21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„ერთი პატარა ლაქა“

spot_img

ასე ჰქვია ჩემს ზღაპარს, რომელიც ბევრი წლის წინ დავწერე ბავშვებისთვის.

ამ ზღაპარში თხუპნია ბიჭის ტანსაცმლიდან პატარა ლაქა ჩამოვარდება, უკან კი ვეღარ დაბრუნდება, რადგან მის ადგილს მურაბის დიდი ლაქა დაიკავებს. პატარა ლაქა ახალი პატრონის მოსაძებნად მიდის. ივლის, ივლის და ერთი მხატვარი ბიჭის ფურცელს დაეტყეპება. ბიჭი ჯერ დალაქავებული ფურცლის გადაგდებას დააპირებს, მაგრამ მერე გადაიფიქრებს, ლაქას დააკვირდება, ფანქარს შემოავლებს, ვაშლს და მსხალს დაუსკუპებს, იქვე ხესაც   დახატავს, ბალახსაც, ყვავილებსაც,   მზესაც..

ასე იქცევა პატარა ლაქა ზღარბად, ეკლებზე რომ ვაშლი და მსხალი დაუმაგრებია და მწვანე ბალახში მხიარულად მიკუსკუსებს.

როცა ეს ზღაპარი დავწერე, მაშინ მხოლოდ ვოცნებობდი, ნეტავ ხატვა ვიცოდე, რომ ჩემი ზღაპრების პერსონაჟები თავად დავხატო-მეთქი. ეს ისე ძალიან მინდოდა, რომ ოცნება რეალობად ვაქციე – ხატვა დავიწყე.

ალბათ იცით, რომ ზოგადად, ჯერ ტექსტი იწერება და შემდეგ ამ ტექსტზე ილუსტრაციები იქმნება, მე კი ახლა ხშირად პირიქით ვაკეთებ – ჯერ პერსონაჟებს ვხატავ და შემდეგ მათ ზღაპრებს, ლექსებსა თუ მოთხრობებს ვუგონებ. ხანდახან კი იმ მხატვარი ბიჭივით ვიქცევი, რომელმაც ლაქა ზღარბად გადააქცია.

სწორედ მსგავსი აქტივობა მინდა შემოგთავაზოთ. ეს საკმაოდ საინტერესო და სახალისო პროცესია.

 

დახუჭეთ თვალები და ფურცელზე ან მუყაოზე (პატარა ზომის უმჯობესია) საღებავით ერთი ან   რამდენიმე ლაქა დასვით. ჩემს ფურცელზე ასეთი ლაქები გაჩნდა.

 

ახლა კარგად დააკვირდით, შეგიძლიათ ფურცელი შეატრიალოთ, შემოატრიალოთ, ისევ კარგად დააკვირდეთ და აუცილებლად დაინახავთ იმას, ვინც ლაქების უკან იმალება.

ჩემს ლაქებში ხეებთან მდგარი ცისფერი ბეჰემოტი აღმოვაჩინე

თქვენთან, ბეჰემოტის ნაცვლად, შეიძლება ადამიანი იყოს, ან ჩიტი, ან ლომი, ან მელაკუდა, ან სულაც დინოზავრი. დააფიქსირეთ ისინი განსხვავებული ფერის ფანქრით ან ტუშით. მერე კი ზღაპარი მოუგონეთ და ეს ზღაპარი თქვენს ოჯახის წევრებს, კლასელებს, მეგობრებს წაუკითხეთ. დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ.

პერსონაჟები არა მარტო საღებავის, არამედ ნებისმიერი ლაქებისგან შეგიძლიათ შექმნათ.

მე ყავის ლაქისგან ასეთი მხიარული მამონტი გამომივიდა

 

არც ნაწერებიანი, უკვე გამოუსადეგარი ფურცლის   დაკუჭვა და გადაგდება იჩქარო. აიღე ეს ფურცელი, დახიე პატარა ნაკუწებად, ქაღალდის წებოთი არათანაბრად და არეულად დააწებეთ ნაკუწები   სუფთა ფურცელსა ან მუყაოზე. დააკვრიდით და   მათშიც აღმოაჩენთ თქვენი მომავალი ზღაპრის პერსონაჟს.

მე ასეთი მხიარული ფოქსტერიერი აღმოვაჩინე

 

ამ აქტივობაში შეგიძლიათ სხვებიც ჩართოთ, მაგალითად, კლასელები. გაცვალეთ ერთმანეთში   ლაქებისგან შექმნილი პერსონაჟები და მათ თქვენი ზღაპარი მოუგონეთ.

მე კი გისურვებთ, ყოველთვის შეგეძლოთ ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დღეების ლამაზ, საინტერესო და შინაარსიან დღეებად გადაქცევა.

მიხვდით ხომ? ლაქების ზღაპრის პერსონაჟებად გადაქცევაც ხომ ამას ნიშნავს.

ლელა ცუცქირიძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები