დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლების სტილისა ან ინტერესების მიხედვით (HAECOX, 2002).
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც დიფერენცირებულ მიდგომას ემყარება, ეს ზოგადი მიდგომაა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა თავისი საგნის სწავლებისას. არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ ფიზიკა რთული საგანია, რასაც განამტკიცებს სკოლაში საგნისადმი ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, გავრცელებულია ასეთი აზრი — „არ მესმის“, „არ მომწონს“, „მასწავლებელმა თვითონ არ იცის საგანი“, „მასწავლებელი მცოდნეა, მაგრამ ვერ გვიხსნის“, „რაში მჭირდება“ და ა.შ. ხანდახან მგონია, რომ მასწავლებელი დანის პირზე მოსიარულე ჯამბაზია, რომელსაც პაწაწინა შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ აქვს. ჩემი კოლეგების წინაშე მუდმივად დგას ასეთი კითხვები:
♦ როგორ შევცვალო მოსწავლეთა დამოკიდებულება საგნის მიმართ?
♦ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლეთა ინტერესი გახდეს მათი პროფესიული ცოდნის ნაწილი?
♦ როგორ გავხადო სასწავლო პროცესი არამოსაწყენი?
♦ როგორ განვავითარო მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობები?
♦ როგორ მოვუძებნო სასწავლო აქტივობებს ინდივიდუალური სტილი?
ჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტისთვის აუცილებელია „წარმატების გასაღების“ მოძებნა და მორგება თითოეულ მოსწავლეზე, ანუ ის შუალედი უნდა მოიძებნოს, რომელშიც ყველა მოსწავლე სწავლობს სირთულის ხელმისაწვდომ დონეზე. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მინიმალური დონე, ზოგადი მოთხოვნების დონე, ასევე, მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლია მოსწავლეს. სწორედ დიფერენცირებული მიდგომის საშუალებით ხდება სწავლების პროცესი მოსწავლეზე ორიენტირებული.
სწავლების დიფერენცირებული მიდგომის განსახორციელებლად ჩემ მიერ გამოყენებული ტექნიკა, ვფიქრობ, საინტერესო იქნება არა მხოლოდ ფიზიკის მასწავლებლებისთვის. ეს არის მრავალდონიანი ბარათი-დავალებები თვითშემოწმებისთვის. თითოეული ბარათი 3 დავალებისაგან შედგება:
⇒ პირველი დავალება — ფიზიკური კანონის ან ფორმულის ცოდნა;
⇒ მეორე დავალება — ორ, სამსაფეხურიანი ამოცანა ფორმულიდან ან კანონიდან უცნობი სიდიდის დასადგენად;
⇒ მესამე დავალება მოითხოვს კომბინირებულ ცოდნას.
მაგალითისთვის შემოგთავაზებთ ერთ ასეთ ბარათს მე-8 კლასის ფიზიკის კურსიდან — ბერკეტი. პირობითად, დავალებების ნომრებს დონეები დავარქვათ.
დავალების შესრულების შემდეგ, მოსწავლე თავად განსაზღვრავს რომელი „დონის“ მიღწევა შეუძლია, რა იცის? რა არ იცის?
ასეთი ბარათებისა და სლაიდების მომზადება, მართალია, დიდ შრომას მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან, მაგრამ თუ მას წინასწარ აქვს მომზადებული მსგავსი ტიპის სლაიდები, ცხრილები, კროსვორდები და ა.შ., ადვილად შეუძლია ამ ბარათების შეცვლა და თითოეული მოსწავლის დონესა და საჭიროებაზე მორგება.
ასევე ამართლებს ფორმულების არასწორად დაწერა ან გამოთვლაში მასწავლებლის მიერ განზრახ დაშვებული შეცდომა, ამ დროს, მოსწავლე თითქოს მასწავლებლის შეცდომაზე მონადირეს ემსგავსება.
დიფერენცირებული მიდგომის დანერგვის მიზნით, აუცილებელია მოსწავლეთა მონიტორინგი.
გთავაზობთ ცხრილს, რომელიც სასურველია, თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვების შედეგად გაკეთდეს.
ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ მოსწავლეთა ცოდნაში არსებული ხარვეზები, შესაბამისად, გადავჭრათ მათი მოსწრების პრობლება.
მოსწავლეებისთვის სხვადასხვა დონის დავალებების შეთავაზებით, მასწავლებელი ცვლის სასწავლო მასალის შინაარსს, თუმცა მიზნები და სწავლების მეთოდები იგივე რჩება. დიფერენცირებული მიდგომით თითოეული მოსწავლე იღებს უფლებასა და შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს, რა დონეზე აითვისებს სასწავლო მასალას. ერთადერთი პირობაა, რომ ეს დონე იმაზე დაბალი არ იყოს, ვიდრე ამას საგანმანათლებლო სტანდარტი გვთავაზობს.
ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის №10 და №108 საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელი