მას შემდეგ, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესმა, საკლასო ოთახებიდან, ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, ბევრი სკოლა (და არა მარტო რეგიონის) კონკრეტული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა. ამ პრობლემების მოგვარებას ბევრად შეუწყო ხელი, დისტანციური სწავლების პარალელურად, „ტელესკოლის“ ამოქმედებამ. არის ისეთი რაიონებიც, პრობლემების მიუხედავად, ონლაინ სწავლებას აქტიურად რომ ახორციელებენ. მათ შორის ერთ-ერთი თერჯოლის მუნიციპალიტეტია, სადაც წარმატებით გაართვეს თავი ახალ გამოწვევებს და სირთულეების მიუხედავად, ონლაინ სწავლების რეჟიმში მუშაობენ.
მაია მელუავა
ნახშირღელის საჯარო სკოლის პედაგოგი
მსოფლიოში არსებულმა რეალობამ და შექმნილმა სიტუაციამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ყველანი უნებლიედ იძულებითი არდადეგების პირობებში აღმოვჩნდით, მაგრამ ყველაზე მძიმე სიტუაციიდანაც შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს. სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესი ნამდვილად არ უნდა გაწყვეტილიყო. ამისათვის თავდაპირველად, ინტერნეტის მეშვეობით, დახურულ ჯგუფებში ვმუშაობდით – თითოეულ კლასში შექმნილ მასწავლებლებისა და მოსწავლეთა ჯგუფებს ვაწვდიდით ახალ საგაკვეთილო მასალას, საკვანძო კითხვებსა და დავალებებს, ვახორციელებდით უკუკავშირს. ამას დროულად დაემატა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული და თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მხარდაჭერილი, Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო პროგრამა.
თავდაპირველად, ცოტა გაგვიჭირდა მისი წვდომა, მოსწავლეთა დარეგისტრირება, პროგრამის ფუნქციებში გარკვევა, მაგრამ ეს რთული პროცესი, დღესდღეობით, უკან მოვიტოვეთ და დისტანციურ სწავლებაში ჩავაბით მოსწავლეთა 90%. ჩვენც ვსწავლობთ ახალი რეალობით და მოსწავლეებსაც ვასწავლით. ვგეგმავთ გაკვეთილებს, სამუშაო შეხვედრებს, ვიღებთ დავალებებს და ვახორციელებთ უკუკავშირს. რა თქმა უნდა, ეს სწავლების (ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე) უაღრესად დადებითი მხარეა, მაგრამ თავისი ხარვეზებიც აქვს: კერძოდ გადატვირთულია ინტერნეტი, ხან ხმა წყდება, ხან – გამოსახულება. ყოველივე ეს სწავლების ხარისხზე აისახება, სრულად ვერ ხდება ყველა მოსწავლისთვის ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს მობილურით ვუკავშირდებით და ვაწვდით მასალას.
ამ მძიმე დროს დამხმარედ მოგვევლინა „ტელესკოლა“ – ჩვენს გაკვეთილებთან ერთად, „ტელესკოლის“ მასწავლებელთა მიერ ჩატარებული გაკვეთილები თითქმის ავსებს საგანმანათლებლო სივრცეს, თუმცა ეს იდეალური ვარიანტი არ არის და შორსაა სწავლების ცოცხალ პროცესთან, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია.
რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები, ვსწავლობთ და ერთმანეთს ვაწვდით ინფორმაციას Teams-ის ფუნქციების შესახებ (გვეხმარება ვიდეოგაკვეთილებიც, ჯგუფებიც). უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის, მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე, მწამს, რომ ამ ბრძოლაში ყველანი ერთად გავიმარჯვებთ.
ინეზა ზამთარაძე
ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ
ღვანკითის საჯარო სკოლაში 153 მოსწავლე სწავლობს და 25 პედაგოგი ასწავლის. როგორც ვიცით, დისტანციური სწავლება მოითხოვს ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარ-ჩვევებს, რისთვისაც მასწავლებელთა უმრავლესობა მზად არ იყო, ძირითადი პრობლემა ინტერნეტთან წვდომა და ტექნოლოგიური აღჭურვილობაა. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ვერ ერთვებიან დისტანციური სწავლების პროცესში.
დისტანციური სწავლებისას მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმებს, Microsoft 365-ის პროგრამა Teams-ს, ახლახან შექმნილ Feedc edu, meseenjeri. მასწავლებლებმა მიიღეს პროგრამის გამოყენების გზამკვლევები, ვიდეოინსტრუქციები, სადაც დეტალურადაა ახსნილი პროგრამის შესაძლებლობები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი, მშობლებსაც კი შეუძლიათ დისტანციურად ჩაერთონ და ნახონ რას აკეთებენ მათი შვილები. სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს, დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და Microsoft Office 365-ის სრულფასოვნად ათვისებისთვის, დახმარებას გვიწევენ ტექნოლოგიების ექსპერტები და EMIS-ის წარმომადგენელი რაიონში თეა დოლაკიძე. დროული ინიციატივა იყო სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი ,,ტელესკოლა“, განსაკუთრებით ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა.
ჩვენი პედაგოგები დისტანციური სწავლების შესახებ:
ნინო გოგიაშვილი: პირველკლასელთა ჩართულობა მაღალია! ძალიან მოსწონთ! გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს. თითქმის ყველაფერი ნასწავლი გვაქვს. დავალებებსაც ასრულებენ და მიგზავნიან შესამოწმებლად. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს !!!!
ქეთევან დადუნაშვილი: მე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს თიმსში, სისტემატურედ ვაძლევ დავალებებს, ვუხსნი მათთვის გაუგებარ საკითხებს და მშვენივრად ვთანანშრომლობთ.
ია კვატაია
სიქთარვას საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ
მიმდინარე პერიოდი, დიდი პრობლემის პარალელურად, დიდი გამოცდაა თითოეული ჩვენგანისთვის. არავის ჰქონია მოლოდინი და, შესაბამისად, არც თადარიგი, მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლის. ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში, როგორც არასდროს, ისე მეამაყება ჩემი ქვეყნის შვილობა, ვინაიდან ყველა სფეროში შესაშური მზაობაა, პასუხისმგებლობაა, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ქვეყანას ამ განსაცდელში შეეხიდოს. სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლაში 102 მოსწავლე და 24 მასწავლებელია. ალბათ, პატარა სკოლაში უფრო იოლია, მართო სიტუაცია, ამიტომაც არ გამჭირვებია, ონლაინ სწავლებაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა ყოფილიყო ჩართული. მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებთან კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე დარეგისტრირდა Microsoft Teams-ში, შექმნილია საგნობრივი ჯგუფები და მასწავლებლების ნაწილი ამ პროგრამით ახერხებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას. არააკადემიური, თუმცა ამ სიტუაციაში ძალიან მოხერხებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა facebook-ის დახურული ჯგუფები და მესენჯერის ჩატი, სადაც ინფორმაციები, დავალებები და მრავალფეროვანი აქტივობები იცვლება, გამოიყენება ელფოსტაც, დამრიგებლებს სისტემატური კომუნიკაცია აქვთ მოსწავლეებთან, ამა თუ იმ პრობლემაზე შესაძლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად. როგორ შეიძლება, 72 წლის მასწავლებელს ხედავდე, საკუთარ სახლში მათემატიკის გაკვეთილისთვის მოხერხებულად დაფას რომ იწყობს, მესენჯერის ჩატსაც მოხერხებულად იყენებს, თუ რომელიმე მოსწავლე ,,გაკვეთილს გაუცდენს“, აუცილებლად ტელეფონით გადაურეკავს, ამბავს მოიკითხავს, და არ იყო ყველაფერ ამით ბედნიერი და კმაყოფილი. სანამ ეს დამოკიდებულება გვაქვს საქმის მიმართ, ვერაფერი დაგვამარცხებს. მუშაობისას, მაქსიმალურად ვცდილობთ ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ კანონის დაცვას, რეკომენდაციების გათვალისწინებას, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი ხანგრძლივობითა და სისტემატურობით ჩავატაროთ ონლაინ გაკვეთილები. რაც შეეხება განათლების სამინისტროს პროექტს ,,ტელესკოლა“, ამ მცირე დროში შექმნილი უმნიშვნელოვანესი რესურსია, საიდანაც მოსწავლე მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არა, უფრო მნიშვნელოვანს სწავლობს – გამოსავლის ძიებისას რამდენი და რამხელა კარგი საქმის კეთება შეუძლია ადამიანს. დისტანციურ სწავლებაში უმნიშვნელოვანესია და მშობლის როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, და იმედია, მალე ჩაივლის, იქნებ ეს დამოკიდებულებები, ეს მზაობა და პასუხისმგებლობა, ეს ჯანსაღი კომუნიკაცია ასეთად დარჩეს.
სოფიკო ვაშაკიძე
სიქთარვას საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
რაც შეეხება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას, 2013 წელს გავიარე ბრიტანეთის საბჭოსა და თბილისის მასწავლებელთა სახლის ერთობლივი პროექტის ტრენერთა ტრენინგი , სადაც მოწვეული ჰყავდათ ბრიტანელი ტრენერი. აქედან იწყება ჩემი, როგორც პედაგოგის, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით გაკვეთილების ჩატარება და ჩემი, როგორც ტრენერის, პირველი ნაბიჯები ამ ვირტუალურ სამყაროში . გადავწყვიტე, ტრენინგიდან მიღებული გამოცდილება, პირველ რიგში, ჩემს საგაკვეთილო პროცესში დამენერგა და შემდეგ გამეზიარებინა მიღებული გამოცდილება ჩემ მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე. აღნიშნულ გაკვეთილზე მოწვეული მყავდა როგორც ადგილობრივი მასწავლებლები, ასევე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით მიიღეს მათთვის ახალი გამოწვევა და აჩვენეს უფრო მეტი, ვიდრე ეს მანამდე წარმომედგინა. საგაკვეთილო პროცესში არ გამოგვიყენებია არც რვეული და არც კალამი, ფაქტობრივად, მათი სამუშაო ველი მხოლოდ კომპიუტერი იყო. შედეგმა მაშინ უკვე აჩვენა, რომ ინტერნეტი და კომპიუტერის სწორად გამოყენება დიდ შედეგს აჩვენებდა სწავლა-სწავლების პროცესში. თანდათანობით დავიწყე სხვა შემსვლელ კლასებში აღნიშნულის დანერგვა და დავალებების ვირტუალურად მიღება მოსწავლეებისგან. 2015 წელს კი განათლების სამინისტრომ შემოიტანა ონლაინ პროექტებით სწავლება eTwinning პორტალის საშუალებით. ეს პორტალი იმართება ბრიუსელის მიერ, სადაც ჩართულები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სკოლები და მასწავლებლები. მე, როგორც იმ პერიოდისთვის ვირტუალურად სწავლების უკვე გამოცდილი პედაგოგი, აქტიურად ჩავები ამ პორტალზე და დავიწყე ინგლისური ენის პროექტებით სწავლება. ჩემი სკოლა და მოსწავლეები აქტიურად მუშაობდნენ პროექტებში, დავიმეგობრეთ, ევროპის მასშტაბით, მოსწავლე-მასწავლებლები და ვმუშაობდით ერთ საერთო მიზანზე. ჩემი და ჩემი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, ჩვენმა პროექტებმა ჯერ ეროვნული და შემდეგ ევროპის ჯილდო მიიღო. აღნიშნული წარმატების შედეგად მასწავლებელთა სახლმა მივლინებით გამაგზავნა პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ხოლო შემდეგ ამირჩიეს იტვინინგის ტრენერად და დღემდე აქტიურად ვარ ჩართული . ვეცნობი ახალ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, ვიყენებ მათ და ვუზიარებ როგორც მოსწავლეებს, ასევე კოლეგებსაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული დღეს შექმნილ სიტუაციაში ძალიან დამეხმარა, ვირტუალურ სამყაროში თამამად მემუშავა. ვატარებ როგორც გაკვეთილებს, ასევე ვესწრები და გავდივარ ვებინარებს, ვიყენებ სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტებს, ვაზიარებ ეკრანს, თეთრ დაფას, რესურსებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითიც. ნაკლოვანებად შეიძლება ჩავთვალოთ ინტერნეტის ხარვეზი და მიუწვდომლობა, რაც, ფაქტობრივად, ხელს გვიშლის ონლაინ გაკვეთილის წარმართვაში.
ია ქათამაძე
ბარდუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
კ ო რ ო ნ ა ვ ი რ უ ს ი – ახალი ტვირთი გადაღლილი საზoგადოებისა, რომელმაც არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყანა მოიცვა, არამედ მსოფლიო. სამწუხაროდ, სამყარომ დაკარგა უამრავი ადამიანი. თითოეული, ალბათ, დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებით ვაფასებთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას… ,,უხილავმა მტერმა” ცოცხალი ქალაქები მკვდარ ქალაქებად აქცია, აქტიური ცხოვრება დაამდოვრა, თითქოსდა შეწყდა სიცოცხლე დედამიწაზე. შიში გვაქვს ხვალინდელი დღისა… არ დავკარგოთ რწმენა უფლისა! ფრაზა ,,დარჩი სახლში” გახდა მოწოდება თითოეული მოქალაქისათვის.
მე, როგორც ყველა პედაგოგი, ჩემს საქმეს დისტანციური სწავლების რეჟიმში ვასრულებ. საკმაოდ შედეგიანად მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი, ჩართულია ყველა მოსწავლე. ვინც ვერ ერთვება “Teams”-ის პროგრამაში, ერთმანეთს messenger-ით ვუკავშირდებით. გაკვეთილთან დაკავშირებულ არც ერთ პასუხგაუცემელ შეკითხვას არ ვტოვებთ. ჩათში გადმოგზავნილ დავალებებს წინასწარ ვამოწმებ და შემდეგ, ბავშვებთან ერთად, განვიხილავ (ვაზუსტებთ რა იყო ხარვეზი და რა არა). შექმნილ სიტუაციაში ეს ფორმატი, ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალია, რათა მოსწავლეები პროგრესირდნენ. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს – არა მარტო საქართველო, მსოფლიო განაახლებს აქტიურ ცხოვრებას. მთავარია, კანონის დაცვით, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რათა Covid 19-ის დამარცხების შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა. გისურვებთ ჯაბმრთელობას!
ელისო რობაქიძე
ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ
საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შედეგად სკოლები დაიკეტა, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს. ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლამ სწავლების ალტერნატიული საშუალებების მოძიება და ორგანიზება არდადეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. თავიდან მასწავლებლები მოსწავლეებს ,,მესენჯერის” მეშვეობით ვეკონტაქტებოდით, რადგან მასწავლებელთა და მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს ფეისბუქგვერდი ჰქონდა შექმნილი და ეს დიდად არ გაგვჭირვებია. შეიქმნა საგნობრივი ჯგუფები, კლასების მიხედვით. დამრიგებლები სადამრიგებლო ჯგუფებში განიხილავდნენ ყველა იმ საკითხს, რაც კლასს აწუხებდა ან სჭირდებოდა. ისინი ტელეფონით უკავშირდებიან მოსწავლეებს, მშობლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ონლაინ ჩართვებში მონაწილეობას.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პლატფორმა “Teams” საინტერესო და მრავალფეროვანია. თავიდან მასში შესვლა და მუშაობა ჭირდა, ახლა ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი. მოსწავლეებში Teams-მა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მათ იზიდავთ სიახლე და აქტიურად არიან ჩართულნი. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების 80% აქტიურადაა ჩართული ონლაინ გაკვეთილებში , ისინი უპირობოდ აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ გაკვეთილები სკოლაში ჩაუტარდეთ და პირობას იძლევიან, რომ უმიზეზოდ აღარასდროს გააცდენენ. ხოლო რაც შეეხება მოსწავლეების იმ 20%-ს , რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი და არც ტექნოლოგიები, რითაც ონლაინ გაკვეთილში ჩაერთვებიან, დამრიგლებლებმა მათ ტელესკოლის ცხრილი გააცნეს, რათა არ ჩამორჩნენ პროცესს და, პარალელურად, უნიშნავენ იმ დავალებებსა და გაკვეთილებს, რომლებიც მათ თანაკლსელებს აუხსნეს ინტერნეტის საშუალებით.
ნატო კვეტენაძე
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
21-ე საუკუნე სწრაფი ცვლილების ეპოქაა. სამყარო ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევების წინაშე. დღეს, როგორც არასდროს, ადამიანის უმთავრეს მოთხოვნილებად ფართო მასშტაბის სოციალიზაცია ხდება, რის დაკმაყოფილებას ტექნოლოგიების გამოყენებით ახერხებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც სწორედ ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებაზე, ინფორმაციის მოპოვებაზე, დამუშავებასა და ანალიზზეა ორიენტირებული. მასწავლებელი და მოსწავლე, სასწავლო მიზნების შესაბამისად, მეტნაკლებად, ფლობენ და იყენებენ ტექნოლოგიურ უნარებს სწავლა-სწავლების პროცესში.
თუმცა, პანდემიამ განათლების სისტემა ახალი, ჯერ არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. დადგა საჭიროება, სკოლა და სასკოლო საზოგადოება დისტანციური მართვისა და სწავლა-სწავლების ფორმაზე გადასულიყო. ფაქტია, მსგავსი სწავლების გამოცდილება განათლების მუშაკთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა, არადა საგანმანათლებლო სისტემაში, ახლა, მისი გამოყენების მაქსიმალიზება გახდა საჭირო. სასკოლო სივრცე უნდა შეეცვალა დისტანციურ კომუნიკაციას მასწავლებელსა და მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის დირექციას შორის. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კოლოსალური სამუშაო გასწია აპრობირებული პლატფორმის გამართვისათვის. კერძოდ, შექმნა სატელევიზიო სკოლის გაკვეთილები და, Microsoft office 365-ის პროგრამაში Teams აპლიკაციის გამოყენების მიზნით, შეიქმნა თითოეული მასწავლებლისა და მოსწავლის ელექტრონული კორპორაციული ფოსტები, ასევე, კლასების ჯგუფები და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა სკოლებს.
საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა სკოლისათვის აქამდე უცხო პროგრამის Microsoft office 365-ის გაგება, მასში ორიენტირება და მართვა. მით უფრო, რომ გაჩნდა საჭიროება სკოლის დირექციისა და კლასის ხელმძღვანელთა მიერ გააქტიურებულიყო მასწავლებელთა თუ მოსწავლეთა ელექტრონული ფოსტები. მიუხედავად სირთულეებისა, თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში, ამჯერად, მოსწავლეთა ელექტრონული ფოსტები გამართულია. შექმნილია Teams ჯგუფები და ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სკოლაში არსებულ ოცდაათივე კლასში. მასწავლებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით წარმართავენ ვიდეო ჩართვებს. სპორტისა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებიც კი ჯეროვნად მიმდინარეობს, სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პლატფორმის გამოყენებით. ეს კი, მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების გააქტიურებას უზრუნველყოფს და მათ პასიურ რუტინულ ყოფას უხალისებს.
თუმცა, შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი საუკეთესოდაა. უამრავმა ტექნიკურმა თუ მატერიალურმა პრობლემამ იჩენა თავი. მოსწავლეთა კუთვნილი ტექნიკის, მათ შორის ბუკების გაუმართაობამ თუ მისი მოხმარების არასათანადო ფლობამ შეაფერხა ფოსტების ამუშავება და Teams პოგრამაში ჩართვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პრობლემებისა თუ საცხოვრებელი სახლის მდებარეობის გამო, ჩვენი სკოლის 640-მდე მოსწავლიდან, მხოლოდ 60-ს არ აქვს ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ ისინიც აქტიურად ერთვებიან ტელესკოლის გაკვეთილებზე.
როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს. გარდა სირთულეებისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ერთვებიან ვიდეოგაკვეთილებში. ხშირ შემთხვევაში უჩვეულო მზაობასა და აქტიურობას იჩენენ, დასძენენ კიდეც – მართალია, საკლასო პროცესს არაფერი შეედრება, მაგრამ ცხოვრების ამ ვითარებაში ვიდეოგაკვეთილები ის შესაძლებლობაა, რომელიც არ გვაძლევს აზროვნების მოდუნების საშუალებას და სასწავლო პროგრამას სულ სხვა, საინტერესო მიდგომებით შეგვამეცნებინებსო.
ახალს არ ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ დისტანციური სწავლების საჭიროებამ პედაგოგები სულ სხვაგვარი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჩვენ მოგვიწია მიგნება იმისა, თუ რა მეთოდებით შეგვეთავაზებინა სწავლების პროცესი მოსწავლეთათვის. აქ პრიორიტეტული აღმოჩნდა ის, რომ ეს პროცესი არ გამხდარიყო მომაბეზრებელი და მსმენელს თანამშრომლობისთვის თავი შეგნებულად არ აერიდებინა. ამისათვის მოსწავლეებს, „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდის გამოყენებით, ინტენსიურად ვაწვდით სასკოლო-სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მათთვის საინტერესო საშინაო სკოლის გაკვეთილების ვიდეოლინკებს და Teams ჩართვებისას ვმსჯელობთ დასმული საკითხების ირგვლივ. საკლასო ჯგუფებსა და ინდივიდებს მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსებს, თამაშის ელემენტებზე აგებულ აქტივობებს ვთავაზობთ. ძირითადად, მივმართავთ პრაქტიკული დავალებების შესრულებასა და კეთებით სწავლებას. ამით პროცესი უფრო სახალისო და მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან დაკავშირების გზით ცოდნაზე ორიენტირებული ხდება. გაიზარდა მშობელთა ჩართულობა. მათთვის უფრო ცხადი გახდა, რომ საკუთარი შვილების სწავლა-აღზრდის საქმეში თავად აკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა. ამის შედეგად, დისტანციურ საგაკვეთილო პროცესებში ისეთი მოსწავლეების პოზიტიური გააქტიურების ტენდენცია გამოიკვეთა, რომელთა სწავლისადმი შინაგანი მოტივაცია ხშირად დაბალი იყო.
ორიოდე სიტყვით მინდა სატელევიზიო სკოლის გაკვეთილებსაც შევეხო. სხვადასხვა კვალიფიციური პედაგოგის მიერ ბევრი საინტერესო, მეცნიერული თუ მეთოდური, მასალაა შემოთავაზებული. მაგრამ კლასებისა და საგნების მიხედვით გაკვეთილებს შორის ხანგრძლივი შუალედების გამო, მსმენელის მომდევნო გაკვეთილისათვის მზაობა შედარებით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, სატელევიზიო სკოლის გაკვეთილები საჭირო და მნიშვნელოვანი გზავნილია ყველა მოსწავლესა და მასწავლებლისათვის.
შემიძლია ვთქვა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლა, ამ რთულ და მეტად საპასუხისმგებლო გამოწვევების პერიოდში, სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაღალპროფესიული თუ ადამიანური პასუხისმგებლობით, პირნათლად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და წარმატებით ახერხებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას მომავალი თაობისა თუ ქვეყნის წინაშე.
ნათია აბულაძე
ქვედა სიმონეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ
მასწავლებელი ყოველთვის იდგა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა ასეთი რამ თუ მოგვიწევდა – გაგვეკეთებინა ორგანიზება და გადავსულიყავით დისტანციურ სწავლებაზე. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ გაგვაერთიანა და გადაწყვეტილება მიგვაღებინა, რომ გვეზრუნა ჩვენი მოსწავლეების მომავალზე.
სკოლის ყველა პედაგოგმა, თავდაუზოგავი მონდომებით, შეძლო დისტანციური მუშაობის გონივრულად აწყობა. მინდა გითხრათ, რომ მართალია პედაგოგების ნაწილი კარგად ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს, ნაწილი მეტნაკლებად, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა დისტანციური სწავლების გამოცდილება. ეს ახალი და უცხო საჭიროება იყო, რომელსაც, ვფიქრობთ, გავართვით თავი. თუ როგორ, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ დღეის მდგომარეობით, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის №1 საჯარო სკოლაში ყველა საგნის სწავლება მიმდინარეობს ონლაინ, ოფის 365-ის პროგრამა Teams-ის საშუალებით.
მარტის თვის დასაწყისში, ჩვენ დავიწყეთ საურთიერთო მარტივი გზების ძიება მოსწავლეებთან და მშობლებთან. ეს განხორციელდა, ყველა მოსწავლის ოჯახში, კლასის დამრიგებლების სატელეფონო ზარებით და გავარკვიეთ, რაც შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა, ეს იყო მესინჯერ ჯგუფების შექმნა. ასე დავიწყეთ პირველი ჩართვები. ყველა კლასის ყველა საგნის მესინჯერ ჯგუფებში დავიწყეთ საცდელი მეცადინეობების გამართვა, დავალებებისა და ვიდეოგაკვეთილების გაგზავნა, ფაილების მიმაგრება, უკუკავშირების პირად მიმოწერებში დაბრუნება. პირველივე დღიდან, სკოლის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას ვუთმობდით პირადი ინფორმაციის დაცვის კონტროლს და მოსწავლეთა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვას, გვქონდა საუბრები და მჭიდრო თანამშრომლობა მშობლებთან. თუმცა, ყველაფერი ერთბაშად არ დალაგებულა. იყო ხარვეზები: წვდომა ინტერნეტთან, ორჯერ ჩატარებული მეცადინეობები, რადგან მესინჯერში 8 ადამიანზე მეტთან კავშირი არ ხდება და სხვა, მაგრამ ნელნელა ავაწყვეთ ყველაფერი. დავიწყეთ ახალი პლატფორმის შესწავლა და მოვემზადეთ, რომ 30 მარტისთვის სკოლა ოფის 365-ის Teams ონლაინ პლატფორმაზეგადასულიყო.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ დიდი მადლიერება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის მიმართ. ძალიან ორგანიზებულად მოგვაწოდეს კოლოსალური ნაშრომი – სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების ექაუნთები და პაროლები. კიდევ უფრო დიდი მადლობა ,რომ ამ პლატფორმაზე ყველა მასწავლებელს საკუთარი კლასები დახვდათ გამზადებული. ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრმა, უმოკლეს დროში, გაამარტივა პროგრამაზე ხელმისაწვდომობა და ყველა დაინტერესებული პირისთვის გაასაჯაროვა ინსტრუქციები, რაც პროგრამის შესწავლისას ძალიან დაგვეხმარა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის.
სკოლის დისტანციური სწავლების ორგანიზების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მეცადინეობების ხანგრძლივობის განსაზღვრა იყო. ამიტომ, გავითვალისწინეთ სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და შევქმენით სკოლის დისტანციური სწავლების ცხრილი, რომელშიც დროები ისე გადავანაწილეთ, რომ მოსწავლეებს ღია დავუტოვეთ დრო, ტელესკოლის გაკვეთილებს შეუფერხებლად რომ უყურონ.
ყველა მეცადინეობა კონკრეტულ საათზე იწყება. პირველიდან მეოთხე კლასამდე ონლაინ მეცადინეობის ხანგრძლივობა განსაზღვრული გვაქვს 20 წუთი. მოსწავლეს და მასწავლებელს 40 წუთი აქვს, რომ შეისვენოს და მოემზადოს ახალი საგაკვეთილო ჩართვისთვის. მეხუთედან ზემოთ, ყველა კლასში, მეცადინეობის ხანგრძლივობა 30 წუთამდე გავზარდეთ. საშუალო საფეხურზე შეუძლიათ, ნახევარ საათს გადაამეტონ, მაგრამ კონკრეტული საათისთვის მასწავლებელს უნდა დარჩეს მომზადების და დასვენების დრო და, რა თქმა უნდა, ხელი არ უნდა შეუშალონ ახალ საგანს. ასე მუშაობა, აგერ უკვე ერთი კვირაა, გამოვცადეთ და ყველაფერი კარგად მიდის.
ამ საკითხში შეიძლება ინოვატორები არ ვართ, მაგრამ სპორტის მასწავლებლები აქტიურად ჩაგვერთნენ დისტანციურ სწავლებაში. ისინი დილის აერობიკის და მხიარული თამაშების ასაკობრივი ციფრული მასალების მოძიებით დაკავდნენ და ერთი კვირაა მოსწავლეებს Teams-ში ერთვებიან, მოუწოდებენ ჯანმრთელი ცხოვრებისკენ, ახსენებენ ვირუსის საწინააღმდეგო აუცილებელ რეკომენდაციებს, ტანვარჯიშსა და დილის აერობიკაში ავარჯიშებენ. საშინაო დავალებად მხიარულ თამაშების ბმულს უგზავნიან. სპორტის გაკვეთილები ონლაინ კიდევ უფრო პოზიტიური გამოგვივიდა.
ასე რომ, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის №1 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება გავმართეთ ოფისს 365-ის პროგრამა Teams-ით. ბოლოს გვინდა, ვისურვოთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
თამარ შანიძე
ჭოგნარისა და კვახჭირის საჯარო სკოლების გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი, განათლების დოქტორი
ქვეყანაში პანდემიის აცილების მიზნით, პრევენციული ზომების გატარების აუცილებლობამ, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის მოითხოვა სასწავლო პროცესის აქამდე უჩვეულო ფორმატზე – დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა.
როგორც მოგეხსენებათ, ინტერნეტსივრცეში, სოციალურ ქსელებს შორის, გამოყენების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ინტენსივობით Facebook სახელდება, რადგან ის სასწავლო სივრცეში ჩართულო საზოგადოებისათვის მისაღები და ხელმისაწვდომია. თუმცა, მოგვიანებით საჯარო სკოლებს სამინისტრომ Teams-ის საგანმანათლებლო პროგრამა შესთავაზა, რომელშიც, თერჯოლის რაიონის სხვა საჯარო სკოლების მსგავსად, სსიპ ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ. სკოლის მასშტაბით, ყველა კლასის დამრიგებელმა ოპერატიულად შეძლო Teams-ის პროგრამაში თავისი კლასის ყველა მოსწავლის რეგისტრირება, მშობლებთან სატელეფონო კავშირის საფუძველზე მოსწავლეთა მობილიზება და ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისათვის დღეებისა თუ საათების განაწილება ისე, რომ მოსწავლეთათვის ტელეგაკვეთილებიც ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
რაიონის ყველა სკოლაში და მათ შორის ჭოგნარის საჯარო სკოლის ყველა კლასის ყველა აღსაზრდელი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), აქტიურად მონაწილეობს Teams-ის პროგრამაში დისტანციურად მიმდინარე საგაკვეთილო პროცესში. ამ პლატფორმით შესაძლებელი ხდება მოსწავლეთათვის როგორც დავალებებისა და ინფორმაციის მიწოდება, ასევე მათ მიერ შესრულებული დავალებების უკან დაბრუნება და, მათი შედეგებიდან გამომდინარე, პედაგოგთა მიერ ინდივიდუალური უკუკავშირების მიცემა. ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეთა მცირე ნაწილი, კალენდრით განსაზღვრულ დროით მონაკვეთში, ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს Teams-ის პროგრამაში საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. მოსწავლეთა ამ ნაწილს პედაგოგები ინდივიდუალურად უკავშირდებიან და აწვდიან სასწავლო მასალას როგორც Facebook-ჩათის, აგრეთვე მობილური ტელეფონის საშუალებით.
ჩვენი სკოლის რეალობაში მოსწავლეთა მიზერულ ოდენობას არ აქვს კომპიუტერი ან ისეთი მობილური მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საგანმანთლებლო პროგრამაში აქტიური მონაწილეობა. ასევე ამ კატეგორიის მოსწავლეთათვის ინტერნეტიც ხელმიუწვდომელ რესურსს წარმოადგენს, ამდენად, მათ მშობლებს კლასის დამრიგებლებმა ტელეგაკვეთილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, აგრეთვე, პერმანენტურად აწვდიან სასწავლო შინაარსს მობილური ტელეფონის საშუალებით. სატელევიზიო არხით განხორციელებული ტელეგაკვეთილები დიდ დახმარებას უწევს მოსწავლეებს, ნასწავლი მასალის გამეორებისა თუ ახალი სასწავლო თემატიკის წვდომის მიზნით. პედაგოგები, ამ მიმართულებით, მოსწავლეებს უგზავნიან დავალებებს და ისინიც ხალისით ერთვებიან დისტანციურ სწავლებაში.
სასწავლო გარემოში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწავლის პროცესში face to face (პირისპირ) კომუნიკაცია შეუცვლელია, რაც სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და შემეცნებისადმი მოტივაციის ამაღლებას მიზეზ-შედეგობრივად განაპირობებს. თუმცა, დისტანციური სწავლება, მსოფლიო მასშტაბით, საინტერესო გამოცდილებას მოიცავს, რაც, ზოგადად, მისი სოლიდური გამოცდილებისა და შედეგებიდან გამომდინარე, მისაღებია საგანმანათლებლო სივრცისთვის.