ბავშვები და 18 წლამდე ახალგაზრდები მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლების თითქმის მესამედს შეადგენენ. სამწუხაროდ, ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram და არამხოლოდ), თავს იჩენს კიბერბულინგი, დამცირების ფორმა, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება: ვინმეს შესახებ აგრესიული, ნეგატიური ან ცრუ შინაარსის მქონე მასალის (ფოტო, ტექსტური) გამოქვეყნება, გაზიარება ან გაგზავნა და ა.შ. მოზარდებში და ახალგაზრდებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ დგას. ისინი დროის უმეტეს ნაწილს სოც.ქსელებში ატარებენ და შესაბამისად ონლაინ რეპუტაცია, რომელსაც პირდაპირ დარტყმას აყენებს კიბერბულინგი, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას – „ციფრული სამყაროს გავლენა ბავშვებზე“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი პირველ სრულყოფილ მიმოხილვას ეხება და სხვადასხვა ჭრილში განიხილავს ციფრული ტექნოლოგიების გავლენას ბავშვების ცხოვრებაზე და მომავლის პერსპექტივებზე, განსაზღვრავს მოსალოდნელ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობები და კერძო სექტორი ჩამორჩებიან ცვლილებების ტემპს, შედეგად კი მატულობს ბავშვებისთვის ახალი რისკებისა და ზიანის საფრთხე, მილიონობით დაუცველი ბავშვი კი სრულიად უგულვებელყოფილი რჩება.
ციფრული სამყაროს გავლენა ბავშვებზე
ლალი ჯელაძე
„უზრუნველვყოთ ციფრული სამყაროს უსაფრთხოება და გავზარდოთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის“ — ამ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი აკეთებს და აქვეყნებს ანგარიშს ციფრულ ბარიერებზე და აანალიზებს ინტერნეტისა და სოციალური მედიის გავლენას ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მასიურად სარგებლობენ ინტერნეტით (მსოფლიო მასშტაბით, 3 ინტერნეტმომხმარებლიდან 1 ბავშვია), ძალიან ცოტა რამ კეთდება ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად და უსაფრთხო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, — ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მთავარ წლიურ ანგარიშში.
„ბავშვები ციფრულ სამყაროში“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი პირველი სრულყოფილი მიმოხილვაა, რომელშიც სხვადასხვა ჭრილშია განხილული ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ბავშვების ცხოვრებაზე და მომავლის პერსპექტივებზე, განსაზღვრულია საფრთხეები და შესაძლებლობები. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობები და კერძო სექტორი ჩამორჩებიან ცვლილებების ტემპს, შედეგად კი მატულობს ბავშვებისთვის ახალი რისკებისა და ზიანის საფრთხე, მილიონობით დაუცველი ბავშვი კი სრულიად უგულვებელყოფილი რჩება.
„სასიკეთოდაც და საზიანოდაც, ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა“ — ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. „ციფრულ სამყაროში ჩვენ ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ — შევამსუბუქოთ ზიანი და ამავდროულად მაქსიმალურად სასარგებლო გავხადოთ ინტერნეტი ყოველი ბავშვისთვის. ინტერნეტი ზრდასრულებისთვის შეიქმნა, მაგრამ მას სულ უფრო მეტი ბავშვი და ახალგაზრდა იყენებს და ციფრული ტექნოლოგიების გავლენა მათ ცხოვრებასა და მომავალზე დღითი დღე იზრდება. ამიტომ, ციფრული პოლიტიკა, პრაქტიკა და პროდუქცია უკეთ უნდა ესადაგებოდეს ბავშვების საჭიროებებს, ასახავდეს მათ პერსპექტივებსა და მათ სათქმელს“ — ამბობს ენტონი ლეიკი.
ანგარიშში შესწავლილია შესაძლებლობები, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიებს ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის, მათ შორის იმათთვის, ვინც სიღარიბეში იზრდება თუ ჰუმანიტარული კატასტროფის მსხვერპლია. ეს გულისხმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას და ბავშვების უზრუნველყოფას სათანადო პლატფორმით, რათა მათ საკუთარი შეხედულებების გაზიარება მოახერხონ.
ანგარიში ასევე ცხადყოფს, რომ ბევრი ბავშვი ინტერნეტს მიღმაა დარჩენილი. მსოფლიო ახალგაზრდობის, დაახლოებით, ერთი მესამედი — 346 მილიონი, ინტერნეტით არ სარგებლობს, რაც ამძაფრებს უთანასწორობას და ზღუდავს ბავშვების მონაწილეობის შესაძლებლობას მზარდ ციფრულ ეკონომიკაში. ასევე ხაზგასმულია ის, თუ რამდენად ზრდის ინტერნეტი რისკისა და ზიანის საფრთხეს ბავშვებისთვის, მათ შორის პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების, საზიანო შინაარსის შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და კიბერბულინგის თვალსაზრისით.
„მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017“ ეხება განსაკუთრებულ თემას, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერ ზეგავლენას ახდენს მილიონობით ბავშვის ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში და შესაბამისად აისახება თითოეული ჩვენგანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე — ეს არის ციფრული ტექნოლოგიები. ვინაიდან ციფრული ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ინტერნეტის ზეგავლენა საგრძნობლად გაიზარდა, უფრო ხშირად გვიწევს მის შედეგებზე მსჯელობაც: არის თუ არა კაცობრიობისთვის სასარგებლო კომუნიკაციისა თუ ვაჭრობის, სწავლისა თუ თავისუფალი თვითგამოხატვის შეუზღუდავი შესაძლებლობები? თუ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის, არღვევს საზოგადოებრივ ქსოვილს, ძირს უთხრის პოლიტიკურ წყობას და საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას? ეს საინტერესო საკითხია, რომელიც აკადემიური კამათის საგანი უნდა იყოს. სასიკეთოა თუ საუბედურო ციფრული ტექნოლოგია, უკვე რეალური ფაქტია ჩვენს ყოფაში და ეს შეუქცევადი პროცესია.
სასიკეთო მაგალითები: ცერებრალური დამბლის მქონე ბიჭი, რომელიც თანატოლებთან ინტერნეტით ურთიერთობს, სწორედ ინტერნეტის წყალობით თანაბარ პირობებშია: ცხოვრებაში პირველად მისი შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობა; გოგონა, რომელიც სირიის არაბული რესპუბლიკიდან ძალადობას გამოექცა, ოჯახთან ერთად, ზაატარის ლტოლვილთა ბანაკში, მასწავლებლის დახმარებით, რომელიც მას ციფრული ტაბლეტის გამოყენებით ასწავლის, მომავლის იმედს იბრუნებს; კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახალგაზრდა ბლოგერი ინტერნეტს იყენებს სუფთა წყლის უქონლობის, სანიტარიული ან მის თემთან დაკავშირებული სხვა აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
ზიანის მაგალითები: გოგონა, რომელსაც ოჯახში ან თემში გავრცელებული წესები ინტერნეტით სარგებლობას უკრძალავს, მოკლებულია სწავლისა და მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობას; მოზარდი, რომლის პირად ინფორმაციასაც ბოროტად იყენებენ და ქსელში ავრცელებენ ადამიანით მოვაჭრეები; ბიჭი, რომელსაც ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებამ ცხოვრება წაართვა, ასე ფიქრობენ მისი მშობლები. არსებობს კიდევ უარესი მაგალითებიც: გაუსაძლისი კიბერბულინგის გამო თვითმკვლელობამდე მისული ბიჭი; 14 წლის გოგონა, რომლის ყოფილი შეყვარებული, სოციალურ ქსელში შექმნილი პროფილით, ავრცელებს მის შიშველ ფოტოებს, რომელთა გადაღებასაც თავად აიძულებდა; 8 წლის ფილიპინელი გოგონა, რომელსაც მეზობელი აიძულებს სექსუალურ კავშირსა და სხვა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და „ონლაინ სტრიმინგით“ უშვებს ამ კადრებს შესაბამისი შინაარსის ვებგვერდის საშუალებით.
ციფრულ ტექნოლოგიებს ნამდვილად შეუძლია ამგვარი ზიანის წაქეზება თუ წახალისება, მაგრამ გარდა ბავშვებისთვის მიყენებული ზიანის კონკრეტული შემთხვევებისა, მას ძალადობის მასიური ფორმების წაქეზებაც შეუძლია, რაც ზეგავლენას ახდენს ასობით ათასი ბავშვის ცხოვრებასა და მომავალზე. ჩვენი ვალია ზიანის შემცირება და იმ შესაძლებლობათა გაზრდა-განვითარება, რასაც ციფრული ტექნოლოგიები იძლევა.“ — წერს ანგარიშის წინასიტყვაობაში ენტონი ლეიკი.
ჩანაწერები „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017“-ის ფარგლებში ჩატარებული ვორქშოფებიდან:
„ჩემმა დამ ვიდეოზარით დაგვირეკა ესპანეთიდან და მთელი ოჯახი გაახარა.“ — ბიჭი, 16 წლის, პერუ.
„მე ტექნოლოგიას სამყაროს შესაცვლელად, უკეთესი გეგმებისთვის, ახლის შესაქმნელად გამოვიყენებ და იმისთვის, რომ ტექნოლოგიების წყალობით განათლება უფრო საინტერესო გახდეს.“ — ბიჭი, 17 წლის, ფიჯი.
„მე ტექნოლოგიას იმისთვის გამოვიყენებ, რომ ადამიანებს ჯანდაცვის საკითხების მოგვარებაში დავეხმარო.“ — გოგონა, 15 წლის, ნიგერია.
„კოდირება ჱouTube-ით ვისწავლე. უამრავ ვიდეოს ვუყურე კოდირებაზე.“ — გოგონა, 17 წლის, ბანგლადეში.
„თუ კომპიუტერს არ ვიყენებთ, თუ კომპიუტერის ხმარება არ ვიცით, გამოდის, რომ არაფერი არ ვიცით, ჩვენი საკუთარი ცხოვრებისთვის საუკეთესო რამის ჩათვლით.“ — გოგონა, 14 წლის, აღმოსავლეთ ტიმორი.
ანგარიშში ერთი თავი იმის გაანალიზებას ეთმობა, თუ ვინ არის გარიყული და შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი და რას ნიშნავს ინტერნეტის არქონა ციფრულ სამყაროში. მონაცემები გამაოგნებელია: აფრიკაში, ხუთი ახალგაზრდიდან სამს (15-24 წლის) ინტერნეტი არ აქვს. ევროპაში ეს შეფარდებაა 1/25. მაგრამ ციფრული ბარიერები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ინტერნეტზე წვდომაა. სამყაროში, სადაც ვებგვერდების 56% ინგლისურენოვანია, უამრავი ბავშვი ვერ პოულობს და ვერ ეცნობა მისთვის გასაგებ ან მის ყოფასთან დაკავშირებულ მასალასა თუ ინფორმაციას. ბევრ მათგანს იმის უნარებიც აკლია და არც ტექნიკური საშუალება აქვს (მაგალითად, პორტატული კომპიუტერი), რომ ინტერნეტით ისარგებლოს. თუ ეს ციფრული ბარიერები არ მოისპობა, არსებული სოციალური და ეკონომიკური გათიშულობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
რა საფრთხეები აქვს ონლაინ ცხოვრებას — ამ თემაზე განხილულია ციფრული სამყაროს ნეგატიური მხარეები, ონლაინ ცხოვრების საფრთხეები და ზიანი, მათ შორის ინტერნეტის ზეგავლენა კერძო ინფორმაციის დაცულობაზე. ინფორმაციულმა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა გაზარდა, ბავშვობის პერიოდში, ზოგიერთი ტრადიციული საფრთხე: ოდესღაც ეს საფრთხეები სკოლის ეზოთი შემოიფარგლებოდა, ახლა კი მოძალადე საკუთარ მსხვერპლს სახლშიც მიჰყვება. ამის გარდა, შეიქმნა ახალი საფრთხეებიც: გაფართოვდა მოძალადეთა ქმედების არეალი, გაიზარდა „შეკვეთაზე მორგებული“, ბავშვებზე სექსუალური ზემოქმედების ამსახველი მასალა, ფრთა გაშალა ბავშვების მონაწილეობით სექსუალური ვიდეოების „ცოცხალი სტრიმინგის“ პრაქტიკამ. ონლაინ სტრიმინგის ერთი მცირეწლოვანი მსხვერპლი ამბობს: „როცა უცხოელები გვეუბნებიან, გაიხადე, ვიხდით“. გარდა ამისა, არსებობს საფრთხეები, რომლებიც სრულიად უცნობია ბავშვებისა და მშობლებისთვისაც: ესაა ბავშვების პირადი ინფორმაციისა და ვინაობის დაუცველობა. არცერთი ბავშვი, რომელიც ინტერნეტით სარგებლობს, არ არის ონლაინ საფრთხეებისგან ბოლომდე დაცული, მაგრამ მათ შორის ყველაზე მოწყვლადებს ეს საფრთხეები ყველაზე მეტად ემუქრება. მადაგასკარში 17 წლის გოგონას საკუთარმა მასწავლებელმა 300 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა მოსთხოვა შემდეგ კლასში გადასასვლელად. გოგონამ ფული ვერ იშოვა და დაუკავშირდა კაცს, რომელსაც ინტერნეტით ეკონტაქტებოდა 6 თვის განმავლობაში. „მან მომიტაცა და ორი თვე სახლში გამომკეტა. გამუდმებით მაუპატიურებდა.“ — ამბობს გოგონა. ის პოლიციასთან არსებულმა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახურმა გაათავისუფლა. ჩაუტარეს მკურნალობა და გაუწიეს ფსიქოლოგიური დახმარება, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მთავრობის მიერ დაარსებულ მომსახურების ცენტრში. მოძალადე მამაკაციც და მასწავლებელიც დააპატიმრეს. „ახლა კარგად ვარ. სკოლასაც დავუბრუნდი, — ამბობს გოგონა, — ნეტავ რამე მცოდნოდა ამ ყველაფერზე. ჩემმა მშობლებმა არც იცოდნენ, რომ უცხოებს ველაპარაკებოდი ინტერნეტით“. მშობლებისა და აღმზრდელების უმრავლესობისთვის ამ გოგონას ამბავი ყველაზე საშინელი კოშმარია, რაც შეიძლება დაემართოს ბავშვს, როცა მას ინტერნეტთან აქვს წვდომა. მართალია, ამ გოგონას გამოცდილება ონლაინ საფრთხეების უკიდურესი მაგალითია, მაგრამ ის, ამავე დროს, ადასტურებს ინტერნეტში ბავშვებისთვის არსებული საფრთხეების შესახებ საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას — შეიძლება სრულიად უძლური აღმოჩნდეს ბავშვების დაცვის ტრადიციული მექანიზმები, ის ყველაფერი, რასაც საზოგადოებათა უმრავლესობა წარმოიდგენს და აკეთებს ბავშვების დასაცავად. მშობლების უმრავლესობა მაინც თანხმდება იმაზე, რომ ამგვარი საფრთხეებისაგან ბავშვების დაცვა ადრე უფრო ადვილი იყო. ოდესღაც სახლის კარი, სკოლის ეზო მოძალადეებისთვის ბარიერს წარმოადგენდა. ახლა კი, სოციალური მედიასაშუალებების წყალობით, მოძალადეს შეუძლია ბინაში შეჰყვეს საკუთარ მსხვერპლს. არასოდეს ყოფილა ასეთი ადვილი ყველაზე მოწყვლადი ბავშვების მიზანში ამოღება ბულინგის მოყვარულებისთვის, სექსუალური მოძალადეებისთვის, ადამიანით მოვაჭრეებისა და ბავშვებისთვის სხვა სახის ზიანის მიმყენებელი პირებისთვის.
თანამედროვე მკვლევრები ონლაინ რისკების ვრცელ ჩამონათვალს სამ კატეგორიად ყოფენ: შინაარსობრივ, კონტაქტურ და ქცევით რისკებად.
შინაარსობრივი რისკები: როცა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია არასასურველი და მისი ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის მასალა. ის შეიძლება შეიცავდეს სექსუალური, პორნოგრაფიული ხასიათისა და ძალადობის შემცველ ვიდეო და ფოტომასალას, არასასურველ რეკლამას, რასისტულ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებსა და სიძულვილის ენის შემცველ ინფორმაციას, ვებგვერდებს, რომლებიც აქეზებს არაჯანსაღ ან საშიშ ქცევას, მაგალითად, საკუთარი სხეულის დაზიანებას, თვითმკვლელობას, ანორექსიას და სხვ.
კონტაქტური საფრთხეები: როცა ბავშვი ჩართულია სახიფათო ურთიერთობაში, მაგალითად, ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის კომუნიკაცია ზრდასრულის მხრიდან, ბავშვის წახალისება სექსუალური მიზნით, ბავშვის რადიკალიზების მცდელობა, მისი წაქეზება არაჯანსაღი და საშიში ქცევისაკენ და სხვ.
ქცევითი რისკები: როცა ბავშვის ქცევა ხელს უწყობს მისთვის სახიფათო კავშირების დამყარებას. ეს შეიძლება გამოჩნდეს მის ნაწერებში ან გამოიხატოს სხვა ბავშვების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში, რასიზმის წაქეზებაში, სექსუალური შინაარსის ფოტომასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებაში, მათ შორის ისეთი მასალის გავრცელებაში, რომელიც ბავშვმა თავისითაც შეიძლება შექმნას.
„ვიდეოთამაშები, ტელევიზია, კომიქსები, რადიო… გუგლს თუ დავეკითხებით, ვნახავთ, რომ მშობლებიცა და საზოგადოებაც ძალიან ღელავენ იმ ზეგავლენის გამო, რასაც ტექნოლოგიები ახდენს ბავშვების კეთილდღეობაზე, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდებით, რომ ეს შფოთვა ახლა არ დაწყებულა.“ — ნათქვამია ანგარიშში. რადიოს ადანაშაულებდნენ უძილობაში, კომიქსების წიგნებს — ბავშვების კრიმინალური მიდრეკილებებისა და ცუდი ქცევის წახალისებაში, ტელევიზიას — მათ სოციალურ იზოლაციაში. მოგვიანებით, იმავეს ამბობდნენ ვიდეო და ქსელურ თამაშებზეც. მეთექვსმეტე საუკუნეში ზოგი შიშობდა, რომ წერა გულმავიწყობას გამოიწვევდა, რადგან ხალხი საკუთარ მეხსიერებას აღარ დაეყრდნობოდა ინფორმაციის დასამახსოვრებლად. იყო დრო, როცა იმაზეც ღელავდნენ, რომ წიგნები და ბეჭდური პრესა კაცობრიობას იქამდე მიიყვანდა, რასაც დღეს ჭარბ ინფორმაციას ვუწოდებთ.
იღებენ თუ არა ბავშვები სარგებელს ციფრული გამოცდილებიდან, მათი ცხოვრების პირობებზეცაა დამოკიდებული. ბავშვებს, რომლებსაც მტკიცე ოჯახური ურთიერთობები და კარგი მეგობრული კავშირები აქვთ, ინტერნეტი კიდევ უფრო ეხმარება ამ კავშირების გაძლიერებაში და, შესაბამისად, ციფრული გამოცდილება ბავშვის კეთილდღეობას ემსახურება. ხოლო მარტოობაში, სტრესში, ოჯახურ პრობლემებში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა ინტერნეტმა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს. თუმცა, პირიქითაც ხდება: ბავშვებმა, რომლებიც ძირითადად ინტერნეტის გარეშე ცხოვრობენ, შეიძლება ხანდახან ახალი მეგობრები გაიჩინონ და ისეთი დახმარება მიიღონ ქსელის საშუალებით, რომელსაც სხვაგვარად ვერაფრით მიიღებდნენ.
ციფრული პრიორიტეტები: კარგის ხელშეწყობა,
ზიანის შემცირება
რისკების და საფრთხეების გარდა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო მეტი ბავშვის მომავალზე მოახდენს ზეგავლენას. ბავშვები უკვე შეადგენენ მსოფლიოს ინტერნეტით მოსარგებლე მოსახლეობის დიდ პროცენტს და ეს რიცხვი, ახლო მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ინტერნეტი ისეთ რეგიონებშიც აღწევს, სადაც მოსახლეობაში ბავშვებისა და მოზარდების წილი უსწრაფესად იზრდება. მეტი კომპიუტერი და ციფრული პლატფორმა გახდება ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ზეგავლენა ყოველთვის აისახება ბავშვების ცხოვრებაზე — სასიკეთოდაც და საზიანოდაც.
ანგარიშში მოცემულ სხვა ფაქტებს შორის აღსანიშნავია, რომ, მსოფლიო მასშტაბით, ახალგაზრდების 71 პროცენტი ჩართულია ინტერნეტში, მაშინ როცა მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის 48 პროცენტი სარგებლობს ინტერნეტით; აფრიკელი ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად არიან დაკავშირებული ინტერნეტთან, 5-დან 3 ახალგაზრდა არ სარგებლობს ინტერნეტით, ევროპაში ეს მაჩვენებელი 25-დან 1-ს შეადგენს; არსებული ინტერნეტ გვერდების, დაახლოებით, 56 პროცენტი ინგლისურ ენაზეა და ბევრ ბავშვს არ ესმის ინფორმაციის შინაარსი ან ეს ინფორმაცია შეუსაბამოა მათი კულტურული გარემოსთვის; ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის შემცველი 10 ინტერნეტ გვერდიდან 9-ზე მეტი განთავსებულია 5 ქვეყანაში — კანადა, საფრანგეთი, ჰოლანდია, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
„ციფრულ სამყაროში ბავშვების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ოდესმე. ეს ხომ ის სამყაროა, რომელიც არა მხოლოდ წილად ხვდა მათ, არამედ რომლის განვითარებაშიც ისინი თავადაც მონაწილეობენ. საჭიროა, დავიცვათ ბავშვები ციფრული ტექნოლოგიების საშიში ზეგავლენისაგან და, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ მათ, მაქსიმალურად ისარგებლონ ამ ტექნოლოგიების სიკეთეებით. მხოლოდ ასე შევძლებთ, უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება“ — ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.