რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში″ სტუმარია ზურაბ მურაკაშვილი
? ზურაბ, შენ შესახებ საუბარი მოსწავლეობის პერიოდიდან დავიწყოთ. ვიცი, რომ საკმაოდ წარმატებული და აქტიური მოსწავლე იყავი
თავდაპირველად მსურს მადლობა მოგახსენოთ ჩემდამი გამოჩენილი ინტერესისთვის. ვერცხლის მედალზე დავამთავრე ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა. სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში, ვარ კონკურსის „საუკეთესო მთარგმნელი 2006“ რუსული და ინგლისური სექციების გამარჯვებული.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 2009 წელს, ჩავაბარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლაში ქართულ-ბრიტანულ-უნგრულ პროგრამაზე (სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მოვიპოვე 70%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამას დაემატა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შიდა გრანტი, რომელიც ანალოგიურია სახელმწიფო გრანტისა და ჯამში ჩემ მიერ მიღებულმა გრანტმა შეადგინა ყოველწლიური 3150 ლარი, ოთხი სასწავლო წლის მანძილზე). პროგრამა მოიცავს სამწლიან სწავლებას საქართველოში, ხოლო დამამთავრებელ მეოთხე წელს ოქსფორდ ბრუკის ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში. ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლა ბრიტანული უნივერსიტეტის — ოქსფორდ ბრუკის მიერ ლიცენზირებული უნივერსიტეტია, რომელიც გასცემს ბრიტანული უნივერსიტეტის — ოქსფორდ ბრუკის ხარისხის დიპლომს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ოქსფორდ ბრუკის ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კრედიტების ურთიერთაღიარების საფუძველზე, კურსდამთავრებულებს ორმაგი ხარისხის დიპლომები ენიჭებათ (ქართული — გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და ბრიტანული
?ოქსფორდ ბრუკის ბაკალავრის ხარისხის დიპლომები). მესამე კურსის დასრულებისა და საჭირო კრედიტების მოპოვების შემდეგ, სტუდენტი, რომელსაც სურს ბუდაპეშტში გამგზავრება, აბარებს წერილობით ტესტს ბიზნეს ინგლისურში და ონლაინ რეჟიმში, სკაიპში გადის გასაუბრებას ბუდაპეშტის სკოლის წარმომადგენელთან, რომელსაც უნდა განუმარტოს, რატომ სურს სწავლა ამ სასწავლებელში და რა არის მისი მოტივაცია. ტესტირებისა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მას ეძლევა შესაძლებლობა მეოთხე სასწავლო წელი ბუდაპეშტში ისწავლოს. სწორედ ამ ეტაპების გავლის შედეგად მოვხვდი ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში, სადაც დავიცავი სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც ქართული მცირე და საშუალო ღვინის კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესს ასახავს. ჩემმა ნამუშევარმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ბუდაპეშტის ბიზნეს სკოლის პროფესორ-მასწავლებლებს შორის.
? როგორც ვიცი, ბუდაპეშტში გამგზავრებამდე აქტიურად მონაწილეობდი საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის AIESEC პროექტებში, რამაც ალბათ, გარკვეული გამოცდილება შეგძინა
ბუდაპეშტში გამგზავრებამდე მართლაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამი სასწავლო წელი გავატარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. 2010-2012 სასწავლო წლების განმავლობაში ვიყავი სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე მეორე კურსის მეორე სემესტრი გავატარე უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, სადაც ვმონაწილეობდი საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის AIESEC ოდესის ლოკალური კომიტეტის სამ სხვადასხვა პროექტში. ოდესაში ყოფნის პერიოდში ოდესის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში, ჩემს ბულგარელ კოლეგებთან ერთად, უკრაინელ სტუდენტებს ვუტარებდი ვორკშოპებს, ისეთ თემებზე, როგორიცაა: „ლიდერი 21-ე საუკუნეში“, „დროის ეფექტური მართვა“, „ეფექტური და შრომისუნარიანი გუნდის მშენებლობა“.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვუტარებდი პრეზენტაციებს სხვადასხვა აქტიურ თემატიკაზე, ვაცნობდი საქართველოს, ქართულ კულტურას და წეს-ჩვეულებებს. ვმონაწილეობდი სოციალურ პროექტში, რომელიც გულისხმობდა შეზღუდული უნარების მქონე არასრულწლოვანებთან მუშაობას, მათ დახმარებას საზოგადოებასთან ინტეგრაციაში და მათი ზოგადი ცოდნის გაღრმავებას. რა თქმა უნდა, სტუდენტური საერთაშორისო ორგანიზაციის AIESEC პროექტებში მიღებულმა გამოცდილებამ და იმ ფაქტორმა, რომ ძირითადი სამუშაო ენა ინგლისური იყო, შემდეგში დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში, რომელსაც ბუდაპეშტში მივაღწიე.
? როგორ უნდა მიიღონ AIESEC-ის პროექტებში მონაწილეობა დაინტერესებულმა სტუდენტებმა და რა ეტაპები უნდა გაიარონ?
AIESEC-ის საშუალებით საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისთვის საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა. პირველ რიგში, მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია, სადაც უნდა დაასაბუთოს, რატომ სურს გახდეს ამ პროექტების მონაწილე. თუკი აპლიკაცია დამაკმაყოფილებელია, შემდეგ AIESEC-ზე, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში იწყება, დაახლოებით, ერთკვირიანი ტრენინგები. ბოლო ეტაპი სკაიპით გასაუბრებაა იმ ქვეყნისა და ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელთან, სადაც გამგზავრება სურს აპლიკანტს. ჩემ შემთხვევაში საინტერესო ის იყო, რომ ძირითადად, AIESEC-ის პროექტებში ჩართვის მსურველები ერთ კონკრეტულ პროექტში მონაწილეობენ, ხოლო მე ოდესის ლოკალური კომიტეტის ორ, შემდეგ, ორმხრივი სურვილის გამო, მესამე პროექტშიც მივიღე მონაწილეობა.
? რა შეგიძლია მიამბო ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის შესახებ, რა პროფესიას დაეუფლე სასწავლებელში?
ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლა, რომელიც ცენტრალურ ევროპაში, უნგრეთში მდებარეობს, თანამედროვე ბიზნეს სკოლაა. ის ბრიტანული სასწავლო მეთოდიკისა და სტანდარტების პროვაიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტი 80-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტს აერთიანებს. იქ არის საერთაშორისო გარემო და საუკეთესო ადგილი სტუდენტებისთვის. მათ საშუალება ეძლევათ ახლოს გაეცნონ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, ჩამოაყალიბონ მათთან მეგობრული და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობები. ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლა ამზადებს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს მენეჯერებსა და მომავალ მეწარმეებს. დავეუფლე ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სპეციალობას, სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა და უნარები საშუალებას მაძლევს ვიმუშაო, როგორც დაქირავებული მენეჯერის, ასევე მეწარმის პროფილით.
? ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში, ალბათ, თავის დროზე, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა…
ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში განათლება აქვს მიღებული მრავალ ცნობილ თანამედროვე მენეჯერს, მეწარმესა და ბიზნესმენს. მაგალითად, გაბორ ჰერენდი, რომელიც ფინანსური მენეჯერია მსოფლიოში ცნობილ FCB-ის სარეკლამო სააგენტოში, ლონდონის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მრჩეველია ბიზნეს საკითხებში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და, ამავდროულად, კინოწარმოების frederick production რედაქტორია; მონიკა შრეიბერი HBO-ს ამერიკული საკაბელო ტელევიზიის რეგიონული მენეჯერი ცენტრალურ ევროპაში; პიტერ ბუსი — უნგრეთის ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიის მმართველი დირექტორი და სხვ.
? რა შეგიძლია მიამბო, სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ. ასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი? ასევე, მინდა ისაუბრო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე…
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი დაკომპლექტებულია სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებისა და კორპორაციების ტოპ-მენეჯერებით, რომლებიც დოქტორის ხარისხს ფლობენ და პარალელურად ლექციებსა და სემინარებს ატარებენ ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში. ისინი თხრობას აგებენ საკუთარ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებაზე, რაც ძალიან საინტერესო ელფერს სძენს ლექციებს. პროფესორები კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ ხშირად იწვევენ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს, ცნობილ ბიზნესმენებსა და საერთაშორისოდ ცნობილ მენეჯერებს, ასევე ხშირია შეხვედრები ამავე უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. რაც შეეხება სემინარებს, პრაქტიკული სახის მეცადინეობებია, ეწყობა ბიზნეს-სიმულაციები, სხვადასხვა ქეისების ანალიზი და განხილვა. სწავლების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ჯგუფური სამუშაო, რაც ნიშნავს 3-4 სტუდენტისგან დაკომპლექტებულ გუნდს, რომელსაც ევალება სხვდასხვა სახის Start up-ების სიმულაციების შექმნა, სხვადასხვა კომპანიების ბიზნესის ანალიზის, ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ჩატარებული სამუშაოს აუდიტორიის წინაშე წარდგენა, რის შემდეგადაც პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გადადის და განიხილება ჯგუფის შესრულებული სამუშაოს ხარისხი, სუსტი და ძლიერი მხარეები. მსგავსი აქტივობების განხორციელებაში დიდ როლს თამაშობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მდიდარია ბიზნეს ლიტერატურით, სხვადასხვა ბიზნეს ჟურნალებით და გამოცემებით. უნივერსიტეტს აქვს ელექტრონული ბიბლიოთეკა, რაც შესაძლებელს ქმნის წიგნებზე წვდომას ონლაინ რეჟიმში, ეს კი ძალიან მოსახერხებელია სტუდენტებისთვის.
? ზოგადად, რა შეგიძლია მიამბო უნგრეთის განათლების სისტემაზე. რა არის უნგრეთის განათლების მაღალი დონის მაჩვენებელი?
რაც შეეხება განათლების სისტემას, უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთში უამრავი უცხოელი სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სტატისტიკის მიხედვით, უნგრეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 70% უნივერსიტეტის დამთავრების პირველივე წელს საქმდება. კონკრეტულად ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის შემთხვევაში ეს რიცხვი 80-85%-ს აღწევს, რაც, ჩემი თვალსაზრისით, ხაზს უსვამს განათლების მაღალ დონეს უნგრეთში.
? უცხოურ სასწავლებლებში ეწყობა სამოგზაურო ტურები, სწავლის პერიოდში ხომ არ მოგიწია სასწავლებლიდან რომელიმე ქვეყანაში წასვლა? კერძოდ სად და რა მიზნით?
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ეწყობოდა რამდენიმედღიანი ტურისტული ტურები მეზობელ ქვეყნებში, თუმცა მათში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან სწავლის პარალელურად, მეორე სემესტრის დასაწყისში, მუშაობა დავიწყე ოჯახური ტიპის სასტუმროში, ნახევარ განაკვეთზე, მენეჯერის თანამდებობაზე, რის გამოც თავისუფალი დროის დეფიციტი მქონდა.
? მიამბე, უნგრეთის შესახებ, როგორ ცხოვრობს ხალხი, ახალგაზრდები, რა არის მათთვის ყველაზე პრიორიტეტული, რომელი დარგია ყველაზე მეტად განვითარებული?
უნგრეთი ცენტრალურ ევროპაში ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველი ქვეყანაა. უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, სადაც ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, მდიდარია შუა საუკუნეების არქიტექტურით. ბუდაპეშტშია ევროპაში სიძველით მეორე მეტრო, რომლის არქიტექტორი გუსტავ ეიფელი გახლავთ. ბუდაპეშტი, ასევე, ცნობილია კლუბებით, ბარებითა და რესტორნებით, რეკრეაციული ზონებით. ძალიან საინტერესოა ბუდაპეშტი ზაფხულის პერიოდში, როდესაც მრავლად ეწყობა სხვადასხვა მიმართულებისა და ჟანრის მუსიკალური ფესტივალები. უგემრიელესია უნგრული სამზარეულო; აქვთ მევენახეობისა და ღვინის წარმოების მრავალწლიანი კულტურა და გამოცდილება; განვითარებულია როგორც მაღალტექნოლოგიური დარგები, ისე ფინანსური სექტორი და სოფლის მეურნეობა. უნგრეთში განლაგებულია მრავალი საერთაშორისო კომპანიის სათაო და რეგიონული ოფისები, საწარმოები და ქარხნები.
რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, მათთვის პრიორიტეტულია პროფესიული ზრდა. ქართველებისგან განსხვავებით აქცენტს აკეთებენ ვიწრო სპეციალობაზე და ცდილობენ მაქსიმალურად გაიღრმავონ ცოდნა კონკრეტული მიმართულებით, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანი კადრები დასაქმების ბაზრის სპეციფიკურ სეგმენტში.
? სად და როგორ ატარებდი თავისუფალ დროს?
როგორც უკვე აღვნიშნე, ბუდაპეშტი ცნობილია კლუბებითა და ბარებით, იმდენად ცნობილი, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ახალგაზრდები უქმეების გასატარებლად. შესაბამისად, არც მე ვიყავი გამონაკლისი და პარასკევი-შაბათი აქტიურად ვისვენებდი მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტის სხვდასხვა კლუბებსა და ბარებში. თავისუფალ დროს ფეხბურთსაც ხშირად ვთამაშობდით, ვატარებდით ჩემპიონატებს, სხვადასხვა ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. პროფესიონალი ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, თითქმის, ყოველთვის ვიმარჯვებდით.
? ზურაბ, მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას?
რთული კითხვაა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი მიზანია, გავიღრმავო პროფესიული ცოდნა და უნარები, შევიძინო ახალი სამუშაო გამოცდილება და განვაგრძო პროფესიული ზრდა. სამომავლოდ, კვლავ ვაპირებ საზღვარგარეთ წასვლას, ამჯერად, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ზოგადად მომავალს, ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ მომავალს, რადგან დღეს გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს იმას, თუ ვინ იქნები ხვალ.
? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს გადამწყვეტ როლს?
საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი, რა თქმა უნდა, დამატებითი პლუსი და პრივილეგიაა. სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოში პროფესიონალი კადრების სერიოზული დეფიციტია დასაქმების ბაზარზე, რის გამოც, დამსაქმებლები ეძებენ ისეთ კადრებს, რომლებსაც აქვთ ხარისხიანი განათლება, სამუშაო გამოცდილება, პროფესიული ზრდის პოტენციალი და მოტივაცია. ყველაზე დიდი განსხვავება ევროპულ, ამერიკულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ეს არის რეალური სამუშაო პრაქტიკა სწავლის პროცესში. ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ სტუდენტებს სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით, სტაჟირებებითა და სამუშაო პრაქტიკით. როდესაც დამსაქმებელი სამუშაო გამოცდილებას ითხოვს, ქართველი კურსდამთავრებულების უმეტესობისგან განსხვავებით, მათ აქვთ სამუშაო პრაქტიკა. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების ურთიერთშერწყმა საუკეთესო გარანტიაა, მოიპოვო ის სამუშაო ადგილი, რომელიც გსურს და აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს.
ესაუბრა მაკა ყიფიანი