17 ივნისი, სამშაბათი, 2025

ერთად გამარჯვებისკენ

spot_imgspot_img

კიდევ ერთი სასწავლო წელი მიიწურა, კიდევ ერთხელ დაირეკა სკოლებში ბოლო ზარი, დადუმდა  საკლასო ოთახები, სპორტის დარბაზები და ეს წელიც ერთ ლამაზ მოგონებად ჩაიწერა  სასკოლო ცხოვრების ისტორიაში. თუმცა დაგვიტოვა უამრავი ტკბილი  მოგონება და  გამარჯვებით განცდილი სიხარულები. სწორედ ამ გამარჯვებებზე გვინდა დღეს გესაუბროთ.

მარინე ჯინჭარაძე – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის წამყვანი პედაგოგი, რომელიც ბავშვებისა და სპორტის სიყვარულმა ერთ საქმეში გააერთიანა და ასე აღმოჩნდა სკოლაში. მარი, დღესდღეობით, ორ სკოლაში მუშაობს: თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე და თბილისის 30-ე საჯარო სკოლებში. მიუხედავად სირთულეებისა,  იგი მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მისი გაკვეთილები მხიარული და ხალისიანია, ხოლო მოსწავლეები მოუთმენლად ელიან სპორტის გაკვეთილის დაწყებას. მარი მრავალი წელია სკოლაში მუშაობს და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მისი მოსწავლეები სხვადასხვა  სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ და გამარჯვებულნი ბრუნდებიან კიდეც.

უკვე მრავალი წელია, საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ სასკოლო სპორტულ ლიგასთან  და სასკოლო ოლიმპიადასთან, სადაც თბილისის და რეგიონის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სპორტის მრავალ სახეობაში. მარის მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იყვნენ და არიან ჩართულნი, ყოველ წელს,  სპორტის სხვადასხვა სახეობებში – იქნება ეს ფეხბურთი თუ ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი თუ კალათბურთი, ბადმინტონი თუ სპორტული სროლა, კროსი, რაგბი თუ მხიარული სტარტები. ეს ტურნირები ყოველთვის გამარჯვებით არ სრულდება მოსწავლეებისთვის, თუმცა გამოცდილება და მონაწილეობაც მეტად მნიშვნელოვანია, ამჯერად მარის მოსწავლეების გამარჯვებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, წელსაც, როგორც 23-ე, ასევე 30-ე სკოლის მოსწავლეები  დიდი მონდომებით ჩაერთნენ სასკოლო ლიგის სპორტულ ტურნირებში: ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, კალათბურთი.  იყო მარცხიც, იყო გულისტკენაც, იყო ცრემლებიც, მაგრამ  ამავდროულად იყო გამარჯვებაც და იყო სიხარულიც, უდიდესი სიხარული , როდესაც 30-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ნინო ჩუტკერაშვილი „თბილისის სპორტული სროლის სასკოლო   ლიგა-2025“-ის გამარჯვებული გახდა გოგონათა შორის და გადაეცა  ტურნირის გენერალური სპონსორისგან, საქართველოს ბანკისგან, საჩუქრად სპორტული მაღაზიის 150-ლარიანი ვაუჩერი.

და არა მხოლოდ ეს,  23-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა „სასკოლო ლიგა 2025“-ის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა და ჯილდოდ მედლები და სიგელები დაიმსახურა. 23-ე სკოლის მოსწავლე საბა ლაგაზაური კი „სასკოლო ლიგა-2025“-ის მინი-ფეხბურთის ტურნირის გულშემატკივრის რჩეულის ტიტულის მფლობელია. ეს წარმატება და გამარჯვება მარის და სკოლების წარმატება და გამარჯვებაა, თუმცა, მისი თქმით, მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამ გამოწვევებს, რომ არა სკოლის  დირექტორები ქალბატონი მაკა ლუტიძე (23-ე სკოლა) და ქალბატონი მარიამ გოგოჭური (30-ე სკოლა) და მისი  კოლეგები სპორტის პედაგოგები: მაკა, ანი, სვეტა, გიორგი, გელა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და სწორედ მათი გვერდში დგომითა და დახმარებით, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ გამარჯვებას და წარმატებას“. ვულოცავთ ამ გამარჯვებას პედაგოგებსა და მოსწავლეებს. წინ მრავალი სპორტული ღონისძიებით დახუნძლული წელი ელოდებათ, წარმატებები და უარმავი გამარჯვება ვუსურვოთ მათ.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება