📌გიორგი ჭაუჭიძე მარნეულის №2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული
📚ისე არ მოვიქცეთ, რომ ჩვენმა მცდელობებმა უკუშედეგი გამოიღოს
არდადეგები, და განსაკუთრებით საზაფხულო ხანგრძლივი არდადეგები, ყოველთვის გარკვეული თემაა ხოლმე მასწავლებლებისთვის, ხშირად ცდილობენ, რომ ეს პერიოდი ბავშვებისთვის არ დაიკარგოს. გასაგებია და სრულიად მისაღებიც ასეთი ზრუნვა და ფიქრი, რომ საზაფხულო არდადეგები, გარკვეულწილად, მოსწავლის განვითარებისთვის იყოს გამოყენებული, მაგრამ ამის გამო ჩვენ, მასწავლებლები, ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენმა მცდელობებმა უკუშედეგი გამოიღოს. შემიძლია გავიხსენო მაგალითები, როცა მინახავს ბავშვები, რომლებსაც მიცემული აქვთ ხოლმე ზაფხულში შესასრულებელი დავალებები მასწავლებლისგან და როგორ ნერვიულობენ მთელი არდადეგების განმავლობაში ამის გამო. რამდენჯერ გაახსენდებათ, რომ რაიმე სახის დავალება აქვთ შესასრულებელი, იმდენჯერ იწყებენ ფიქრს და შფოთვას… ფიქრობენ, ჯერ ხომ ადრეა, ჯერ ხომ ივნისია და სექტემბრისთვის უნდა გავაკეთო, დიდი დრო მაქვს კიდევ… მერე უკვე ივლისი მოდის. მაინც ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ ადრეა. ბავშვებს ხომ არ შეუძლიათ (მათ კი არა, ზრდასრულებსაც უჭირთ) სამი თვის განმავლობაში გასაკეთებელი საქმის ისე დაგეგმვა და გადანაწილება, რომ ნაწილ-ნაწილ, ასე ვთქვათ, გამოზოგილად შეასრულონ. ასეთი დავალებების მიცემას არა აქვს ის ეფექტი, რაც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ ხოლმე. თუმცა, ბავშვსაც გააჩნია. რა თქმა უნდა, გარკვეული შეთავაზებები შეიძლება — რაიმე ტიპის სქემის ან აქტივობების მოფიქრება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მასწავლებელმა სასწავლო თვალსაზრისითაც დატვირთოს, ეს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. მოკლედ, დაფიქრება და ზომიერება სჭირდება ამ ყველაფერს. რაც მთავარია, ყველაფერი სტრესის გარეშე უნდა წარიმართოს.
ერთი რამეც მინდა აღვნიშნო, ზაფხულის არდადეგებზე ბავშვი ძალიან ბევრი წყაროდან იღებს განვითარების სხვადასხვა იმპულსებს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ადგილის შეცვლა – ბევრი მიდის ხოლმე სოფელში, მთაში, ზღვაზე თუ ახლობელთან და ნათესავებთან და ა.შ. ეს, თავისთავად არის ბავშვისთვის ბევრი რამის მიმცემი. ჩვენ იმაზე არ უნდა ვინერვიულოთ, რომ ბავშვი მოსწყდა მაინცდამაინც იმ კედლებს, სადაც როგორმე თავში უნდა ჩავუდოთ ცოდნა და ამ პერიოდში ვეღარ განვითარდება. არა, ეს ასე არ არის. ზაფხულის პერიოდის მოგონებიდან ძალიან ბევრი რამ სახალისოდ გაგვახსენდება, რაც შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო რამ, მათ შორის, კითხვაც. მე, როგორც კითხვის მასწავლებელი, ასე ვიტყვი, რომ წიგნებსაც თუ წაიკითხავენ ზაფხულში ბავშვები, და უცილებლად უნდა წაიკითხონ, ძალიან კარგი იქნება.
📚 წიგნების კითხვის ერთ-ერთი მთავარი აქტორები მშობლები უნდა იყვნენ
მშობლებზეც მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვით. ამ საქმიანობის, ანუ წიგნების კითხვის ერთ-ერთი მთავარი აქტორები მშობლები უნდა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რა ასაკის არიან მათი შვილები, მშობლის როლი მაინც ძალიან დიდია. თუკი სკოლამდელი ასაკისაა ბავშვი, მშობლები ვუკითხავთ მისთვის საინტერესო წიგნებს, ტექსტებს, ანუ ერთად ვკითხულობთ. ზაფხულის არდადეგებზე შედარებით დიდ დროს ვატარებთ ბავშვებთან, ამიტომ კითხვასაც შედარებით მეტი დრო უნდა დავუთმოთ. შემდეგ განვიხილავთ ნაწარმოებებს, შეკითხვებს ვსვამთ, სიტყვებს ვაკვირდებით, პერსონაჟებზე ვფიქრობთ და ა.შ. მე მგონი, აღარავის სჭირდება ამის რჩევა, რომ ასეთ მეთოდს ძალიან დიდი ეფექტი აქვს ბავშვის განვითრებისთვის. მაშინაც კი, როცა ბავშვი თვითონ დაიწყებს კითხვას, ძალიან სასარგებლოა, თუკი ისევ გავაგრძელებთ მისთვის წიგნების კითხვას, ოღონდ, ამ შემთხვევაში, უკვე ერთად გამოგვივა კითხვის პროცესი — ხან ჩვენ წავიკითხავთ და ხან ის. წიგნებზე ფიქრსა და მსჯელობასაც, რა თქმა უნდა, ისევ ერთად წარვმართავთ. ესეც ძალიან სასარგებლოა უკვე მოზრდილი ბავშვებისთვის. ამ ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია წიგნების შეთავაზება, მეთვალყურეობა საკითხავის შერჩევისას. ბავშვებს არ აქვთ საკუთარი შემოსავალი, რომ დამოუკიდებლად იყიდონ წიგნები, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, მათთან ერთად დავგეგმოთ და შევარჩიოთ არდადეგებზე საკითხავიც.
კიდევ ერთი რამ – დავინტერესდეთ ხოლმე რას კითხულობენ ისინი, რა დასკვნები გამოაქვთ, როგორ მოსწონთ ან არ მოსწონთ და ა.შ. ძალიან ბევრი ახალი საბავშვო წიგნი გამოდის, რომელიც, მაგალითად, მე არ მაქვს წაკითხული, ბევრი ახლა იწერება, ამიტომ შეიძლება მშობლებს არ ექნეთ ინფორმაცია იმ ახალ წიგნებზე, როგორიც აქვთ, მაგალითად, საბავშვო კლასიკაზე. სასურველია, დიალოგი გავმართოთ ხოლმე ბავშვებთან, ვთხოვოთ, ჩვენც გაგვაცნონ ახალი ნაწარმოებები.
📚 როგორ შევარჩიოთ წიგნები შვილებისთვის
და მაინც, ხშირად კითხულობენ მშობლები, რა წიგნები უყიდონ ბავშვებს. დავიწყოთ იმით, რომ ქართული თუ უცხოური კლასიკური ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, რჩება ფავორიტად, სხვათა შორის, გაყიდვების თვალსაზრისითაც ლიდერობს. როგორც აღვნიშნე, ბევრი ახალი წიგნი გამოდის, ითარგმნება უცხოური ენებიდან და, ჩვენდა სასიხარულოდ, ქართულადაც იწერება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ აღარ ჭირს ასაკის შესაბამისი საკითხავის მოძიება და შეძენა. ბევრ ცნობილ გამომცემლობასაც, მათ შორის საბავშვო გამომცემლობებსაც, აქვს ასაკობრივი გამოცემები, მაგალითად, 6 წლამდე ან 6-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ასაკობრივი მითითებებით განვსაზღვოთ ხოლმე თუ რა წავაკითხოთ შვილებს. რასაკვირველია, თუკი მესამეკლასელს წაკითხული არ აქვს უფრო დაბალი ასაკისთვის განკუთვნილი წიგნი, აუცილებლად შევთავაზოთ წასაკითხად. რაც მთავარია, ძალიან კარგი იქნება, თუკი ბავშვებთან ერთად შეარჩევთ მშობლები წიგნებს წიგნის მაღაზიაში და მათთან ერთად ივაჭრებთ, ერთობლივად მიიღებთ გადაწყვეტილებას.
📚 უნდა აწერინონ თუ არა ბავშვებს დავალებები არდადეგებზე?
არ უნდა აწერინონ. პირველ, რიგში, მინდა დავამშვიდო მშობლები და ვუთხრა, რომ სანერვიულო არაფერია, არ იშფოთონ იმის გამო, რომ საშინელება მოხდება, თუ მათი შვილები რვეულში დავალებებს არ დაწერენ. როდესაც დასჭირდება ბავშვს კვლავ ასეთი ოპერაციის შესრულება, ანუ დაწერა, ის ნელ-ნელა კვლავ გამოიყენებს წერით უნარებს. თუმცა, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება ბავშვების გარკვეული ტიპის წერით აქტივობებში ჩართვა, ოღონდ ისე არა, რომ: დაჯექი ახლა და ამ რვეულში ეს წიგნი გადაწერე და ა.შ. შეიძლება საინტერესო აქტივობების მოფიქრება, რომელშიც ბავშვიც სიხარულით ჩაერთვება და უფროსიც. მაგალითად, გავრცელებული პრაქტიკაა — ერთად დავამზადოთ წიგნები, გადავკეცოთ ჩვეულებრივი ფურცლები, რამდენიმე გვერდი შევქმნათ, დავხატოთ და დავწეროთ, სხვადასხვა წიგნის მიხედვით, ტექსტი, შინაარსი, გავაფორმოთ და ა.შ.; ან ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ რაღაც ამბავი გამოგონილ პერსონაჟებზე. ამ და სხვა მსგავს სახალისო წერით აქტივობებსაც თუ შევთავაზებთ ბავშვებს, ეს გაცილებით სასარგებლო იქნება მათთვის, ვიდრე დავალებების წერა.
📚 როგორ იმუშაოს მშობელმა და მასწავლებელმა გარკვეული ჩამორჩენის მქონე ბაშვებთან ზაფხულის პერიოდში?
თუ ავიღებთ ტიპურ შემთხვევას, სკოლის მასწავლებელი, რომელსაც უნდა, რომ სამი თვის განმავლობაში, არდადეგების პერიოდში, ამა თუ იმ მოსწავლემ რაღაც გაიუმჯობესოს, ჩემი აზრით, ამის ცრუ მოლოდინი არ უნდა შექმნას არც მასწავლებელმა და არც მშობელმა. ზაფხულში ბავშვს გავატანოთ სამი თვის განმავლობაში საკეთებელი, რომელიც მას რაღაც უნარებს გაუუმჯობესებს, ეს სწორ მოლოდინად არ მეჩვენება. ამ შემთხვევაშიც — პირველ რიგში, არ ინერვიულოთ იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელს არ აქვს ურთიერთობა თქვენს შვილებთან, თუკი რამით შეგიძლიათ დახმარება, ეს წიგნის კითხვაა – უკითხეთ შვილებს წიგნები, თვითონაც ჩართეთ კითხვის პროცესში, ერთობლივად წერეთ და ხატეთ სახალისო თემებზე, წიგნის პერსონაჟებზე. ასეთი სახით მუშაობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადაჭარბებულად მეჩვენება, თუ მოსწავლეს სახლში დაწერილ გეგმას გავატანთ – რა უნდა შეასრულოს არდადეგებზე.
📚 არ დავივიწყოთ რა არის ბავშვისთვის არდადეგები
პირადად მე რაც მახსენდება არდადეგებზე, ეს იყო დიდი სიხარული და ბედნიერი დღეები. მიუხედავად იმისა, რომ ზარმაცი მოსწავლე არ ვიყავი და კარგადაც ვსწავლობდი, არდადეგები ჩემთვის ყოველთვის დიდი თავისუფლება და ბედნიერება იყო. უნდა ვეცადოთ, ჩვენი შვილებისთვის ასეთივე იყოს ეს პერიოდი. თუ ბავშვს სასარგებლო და საინტერესო, მათ შორის, შემეცნებითი აქტივობებით დავტვირთავთ, მერწმუნეთ, ამით კიდევ უფრო ბედნიერს გავხდით ბავშვისთვის არდადეგებს. ოღონდ ბედნიერს და არა დავალების შესრულებით დასტრესილს. აკეთებინეთ ის, რაც მას მოსწონს. იმის მიღწევა, რომ არდადეგები საინტერესო გახდეს, მრავალმხრივაა შესაძლებელი – სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობით, თანატოლებთან შეხვედრებით, მათ შორის, არა თანაკლასელებთან, ახალი ადგილების მონახულებით, გასეირნებით და სხვ. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ბავშვს განვითარებაში. მშობლები, რომლებიც არდადეგებზე ბავშვებთან არ იმყოფებით, იმითაც თუ დაინტერესდებით, როგორია მათი ყოველდღიურობა და სთხოვთ შვილებს, მოგითხრონ, აბა, რა მოხდა დღეს? რა გააკეთე, როგორ ითამაშე? ესეც ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან თხრობა ძალიან სასარგებლო და საინტერესო კომპეტენციაა თავისთავად. მით უმეტეს, თუ მოშორებული ხართ მათგან, შეიძლება სთხოვოთ ბავშვებს, მოგწერონ საინტერესო თავგადასავალი, რა მოხდა დღეს? ესეც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ბავშვს განვითარებაში, ეს პროცესი მათთვის კიდევ უფრო სასარგებლოს გახდის ზაფხულს, სიამოვნებასთან ერთად.
📚 მშობლების, ოჯახის გავლენა კითხვის შეყვარებაში
ეს ჩვენი მოგონილი არ არის და არაერთი კვლევით დასტურდება, რომ იმ ოჯახის შვილები, სადაც მეტი წიგნია, სადაც კითხულობენ და საუბრობენ წიგნებზე, სადაც ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, უკეთეს მიღწევებს ავლენენ ზოგადად სწავლის დროს და კერძოდ, კითხვისა და წიგნიერების მიმართულებით. განსაკუთრებულად გავუსვამ ხაზს იმას, რომ დღეს ასაკობრივად შესაბამისი წიგნების შერჩევა-შეძენა არ ჭირს, დიდი არჩევანია და არც ისეთი ძვირია, რომ ოჯახების უმეტესობამ (თუ ყველამ არა) ვერ შეძლოს მათი შეძენა. მთავარია, დღეში 20 წუთი გამოვნახოთ იმისთვის, რომ წავუკითხოთ ან მათთან ერთად წავიკითხოთ. ასეთი მიდგომა ნამდვილად აღმოფხვრის იმ განსხვავებულობას, რომელიც შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, წიგნიერ ოჯახებსა და ისეთ ოჯახებს შორის, სადაც წიგნები არ აქვთ ან ნაკლებად კითხულობენ. სხვათა შორის, ერთხელ წაკითხვას არ უნდა დავჯერდეთ, ერთი და იმავე წიგნის ბევრჯერ წაკითხვა გაცილებით სასარგებლოა ხოლმე, ახლად წაკითხვის დროს, ყოველ ჯერზე, ახალ რამეს აღმოაჩენენ ბავშვები.