თეონა შანიძე
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ რუსთავის №5 საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასების მასწავლებელი
სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას, რასაც დიდწილად სასწავლო რესურსები განსაზღვრავს. რაც უფრო მრავალფეროვანი, ინტერაქციული, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული და საინტერესოა რესურსი, მოსწავლეც უფრო მეტადაა დაინტერესებული და ჩართული სასწავლო პროცესში.
თანამედროვე სამყაროს ნებისმიერი სფერო, მათ შორის ჩვენი ყოველდღიურობაც, წარმოუდგენელია ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გარეშე. შესაბამისად, ციფრული უნარების განვითარება წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. მასწავლებელიც უნდა ზრუნავდეს მოსწავლეში განავითაროს ეს გამჭოლი კომპეტენცია და ხელი შეუწყოს მის ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან პიროვნებად. ამისთვის საუკეთესო გზაა სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსების აქტიური გამოყენება. ეს მოსწავლეებისთვის სახალისოა, ზრდის მათ მოტივაციას, ჩართულობას, ინტერესს და უვითარებს ელემენტარულ ციფრულ უნარებს. ელექტრონული რესურსების გამოყენებით გაკვეთილი ხდება ინტერაქციული და მასწავლებელი უკეთ აღწევს დაგეგმილ სასწავლო შედეგებს.
გაგიზიარებთ რამდენიმე პლატფორმას, რომელსაც აქტიურად ვიყენებ ელექტრონული რესურსების შესაქმნელად:
https://www.powtoon.com/-ის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ვიდეო ანიმაციები, შემდეგ კი ჩამოტვირთოთ ან გააზიაროთ ისინი.
https://makebeliefscomix.com/ -ისა და https://www.pixton.com/-ის საშუალებით შექმნით მრავალფეროვან კომიქსებს.
https://bookcreator.com/ -ზე შეგიძლიათ შექმნათ წიგნები ან საინფორმაციო ბუკლეტები.
https://www.thinglink.com/ -ის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ინტერაქტიული ვიზუალური მასალა და მულტიმედია რესურსები.
https://learningapps.org/ -ზე შესაძლებელია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნა: დაჯგუფება, დაკავშირება, ვიქტორინა, კროსვორდი, ღია ან დახურულდაბოლოებიანი კითხვები და სხვა.
ზემოთ ჩამოთვლილი ვებგვერდების გამოყენება შეუძლია ყველა საგნისა და საფეხურის მასწავლებელს.
მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ https://learningapps.org/-ის საშუალებით შექმნილი რამდენიმე ელექტრონული რესურსი ქართულში, რომელიც განკუთვნილია მე-2 კლასისთვის და დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში. რესურსები შექმნილია ტექსტის „ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“ (ავტ. ლელა ცუცქურიძე) მიხედვით და წარმატებით გამოვიყენე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას.
რესურსი №1: https://learningapps.org/watch?v=pba5n1csc24
ტექსტისა და ილუსტრაციის დაკავშირება: დავალებაში მოცემულია რამდენიმე ამონარიდი ტექსტიდან და შესაბამისი ილუსტრაცია. მოსწავლემ უნდა დაუკავშიროს, რომელი ილუსტრაცია ტექსტის რომელ მონაკვეთს შეესაბამება. ეს დავალება მოსწავლეს დაეხმარება ტექსტის შინაარსის უკეთ გაგებასა და მისი ვერბალური და არავერბალური ელემენტების დაკავშირებაში.
რესურსი №2: https://learningapps.org/watch?v=pha2gvgbn24
ილუსტრაციის დაკავშირება შესაბამის ნაწილთან: დავალებაში მოცემულია ილუსტრაციები ტექსტიდან. მოსწავლემ უნდა დააკავშიროს ისინი შესაბამის ნაწილთან – დასაწყისთან, შუა ნაწილთან ან დასასრულთან. რესურსის დახმარებით მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ტექსტის აგებულებას.
№1 და №2 რესურსებზე მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება, თავადაც შექმნან შინაარსის შესაბამისი ილუსტრაციები და სწორად შეურჩიონ სათაური.
რესურსი №3: https://learningapps.org/watch?v=pe7m8ck3k24
დაალაგე წინადადებები სწორი თანმიმდევრობით: დავალებაში წარმოდგენილია ტექსტის პირველი ნაწილის წინადადებები არეული თანმიმდევრობით, მოსწავლემ კი სწორად უნდა დაალაგოს ისინი. რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიის აღქმაში, ასევე, მის უკეთ გაგება-გააზრებაში.
რესურსი №4: https://learningapps.org/watch?v=pg9nvipza24
შეარჩიე სწორი პასუხი: მოცემულ რესურსში წარმოდგენილია ტესტი მთლიანი ტექსტის გაგება-გააზრების მონიტორინგისთვის. დავალება მოიცავს სხვადასხვა სირთულისა და დონის დახურულ კითხვებს, რომლის საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ მოსწავლის გაგება-გააზრების დონე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილზეც და დამოუკიდებლად, მოსწავლის მიერ. შესაბამისად, მათი საშუალებით შესაძლებელია როგორც შეფასება, ასევე თვითშეფასება.
ვიმედოვნებ, ჩემ მიერ გაზიარებული ელექტრონული რესურსები და ვებგვერდები ბევრ მასწავლებელს დაეხმარება კიდევ უფრო საინტერესოდ წარმართოს სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით.
უკუკავშირი შეგიძლიათ გამიზიაროთ შემდეგ ელფოსტაზე: Teonashanidze96@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!