25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ეთნიკური უმცირესობების მასწავლებელთა რეალობა და საჭიროებები – რა სიახლეებს გვთავაზობს „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამა ახალი სასწავლო წლისთვის

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის ახორციელებს „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამას.  ამ სახელწოდებით პროგრამა მიმდინარე წლიდან ხორციელდება, თუმცა, ის უკვე განხორციელებულ პროგრამებსაც მოიცავს – „ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა“ და „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. შესაბამისად, ცენტრის მიერ არაქართულენოვანი პედაგოგების აქტიური მხარდაჭერა 2009 წელიდან იწყება და, ამ ხნის განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით არაერთი აქტივობება განხორციელდა.

უშუალოდ რა მიმართულებებზე  კეთდება აქცენტები, როგორია რეალური შედეგები და რა სიახლეები დაინერგება პროგრამის ფარგლებში – ამის შესახებ გვესაუბრება არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ კეკელიძე:

 

–  პროგრამის ფარგლებში აქტივობები  რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არაქართულენოვანი სკოლების საკადრო დეფიციტის შევსება – რაც გულისხმობს მასწავლებელთა სამი ჯგუფის მივლენას შესაბამის სკოლებში. ესენი არიან კონსულტანტ-მასწავლებლები, როგორც მეორე ენის კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც სკოლებში ატარებენ „ქართულის როგორც მეორე ენის“ გაკვეთილებს. ამასთანავე ზრუნავენ ადგილობრივი კადრების პროფესიულ გავითარებაზე და კონსულტირებას უწევენ მათ. ასევე, პროგრამის ფარგლებში მივლენილია დამხმარე მასწავლებელთა ჯგუფი, მათ შორის არიან ქართულენოვანი დამხმარეები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ორენოვანი დამხმარეები, რომლებსაც გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (1+4 პროგრამა).

– რას ითვალისწინებს დამხმარე მასწავლებლის ფუნქციები?

– დამხმარე მასწავლებლების ფუნქციები ითვალისწინებს ადგილობრივი მასწავლებლების დახმარებას  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში, სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების მიმართულებით აქტივობების განხორციელებას, ასევე მოსწავლეებთან საგნობრივი წრის ფარგლებში დამატებით მეცადინეობას.

პროგრამა  ეთნიკური უმცირესობების სკოლების  ადგილობრივ მასწავლებლებს სთავაზობს სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს.  ეს შესაძლებლობა მათ გასულ წელებშიც ჰქონდათ. გასულ კვირას დავამთავრეთ სახელმწიფო ენის კურსი- საბოლოო შეფასებით, გამოცდას სულ  303 მსმენელი დაესწრო. მონაცემები მუშავდება და მალე გვექნება საბოლოო შედეგები.

– რა სიახლეებია პროგრამის ფარგლებში?

– არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საგნის სწავლების მეთოდური კურსი. გრძელვადიანი კურსი რამდენიმე ტრენინგმოდულს აერთიანებს –   კითხვის უნარების განვითარება, მოსმენა-ლაპარაკის მიმართულება, წერის უნარების განვითარება, ლექსიკა, გრამატიკა და ა.შ. დღეის მდგომარეობით, ჩვენ მსმენელებს მოსმენა-ლაპარაკის მოდულის გავლის შესაძლებლობა აქვთ. ეს ამ გრძელვადიანი კურსის მეორე მოდულია, ივნისის თვეში მათ კითხვის მიმართულების ტრენინგმოდული გაიარეს . ვფიქრობ, რომ ეს არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ამას ის პოზიტიური გამოხმაურებაც ადასტურებს, რომელიც მათი მხრიდან მივიღეთ. მინდა აღვნიშნო, რომ არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივ ქართულის როგორც მეორე ენის  მასწავლებლებს აქამდე მსგავსი შესაძლებლობა არ ჰქონიათ.  პირველი მოდულის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, სურვილი გვქონდა, რომ  კიდევ უფრო დაგვეხვეწა შემდგომი მოდულები. აქედან გამომდინარე,  მსმენელებისთვის შევიმუშავეთ კითხვარი და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დავგეგმეთ შემდეგი ტრენინგმოდული.

– უშუალოდ ტრენინგმოდულზე რომ ისაუბროთ, რას ითვალისწინებს პრაქტიკაზე ორიენტირებული მოდული? 

– ტრენინგმოდული შემუშავებულია პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლების გარკვეული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს პროგრამის „ქართულის როგორც მეორე ენის“ ექსპერტ-კონსულტანტი. ანუ მოდული შექმნეს იმ ადამიანებმა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ კოლეგებთან, ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს. ამდენად, მათ ზუსტად იციან მათი საჭიროებები, იციან როგორ გაუმარტივდებათ მოსწავლეების რაღაცის სწავლა – როგორ მიაწოდონ ახალი ინფორმაცია. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდული, თეორიული მასალის პარალელურად, დიდწილად ითვალისწინებს პრაქტიკულ აქტივობებს –  რომელი საკითხი როგორ უნდა დაამუშაონ, რომელი აქტივობაა უფრო ეფექტური და ა.შ. ძალიან ცოცხალი პროცესია და შესაბამისი გამოხმაურებაც მივიღეთ მასწავლებლების მხრიდან.

პირველი მოდული (კითხვის მიმართულება) კი 323-მა მსმენელმა გაიარა.  ამ ეტაპზე ტრენინგი ტარდება მოსმენა-ლაპარაკის მიმართულებით და აქაც, დაახლოებით, ამდენივე მსმენელია ჩართული. ტრენინგს ატარებენ ჩვენი პროგრამის კონსულტანტ მასწავლებლები – მეორე ენის კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც დიდი ხანია უკვე ამ მიმართულებით მუშაობენ და ძალიან ღირებული გამოცდილება აქვთ.

 

– სად ტარდება ტრენინგები და როგორ კომპლექტდება ჯგუფები? 

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ  ტრენინგები უფასოა. რაც შეეხება ჯგუფების დაკომპლექტებას ამაში რესურსცენტრები დაგვეხმარნენ – მათ მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ სკოლებში ინფორმაცია  გაევრცელებინათ, შუამდგომლობა გაეწიათ და მოეწოდებინათ ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებლების სია. ბუნებრივია, ისინი უნდა ყოფილიყნენ, „ქართულის როგორც მეორე ენის“ მასწავლებლები. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრენინგები ადგილზე ტარდება.  ჯგუფების დაგეგმვის დროს შევეცადეთ სოფლები  ისე დაგვეწყვილებინა, რომ მსმენელებისთვის ტრანსპორტირება რთული არ ყოფილიყო. მაქსიმალურად მოვერგეთ მსმენელების საჭიროებებს და ვეცადეთ ყველა დეტალი გაგვეთვალისწინებინა.

რა პრობლემები უფრო მეტად იჩენს თავს ეთნიკური უმცირესობების სკოლებში? სად არის ყველაზე დიდი პრობლემა?

– ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მასწავლებლების კვალიფიკაციაა. ხშირ შემთხვევაში, სკოლებში ასწავლიან ასაკოვანი მასწავლებლები, რომელთა უმრავლესობას აღარ აქვს მოტივაცია იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. ამას თან ერთის  ადმინისტრაციის პრობლემაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის ადმინისტრაციას, თუ რამდენად უწყობს დირექტორი ხელს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.

–  რეალურად რა გააკეთა ეთნიკური უმცირესობებისთვის 1+4 პროგრამამ?

– უშუალოდ ჩვენს პროგრამას ამ ეტაპზე ჰყავს 77 ორენოვანი დამხმარე  მასწავლებელი, რომლებიც1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დამხმარე მასწავლებლებს, პროგრამაში ორი აკადემიური წლის მონაწილეობის შემდეგ,  სამაგისტრო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიმართულებით, სწავლის საფასურს პროგრამა უფინანსებს.

პროგრამა გეგმავს ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების რაოდენობის ზრდას. ერთი მხრივ, ამით ხელს ვუწყობთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, ახალგაზრდების შემოყვანას პროფესიაში და დასაქმებას საკუთარ სოფელში/სკოლაში.

– როგორც ცნობილია წელს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ქართული ენის განახლებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ…

– თავის დროზე, პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში (2011-2013 წლებში) ეთნიკური უმცირსობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის შეიქმნა ქართული ენის სახელმძღვანელო, რომლითაც „ქართულის როგორც მეორე ენის“  სწავლება მიმდინარეობდა. ბოლო რამდენიმე წელია, სახელმძღვანელოს I-VI დონის დეფიციტი შეიქმნა. ამიტომ ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება მცირე რედაქტირების შემდეგ თავიდან დაებეჭდა აღნიშნული სახელმძღვანელო. ბუნებრივია, სკოლებისგან ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია საჭირო რაოდენობის შესახებ და ისე როგორც ადრე,  წელსაც,  ახალი სასწავლო წლიდან სკოლები განახლებულ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებენ.

როგორ ფიქრობთ აისახება თუ არა საპენსიო ჯილდო ეთნიკურუმცირესობების სკოლებში, ანუ შექმნის თუ არა მასწავლებელთა დეფიციტს?

– ამის მოლოდინი ნამდვილად არის. როდესაც პრობლემებზე ვსაუბრობდით, ერთ-ერთ პრობლემად, სწორედ ასაკოვანი მასწავლებლები დავასახელე. სკოლებში მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ამ პრობლემის წინაშე აუცილებლად აღმოვჩნდებით. თუმცა, ცენტრი, განათლების სამინისტროსთან ერთად, მუშაობს ამ საკითხზე და მისი მოგვარების გზებზე. აუცილებლად მოხდება მათი ჩანაცვლება, თუკი მასწავლებლები გამოთქვამენ საპენსიო ჯილდოს აღების სურვილს.

ვფიქრობ, დეფიციტის შევსების პროცესში პროგრამას „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება.

– არის თუ არა ცნობილი რამდენმა მასწავლებელმა განაცხადა ჯილდოს აღების სურვილი?

– ზუსტად ვერ გეტყვით საბოლოო მონაცემებს.

– მოკლედ რომ შევაჯამოთ, განახლებული სახელმძღვანელოების გარდა, რა სიახლეებით ხვდებიან ახალ სასწავლო წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლები?

– სახელმძღვანელოების გარდა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს  მეთოდური კურსის ფარგლებში, მომდევნო ტრენინგმოდულებს შევთავაზებთ.  ასევე, გაგრძელდება სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსიც. მართალია ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ სურვილი გვაქვს, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალს შევთავაზოთ სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი. ახალი სასწავლო წლიდან  რამდენიმე სკოლაში, საპილოტე რეჟიმში ვგეგმავთ, სპეცმასწავლებლის მივლენას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მასწავლებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართონ სასწავლო პროცესში. ვფიქრობთ, ასევე „ქართულის, როგორც მეორე ენის“ მიმართულებით დამატებითი სასწავლო რესურსების შექმნაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მასწავლებელს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს და გაამდიდროს თავისი გაკვეთილი.

სხვა იდეებიც გავაქვს, თუმცა არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. ვიტყვი,მხოლოდ, რომ ამ პროგრამას ნამდვილად აქვს პოტენციალი ბევრი წარმატებული მიმართულება განახორციელოს.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები