19 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება მოსწავლეებში

spot_img

გიორგი ბაკურაძე
სსიპ თბილისის 102 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი

 

 

 

ევროპის საბჭო, დიდი ხანია, აქტიურადაა ჩაბმული დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ინტერკულტურულ დიალოგთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ჩვენი სკოლების მიზანია, მოსწავლეები აღჭურვოს დემოკრატიული კულტურის სათანადო კომპეტენციებით, რათა მომავალ თაობას გამოწვევებთან ადეკვატური რეაგირების შესაბამისი განათლება ჰქონდეს. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობა ყველა საგნის პედაგოგს აქვს, მთავარია, გაკვეთილის დაგეგმვისას, მასწავლებელმა შესაბამისი მზაობა და საკითხის კრეატიული ხედვა გამოავლინოს.

მსურს გაგიზიაროთ პირადი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ დავგეგმე და განვახორციელე ისტორიის გაკვეთილი მე-10 კლასში, თემაზე – დემოკრატიული მმართველობა ათენში. ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის მესწავლებინა თუ როგორი პოლიტიკური მოწყობის წესი ჰქონდათ ათენში და შემერჩია ისეთი აქტივობა, რომელიც ბავშვებში განამტკიცებდა დემოკრატიულ კომპეტენციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კლასს წარვუდგინე პერიკლეს მიერ წარმოთქმული სიტყვა პელოპონესის ომში დაღუპულთა სულების პატივსაცემად:

ჩვენი სახელმწიფო უცხო ნიმუშის მიხედვით არ მოგვიწყვია. პირიქით, უმალ ჩვენ ვართ სხვისთვის სამაგალითონი და რადგან ჩვენს ქვეყანას მართავს არა ადამიანთა მცირე ჯგუფი, არამედ ხალხის უმეტესობა, ამ წყობას დემოკრატია ჰქვია.

კერძო საქმეებში ყველა თანასწორია კანონის წინაშე, ხოლო რაც სახელმწიფო საქმეს შეეხება, საპატიო თანამდებობებზე ვირჩევთ გამორჩეულთ არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების მიხედვით, არამედ პირადი ღირსების გამო. თუ კაცს ქვეყნის სამსახური შეუძლია, მას ამაში ხელს ვერ შეუშლის სიღარიბე, მდაბიო წარმოშობა ან დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჩვენ თავისუფლად ვცხოვრობთ და ყოველდღიურობაში მეზობელსაც არ ვაწუხებთ ზედმეტი ეჭვითა და ჭკუის დარიგებით. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიცავთ კანონებს, მათი პატივისცემის გამო, ვემორჩილებით ხელისუფლებასა და კანონს, განსაკუთრებით ჩაგრულთა დასაცავად დადგენილს და დაუწერელ წესებს, რომელთა დარღვევაც სათაკილოდ ითვლება“.

მას შემდეგ რაც კლასი გაეცნო წყაროს, ერთად ჩამოვაყალიბეთ დისკუსიის წესები, რა დროსაც მოსწავლეებმა განიმტკიცეს ურთიერთმოსმენის და პატივისცემის კომპეტენცია. შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეების წახალისებისთვის, დავსვი მასტიმულირებელი შეკითხვები თუ როგორი პოლიტიკური მოწყობის წესი არსებობდა ათენში, რა მახასიათებლები ჰქონდა დემოკრატიულ მმართველობას ათენში, რატომ არის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვა. აქტივობის ამ ეტაპზე, მოსწავლეები პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრებს, იცავდნენ დროის ლიმიტს, გაგებით ეკიდებოდნენ გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს და ჰქონდათ შესაძლებლობა დაენახათ, რომ დისკუსიაში ისინი თანასწორნი იყვნენ. აქტივობის ფინალურ ეტაპზე, საკითხი შევაჯამეთ და გამოვიტანეთ დასკვნები.

აღნიშნული რესურსითა და აქტივობით, მსურდა, მოსწავლეებს შეესწავლათ ათენში პოლიტიკური მოწყობის წესი და მოეხდინათ დემოკრატიული კომპეტენციების ტრანსფერი სადისკუსიო აქტივობაში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები