სოფიკო გოგუაძე
ხაშურის №7 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგიის ბაკალავრი და სპეციალური განათლების მაგისტრი
სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე
ვფიქრობ, ჩემი, როგორც ნებისმიერი სპეციალური განათლების პედაგოგის ერთი დღე ნამდვილად საინტერესოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც სირთულეები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზების პოვნა იზიდავს. ვამბობ ხოლმე, ავანტიურისტი უნდა იყო, თუ ამ პროფესიით მუშაობა გინდა-მეთქი, რადგან ამ სფეროში არ არის პროგნოზირებადი თუნდაც მომდევნო სამუშაო დღის გამოწვევები. ამჟამად საჯარო სკოლაში ვმუშაობ. როცა სკოლაში მივდივარ, ჯერ ყველა ჩემი მოსწავლის კლასში შევდივარ და ვკითხულობ, არიან თუ არა დღეს სკოლაში. ვეკითხები როგორ არიან, მათაც და თანაკლასელებსაც. ამას მიზანმიმართულად ვაკეთებ, ვცდილობ ემპათიის გრძნობა გავუღვივო და დავაფიქრო მოსწავლეები ერთმანეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. შემდეგ ვიწყებ მუშაობას ინდივიდუალურად და ჯგუფურადაც, რადგან ჯგუფურმა მუშაობამ, ჩვენ შემთხვევაში, დადებითი შედეგები გვაჩვენა – გააუმჯობესა მოსწავლეების სოციალურ-ემოციური სფეროები; გაზარდა კომუნიკაციის, ენა-მეტყველების ძლიერი მხარეების ჩამონათვალი; დადებითი გავლენა იქონია მათი ინტერესის სფეროთა გამრავალფეროვნებაზე და ამით, რასაკვირველია, სკოლაში ინკლუზიური კლიმატის შექმნას შეუწყო ხელი, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ჩვენი ძირითადი მოვალეობა და სკოლის ინტერესია.
ხშირად, წინასწარ შექმნილი ცხრილის მიუხედავად, რომელიც რესურსოთახის კარზეა გამოკრული, საგნის მასწავლებლებს პირადად ვთხოვ, გაკვეთილიდან გაათავისუფლონ მოსწავლე ან, თუ შეიძლება, კონკრეტულ გაკვეთილზე დასწრების საშუალება მომცენ. ამასაც სპეციალურად ვაკეთებ, ერთი მხრივ იმიტომ, რომ მასწავლებელმა იცოდეს, ბავშვი არის სკოლაში და შემთხვევით „არა“ არ დაუწეროს და, მეორე მხრივ იმიტომ, რომ ჩვენი, სპეციალური მასწავლებლების ჩართულობის დემონსტრირება მოვახდინო, პატივი ვცე საგნის მასწავლებლისა და მოსწავლის აზრს – რას ფიქრობენ, უფრო სასარგებლო იქნება იმ კონკრეტულ გაკვეთილზე დასწრება თუ რესურსოთახში ინდივიდუალურად მუშაობა?
პროფესიული ეთიკაც გვკარნახობს, რომ სასურველია, საქმის კურსში ჩავაყენოთ დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი, ავიღოთ მათ წინაშე თუნდაც მოსწავლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა. ამ ჟესტით ასევე ვადასტურებთ, რომ რთული და კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლიათ ვეგულებოდეთ მათ გვერდით, საიმედოდ და არავითარ შემთხვევაში – გასაკრიტიკებლად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს, ძირითად სირთულეებს, სპეციალური მასწავლებლისთვის თუ ზოგადად ინკლუზიური განათლების მიმართულებით, „ჩატეხილი ხიდი“ იწვევს, რადგან გაზიარებული პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, ასერტული კომუნიკაციის გარეშე, ინკლუზიური სწავლა-სწავლების მიდგომა ვერ დარეგულირდება. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ სახის ხელშეწყობას ვისურვებდი როგორც სპეციალური მასწავლებელი, მგონი დროა, გადავემზადოთ ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლებში, დავფიქრდეთ გუნდურობის პრინციპებზე.
რესურსოთახი
რესურსოთახი არ უნდა აღვიქვათ როგორც მხოლოდ იზოლირებული ფიზიკური სივრცე, რადგან რეალურად, იგი წარმოადგენს ორგანიზებულ ოთახს, სადაც მობილიზებულია მატერიალური, ტექნიკური, სასწავლო და პროფესიული რესურსი. არასათანადო გამოყენების პირობებში, შესაძლოა, ეს ოთახი თანატოლთა წრისა და მოსწავლის სასწავლო პროცესისგან იზოლაციის ადგილი გახდეს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი რესურსის ნაცვლად, სტიგმატიზაციის მიზეზად და ინკლუზიური განათლების ბარიერად იქცეს. ამ საფრთხისგან თავის ასარიდებლად და პირიქით, რესურსოთახის პოპულარიზაციისთვის, სკოლის დირექტორმა და სპეციალური განათლების მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ, უპირველესად, ოთახისთვის შეგვეცვალა ადგილმდებარეობა. შემდეგ შევქმენით ფეისბუქგვერდი, არა „ფეიჯი“, არამედ ჩვეულებრივი ანგარიში, რათა საჭიროების შემთხვევაში, ონლაინ შეხვედრები დაგვეორგანიზებინა და უფრო ხელმისაწვდომები ვყოფილიყავით… რაც მთავარია, კარი გაიღო არა მხოლოდ კონკრეტული მოსწავლეებისთვის, არამედ ნებისმიერი მოსწავლისთვის. მაგალითად, მოსწავლეებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ემოციურ განტვირთვას, ქცევის რეგულირებას, განმარტოებას თუ სასწავლო პროექტების მომზადებას. ჩვენს სკოლაში არსებულ მოსწავლეთა კლუბებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ შეხვედრები დაეგეგმათ და ემუშავათ რესურსოთახში. დღესდღეობით ამ სივრცეში ტარდება საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებიც მოსწავლეთა მშობლებთან ინდივიდუალურად თუ მცირე ჯგუფურ ფორმატში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს სკოლაში უკვე არის რამდენიმე მასწავლებელი, რომელიც ეფექტურად იყენებს ამ ოთახს როგორც რესურსს. საგნის მასწავლებლებს შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესისთვის მომზადება და მეტიც. მაგალითად, ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელს არაერთხელ ჩაუტარებია რესურსოთახში გაკვეთილი, რომელიც თავისი უნარებისა და აქ არსებული ტექნიკის დახმარებით იდეალური გამოვიდა.
მოსწავლეებზე, მათთან მუშაობის მეთოდებსა და ურთიერთობებზე
რაც შეეხება ჩემს მოსწავლეებს, ისინი, როგორც ყველა ბავშვი, განსაკუთრებულები არიან. მე არ ვუყურებ მათ, როგორც განსხვავებულებს, ვფიქრობ, ყველა ბავშვი განსხვავებულია. სწორედ ეს მრავალფეროვნება ამშვენებს ჩვენს სკოლას ყველაზე მეტად. როდესაც ასე აზროვნებ და ეს უკვე ბუნებრივი პროცესია შენთვის, მეთოდების შერჩევაც მარტივია და ურთიერთობებიც მარტივი… არ არის საჭირო ვეძებოთ რაღაც განსაკუთრებული, მუშაობის გამორჩეული სტილი, ჰიპერმზრუნველობაში გადავვარდეთ… რვა წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ჩემი გამოცდილებით, ყველაზე კარგი მიდგომაა იფიქრო, რა უხარია ბავშვს, რა სწყინს, წარმოიდგინო თავი მის ადგილას ნებისმიერ სიტუაციაში… აი, მაგალითად, ყველა ბავშვს უხარია ჯილდო, ხომ?
აღმოჩნდა, რომ ჩემს მოსწავლეებს არასდროს ჰქონდათ ჯილდოდ სიგელი მიღებული, არადა ერთ-ერთი უკვე მე-11 კლასშია. 2 აპრილს, სკოლის რესურსოთახში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ისინი ღირსეულად დაჯილდოვდნენ ქების სიგელებით. რატომაც არა? არ არის მარტივი ცხოვრებაში პირველად მიიღო მონაწილეობა სპექტაკლში, გამოხვიდე სტუმრების წინაშე ცეკვით, ამაში მოსწავლეებმა დიდი ფიზიკური თუ ემოციური რესურსი ჩადეს, შედეგით კი თვითონაც გაიხარეს. დღესდღეობით უფრო მეტი მოტივაცია და მიმღებლობა აქვთ სიახლეებისადმი. გალაღდნენ, ზოგიერთი კომპლექსი დაძლიეს.
პედაგოგიური პრაქტიკიდან – მნიშვნელოვანი მიდგომა, აქტივობა, რომელმაც ყველაზე კარგად იმუშავა სსსმ მოსწავლეებთან
წინა კითხვის პასუხში ზოგადად ვისაუბრეთ მეთოდებსა და ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ბავშვის ემოციური მდგომარეობა უპირველესია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რა ფუნქციები გვაქვს სპეციალურ მასწავლებლებს, რისთვის შეიქმნა რესურსოთახი. მისი ძირითადი დანიშნულება ხომ მოსწავლეების ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობაა? აქედან გამომდინარე, ჩვენ, სპეციალურმა მასწავლებლებმა კარგად უნდა ვიცოდეთ სწავლა-სწავლების სტრატეგიების შერჩევა. სწავლა კეთებით, სკაფოლდინგი ანუ „ხარაჩოს მეთოდი“, მოდელირება, უკუკავშირი, მიმანიშნებლების სწორ დროს და ადგილას გამოყენება, შენარჩუნება და გენერალიზება, ვფიქრობ, ნებისმიერი პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური და კონკრეტული სტრატეგიებია. ამათ გარდა, მათთან ჯგუფური მუშაობის დროს, ძალიან დამეხმარა კლასის მართვის რეკომენდებული ტექნიკები. ერთ-ერთი ტექნიკა, რომელიც ბოლოს გამოვიყენე მინი-სპექტაკლზე მუშაობის დროს, იყო – „მე შეტყობინება“. მაგალითად: „ლუკა, როდესაც რეპეტიციას სერიოზულად არ უდგები და მეგობარს ეჩურჩულები, მე ვეღარ ვახერხებ ყურადღების კონცენტრაციას“. ასეთი ტიპის მიდგომა ბავშვის ყურადღებას წარმართავს იმის გააზრებაზე, თუ რა შედეგები მოაქვს მის ქცევას სხვა ადამიანებზე ზეგავლენის თვალსაზრისით. ამასთან, მასწავლებლის მხრიდან საკუთარი განცდების მსგავსი სახით ფორმულირება, როგორც წესი, ზრდის მოსწავლის მიერ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების ალბათობას.
რჩევა კოლეგებს – როგორ მოვიქცეთ, თუ კლასში სსსმ ან შშმ მოსწავლე გვყავს
კოლეგებს ვურჩევდი, ნებისმიერი მოსწავლის შემთხვევაში, მოიქცნენ სამართლიანად. მაგალითად, არ ვიცი როგორ ვიმუშაო კონკრეტულ მოსწავლესთან? სამართლიანი იქნება მოვიძიო ინფორმაცია, წავიკითხო, ვკითხო რჩევა კომპეტენტურ პირებს. ეს სირცხვილი არ არის, ესეც პროფესიონალიზმია.
ინკლუზიურ განათლებაში არსებული გამოწვევების შინაარსს თუ დააკვირდებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ეს გუნდური მუშაობის ნაკლებობის ბრალია. გუნდურობა არ არის რაღაც გთხოვო, რაღაც დავალება მოგცე და შენ შემისრულო, ან პირიქით. გუნდურობა არის ერთად ვიფიქროთ, ერთად გავაკეთოთ, და ერთად შევცვალოთ…
ასისტენტის როლი და საჭიროება
მშობლებს, ასისტენტის შერჩევასთან დაკავშირებით, ვურჩევ, ნუ ეძებენ გამოცდილ ადამიანებს, მისცენ შანსი ახალბედებს. არ შეეშინდეთ და არ ეგონოთ, რომ პირველი ან მეორე კურსის სტუდენტი ნაკლებ ყურადღებას გამოიჩენს მათი შვილისადმი, რადგან ასაკით პატარაა. მეც მეორე კურსზე ვიყავი, როცა ასისტენტად დავიწყე მუშაობა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში. დიახ, სამწუხაროდ, ხელფასი დაბალია, მაგრამ, ვისაც სამომავლო მიზნები აქვს ამ პროფესიაში, მათთვის შესანიშნავი გამოცდილებაა, ეს უფრო „მოხალისეობრივი სტაჟირებაა“, რომელიც შეგიძლია გზამკვლევად აქციო.
სირთულეების მიუხედავად, რას ნიშნავს ამ პროფესიისთვის მსახურება
ამ პროფესიისთვის მსახურება ნიშნავს, ვიყო მასწავლებელი და სოციალური ადვოკატი, ერთდროულად. მოტივაციის სახით, კოლეგებს ვეტყვი, როგორც მასწავლებლებმა არასდროს შეწყვიტონ პროფესიული განვითარება და, როგორც სოციალურმა ადვოკატებმა – სხვათა მხარდაჭერა. ბოლოს, მინდა, ერთი საყვარელი ციტატით დაგემშვიდობოთ და უამრავი წარმატება გისურვოთ – „თუ გინდა ადამიანს დაეხმარო, თევზის მაგივრად ანკესი მიეცი და თევზაობა ასწავლე!“