საქართველოში თანდათან იხვეჭს პოპულარობას დიდი წიგნების გამოყენება სასწავლო პროცესში კითხვის უნარების განვითარების მიზნით. აღნიშნული რესურსის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამზადებულია საგანმანთლებლო ფილმი „დიდი წიგნების კითხვა“, რომელიც თავისუფლადაა ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. ამ რესურსის გავრცელებასა და გაცნობას დიდად შეუწყო ხელი საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტმა (G-PriEd), დაამზადა და დაარიგა რა დიდი წიგნები პროექტში ჩართულ ექვსასზე მეტ სკოლაში, ერთი მხრივ, და აღჭურვა რა ქართველი მასწავლებლები ამ წიგნების გამოყენებით კითხვის აქტივობების ჩატარების სტრატეგიებით/მეთოდებით, მეორე მხრივ.
მოკლედ მიმოვიხილოთ: 1. რა არის დიდი წიგნი? 2. როდის და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ დიდი წიგნი? 3. როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი და 4. როგორ დავამზადოთ დიდი წიგნები?
- რა არის დიდი წიგნი
დიდი წიგნი არის დიდფორმატიან ქაღალდზე დაწერილი/დაბეჭდილი, საინტერესო ამბისა თუ ინფორმაციის შემცველი ილუსტრირებული წიგნი. როგორც ჩვეულებრივ წიგნს, დიდ წიგნსაც აქვს ყდა და სათაური, ჰყავს ავტორი. მასში გამოყენებულია დიდი ასოები ისე, რომ საკლასო ოთახის ბოლო რიგში მჯდომი მოსწავლისთვისაც ადვილად წასაკითხი იყოს ტექსტი.
როგორც წესი, დიდი წიგნის განშლის ერთი ფრთა უკავია ილუსტრაციას, ხოლო მეორე გვერდზე/ფრთაზე დაწერილია/დაბეჭდილია ტექსტი.
- როდის და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ დიდი წიგნი
იმისდა მიხედვით, თუ როდის, რა ასაკის ბავშვთან ვიყენებთ დიდ წიგნს, განისაზღვრება დიდი წიგნის გამოყენების მიზნებიც. პირობითად, მისი გამოყენებისთვის განისაზღვრება სამი პერიოდი: I. სკოლამდელი ასაკი, II. პირველი კლასი — წინასაანბანო და საანბანო პერიოდი და III. ანბანის ათვისების შემდგომი პერიოდი.
სკოლამდელ პერიოდში დიდი წიგნების კითხვა წარიმართება მშობლების, ახლობლების მიერ. რასაკვირველია, ბავშვი ვერ ასხვავებს სხვადასხვა ასოებსა და სიტყვებს, მაგრამ თანდათან აცნობიერებს, რომ ილუსტრაცია და ნაწერი ტექსტი განსხვავდება ერთმანეთისგან. ხვდება, რომ ილუსტრაციის შესაბამისი ამბავი დაწერილია მეორე გვერდზე და ა.შ. მოკლედ, ამ ასაკში წიგნების წაკითხვა მეტად სასარგებლოა ბავშვებისთვის და, როგორც კვლევებიც ადასტურებენ, ის ბავშვები აღწევენ წიგნიერებაში წარმატებას, რომლებსაც ბავშვობაში ბევრს უკითხავდნენ.
პირველ კლასში, წინასაანბანო და საანბანო პერიოდში, მოსწავლე უკვე აცნობიერებს იმას, რომ წიგნებში ამბის გადმოცემა დაწერილი ტექსტებით ხდება. ასხვავებს ცალკეულ სიტყვებსა და ასოებს. თანდათან, დროთა განმავლობაში, დღითი დღე, ახალი ასოების ათვისების კვალად ფორმას იძენს თითოეული ასო, სიტყვა, წინადადება. პირველკლასელი მოსწავლე ნელ-ნელა გადადის ასეთი რესურსის დამოუკიდებლად წაკითხვის გზაზე.
ანბანის შესწავლის შემდეგ დიდი წიგნები მოსწავლეებისთვის ერთი ყველაზე საყვარელი საკითხავი რესურსია, რადგან მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე იგი:
დაწერილია დიდი ასოებით და მარტივი, ადვილად გასაგები და ამოსაკითხი სიტყვებითა და წინადადებებით.
შეიცავს საინტერესო ამბავს/ინფორმაციას.
თითოეულ განშლაზე არსებულ ტექსტს შეესაბამება მიმზიდველი ილუსტრაცია.
მიუხედავად წიგნის სიდიდისა, იგი სულ რამდენიმე (3-8) განშლაა და მისი წაკითხვა არ იწვევს მოსწავლის გადაღლას.
მისი გამოყენებით წარმართული სასწავლო აქტივობები სახალისოა მოსწავლეებისთვის და იწვევს მათ მოტივირებულ ჩართულობას.
რომ მივუბრუნდეთ წიგნის გამოყენების საგანმანათლებლო მიზნებს, ცხადია, იგი გამოიყენება დამწყები მკითხველების მიერ კითხვაში გაწაფვისთვის. კერძოდ, მთლიანი სიტყვების ამოკითხვის, ასოს ამოცნობის, ფონოლოგიური უნარების განვითარებისთვის. ამ სხვადასხვა სამიზნე უნარს, რასაკვირველია, სხვადასხვაგვარად წარმართული აქტივობა დასჭირდება. მაგალითად, თუკი მიზანი მთლიანი სიტყვების ამოკითხვაში გაწაფვაა, მასწავლებელი გამოიყენებს ე.წ. ჩარჩოს, დაადებს შესაბამის სიტყვას და ისე წააკითხებს მოსწავლეებს. ანდა ცალკე ექნება დამზადებული დიდი წიგნის ტექსტისვე რამდენიმე სიტყვის ბარათი და აჩვენებს მოსწავლეებს, რომლებიც წიგნში იპოვიან იმ სიტყვას და ამოიცნობენ/ამოიკითხავენ.
ფონოლოგიური უნარების გაწაფვისა თუ გადამოწმებისთვის მასწავლებელი, ტექსტის სიტყვების გამოყენებით, მოსწავლეებს შეასრულებინებს სხვადასხვა სახალისო სავარჯიშოს.
კარგია დიდი წიგნების გამოყენება ანბანის ათვისების მიზნითაც. შესაძლოა, სამიზნე ასო-ბგერა გამიზნულად იყოს უხვად გამოყენებული ტექსტში და მოსწავლეები ძალაუნებურად გაამახვილებენ მასზე ყურადღებას…
- როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი
მაინც როგორ წარვმართოთ კითხვის აქტივობები მისი გამოყენებით?
მნიშვნელოვანია, დიდი წიგნის წაკითხვა დავიწყოთ ყდაზე ინტერაქციით. პირველ რიგში, ყურადღებას ვამახვილებთ სათაურზე. ვსაუბრობთ მის შინაარსობრივ მნიშვნელობაზე, რას გვახსენებს, რაზე შეიძლება მიუთითებდეს იგი? სათაურის მიხედვით რაზე შეიძლება იყოს ეს წიგნი? შემდეგ ყურადღებას ვამახვილებთ ყდის ილუსტრაციაზე, რომელიც უნდა აზუსტებდეს სათაურის გზავნილს, უნდა წარმოადგენდეს წიგნის მთავარ შინაარსს, პერსონაჟს/პერსონაჟებს და სხვ. ყურადღება მახვილდება ავტორზეც, რომელიც, წესით, ყდის ზედა ნაწილში უნდა ეწეროს. უნდა ვისაუბროთ ავტორის შესახებაც, თუ რა იციან მოსწავლეებმა მასზე (ცხადია, ეს უნდა წარიმართოს სამიზნე ენაზე და, შესაბამისად, ჩვენ, გარკვეულწილად, შეზღუდულები ვიქნებით მოსწავლეთა ენობრივი მზაობის გამო. თუმცა არ უნდა ავუკრძალოთ მოსწავლეებს მოსაზრებების მშობლიურ ენაზე გამოთქმა, მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა ეს ენა ჩვენ, მასწავლებლებს).
შემდეგი ნაბიჯი იქნება ილუსტრაციების გადათვალიერება. ათვალიერებენ თითოეულ ილუსტრაციას და განიხილავენ მათ. აღწერენ, თუ რა შინაარსს გადმოსცემს ეს ილუსტრაციები. გამოთქვამენ ვარაუდს მომდევნო ილუსტრაციის შესახებ. ზოგიერთი მასწავლებელი ამჯობინებს, ილუსტრაციები კი არ დაათვალიერებინოს და შემდეგ წააკითხონ ტექსტი, არამედ თითოეული ილუსტრაციის განხილვის შემდეგ წაიკითხონ მისი შესაბამისი ტექსტი და გადავიდნენ მეორე ილუსტრაციაზე, რათა ბოლომდე შენარჩუნდეს წიგნის შინაარსის ინტრიგა, რაც სასურველია, გააჩნდეს ამ წიგნებს. ჩვენ შეგვიძლია, ერთი მიდგომა გამოვიყენოთ ერთი წიგნის წაკითხვისას, ხოლო მეორე წიგნის წაკითხვისას მეორე მიდგომა მოვსინჯოთ.
არსებობს დიდი წიგნების წაკითხვის რამდენიმე გავრცელებული მეთოდი/სტრატეგია: 1. აუცილებელი სამოდელო წაკითხვა. ამ დროს ბავშვები დამწყები მკითხველები არიან და მასწავლებლის მიერ წაკითხვას გადამწყვეტი როლი აკისრია. თითოეული განშლის ტექსტის ერთი-ორჯერ სამოდელო წაკითხვა ხელის გაყოლებით მეტად სასარგებლოა. 2. ექოს ტიპის წაკითხვისას ჯერ მასწავლებელი კითხულობს ერთ წინადადებას/სიტყვას, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ერთად და ხმამაღლა იმავეს. შესაძლოა, მასწავლებელმა, კითხვის გახალისების მიზნით, მოსწავლეთა გარკვეული საჭიროების გათვალისწინებით, ამ პროცესში შერჩევით ჩართოს მოსწავლეები. მაგალითად, წინა რიგებში მსხდომები, გოგონები, პირველი ჯგუფის ბავშვები, ვისაც შარვალი აცვია და სხვ. 3. ერთობლივად ხმამაღლა წაკითხვაც ეფექტურია ამ დროს. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, ხელის გაყოლებით კითხულობს ხმამაღლა. იგი თავის ხმას ისე მართავს, რომ მოსწავლეების კარგად კითხვისას მინიმუმამდე დაჰყავს საკუთარი ხმის სიმაღლე და პირიქით: როცა გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, უფრო უმაღლებს ხმას.
წაკითხვის პარალელურად, რასაკვირველია, აქცენტი კეთდება შინაარსის აღქმაზე, ტექსტის გაგება-გააზრებაზე. ამ პროცესის აზარტულად წარმართვის მიზნით, მასწავლებელი მიმართავს ვარაუდების გამოთქმისა და გადამოწმების სტრატეგიას. სხვამს შეკითხვებს, ერთი მხრივ, მოსწავლეთა გააზრების გადამოწმების მიზნით, მეორე მხრივ, ამ პროცესის ხელშესაწყობად. რაც მთავარია, ყველა მოსწავლეს უნდა მიეცეს თავისუფლად აზრის გამოთქმის და შეკითხვის დასმის, დასკვნის გაკეთების, მოსაზრების დასაბუთების საშუალება, აგრეთვე: წიგნზე შეხების, ხელის მოკიდების უფლება.
- როგორ დავამზადოთ დიდი წიგნები
დიდი წიგნების დამზადება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, მით უმეტეს, როდესაც ამ პროცესში სიხარულით ერთვებიან მოსწავლეებიც. შესაძლებელია, მეოთხე კლასის მოსწავლეები ჩავრთოთ ისეთი დიდი წიგნის დასამზადებლად, რომელსაც გამოვიყენებთ პირველ ან მეორეკლასელებთან…
პირველ რიგში, უნდა შევარჩიოთ საინტერესო ამბავი. ამისთვის რამდენიმე გზა გვაქვს: ა) ავიღოთ რომელიმე პოპულარული ზღაპარი და მისი ტექსტი დავიყვანოთ საჭირო კონდიციამდე, ანუ შევამციროთ, ბ) რომელიმე მოთხრობა გადავაკეთოთ, გავაადაპტიროთ, გ) ჩვენვე დავწეროთ, დ) ამბავი შევთხზათ სიუჟეტური ბარათების მიხედვით (მაგალითად, შემოთავაზებულ ფოტოებზე).
ტექსტზე მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ასპექტები:
ტექსტი არ უნდა იყოს დიდი ზომის. არსებული ტექსტები უნდა შევამციროთ.
წინადადებებიც მოკლე და მარტივი უნდა იყოს. გასათვალისწინებელია, რომ ერთ გვერდზე უნდა განთავსდეს ერთი, ორი ან სამი წინადადება. ოთხი წინადადება უკვე ბევრია, კი არა, სამიც არაა სასურველი, რადგან გადაიტვირთება.
ტექსტში უნდა მივეძალოთ ენაში არსებული ხშირი სიტყვების გამოყენებას. ასეთი სიტყვების ამოკითხვაში გაწაფვა ერთობ ეხმარება პატარა მკითხველებს თავად ამ ტექსტის წაკითხვაში და, ზოგადად, კითხვის უნარის დახვეწაში.
თვალისთვის მიმზიდველი და ადვილად დასამახსოვრებელია გამეორებული შორისდებულების (ვაი! უუხ!..), ხმის გამომხატველი თანხმოვანთა ერთობების (ფშშშშშშ… წკრრრრრ…) გამოყენება.
გაფორმებისას აუცილებელია ილუსტრაციების მოფიქრება და დახატვა. ერთ განშლაზე მარცხნივ ილუსტრაცია იქნება, მარჯვნივ ტექსტი (ზოგიერთი მასწავლებელი ზედა ნაწილში ხატავს ილუსტრაციას და ქვემოთ წერს ტექსტს.)
არ უნდა დაგვავიწყდეს ყდის გაფორმებაც: სათაურის ლამაზი, დიდი ასოებით დაწერა, იქვე საკვანძო ილუსტრაციის დახატვა, ავტორის, გამომცემლობისა და გამოცემის წელის დაწერა.
რაც შეეხება ასოების ზომას, როგორც ვნახეთ, ასოები იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ მათი აღქმა თავისუფლად შეიძლებოდეს მოზრდილი საკლასო ოთახის ბოლოდანაც. ეს ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ ილუსტრაციების დახატვის დროსაც, უნდა მოვერიდოთ შეუმჩნეველი დეტალებით მათ გადატვირთვას.
ზემოხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება მეტად საინტერესო და სასიამოვნო რესურსი დავამზადოთ და გამოვიყენოთ ჩვენი უმცროსი მოსწავლეების კითხვის კომპეტენციის გაწაფვისთვის.
ფოტოებზე წარმოდგენილია ჩემ მიერ სიუჟეტური ბარათების (სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის გამოცემა) მიხედვით დამზადებული დიდი წიგნის — „ცელქი ბურთი“ ფოტოები.
გიორგი ჭაუჭიძე