სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, 2023 წლის ივლისში, მოამზადა ბიულეტენი – დირექტორობის კანდიდატები საქართველოს საჯარო სკოლებში, რომელშიც განხილულია თუ რამდენად რეალურია დირექტორების არჩევნების პროცესი საქართველოში, რომელ საჯარო სკოლებშია კანდიდატების ყველაზე მეტი რაოდენობა და როგორია კონკურენცია ქალაქის და სოფლის/დაბის/თემის სკოლებში.
⇒ რამდენად რეალურია დირექტორების არჩევნების პროცესი? სკოლის დირექტორობის სერტიფიცირებულ კანდიდატს კონკურსით განსაზღვრული აქვს უფლება, შეარჩიოს მისთვის სასურველი არაუმეტეს სამი სკოლისა, სადაც სურს სკოლის დირექტორობა. სკოლების შერჩევა ხდება კანდიდატის მიერ. სკოლის დირექტორობის კანდიდატი ალაგებს მის მიერ შერჩეულ სკოლებს შერჩევის პრიორიტეტების მიხედვით (პირველი პრიორიტეტი, მეორე პრიორიტეტი, მესამე პრიორიტეტი); სამივე პრიორიტეტული არჩევანის შედეგებს თუ შევაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ 2074 სკოლიდან 798 სკოლაში დირექტორობის არცერთი სერტიფიცირებული კანდიდატი არ დარეგისტრირებულა (ანუ სკოლების 38,5%-ს სერტიფიცირებული დირექტორი ვერ ეყოლება). 894 სკოლაში – მხოლოდ ერთი კანდიდატია (სკოლების საერთო რაოდენობის 43,1%) დარეგისტრირებული, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს კონკურენციას და შეჯიბრებითობას და არჩევნების შესაძლებლობას. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების 81,6%-ში სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება და მხოლოდ 382 სკოლაში მიმდინარეობს რეალური კონკურსი სკოლის დირექტორების შესარჩევად, სკოლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 18,4%-ში.
⇒ როგორია კონკურენცია ქალაქის სკოლებში? ქალაქში არსებულ 478 სკოლაში597 სერტიფიცირებული კანდიდატია დარეგისტრირებული – საშუალოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე 1,25 კონკურენტია. ქალაქის 478 სკოლიდან 45 სკოლაში საერთოდ არ არის კანდიდატი (ქალაქის სკოლების საერთო რაოდენობის თითქმის 10%-ში), ხოლო 210 სკოლაში მხოლოდ 1 კანდიდატია, ანუ ქალაქის სკოლების 53%- ში არანაირი კონკურენცია არ არის. დაბალია კონკურენცია სკოლებში, რომლებსაც ერთი ვადით ნამუშევარი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდათ, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, მეორე ვადით იყვნენ არჩეული. როგორც ჩანს, ასეთ სკოლებში კონკურენციაში ნაკლებად შევიდნენ ახალი კანდიდატები. რაც შეეხება სკოლებს, სადაც კანდიდატი საერთოდ არ არის, აქ სკოლების ფართო სპექტრია, მათ შორის დიდი ქალაქების: თბილისის, ქუთაისი, ბათუმის საჯარო სკოლებიც
⇒ როგორია კონკურენცია სოფლის/დაბის/თემის სკოლებში? სოფლის, თემის და დაბის სკოლებში 1597 სკოლაზე 812 სერტიფიცირებული კანდიდატია. 1595 სკოლიდან 753 სკოლაში სკოლის დირექტორობის კანდიდატი რეგისტრირებული არ არის, ანუ ამ ტიპის დასახლებებში არსებული სკოლების საერთო რაოდენობის ზუსტად 47%-ში; 684 სკოლაში კი მხოლოდ ერთი კანდიდატია (ანუ ამ ტიპის დასახლების სკოლების 43%-ში). რეალური კონკურსი ტარდება მხოლოდ 159 სკოლაში 1595 სკოლიდან ანუ ამ ტიპის დასახლებებში არსებული სკოლების საერთო რაოდენობის ზუსტად 10 %-ში (159 სკოლაში 1595 საჯარო სკოლიდან) იქნება კონკურსი და სკოლის დირექტორის არჩევის რეალური შესაძლებლობა კონკურენციის საფუძველზე.
⇒ რომელია სკოლები კანდიდატების ყველაზე მეტი რაოდენობით? კანდიდატების რაოდენობა 202 სკოლაში არის მხოლოდ 2, 94 სკოლაში კი – 3. სკოლები, სადაც სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა 10 კანდიდატს აჭარბებს: სსიპ – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №163 საჯარო სკოლა; სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა; სსიპ – თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა; სსიპ – ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლა (16 კონკურენტი); სსიპ – ქალაქ თბილისის №136 საჯარო სკოლა; სსიპ – ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა; სსიპ – ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა; სსიპ – ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა; სსიპ – ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლა; სსიპ – ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა.
◊ დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი, 2022-2023 წლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორის ახალი სტანდარტის მიღების შემდგომ დაიწყო. პირველ ეტაპზე (ტესტირება) 3200 მსურველი დარეგისტრირდა. გამოცდაზე გამოცხადდა 1839 ადამიანი. ტესტირების შედეგად, სერტიფიცირების მეორე ეტაპზე, ანუ გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 755 აპლიკანტი, რომელთაგან დირექტორის სერტიფიკატი მიიღო 593-მა კანდიდატმა.
◊ ამჟამად გამოცხადებულია სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი 2074 საჯარო სკოლაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც 2013-2014 წლებში, ასევე 2022-2023 წელს სერტიფიცირებულ დირექტორების კანდიდატებს (თუ დაკარგული არ აქვთ სერტიფიცირებულის სტატუსი; დირექტორის სერტიფიკატი უქმდება, თუ კანდიდატი დააკმაყოფილებს სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, მაგრამ 7 წლის განმავლობაში ვერ დასაქმდება სკოლის ხელმძღვანელად);
◊ სკოლის დირექტორთა კონკურსისთვის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი 1409 კანდიდატმა გამოთქვა (მონაცემები დათვლილია კანდიდატთა მიერ პირველი პრიორიტეტის არჩევის მიხედვით).
◊ თუ ვივარაუდებთ, რომ 2022-2023 წლების სერტიფიცრებული ყველა დირექტორობის კანდიდატი დარეგისტრირდა კონკურსში (593 სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატი), ძველი სისტემით სერტიფიცირებული 816 კანდიდატი მონაწილეობს კონკურსში.
◊ დღევანდელი მოცემულობით, კონკურსში მონაწილეობს 1409 სერტიფიცირებული კანდიდატი, ხოლო სკოლების რაოდენობა, სადაც სკოლის დირექტორის არჩევნები უნდა ჩატარდეს, 2074-ია.