ირინა ჭაფოძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი სკოლებში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაა. განათლება არ უნდა იყოს ფოკუსირებული მხოლოდ აკადემიურ მიღწევებზე, არამედ უნდა მოიცავდეს ღირებულებების, უნარებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს პასუხისმგებელი, ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, სადაც ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვები სწავლობენ, აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიული პრინციპების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. სკოლა მიზნად ისახავს, შექმნას ინკლუზიური, განმავითარებელი, პოზიტიური და წამახალისებელი გარემო ყველა მოსწავლისთვის, რათა ისინი დამოუკიდებელი ცხოვრების გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდნენ.
სკოლის ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მაქსიმალურად ვცდილობ, ავამაღლო მოსწავლეთა ცნობიერება დემოკრატიული კულტურის შესახებ, მივცე მათ საუკეთესო გამოცდილება, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ და წვლილი შეიტანონ დემოკრატიულ პროცესებში. ამ მიმართულებით მუშაობისთვის, საჭირო კომპეტენციების გასაუმჯობესებლად, შევუერთდი ელექტრონული სწავლების ქართულენოვან პლატფორმას https://kentsero.ge/, სადაც საინტერესო საგანმანათლებლო რესურსებს გავეცანი და მოსწავლეებსაც გავუზიარე.
აღვნიშნავ, რომ ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიღებისა და სხვებთან კომუნიკაციის ძირითადი საშუალება არის ჟესტური ენა და ვიზუალური ინფორმაცია. შესაბამისად, გაკვეთილს წარვმართავ ქართული ჟესტური ენის თარჯიმნის მხარდაჭერით, რომელიც მოსწავლეებს მარტივ, გასაგებ ენაზე ესაუბრება და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებს. კლასს ვთავაზობ მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესატყვის სასწავლო მასალას, ილუსტრაციებზე დაყრდნობით ვაცნობ მნიშვნელოვანი ცნებებისა და ტერმინების მნიშვნელობას, მასალის ახსნისას ყურადღებას ვამახვილებ ძირითად საკითხებზე, თემებსა და იდეებზე. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებ ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფორმას, რათა მასალა გახდეს ადვილად აღსაქმელი, საინტერესო და დასამახსოვრებელი. ასევე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ვქმნი ძლიერი მხარდაჭერის სისტემას ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ენობრივი ბარიერების გადალახვა. სწორედ ამ მიზნით, მოვამზადე ადაპტირებული საგანმანათლებლო რესურსი – ანიმაციური ვიდეო ,,დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები’’, რომლის საშუალებით სსსმ მოსწავლეებს უფრო გაუადვილდათ რთული კონცეფციების გაგება-გააზრება და ლიტერატურულ ტექსტებში ასახული დემოკრატიული ღირებულებების ამოცნობა (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო დაყოფილია ოთხ მიმართულებად და აერთიანებს 20 კომპეტენციას).
რა უპირატესობა აქვს ანიმაციის გამოყენებას სასწავლო პროცესში?
- ანიმაციის შინაარსი ვიზუალურად მიმზიდველია და უფრო მეტად იპყრობს მოსწავლეთა ყურადღებას;
- ანიმაციაზე დაფუძნებული სწავლება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ადვილად აღწეროს ან ახსნას რთული თემები და კონცეფციები, რომელთა გაგებაც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ძალიან უჭირთ;
- ანიმაციას შეუძლია, შეამციროს ენობრივი ბარიერი, რადგან იგი არის ძლიერი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი. ანიმაციის შინაარსი ძირითადად ეყრდნობა სურათებს, მოძრაობასა და მოკლე ტექსტებს, რომლებიც მნიშვნელოვან იდეურ გზავნილებს შეიცავენ.
მხატვრულ ტექსტებში საუკეთესოდ აისახება დემოკრატიული იდეალები, შესაბამისად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ხშირად წარვმართავ საკლასო მინი-დისკუსიებს, წავახალისებ მოსწავლეებს, იმსჯელონ, როგორ იბრძვის პერსონაჟი თავისუფლებისთვის, სოციალური თუ პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ; ვეხმარები, გააანალიზონ იმ პერსონაჟების გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებული დილემის წინაშე დგანან.
მე-8 კლასში, ნოდარ დუმბაძის „ბოშების“ (ადაპტ. ტექსტი) შესწავლისას, ყურადღება გავამახვილე დემოკრატიული კულტურის იმ პრინციპებზე, რომლებიც ხაზს უსვამს მრავალფეროვნებისა და განსხვავებული პერსპექტივების მიმღებლობას, დაფასებასა და პატივისცემას.
პირველ რიგში, მოსწავლეებს გავაცანი საგანმანათლებლო რესურსი – რასიზმი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და იდეოლოგია, რომლის თანახმადაც, რომელიმე ერთი კულტურა, მისი ენა და ტრადიციები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სხვა კულტურები. ამის შემდეგ კლასს ვუჩვენე ანიმაცია – ,,დავიწყებული ისტორია: ბოშების მიგრაცია ინდოეთიდან ევროპაში’’ , ვესაუბრე ბოშების უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც მოიცავს გამორჩეულ ტრადიციებს, რიტუალებს, მუსიკასა და ცეკვას. ვიხილეთ ასევე ქართული მხატვრული ფილმი ,,ჩვენი ბოშები’’.
მინდა აღვნიშნო, რომ ფილმების, ანიმაციებისა და საგანმანათლებლო ვიდეოების ჩვენება მართლაც ღირებული და ეფექტური გზაა სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეთა განათლებისა და საერთო განვითარებისთვის.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებს გავახსენე 2018-19 სასწავლო წელს „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სკოლაში ჩამოყალიბებულ ხელგარჯილობის კლუბში, უფროსკლასელთა მონაწილეობით შექმნილი ბოშათა კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ნამუშევრები, რომლებიც დამზადდა ბოშების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მათ მზაობა გამოხატეს, თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც ნამდვილად შეუწყობს ხელს კულტურული მრავალფეროვნების მიმღებლობასა და ინტეგრაციას.
ამ ლიტერატურულ ტექსტზე მუშაობამ ნამდვილად გაუწია ჰუმანიზაცია ბოშა პერსონაჟებს და ხელი შეუწყო იმ სტერეოტიპების რღვევას, რომლებიც აძლიერებენ ბოშათა ეთნიკური ჯგუფის ნეგატიურ აღქმას. მოსწავლეები დაფიქრდნენ და დაუპირისპირდნენ შეხედულებებს, რომლებიც სოციალურმა გარემომ არასწორად მიაწოდა. საბოლოოდ, მათ გააცნობიერეს, რომ კულტურა, რომელიც განსხვავდება სხვა კულტურისგან, საინტერესო და მიმზიდველია.
დემოკრატიის საფუძვლებს შეიძლება მივაკვლიოთ სხვადასხვა კულტურის უძველეს ტექსტებში, ამ მხრივ „ვეფხისტყაოსანსაც“ ჰქონდა გავლენიანი იდეები, რომლებმაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პრინციპების განვითარებას საქარველოში. შოთა რუსთაველის პოემის ნაწყვეტის – „ანდერძი ავთანდილისა“ (ადაპტ. ტექსტი) შესწავლისას, ყურადღება გავამახვილე „ვეფხისტყაოსანში“ ასახულ მრავალფეროვან ინტერკულტურულ ფასეულობებზე. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ადამიანები იბადებიან გარკვეული კულტურული თუ ეროვნული იდენტობით. პოემის პერსონაჟები – ავთანდილი, ფრიდონი და ტარიელი განსხვავებულ სოციოკულტურულ გარემოს მიეკუთვნებიან, ამდენად განსხვავებულია სამივე გმირის მსოფლაღქმაც. კულტურულ და სოციალურ საზღვრებს მიღმა მეგობრობის დამყარება შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ გამოწვევებს, თუმცა ისინი მზად არიან, მიატოვონ ყველაფერი და დაეხმარონ მეგობარს. „სიყვარულისთვის ბრძოლის“ იდეამ მათ შორის ერთგულ და უანგარო მეგობრობას შეუწყო ხელი, და ზღვარი წაშალა სოციალ-კულტურულ განსხვავებულობას შორის.
ნეგატიური დამოკიდებულების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის, ყრუთა თემის წარმომადგენლებიც, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი უნიკალური ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნებით. ამ გამოწვევის დაძლევის გზა განათლება და ინფორმირებულობაა, რომელიც ამსხვრევს არასწორ შეხედულებებსა და საზოგადოებისგან გარიყულობის განცდას, სამაგიეროდ, აღვივებს იდენტობისა და მიკუთვნებულობის პოზიტიური გრძნობას, რომელიც გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების თითოეული წევრის წარმატებისა და კეთილდღეობისთვის.
ადაპტირებული რესურსები⇓⇓