის, ღვთაების მიმოსვლის რიტმია, რაც ეთნოგრაფიულ ყოფაში ბორჯღალით გადმოიცემოდა და რაც დადებით ზემოქმედებას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. მისი დამახინჯება ჩვეულებრივ ამბად აქცევს ნაწარმოებს, ეს კი, მართლაც, საშინელების გრძნობას გაუჩენს ბავშვს.“ 6
ზღაპარი ისედაც მარტივია, ოღონდ გენიალურად მარტივი და არა მგონია, ჩვენი ჩარევა ჭირდებოდეს. სამწუხაროა, რომ დღეს ზღაპრების უმეტესობას აღარა აქვს მხოლოდ ქართული ზღაპრისთვის დამახასიათებელი, უნიკალური დასაწყისი „იყო და არა იყო რა“… – ასე მშვიდად რომ გადაჰყავს ბავშვი ზღაპრის პირობით სამყაროში და ზღაპრული ხატ-სახეების აღსაქმელად ამზადებს (ისიც უნდა ითქვას, რომ ეს, ერთი შეხედვით უბრალო დასაწყისი, კაცობრიობის შექმნის ისტორიის ძალიან ღრმა და მრავლისმომცველი ფორმულაა).
„ყოვლად გაუმართლებელია ტენდენცია, რომ ზღაპარი საგანგებო გამარტივება-ადაპტაციის გარეშე არ უნდა მივაწოდოთ ბავშვებს. ეს ახალი ხედვა, რომელიც აიტაცეს გამომცემლობებმა და კლასიკოსთა ქმნილებებსაც შეეხო, მოდის ზღაპრის არსის არცოდნიდან. ამ ჟანრის ნაწარმოებმა იმიტომ არ გამოიარა 21 საუკუნე ქრისტეს დაბადებიდან და ალბათ ერთი იმდენიც – მინამ, რომ ხელვყოთ.“ 7
აქტიურად ხდება ზღაპრის ჩანაცვლება საბავშვო კომპიუტერული თამაშებით. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ბავშვი ამ დროს გაუნძრევლად ზის და ვირტუალურ სივრცეში იკლავს თამაშის, სირბილის, მოძრაობის მოთხოვნილებას. თამაშების უმრავლესობა მოზარდი ასაკისთვის შეუფერებელ და დაუშვებელ სისასტიკეს ნერგავს მათში.
ბავშვებში, მოზარდებში ძალიან მომრავლდა შიშის, ნერვული აშლილობის სინდრომი, გამრავლდა სუიციდის მცდელობა და რაც მთავარია, მოზარდის ცნობიერმა ბევრი ისეთი რამ დაუშვა, რასაც ადრე ვერ წარმოვიდგენდით და რაშიდაც ჩვენს საბავშვო ინდუსტრიას დიდი წვლილი მიუძღვის.
სწავლა-აღზრდა იმდენად მჭიდროდაა გადაჯჭვული მოზარდი თაობის ფიზიკურ-სულიერ ჯანმრთელობასთან, რომ იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, რანაირად ვიხმართ თითოეულ სიტყვას – იქნება იგი ოდენ ინფორმაციის შემცველი, მხოლოდ ინტელექტს რომ ეხება თუ ცოცხალი, ფრთიანი, გულში ჩამწვდომი. მხატვრული ნაწარმოები, პოეზია იქნება თუ პროზა, მხოლოდ სიტყვით ახდენს ზემოქმედებას, სიტყვაა მისი იარაღი, კლასიკოსთა ნაწარმოებები კი, შეიძლება ითქვას, „განიარაღებულია“ და შეკვეცილ, ხატ-სახეებისგან დაცლილ წინადადებებადაა გარდაქმნილი. მხოლოდ ამბავი შეგვრჩა ხელთ. ამბავი კი ნებისმიერი ავტორის ნებისმიერ ნაწარმოებს შეიძლება ერთი და იგივე ჰქონდეს.
მინდა შევეხო ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების საკითხს, რაც გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ არც იმდენად, რომ მხატვრული სიტყვისგან დაცლილ შინაარსად გარდავქმნათ და მხოლოდ ამბავი მივაწოდოთ.
ძველი ქართული იმდენად არაა დაშორებული თანამედროვე ქართულს, რომ ტექსტზე დართული განმარტებისა თუ ლექსიკონის დახმარებით ვერ ჩავწვდეთ ქართული სიტყვის აზრსა და ხიბლს და ისეთი მაღალმხატვრული ნაწარმოებების წვდომა დავუკარგოთ მოზარდ თაობას, როგორებიცაა: „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“, (ანუ „შუშანიკის წამება“ – როგორც რატომღაც დავარქვით!), „ცხორებაჲ წმიდისა გრიგოლ ხაანძთელისა“ („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“), „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი“ („აბო თბილელის წამება“).
მით უმეტეს, არანაირი „გადმოქართულება“ არ ჭირდება სულხან-საბა ორბელიანის გენიალური სიმარტივით დაწერილ იგავ-არაკებს, მისი სათქმელი სკოლამდელი ასაკის ბავშვის გრძნობა-გონებამდეც კი იოლად აღწევს.
მოსწავლეების დასახმარებლად ძველი ქართული ტექსტის გვერდით არსებობს აგრეთვე ახალი ქართულით „ნათარგმნი“ ტექსტი. ამ შემთხვევაში, რაც უნდა ზედმიწევნით იყოს შესრულებული, მკითხველი (მეტწილად მოსწავლეები, მოზარდები – ძველ ქართულში გაუჩვეველნი და გამოუცდელნი) „მთარგმნელის“ მიერ შემოთავაზებულ ასოციაციას და ხატ-სახეებს მიყვება და არა საკუთარს, ამიტომ სიტყვის უშუალო ზემოქმედების მაგიური ძალა სუსტდება. ტექსტთან ლექსიკონის დართვა-განმარტება კი საკუთარ თავთან, საკუთარ წარმოსახვასთან ტოვებს მკითხველს და თავისუფლებას უტოვებს მისი განცდისა და გაგების უნარს, მის ფანტაზიას.
ასევე, არსებობს ტექსტის „გაშინაარსება“.
პრინციპი, რომ სულ არარაობის ცოდნას, ჯობია შინაარსი მაინც იცოდეს, არა მგონია, სწორი მიდგომა იყოს. შინაარსით მხოლოდ ამბავი ეცოდინება. ჩვენ რა ვიცით, მოზარდის გულსა და გონებას უეცრად რა სიტყვა მოხვდება და რა ზემოქმედებას გამოიწვევს, რას შეცვლის მის ცხოვრებაში. მხატვრულ ლიტრატურას ხომ მხოლოდ მისაღები გამოცდებისთვის არ ვასწავლით. გარდა ამისა, რაც უფრო ძნელი დასაძლევია საგანი და რაც უფრო ეცდება მოსწავლე მის შესწავლას, მით უფრო გაუვარჯიშდება და გაუძლიერდება ნება. მით უმეტეს, თუ ამას საყვარელი მასწავლებლის ხათრითა და პატივისცემით გააკეთებს. მასწავლებლისადმი სიყვარული ამ შემთხვევაში მაგიურად მოქმედებს.
საგანგებოდ მინდა შევეხო „ვეფხისტყაოსანს“, დიდი წვლილი რომ მიუძღვის ქართველი ერისა და ქართული ენის გადარჩენაში.
„ვეფხისტყაოსანი“ ის უკვდავების წყაროა, მძლავრი იარაღია, ასერიგად რომ ჭირდებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში და ამ რთულ და მნიშვნელოვან წლებში აყალიბებს კიდეც მათში სწორ დამოკიდებულებას სამყაროსადმი, ადამიანისადმი, ბოროტისა და კეთილისადმი (რისი გარჩევაც დღეს ასე ძალიან ჭირს ადაპტირებული ზღაპრების, „გზასაცდენილი“ მულტფილმებისა თუ კომპიუტერული თამაშების გამო), აყალიბებს ზოგად ზნეობრივ პრინციპებს და ამითი, რაც მთავარია, მოზარდთა ყურადღებას მიმართავს სამყაროს ზოგადსაკაცობრიო კანონებისკენ და იცავს მათ გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული მრავალი ტკივილისა და პრობლემისგან:
„მოზარდის ფიზიკურ-ფსიქიკური ძალები იმისთვის გამოთავისუფლდება, რომ სამყაროს საიდუმლოთ მიეახლოს, გადასხვაფერდება/განიცდის ტრანსფორმაციას და ინსტიქტურად ორი მიმართულებით იმოქმედებს – ძალადობისა და ეროტიკის. საუბედუროდ, თანამედროვე პედაგოგიკას ეს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული და სრულიად ბუნებრივი ჰგონია. არადა, სწორი აღზრდის შემთხვევაში, 14 წლიდან 20 წლამდე, ახალგაზრდებში ამ თემაზე ლაპარაკი არ იქნებოდა საჭირო. ამგვარი რამეები ზედაპირულად არ დევს და თუ ამ ასაკთან დაკავშირებით განიხილება, რაღაც სატკივართან გვაქვს საქმე. თანამედროვე მეცნიერებისა და პრაქტიკის ავადმყოფობად სწორედ ამ საკითხებისდმი განსაკუთრებული და გამუდმებული ყურადღება შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ამ საკითხებს სწორედ იმიტომ ანიჭებენ ამხელა მნიშვნელობას, რომ არ იციან როგორ გაუღვივონ ინტერესი ახალგაზრდებს სამყაროს იდუმალების შეცნობისკენ, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა გაგებით.“ 8 – ეს სტრიქონები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწერა და რა სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ უფრო აქტუალურია.
მხატვრულ სიტყვას, გესმის თუ არა მისი მნიშვნელობა, თავისი ძალა და ზემოქმედება აქვს მკითხველზე და მსმენელზე, განსაკუთრებით ბავშვობის წლებსა და მოზარდ ასაკში. ყველას განგვიცდია ალბათ „ვეფხისტყაოსნის“ სიტყვის მაგიური ზემოქმედება, მიუხედავად იმისა, სიტყვა-სიტყვით გვესმოდა თუ არა.
ახლა კი ხშირად ვხვდებით სიტყვა-სიტყვით „თარგმანს“. ერთი შეხედვით იოლად გასაგები სტრიქონებიც კი, როგორებიცაა: „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი“ – „არაბეთის სამეფო ტახტზე იჯდა მეფე როსტევანი“ ან „სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,“ – „როსტევანს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი თინათინი, ჭკვიანი, ლამაზი“.
ვამბობთ, „არაბეთში ცხოვრობდა მეფე როსტევანიო“ თუ „იყო არაბეთს როსტევან“, შინაარსი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ფორმა, რიტმი, წარმოსახვა, მხოლოდ ტვინი-ინტელექტი არ იღებს მონაწილეობას, ერთვება რიტმული სისტემა, სისხლის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა – ის, რასაც ჩვენი შინაგანი მშვინვერ-სულიერი მოძრაობა ჰქვია და რაც წარმართავს ადამიანის ფიზიკურ-ფსიქიკური სხეულის ჯანმრთელობას. 21-ე საუკუნის ინფორმაციული ენა ჩვენი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარს ემუქრება, მხატვრული ტექსტი კი ჩვენში შემოქმედებით უნარს ავითარებს, შემოქმედებითად გვზრდის, სულიერ საზრდოს გვაძლევს. გაგება არ ნიშნავს მხოლოდ ყურით გაგონებას, გაგება შეგრძნებასაც ნიშნავს, სიტყვის გაცოცხლებას ნიშნავს. ყველანაირი იდუმალება და ხიბლი იკარგება. იკარგება ის, რისთვისაც დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ და რატომაც მოაღწია ჩვენამდე.
მე, საგანგებოდ, ყველაზე იოლი მაგალითი ავიღე, სხვა თქვენც ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. იმის თქმა მინდა, რომ სწავლების ამგვარი სტილით არათუ ვაზიარებთ მოსწავლეებს „ვეფხისტყაოსანს“, ინტერესს გავუქრობთ და დავუკარგავთ. “მხოლოდ ამბის ცოდნა ვის რას არგებს…
ძველი ქართული არაა დაშორებული თანამედროვე ქართულს. ამას ტექსტის განძარცვა და გაღარიბება ჰქვია. ისე, როგორც მეფეთა ძვირფას აკლდამებს ძარცვავდნენ…
ამ პროცესს სოციალურმა ქსელებმაც შეუწყო ხელი და საკმარისია სასურველი ნაწარმოები ჩაწერო, რომ იმ წამსვე ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების შინაარსი, მოკლე ვერსია, „პერიფრაზი“, „ახალი ქართულით“ დაწერილი ვერსია და ა.შ.
კვდება ხელოვნება, სიტყვის ის მართლაც ცხოველმყოფელი ძალა, რისი მეოხებითაც ხდება სამყაროს საიდუმლოთა შეცნობა, რაც წყალივით აუცილებელია მოზარდი თაობისთვის, განსაკუთრებით, 7-14-21 წლის ასაკში და გარდატეხის ასაკის არაერთ პრობლემას მოხსნის.
აღზრდა ბავშვის მიდრეკილებების გამოსწორებას, მის ბედშიდაც კი ცვლილების შეტანას გულისხმობს და მხატვრული ნაწარმოების (რომელიც ყველაზე მოქმედი იარაღია ამ საქმეში) ჩვეულებრივ, ინტელექტუალურ ენაზე გადმოცემა მხოლოდ ინფორმაციისა და მშრალი სიტყვის ამარა ტოვებს მოზარდ თაობას…
მართალია, დემოკრატიის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელმაც ბევრი რამ სააშკარაოზე გამოიტანა, მაგრამ სწავლებაში, პედაგოგიკაში არ უნდა ნიშნავდეს იმ საკრალურის გაშიშვლებას, რაც ჩვენი გულის იდუმალ კუნჭულშია მიმალული და მუდამ ფხიზლობს, როგორც სანუკვარი საიდუმლო, რომ სათანადო ადგილას, სათანადო დროს შეგვახსენოს თავი და დაგვეხმაროს.
როცა ადაპტირებულია ზღაპარი, თქმულება, ლექსი, მოთხრობა, რომანი, როცა უარს ვამბობთ მხატვრულ ხატ-სახეზე, მხატვრულ სიტყვაზე, რიტმზე, რითმაზე, პოეტურ მეტაფორაზე, ალიტერაციაზე, მხატვრულ სახეებზე და რა ბევრი გავაგრძელოთ, მხატვრულ ნაწარმოებზე – იკარგება მოზარდი თაობისთვის ასე აუცილებელი სამყაროს იდუმალებათა შეცნობის მოთხოვნილება – ჩვენ მხოლოდ მატერიალური გარემოსთვის ვზრდით ინტელექტუალურ, ჭკუით და არა გულით მოაზროვნე თაობას, რომელსაც აღარ შეუძლია გურამიშვილივით თქვას: „გულმა მთქვა“, ვისთვისაც გულისთქმა მხოლოდ ინსტიქტებისა და ქვენა ვნებათა ძახილია.
სულიერი შიმშილისა და გაუცხოებისთვის ხომ არ ვიმეტებთ ჩვენს შვილებს?
დრო არ იცდის!
იქნებ, დავფიქრდეთ!
-
ი.ჭავჭავაძე, 1938:136-137
-
FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MლRCNEN, 1997: 3
-
FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MლRCNEN, 1997:4
-
FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MლRCNEN, 1997:7
-
Erziehung und Unterricht aus Menschenerkenntnis GA 302a:7
-
რუსუდან ჩოლოყაშვილი, „ჯადოსნური ზღაპრის ფენომენი“ 2016:5
-
რუსუდან ჩოლოყაშვილი, „ჯადოსნური ზღაპრის“ ფენომენი
-
Rudolf Steiner Erziehung und Unterricht aus Menschenerkenntnis GA 302a