„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო,“ – წერს გიორგი ლეონიძე. დედაშვილობა ენით აღუწერელი გრძნობაა, ზეციური ძალაა, ქალისა და ბავშვის სულიერი და ფიზიკური ერთობაა. ამ ზეადამიანური გრძნობის შესახებ ბევრი დაწერილა, სტატიის მიზანი კი ის გახლავთ, რომ კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი, რას ფიქრობენ, როგორ განიცდიან, ეიმედებათ და ენატრებათ დედა ქართველ კალმოსნებს, ლიტერატურის წარმომადგენელებს.
მარად ჭაბუკად დარჩენილი გურამ რჩეულიშვილი თავის უკანასკნელ წერილს დედას უძღვნის, სადაც ამბობს „და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის. თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის“. ჩვენ როცა რამეს ვაპირებთ, ყველაზე ძვირფასს ვიფიცებთ ხოლმე, დიახ, ეს დედაა – დედას ვფიცავ, დედის სულს გეფიცები… მის ხსოვნას, სახელს ხშირად ახსენებენ ის ადამიანები, ვისაც დედა იმიერში ჰყავს უკვე, თუმცა მათ გარეშე სააქაო მუდამ სამტკიცებელი აქვს და ბრძოლით გასავლელი. კარგად გვახსოვს „დიდოსტატის მარჯვენაში“ გიორგი მეფეს ძალიან უყვარდა დედა, გაჯიუტებულ და კლდედქცეულ ხელწიფეს ძლივს გადააფიქრებინეს ადიდებული მდინარის გადალახვა, იდუმალი გულის სწორის სანახავად რომ სურდა, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მეგობრებმა დედა დააფიცეს და ისიც დანებდა. ლამაზად შვილის გამზრდელ დედაზე ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ გვახსენდება, ყველამ იცის ქვრივის ხასიათი, შვილმა კი – განსაკუთრებით, „მართალს შეჩვეულს თვითონაც მართალი უყვარდაო“, ვკითხულობთ გიორგის შესახებ. არც ბავშვობაში და არც შემდგომ იგი დედისაგან დატუქსვას არ უკადრისობდა, რადგან ხედავდა, მისი შენიშვნები ყოველთვის სამართლიანი იყო. ტყუილი სასტიკად არ უყვარდა. ასევე კარგად ჩანს, თუ როგორ სცემს პატივს დედა შვილის გადაწყვეტილებას – მართალია, ოთარაანთ ქვრივს ზედმეტად ეფიქრება ერთადერთი შვილის მომავალზე, მაგრამ ის ხელს არ უშლის გიორგის გადაწყვეტილებას და ისე იქცევა, როგორც ეს შვილს უნდა, – „მე დედა ვარ და წარმავალი. ის გასავლელი მინდორია, მე კი ჩემი მანძილი გამივლია. მე ბოლოში ვარ, ის თავში. წინ ვერ ავეფარები“; „- არა, შვილო!.. შენ გაიხარე. შენ!.. მე კი… მე კი… ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებელით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ…“ მართლაც შვილისთვის დედის მხარდაჭერა ყველაზე დიდი რამაა. დედის რჩევა-დარიგება ცხოვრების გზის გაკვალვაა, წუთისოფლის გაკვეთილებია, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე უნდა გვახსოვდეს. უცხოობაში გადაკარგული, მშობლის კალთას მოწყვეტილი შვილის ამოძახილი, ვედრება იკითხება პაოლო იაშვილის ლექსში „წერილი დედას“, სადაც პოეტი, უძღები შვილივით, დედას სთხოვს მისთვის ილოცოს, რამეთუ დარწმუნებულია, უფალი მხოლოდ შვილისთვის მლოცველ დედას მოუსმენს:
„დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!წადი ფეხშიშველი,ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,ღმერთო! აპატიე –მე თუ ვერ მიშველი,დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,მისთვის, რომ ჩემს გულშიდაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი“.წუთისოფელში შვილისთვის დედა ყველაზე მთავარი საყრდენი ძალაა. ადამიანია, რომლის იმედი მთელი ცხოვრება გაქვს. ყველა ასაკში მისთვის ისევ ისეთი პატარა ხარ. შვილიც ბოლომდე დედაზეა მინდობილი, მაგრამ ზოგჯერ უხეშად, დაუფიქრებლად ვტკენთ გულს შვილები, იმ იმედით, რომ ის მაინც გვაპატიებს, დედაა და დაიტევსო… ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“ გამახსენდა, თუ როგორ მოახერხა დედის გულის ტკენა უმადური შვილის წინდაუხედავმა სიტყვებმა: „- რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო!.. ნუთუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ?“ – ამ სიტყვების მიუხედავად, დედა შვილებს მაინც უგზავნის, ჩამონათხოვი ფულით, სხვისი ხელით დაწერილ წერილს, რომ არ იდარდონ, ხალხში არ შესცხვეთ და გაილანძღონ: „საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ, სალოცავად წავედი, ნუ მეძებთ… შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუ სწუხართ. მშვიდობით სამუდამოთ“. ასეთია დედის ბუნება, არ შეუძლიათ დიდხანს იყვნენ გულნატკენნი შვილებზე. დედა, შვილის გამო, ტყვიასაც კი დაუდგება წინ. „სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში,“ – გოდერძი ჩოხელი.ჩვენი საყვარელი ნოდარ დუმბაძე არ მინდა გამომრჩეს, დედა ენატრებოდა, შორეულ გადასახლებაში რომ ჰყავდა, უდედოდ გაზრდილს მისი სახე ედგა თვალწინ მუდამ, თუმცა ცხოვრების სისატიკემ მაინც თავისი გაიტანა და იქიდან დაბრუნებული დედა შინ რომ ელოდა, მაშინ ის გარე-გარე დაეხეტებოდა, ვერ კი დაეძახნა „დედა“, მაგრამ, აბა, რა ძალაა ის, თუ არა დედაშვილობა, მოგვიანებით ასეთ სიტყვებს რომ ათქმევინებს მწერალს: „დედაშენი არის ღმერთი… პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის“. ადამიანი ყოველ ჟამს მზად უნდა იყოს იმ შეგრძნებისათვის, რასაც დედასთან განშორება ჰქვია, არც ეს ტკივილია უცხო ჩვენი ლიტერატურისთვის, მინდა თანამედროვე პოეტის, ბესიკ ხარანაულის სიტყვები მოვიხმო:„დედი,იის ძირში ცხოვრობსახლი გიდგას სვეტებით,სახლს კარიც აქვს,მაგრამ ვაი,მე ვერ შემოვეტევი…დედი, რაა,ამ ბოლო დროსსულ საფლავზე გხედავენ,ბებოჩემი, პაპაჩემი,შენს თავს შემომედავენ!…და თუ მართლა წაგიყვანეს,თუ გაუწყრათ გამჩენი,კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,როგორც ხეზე დარჩენილს…ჩამოვყვები კიბეს, დედი, სისხლიანი ფეხებით, დედი, როგორ გავიხარებთ, როგორ გადავეხვევით!“
მკითხველის თვალწინ, ვინ იცის, კიდევ რამდენი შემოქმედი გაიელვებს ამ თემის ხსენებისას… გალაკტიონ ტაბიძის დედა, შვილს რომ მუდამ ევედრებოდა, ივარგეო, ჩემო გატუნია; ლადო ასათიანი, დედის მონატრებით ამ ფრაზებს რომ გვიწერდა: „ან შენ სადა ხარ, დედილო, რომ ლექსი გამაბედვინო?“; აკაკი წერეთელი, დედა რომ არასოდეს ეფერებოდა ცხადად და მხოლოდ ძილში მიეპარებოდა, ბავშვის არგათამამების შიშით, ის კი თავს იკატუნებდა, ვითომ ეძინა… იქნებ ტიციანისა, 37 წლის წითელ ტერორს რომ შეეწირა და დედამისი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, შვილო ტიტე, სადა ხარო?! ეს წერილი მცდელობა იყო, მოკლე მონახაზი, თუნდაც ზღვაში წვეთი, თორემ რა აღნუსხავს ამ ყოველივეს, რასაც დედაშვილობის მადლი მოიაზრებს თავის თავში… რა გადმოსცემს იმას, რაც ისედაც შეუძლებელი და წარმოუდგენელია… მაინც რევაზ ინანიშვილის მოგონებით მინდა დავასრულო, მწერალი იხსენებს, რომ უკანასკნელად დედამ სადგურზე გამოაცილა ღამის სიბნელეში, მერე დიდხანს იდგა და წერტილივით ანათებდა მაშინაც კი, როცა მატარებელი შორს, ძალიან შორს იყო წასული – „რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?!“
უფალო, დედები გვიცოცხლე და დიდხანს გვიმყოფე ჩვენი გზის მანათობლად! „იის ძირში მცხოვრებთ“ – სასუფელი!
ანანო ჩხარტიშვილი – ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის მე-12ბ კლასის მოსწავლე
მაია გვიჩია – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი