21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ევროპის ინტერნეტ საზოგადოების საერთაშორისო კონფერენცია  2023

spot_img
19-21 ივნისს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ევროპის ციფრული კონფერენცია „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობისთვის 2023“ გაიმართა. EURODIG გაეროს საინფორმაციო საზოგადოების (WSIS) 2005 წლის სამიტის შემდეგ, 2008 წელს ჩამოყალიბდა, როცა საერთაშორისო ციფრული მმართველობის ფორუმი შეიქმნა და მის ნაწილად მოიაზრება. კონფერენციის წლევანდელი თემა იყო „ინტერნეტი რთულ დროში – რისკები, მედეგობა, იმედები“. პროგრამა მოიცავდა პოსტპანდემიური პერიოდისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგების განხილვას, რისკებისა და გამოწვევების შეფასებასა და ინტერნეტის, მათ შორის, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პლატფორმების გაცნობას.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი

 

 

⇑⇓ მაია, როდის შეუერთდა ეროვნული ბიბლიოთეკა ციფრულ დიალოგს?

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საერთაშორისო ინტერნეტფორუმში და ევროპის ციფრულ დიალოგში 2018 წლიდან მონაწილეობს, როცა პირველად, ორგანიზაციის „ბიბლიოთეკებისა და ინსტიტუტების გაერთიანებათა საერთაშორისო ფედერაციის“ (IFLA) ხელშეწყობითა და ინფორმაციის თავისუფალი წვდომის საერთაშორისო გაერთიანების მიწვევით, ინტერნეტ მმართველობის საერთაშორისო ფორუმზე (იუნესკო), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

⇑⇓ კონფერენციის ფარგლებში ბიბლიოთეკაში შეხვედრაც შედგა

2018 წელს, ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა პარიზის ამერიკულ ბიბლიოთეკაშიც. შეხვედრის მონაწილეებს საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საფრანგეთის ღირსების კავალერი, ლორან ანგელი მიესალმა. პარიზის ამერიკული ბიბლიოთეკა ევროპის კონტინენტზე უდიდესი ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა გახლავთ. ეს ისტორიული ბიბლიოთეკა, პირველი მსოფლიო ომის დროს, კონგრესის ბიბლიოთეკამ და ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციამ დააარსეს, როგორც ჯარისკაცთა განათლებისა და მშვიდობიანი შეხვედრის ცენტრი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კიდევ უფრო განვითარდა, ხოლო მოგვიანებით ამერიკელ მწერალთა შეხვედრისა და მუშაობის ადგილად იქცა. დღეს ეს ორგანიზაცია მკითხველებს 60 ქვეყნიდან აერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეს პირველი დიდი წარდგენა იყო და უცხოელი კოლეგების დადებითი ინტერესიც გამოიწვია.

⇑⇓ რა საკითხები იყო წარმოდგენილი ფორუმზე?

მას შემდეგ, რაც პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, კონფერენციის ჰიბრიდულ პლატფორმაში მივიღეთ მონაწილეობა, კერძოდ, 2021 წელს, მოვაწყვეთ სემინარი „დეზინფორმაცია და ცრურწმენების დაძლევა მედია წიგნიერების საშუალებით“. სემინარის ორგანიზება დისტანციურად შედგა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, ამერიკის, პორტუგალიისა და გერმანიის მედია წიგნიერების ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგინეს მედია წიგნიერების სწავლების მეთოდები ჯანმრთელობის, ადამიანის სასიცოცხლო უფლებების საკითხების გაცნობიერების ხელშეწყობისთვის.

2022 წელს, კიდევ ერთი პრეზენტაცია ჩავატარეთ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქალთა განათლებასა და ჩართულობას მიეძღვნა. მასში ინტერნეტ ექსპერტი, პროფესორი ნანა დიხამინჯია მონაწილეობდა, რომელმაც, სწორედ პრეზენტაციის დაწყების წინ, გრეის ჰოპერის ჯილდო მიიღო და მის ბლოგებს ინოვაციებისა და ქალთა ჩართულობის საკითხებზე ქართველი მკითხველი კარგად იცნობს.

⇑⇓ წლევანდელი კონფერენცია რით იყო გამორჩეული?

ეს პირველი კონფერენცია იყო, რომელიც პანდემიის შემდეგ და უკრაინის ომის ფონზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენციის თემატიკა იმდენად მრავალფეროვანი იყო, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ინტერესების მქონე დამსწრეებისთვის, სხვადასხვა აუდიტორიაში ტარდებოდა. თუმცა, მთავარ დარბაზში გამართული ღონისძიებები, ძირითადად, უკრაინის ომის საკითხებს ეძღვნებოდა. კონფერენციის პირველ დღეს, წარმოდგენილი იყო ხელოვნური ინტელექტის ეთიკური ასპექტები. საინტერესოა, რომ ევროკავშირმა წელს შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის ეთიკური ასპექტების რეკომენდაციები, რომელსაც, სავარაუდოდ, ფართო საზოგადოება მალე გაეცნობა.

კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც გენერალური მდივნის, ქალბატონი სანდრა ჰოფერიხტერის ხელშეწყობით, ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი შინაარსი და ფორმატი აქვს, მონაწილეობენ სამთავრობო, კერძო, აკადემიური, არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები.

ქართული წარმომადგენლობა

⇑⇓ რაც შეეხება თქვენს მონაწილეობას კონფერენციაში…

ბიბლიოთეკებისა და მედიაწიგნიერების თემაზე გაიმართა კიდევ ერთი დისკუსია, რომლის თემა გახლდათ „ინტერნეტის ინკლუზიური და აზრიანი ხელმისაწვდომობა“. რა შემთხვევებშია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ყველაზე სასარგებლო, როგორ დავძლიოთ სიცოცხლისთვის სახიფათო ტენდენციები და როგორი შეიძლება იყოს ბიბლიოთეკების ჩართულობა ამ პროცესში.

როგორც ბიბლიოთეკებისა და საინფორმაციო ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაციამ განმარტა, აზრიანი ხელმისაწვდომობა მოითხოვს ინტერნეტის წვდომას, შინაარსის სარგებლიანობას და მათი გავრცელებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ცოდნას.

ინტერნეტის პოტენციალი მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის თვალსაჩინოა. სასურველია, რომ საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო საზოგადოების დღის წესრიგში იყოს ის მიზნები და ამოცანები, რომელიც თანამედროვე ინტერნეტინოვაციებმა უნდა შეასრულოს სამოქალაქო საზოგადოების განათლებასა და განვითარებაში. ეს ყოველივე საზოგადოების ყველა წევრის ჩართულობასაც მოიაზრებს, რაც ქვეყნების დღის წესრიგში დგას. უმთავრეს ღირებულებად, რომელსაც ტექნოლოგიური პროგრესი უნდა ეხმარებოდეს, მოქალაქეების, ადამიანების ჯანმრთელობისა და  კეთილდღეობის ხელშეწყობა მოიაზრება. ბიბლიოთეკები განსაკუთრებით არიან ჩართულები საყოველთაო განათლების, ტექნოლოგიური სიახლეების გავრცელებისა და როგორც ინდივიდების, ისე მთელი საზოგადოებისთვის უახლესი ცოდნის მიწოდების საკითხებში. ყველა ქვეყანაში ბიბლიოთეკები, როგორც კანონით დემოკრატიული და საყოველთაო ორგანიზაციები, იღებს და ავრცელებს უახლეს ცოდნასა და მათი სარგებლობის შესაძლებლობებს. ყურადღება დაეთმო საქართველოში საბიბლიოთეკო სიახლეებსა და რეგიონების ხელშეწყობას, წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა და თანამშრომლობა, აგრეთვე, დისკუსია ეხებოდა იმ გამოწვევებსა და სიახლეებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში საბიბლიოთეკო ცხოვრების ნაწილი გახდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საგანმანათლებლო და საინფორმაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო პროცესი

ყოველ წელს, სამდღიანი კონფერენციის ყოველი სემინარის შემდეგ, მონაწილეები შეიმუშავებენ საერთო გზავნილებსა და წინადადებას, რომელიც მათ პრობლემებს და გადაჭრის გზებს შეიძლება ასახავდეს. ეს გზავნილები შემდეგ გაეროს ინტერნეტ მმართველობის ფორუმს წარედგინება და, რაც მთავარია, მონაწილე ქვეყნებისთვის მომავალი საქმიანობის რეკომენდაციებად მზადდება.

⇑⇓ აღნიშნე, რომ კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო, კიდევ რა თემები იყო წარმოდგენილი?

ვორკშოპს „გაეროს ინტერნეტის მმართველობისა და თანამშრომლობის ევროპული ხედვა“ ევროკომიისა და გაეროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები, ევროპული ღირებულებების გათვალისწინებით, მარტივი, ღია, უსაფრთხო თანამშრომლობის საიმედო ქსელის შექმნისთვის. 2024 წელს იგეგმება გაეროს ინიციატივის – საერთაშორისო დიგიტალური კომპაქტის გაფორმება. მისი მიზანია ინტერნეტიზაციის ბოლო 20 წლის შედეგების ანალიზი, საყოველთაო კეთილდღეობის საკითხებისთვის.

ერთ-ერთი პრეზენტაცია მოიცავდა განხილვას, თუ რამდენად ასრულებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და, მათ შორის, საქართველო ბუდაპეშტის კონვენციას სამოქალაქო ჩართულობის საკითხებში. წარმოდგენილი იყო ციფრული ბარომეტრის კვლევა 2022 წლის შედეგებით და მათი გაუმჯობესების პერსპექტივით. მასში ევროსაბჭოს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, ამ მხრივ, საკმაოდ კარგი, სამუშაო პროცესისთვის შესაბამისი შედეგები ჰქონდა.

ასევე, ერთ-ერთი თემა იყო ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის განვითარებისთვის. თანამედროვე სამყაროში, ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა დარგში ხელოვნური ინტელექტის ათვისება უკვე მიმდინარეობს. თუმცა, ჯერ კიდევ განხილვის საკითხია, როგორი უნდა იყოს მათი ეკოლოგიური გამოყენება, განსაკუთრებით, ძნელად მისაწვდომ რეგიონებში.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის თემას ინტერნეტის მეშვეობით. ამ საკითხში განსაკუთრებით თვალსაჩინოა მედიაწიგნიერების, საინფორმაციო განათლებისა და ბიბლიოთეკების მნიშვნელობა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე, რომელსაც ინტერნეტ მმართველობის ხელმძღვანელობა უძღვებოდა, მთავარი თემები იყო:

  1. როგორ შეიძლება ციფრული წიგნიერების ინტეგრირება სასწავლო პროგრამაში, რათა ბავშვებმა შეძლონ უსაფრთხოების სწავლა, დეზინფორმაციის დძლევა და სწორი ინფორმაციის მოძიება;
  2. რა მხარდამჭერი მექანიზმები დაგვეხმარება სტუდენტებისა და მოსწავლეების მენტალური ჯანმრთელობის, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობასა და კრიზისული მომენტების უფლებების დაცვით დარეგულირებაში;
  3. როგორ შეიძლება, ონლაინ პლატფორმებმა დანერგონ პირადი სარგებლობის პარამეტრები, რათა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შეძლონ საფრთხისგან დაცვა და დადებითი გამოცდილების მიღება.

⇑⇓ რა სიახლეები იყო მედიაწიგნიერების ხელშეწყობის საკითხებში?

მედიაორგანიზაციამ „შემოქმედებითი ევროპა“ შექმნა პროექტი NewsArcade, რომელიც ახალგაზრდობისთვის ნიუსების თამაშებით გავრცელების სწავლებას ითვალისწინებს. გემიფიკაციის აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია დეზინფორმაციისა და ტრადიციული, პოლიტიზებული მედიის პასუხად, ახალგაზრდა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები მედიაფორმატის შექმნა. მისი მეშვეობით, მოსწავლეები გაიგებენ, თუ როგორ და რატომ, რა მიზნით იქმნება ესა თუ ის მედიანიუსი. თამაში მომხმარებელს ჟურნალისტის პოზიციაში აყენებს, ყოველ ნიუსს ინტერპეტაციების 360 გრადუსით წარმოგვიდგენს, მომხმარებელს ახალი ამბების სხვადასხვა პერსონაჟის ინტერპეტაციას აცნობს და ინტერაქტიური ფორმატი აქვს.

ჩვენი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ინტერნეტში ბავშვების სექსუალური უსაფრთხოების საკითხები. 2022 წლის მაისში, ევროკომისიამ წარმოადგინა „ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციისა და დაძლევის წესების რეგულაციები“, რომელიც ინტერნეტსპეციალისტებს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამოვლენისა და აღრიცხვის მეთოდებით დაეხმარება.

⇑⇓ რამდენად იყო წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე მოვლენები?

კონფერენციის მეორე დღეს ტამპერეს უნივერსიტეტის მთავარი დარბაზი სრულად ეთმობოდა უკრაინის ომის შედეგების განხილვასა და მათ შესწავლას. კერძოდ, უკრაინელი სპეციალისტები საუბრობდნენ კიბერუსაფრთხოების გამოცდილებაზე, თუ როგორ იქმნება მოხალისეთა ჯგუფები კომუნიკაციების შენარჩუნებისთვის. ფაქტობრივად, უკრაინელი ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტები, საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, სისტემატურად აღადგენენ კომუნიკაციებს, ხოლო ინტერნეტ სპეციალისტები კომუნიკაციების სამხედრო რეზერვში ირიცხებიან. როგორც კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ევროკავშირი დეტალურად სწავლობს იმ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის ომმა გამოავლინა და მათი მოგვარების გზებს, მათ შორის, ფრაგმენტაციის დაძლევის საკითხებს, სატელიტური ინტერნეტის ხელშეწყობას, მოსახლეობასთან დაკავშირებისთვის მობილური ინტერნეტ სადგურების მოწყობასა და დაცული ქსელის შექმნას გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

ასევე საინტერესო იყო პოლონეთის წარმომადგენლობის მონაცემები, რომელიც მთლიანად დეზინფორმაციასთან ბრძოლას მიეძღვნა. პოლონეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტუქტურის ცენტრმა წარმოადგინა რუსული დეზინფორმაციის მაგალითები, რომელსაც პოლონეთი წიგნიერების ამაღლებით, დეზინფორმაციული წყაროების გამოვლენითა და გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მეთოდების დანერგვით პასუხობს.

აგრეთვე, ერთი სესია დაეთმო ევროპისა და აფრიკის ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას, რისთვისაც ინტერნეტის საყოველთაობის ხელშეწყობა მოიაზრება.

⇑⇓ საინტერესოა, როგორ იყო წარმოდგენილი პანდემიის გამოცდილება?

უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად, ქვეყნებში გაზრდილი დეზინფორმაციის ნაკადმა მრავალი კითხვა წარმოშვა. ასეთივე კითხვები წარმოშვა მანამდე პანდემიის შედეგებმა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიას თან ახლდა ერთგვარი „ინფოდემია“, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. 2022 წელს, ევროსაბჭომ დაამტკიცა სიძულვილის ენის დაძლევის რეკომენდაციები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებში მოიაზრება. მემორანდუმში გაერთიანებულია რეკომენდაციები საჯარო პირებისთვის, არჩეული პირებისთვის, ინტერნეტის წარმომადგენლებისთვის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.

განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის ათვისება ევროპის სასკოლო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკითხია. ერთ-ერთი სესია ეძღვნებოდა იმ ენობრივ და პროგრამულ მოდელებს, რომლებიც ჩატბოტებში ახალგაზრდობის მიერ გამოიყენება. აგრეთვე, მათი რეგულაციების, დიზაინის, განვითარებისა და აპლიკაციებში ჩართვის შესაძლებლობებს განათლების სფეროში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროსაბჭომ ახლახან შეისწავლა რა პირობებია გასათვალისწინებელი ევროპის რეგიონში მეტავერსისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხებში და როგორ შეიძლება მთელ რეგიონში პრევენციული მეთოდების დანერგვა. რეკომენდაციები მომზადების პროცესშია და მალე გამოქვეყნდება. ასევე შეიქმნა ღირებულებითი მონაცემების მანიფესტი, რომელიც, სოციალური ქსელების მეშვეობით, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობას ასახავს. მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე შექმნილი მანიფესტის მთავარი თემებია:

  1. მოქალაქეების განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, რათა ისწავლონ თავიანთი მოთხოვნილებების, პრიორიტეტებისა და გამოცდილების ინტერნეტში გადმოცემა;
  2. საზოგადოების ჩართულობა მათთვის ხელშესახები გადაწყვეტილებების შესახებ მონაცემებით სარგებლობის საკითხებში;
  3. მონაცემებთან მუშაობის უნარების საყოველთაო დემოკრატიზაცია, რათა ყველას ყველგან შეეძლოს საქმიანობის განხორციელება;
  4. გამჭვირვალობის, მონაცემთა გაზიარებისა და გამოყენების კულტურის შექმნა, რათა გავრცელებული ინფორმაცია იყოს საიმედო და ადამიანებს კეთილდღეობის შექმნაში ეხმარებოდეს;
  5. ღია და პასუხზე, უკუგების სისტემაზე აწყობილი მონაცემები. მთავრობებმა და დონორებმა ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოების მეტ ჩართულობას მონაცემების ათვისებისა და სრულფასოვანი მონაწილეობისთვის.

⇑⇓ ფინეთი საყოველთაო განათლების საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა

ფინეთში გამართულ კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთის ქვეყნების პროექტი. მაგალითად, როგორ იქმნება სატელიტებისა და საზღვაო საერთო ინფრასტრუქტურა იმ რეგიონებისთვის, სადაც ამინდი დაბრკოლებებს ხშირად ქმნიდა და როგორ მუშავდება არსებული მონაცემები.

ფინეთს ხშირად უწოდებენ საინფორმაციო წიგნიერების ფლაგმანსა და დეზინფორმაციისგან განკურნების თანამედროვე და მშვიდობიანი მეთოდების ნოვატორს. კონფერენციაზე წარმოდგენილი „ციფრული საინფორმაციო წიგნიერება, როგორც თანამედროვე ცივილიზებული უნარი“ უახლესი სახელმძღვანელოა, რომელიც გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით შეიქმნა და რომელსაც მალე უფრო დეტალურად გაგაცნობთ.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები