ენურეზი – ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. ენურეზის მდგომარეობად მიიჩნევა 5 წლის ასაკის ზემოთ ბავშვის მიერ შარდის შეუკავებლობა, რომელიც ვლინდება მინიმუმ კვირაში 2-ჯერ 3 თვის განმავლობაში. ენურეზი დაკავშირებულია ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამ საკითხზე და მშობლებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია.
ენურეზის სახეებია:
- დღის ენურეზია – როცა შარდის შეუკავებლობა ფიქსირდება დღის საათებში
- ღამის ენურეზია – როცა შარდის შეუკავებლობა ფიქსირდება ღამე, ძილის დროს
3. პირველადი ენურეზია – როცა ბავშვს არასოდეს ჰქონია მშრალი პერიოდი და არ აქვს გამომუშავებული ტუალეტის კონტროლი
4. მეორადი ენურეზია – როცა ბავშვს გამომუშავებული ჰქონდა ტუალეტის კონტროლი, შემდეგ კი, გარკვეული მიზეზების გამო, ისევ განიცადა რეგრესი და დაეწყო შარდის შეუკავებლობა.
საინტერესოა ენურეზის ფორმებიც:
- სტრესული – ამ ფორმის დამახასიათებელია შარდის შემაკავებელი კუნთების სისუსტე. მუცელში წნევის მომატებისას, მაგალითად, სიცილის დროს, ფიქსირდება შარდის შეუკავებლობა;
- იმპერატიული – იგი გულისხმობს შარდის ბუშტის ფუნქციონირების დარღვევას, რომლის დროსაც ბავშვს მოულოდნელად უჩნდება მოშარდვის სურვილი და ვერ ასწრებს ტუალეტამდე მისვლას;
- რეფლექსური – ეს ფორმა გულისხმობს შარდის ბუშტის ტონუსის მოშლას და ბუშტის გადავსებას შარდით, რაც იწვევს ენურეზს.
საინტერესოა, რომ ხშირად ოჯახებს ენურეზზე მხოლოდ კლასიკური ენურეზის ფორმით სმენიათ, როცა ბავშვს სამედიცინო ჩივილების გარეშე, ტუალეტის უნარების განვითარების შეფერხება აქვს, მაგრამ საინტერესოა, რომ ხშირად ენურეზს სხვა ფაქტორები განაპირობებს:
- გენეტიკური ფაქტორი – დღესდღეობით ცნობილია ის გენები, სადაც ფიქსირდება ცვლილებები ენურეზის მდგომარეობის დროს (PRDM13, SIM1 და EDNR. თუ ერთ-ერთ მშობელს, 5 წლის ასაკის ზემოთ, აღენიშნებოდა ენურეზი, ალბათობა იმის რომ ბავშვს ჰქონდეს ეს მდგომარეობა – 43%-ია. თუ ორივე მშობელს, 5 წლის ასაკის ზემოთ, აღენიშნებოდა ენურეზი, ალბათობა იმის, რომ ბავშვს ჰქონდეს ეს მდგომარეობა – 77%-ია.
- ენდოკრინული ფაქტორი – ჰიპოფიზი არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში და გამოიმუშავებს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ე.წ. ჰორმონებს. ერთ-ერთი ჰორმონი ვაზოპრესინი იწვევს შარდვის შემცირებას, რაც ხშირად იწვევს ენურეზის მდგომარეობას.
- ხერხემლის სვეტის დაზიანება – ხერხემლისა და ზურგის ტვინის ნერვების საშუალებით აღარ გადაეცემა და ბრუნდება სიგნალები თავის ტვინიდან მოშარდვის მოთხოვნილების შესახებ.
- ფსიქოლოგიური ფაქტორები – ისეთი გარემოებები, როგორიცაა სტრესი, ბულინგი, კონფლიქტი ოჯახში, გარემოს შეცვლა (მაგალითად, ბაღის, სკოლის ან საცხოვრებელი ადგილის) ხშირად ენურეზის გამომწვევი მიზეზია.
- ძილის სირთულეები – მოუწესრიგებელი ძილის რუტინა, როცა ბავშვი ყოველდღიურად სხვადასხვა დროს იძინებს, სხვადასხვა დროს იღებს საკვებს ან სითხეებს, ასევე ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა ძილის აპნოე, (სუნთქვის შეკავება რამდენიმე წამის განმავლობაში) უარყოფითად აისახება თავის ტვინის ქიმიურ შემადგენლობაზე და განაპირობებს ენურეზის მდგომარეობას.
- ყაბზობა – ერთი და იგივე კუნთები არეგულირებენ შარდის და განავლის გამოყოფის კონტროლს, შესაბამისად, თუ ყაბზობა ქრონიკულია, შესაძლოა შეიქმნას ღამის ენურეზის ჩამოყალიბების წინაპირობა. ასევე ზედმეტად სავსე ნაწლავმა (ყაბზობის გამო) შეიძლება დააჭიროს შარდის ბუშტს და შეკუმშოს, ან გაგრძნობინოთ, რომ სასწრაფოდ გჭირდებათ შარდის გამოყოფა.
- სოციალური გარემო – ენურეზის კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზია აღზრდის სტილი, როცა ბავშვს ასაკობრივად არ შეუწყვეს ხელი (დააგვიანეს) ტუალეტის უნარების განვითარებაში.
- დაბოლოს ენურეზის მდგომარეობას ხშირად განაპირობებს შარდის ბუშტის კონტროლის დარღვევა და საშარდე გზების ინფექციები.
ვის მივმართოთ დიაგნოსტირებისთვის?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც გადაგამისამართებთ ბავშვთა ნეფროლოგთან, ან პირდაპირ ბავშვთა ნეფროლოგს მიმართეთ, რომელიც იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით – შარდვის დღიურის შედგენა, კლინიკაში ლაბორატორიული კვლევების ჩატარება – შარდის საერთო ანალიზი, შარდვის შემდეგ დარჩენილი შარდის გამოკვლევა და ა.შ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ბავშვის გადამისამართება ხდება სხვადასხვა თერაპიულ სერვისებში, როგორიცაა: ქცევის თერაპია, ფსიქოთერაპია.
დღესდღეობით არსებობს რამდენიმე დამხმარე საშუალება ენურეზის წინააღმდეგ. ქვემოთ მოცემულია ორი მათგანი: პირველი მაგრდება ბავშვის ტრუსზე, მეორე ბოლო კი – ზემოთ. როცა ბავშვი ჩაისველებს ზემოთა მოწყობილობა გამოსცემს სიგნალს, ბავშვს ეღვიძება და მიდის ტუალეტში. ხოლო მეორე მოწყობილობა შედგება წყალგაუმტარი ლეიბისგან, რომელზეც დამაგრებული სასიგნალო სისტემა ბავშვის ჩასველების შემთხვევაში.
რეკომენდაციები
- შეამცირეთ სითხის მიღება საღამოს საათებში
- ჩამოაყალიბეთ ტუალეტის რუტინა და წაახალისეთ ბავშვი განახორციელოს ტუალეტის უნარები დამოუკიდებლად
- გააღვიძეთ ბავშვი დადგენილ დროს, მოშარდვისთვის
- ამოიღეთ კვების რაციონიდან კოფეინის შემცველი რძის პროდუქტები, ცხარე საკვები და ციტრუსები, რადგან ისინი ხელს უწყობენ შარდის ბუშტის შეკუმშვას და უნებლიე მოშარდვას
- ჩართეთ ბავშვი, ჩასველების შემდეგ, საკუთარი თავის და გარემოს მოწესრიგებაში.
სტატია მოამზადა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტმა და განათლების ფსიქოლოგმა