თეა ხაბალაევი – გორის მუნიციპალიტეტის მერეთის საჯარო სკოლის დირექტორი
⤵️ რას მოითხოვს სკოლის დირექტორისგან სახელმწიფო და საზოგადოება
სკოლის დირექტორი არის ლიდერი, რომლისგანაც სახელმწიფო და საზოგადეობა მოითხოვს, პირველ რიგში, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას. სკოლის დირექტორი უნდა ზრუნავდეს როგორც თვითგანვითარებაზე, ასევე თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და ხელშეწყობაზე. სკოლაში უნდა ნერგავდეს სიახლეებს და იყოს მუდმივ ძიებაში, საზღვრავდეს სკოლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.
საზოგადოების დაკვეთა ახლოსაა სამინისტროს მოთხოვნებთან, თუმცა მისი ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში ნაკლებია, რასაც, თავის მხრივ, უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, პირველ რიგში, დროის დეფიციტი, სურვილი, შეუჩვევლობა, თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სკოლისა და მშობლის ურთიერთანამშრომლობა იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ითხოვს ჩვენგან სახელმწიფო და საზოგადოება.
⤵️ ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის ლიდერის პასუხისმგებლობებიდან
ძნელია გამოყო ცალკე განსაკუთრებით რომელი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი იმ უამრავი პასუხისმგებლობიდან, რომელიც გვაკისრია დირექტორებს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვი დროის დიდ ნაწილს ატარებს და, აქედან გამომდინარე, მას უნდა უხაროდეს სკოლაში წამოსვლა. უნდა იცოდეს, რომ მას მოუსმენენ, გაუგებენ, ყველასთვის ყველა სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მთავარია, ისინი თავისუფალ, მოაზროვნე მოქალაქეებად აღვზარდოთ და ამ მიზნით ვაძლიერებთ სკოლაში არაფორმალურ განათლებასაც.
მნიშვნელოვანი მხარეა კომუნიკაციის უნარი. პედაგოგებთან, მოსწავლეებთან არაფორმალურ გარემოში ურთიერთობა იმის გაგებაში მეხმარება, თუ რა აწუხებთ, რა საჭიროებებს ხედავენ, რას ითხოვენ ჩემგან, სკოლისგან, ეს კი პრობლემების დანახვა-გაანალიზებისა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის აუცილებელი პირობაა. სკოლის დირექტორისთვის არ არსებობს შაბათი, კვირა ან დასვენება. სკოლის დირექტორი ცხოვრობს სკოლის ცხოვრებით.
⤵️ სკოლის მართვის პრაქტიკის გაზიარება
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია თავისი პრობლემებით, სიხარულით, წარმატებებითა და წარუმატებლობებით. საჭიროა მიმდინარე პროცესების არა მხოლოდ დანახვა, არამედ მათი მუდმივი კონტროლი — დაგეგმვა და განხორციელება ისე, რომ ჩართული იყოს თითოეული რგოლი, თითოეულ მათგანთან თანამშრომლობით. ჩემი კარი ღიაა ყველასთვის, მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს (მშობელს, თანამშრომელს, მოსწავლეს) მოვუსმინო ნებისმიერ დროს და მათთან ერთად ვეძებო გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. წარსულს ჩაბარდა გამოთქმები: „მასწავლებელი ყოველთვის მართალია“, „მოსწავლეს მასწავლებლის უნდა ეშინოდეს“, „ეშინია – ესე იგი უყვარს“. დღეს ასეთი მიდგომებით ფონს ნამდვილად ვერ გავალთ, ამიტომ მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების გაძლიერება. რაიონში მცხოვრები ბავშვის ცხოვრება არ არის ღონისძიებებით მდიდარი, თუმცა, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე იყოს ჩართული სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში.
პანდემიამ, ისე როგორც სხვას, ჩვენც შეგვიქმნა გარკვეული სახის პრობლემები, სამწუხაროდ, არც თუ ისე მცირე ნაწილს შეექმნა ინტერნეტთან პრობლემა, იყვნენ მოსწავლეები, ვისაც გაკვეთილებზე დასასწრებად არანაირი ტექნიკური მოწყობილობა არ ჰქონდა. პედაგოგებისთვისაც ახალი იყო სწავლის ასეთი სისტემა და მათაც შეექმნათ გარკვეული სირთულეები, ვგულისხმობ საგაკვეთილო პროცესში ელექტრონული რესურსების აქტიურად გამოყენებას. მაშინ კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთი შეკრული გუნდი ვართ, ვეხმარებოდით ერთმანეთს, არ იყო იმის ფიქრი, რომ „მე ეს არ მეხება, ეს ჩემი საქმე არ არის“. ამისთვის მადლობას ვუხდი სასკოლო საზოგადოებას.
⤵️ სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობა
წესით, სამეურვეო საბჭო ის რგოლია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და განსაკუთრებით სასკოლო გეგმისა და ბიუჯეტის დაგეგმვაში. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს მშობლის აზრის გათვალისწინებით იღებს, თუმცა, ეს იშვიათ შემთხვევაში ხდება და ამის მიზეზი მშობლების მხრიდან ნაკლები კომუნიკაციაა. მეტად აქტიურია სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, სასოფლო ცხოვრება მშობლებს დიდ დროს ართმევს. თუმცა, პანდემიის პირობებში, დისტანციური ჩართვები ამარტივებდა შეხვედრებს, რადგან შეხვედრის დრო რეგლამენტირებული არ იყო. რაც ყველაზე მთავარია, მშობლებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ სრული უფლება აქვთ, აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, შემოვიდნენ ინიციატივით და ნებისმიერ საკითხზე სრული და ამომწურავი პასუხი მიიღონ სკოლის ხელმძღვანელობისგან.
⤵️ თუ ამზადებს სკოლა მოზარდებს მომავალი ცხოვრებისთვის
დღევანდელი სკოლა, განათლების სისტემა ნამდვილად უწყობს ხელს აქტიური მოქალაქეების აღზრდას არაფორმალური განათლების გაძლიერებით. ამ მიზნით, ჩვენი სკოლა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლაში ეწყობა შეხვედრები, ტრენინგები, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა აქტივობით.
ჩვენი სკოლა ე.წ. საზღვრისპირა სოფელში მდებარეობს და განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო აქ მცხოვრებ ახალგაზრდებთან. აქ სიტყვები — სამშობლო, თავისუფლება — მეტად ძვირფასია. გორის მწერალთა კავშირთან და ბატონ ვაჟა საქარაშვილთან ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა გაიხსენეს ის სოფლები, რომლებიც ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩა, მათი ისტორია. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, რომ განათლება და სიყვარული გადაარჩენს საქართველოს.
აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. ამ მიზნით, მონაწილეობა მივიღეთ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მოვიპოვეთ დაფინანსება და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა, როგორიცაა, მაგალითად, ბუკლეტების დამზადება, პრეზენტაციები, სპორტული შეჯიბრი მეზობელ სკოლებთან და სხვა. აქ, რა თქმა უნდა, გამორჩეული არიან სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომელთა მთავარი მიზანი სწორედ აქტიური მოქალაქეების მომზადებაა. თუმცა, არა მარტო ერთი საგნის პედაგოგმა უნდა იზრუნოს თავისუფალი მოქალაქის, პატრიოტის აღზრდაზე, ეს თითოეული პედაგოგის მოვალეობაა.
⤵️ რა ხელშეწყობა სჭირდება დღეს სკოლის დირექტორს, რომ გაზარდოს კომპეტენციები
მასწავლებელთა პროფესიული ზრდა პირდაპირ კავშირშია სკოლის განვითარებასა და წინსვლასთან. მე მარტო დირექტორი არ ვარ, ამავე დროს, მასწავლებელიც ვარ და მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, თავად უნდა ვიზრუნო თვითგანვითარებაზე. თუ მე, როგორც დირექტორი, არ ვიქნები მზად სიახლეების მისაღებად და დასანერგად, როგორ მოვთხოვ ამას ჩემს პედაგოგებს? უამრავი შეხვედრა, სემინარი, ვებინარი იმართება ონლაინ ფორმატში სიახლეების გასაცნობად, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომია დასწრება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს და ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ მარტო მასწავლებელთა პროფესიულ განვითრებაზე ზრუნავს სისტემა. ძალიან დამეხმარა „ლიდერობის აკადემია“ — სამწლიანი პროექტი დირექტორებისთვის და ფასილიტატორებისთვის. მაშინ ახლად არჩეული ვიყავი და ეს იყო შესანიშნავი საშუალება სიახლეების გასაცნობად. მსგავსი შეხვედრები დღესაც გრძელდება.
⤵️ საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი ზოგად განათლებაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრი ის რგოლია, რომელიც სამინისტროსთან ჩვენს შუმავლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რესურსცენტრი ჩვენი მხარდამჭერია ესგ-ს დანერგვის პროცესში, აგრეთვე, კონსულტაციებს გავდივართ იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებითაც.
უნდა აღვნიშნო, რომ მათი უშუალო დახმარებით ჩემს სკოლაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა, კერძოდ, მთლიანად შეიცვალა ცენტრალური გათბობის სისტემა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სკოლისთვის, რადგანაც მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს.
ალბათ, გორის მუნიციპალიტეტის ყველა დირექტორი დამეთანხმება, რომ ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, განურჩევლად იმისა, სამუშაო საათებია თუ არა, შეგვიძლია დავრეკოთ რესურსცენტრის როგორც ხელმძღვანელთან, ისე ნებისმიერ თანამშრომელთან ჩვენს პრობლემაზე და მათგან მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება მივიღოთ. მათი მხრიდანაც ხშირად ხორციელდება მონიტორინგი სკოლაში და, ამა თუ იმ დარღვევის შემთხვევაში, გამოსწორებისთვის, გონივრული ვადა გვეძლევა. განსაკუთრებით გაძლიერდა კონტროლი პანდემიის პირობებში.
სხვა მიმდინარე პრობლემებიცაა სკოლაში, რომელთა გადაჭრასაც ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მოვახერხებთ.