„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე,“ — ასე იწყება რეზო ინანიშვილის ნოველა „მე დედაზე ისეთი რა უნდა ვთქვა“. მეტი რომ აღარც გაეგრძელებინა, სათქმელი უკვე ემოციურად იყო ნათქვამი და მკითხველის გონებაში ეს სიტყვები ისედაც საფიქრალს აღძრავდა, მაგრამ ეს ნოველა, თავიდან ბოლომდე ოქროს სიტყვებით რომ არის დაწერილი, ემოციის კორიანტელში გაგხვევს, სიხარულის, სევდის, დარდის ცრემლს მოგგვრის და კიდევ ერთხელ დაგაფიქრებს და შემოგიძახებს: ეი, შენ, ადამიანო, „თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის… დედის მონატრებაა ადამიანობა“ (ოთარ ჭილაძე).
პერსონაჟს, დედასთან ფათიფუთით და საქმიანად რომ ჩავიდა და „ერთი დღე და ერთი ღამე“ დარჩა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაადგებოდა სახლისკენ, ქალაქისკენ მიმავალ გზას ერთფეროვანი, ბანალური, მარადიულად დაუმთავრებელი საქმეების აღსასრულებლად. მოდიოდა დედისაგან, რომელიც ისევ შვილის დასამშვიდებლად იღიმებოდა და ეუბნებოდა: „* ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო“. დედის სახლიდან სადგურამდე 4 კილომეტრი იყო… დედა ძველებური ფარნით იდგა და შვილს, თავდაღმართში მიმავალს, გზას უნათებდა. „ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე,“ — ამბობს მწერალი და ქვეტექსტი ამ სიტყვებისა არის ის, რომ იმ წკვარამსა და სიცივეში ფარნით ხელში დედა ისევ ჯიუტად ცდილობდა შვილის სავალი გზის გაიოლებასა თუ მისი დაღლის გაზიარებას. ჯანდაბას დედის „რაცრაცით“ სიარულს… შვილი ხომ ეყოლება კარგად, ან რად უნდა დედას ორი თვალი, საკუთარი სურვილები?! მთავარია, წინ მიდიოდეს მისი პირმშო, მისი მონაგარი და ეს სრულიად საკმარისი იქნება ბედნიერებისათვის. ნოველის ემოციური ფონი ფინალისკენ ძლიერდება მაშინ, როცა ავტორი ამბობს: „ის კი იყო და ის, ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად“. ამ დარდს არ აქვს წამალი, ეს ისეთი ვარამია, ვერაფრით რომ ვერ ჩააყუჩებ და გაართობ. ამას ჩუმი, მარადიული, გაბმული დარდი ახლავს, რომელიც ტვინის ყველა უჯრედამდე ჩადის და იქიდან ღრენას იწყებს — გულისგამაწვრილებელს და დაუმთავრებელს. აკი ამიტომაც ამბობს ავტორი: „დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავუჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს…“.
რეზო ინანიშვილს ამავე თემაზე კიდევ ერთი მოთხრობა აქვს დაწერილი — „დედები“. უშვილოდ დარჩენილი დედა სოფლის ქალებთან ზღაპრებს ყვება, რადგან თვითონაც არ უნდა დაიჯეროს, რომ შვილი მასთან აღარ არის. რა არის ეს? საკუთარი თავის ნუგეში თუ სხვათა თვალში გიჟობანას თამაში, იქნებ, სანამ გულისგასახეთქს რამეს ჰკითხავენ, თვითონვე პასუხობს გაზეპირებულ ფრაზებს?! რა უნდა დედას, მარადიული სიყვარულის ნათლიას? მოთხრობის ფინალში ვიგებთ, რომ ჭკუაზე შეშლილი კი არ არის დედა (როგორც სოფლის ქალებს ჰგონიათ), არამედ რეალობას შეგნებულად გაურბის, მარტო სიზმრებშია ბედნიერი, სადაც თავის მხარბეჭიან, ულამაზეს, მზეჭაბუკ შვილს ხედავს, ახლა კი სიზმრებშიც მიატოვა შვილმა და ამისთვის მოსულა დედა ექიმთან: „ძილის წამალი მომეცი, ძილის წამალი მომეცი, თორემ აღარ მეძინება, ბიჭს ვეღარ ვხედავ და ვიღუპებიო. ტიროდა, ტიროდა, სულ თხილის სიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა“.
დედის დღესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ძალიან კარგი გადაცემა — ექსპერიმენტი ჩაწერეს. მოწვეული ჰყავდათ 7 რესპონდენტი და თითოეულ მათგანს 7 კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი — თქვენი შვილის საყვარელი საჭმელი; ბოლოს რა საჩუქრით გაანებივრეთ თქვენი შვილი; რომელ სიმღერას უსმენს ხშირად; თქვენი შვილის რამდენი ფოტო გაქვთ ტელეფონში; რამდენი წლისაა თქვენი შვილი და როდის უთხარით თქვენს შვილს ბოლოს, რომ გიყვართ.
ექსპერიმენტის არსი იყო ის, რომ იმავე კითხვებზე უნდა გაეცათ რესპონდენტებს პასუხი, ოღონდ, შვილთან დამოკიდებულების ნაცვლად, მოწმდებოდა დედასთან დამოკიდებულება. და აი, აქ აღმოჩნდა, რომ ეს ერთი შეხედვით სახალისო ექსპერიმენტი დროული, საჭირო და, ამავდროულად, ძალიან სევდის მომგვრელი იყო. შვილების პასუხი დედებთან მიმართებით ასეთი იყო:
— ააა… შემიტყუეთ?
— როგორ დავუწიეთ ტონს?!
— ვაუუ, ვერ ვიხსენებ…
— ვიცი, რა არ უყვარს, თუმცა რა უყვარს, აღარ მახსვს…
— აი, სად გავიჭედე…
— მართლა არ ვიცი…
— ალბათ…
— არ ვიცი…
— ცოტა ხანი მინდა და მალე ზლუქუნს დავიწყებ…
დედის ასაკზეც კი დაფიქრდა თითქმის ყველა მათგანი; რომ უყვართ, არც ეს უთქვამთ ახლო წარსულში და ა.შ. და ა.შ. მადლობა რესპონდენტებს და გადაცემის ავტორს გულწრფელობისა და ბუნებრიობისათვის, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ამ გადაცემამ საკუთარ თავში ჩამახედა და მეც იგივე კითხვები დავუსვი ჩემს თავს… და იგივე მდუმარება, იგივე უხერხული შფოთვა, იგივე ნერვიული სიცილი თუ ყველა კითხვის ხუმრობის ტალღაზე გადატანა მომინდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ დედასთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მართალია, დედის ბედნიერება ის არის, შვილი რომ გააბედნიეროს, თუმცა არც მოფერება, თავზე ხელის გადასმა და სიყვარულის ახსნა აწყენს მშობელს. ლიტერატურა კი გვმოძღვრავს, რაც ძალა და ღონე აქვს, მაგრამ ვაი, რომ ჩვენს ხელში იქცა ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. მთელი არსით რომ გააცნობიერებ ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცის“ ტრაგედიას, სიბრაზისგან გაწიწმატდები და შვილებზე აჯაგრული ხმამაღლა დაამუნათებ ქვრივის უგვან შვილებს. გაფორიაქებს მისი ტუტუცი ქალიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ დედისათვის საღირალი პატივი აქვს ნაცემი… დედა კი სხვა შვილის მომადლიერებასაც ცდილობს. გულგაგლეჯილი, შვილის პასუხით ნირწამხდარი და შეურაცხყოფილი დედა მიდის და თან მიაქვს ნაჯახირები წარსული, ქმრის ხსოვნა, შვილების სიყვარული და მომავალში აუცილებლად სათქმელი ტყუილი, რომელიც თავის სიცოცხლეში ერთადერთხელ თქვა — აღარ მეძებოთ, შვილებო, სალოცავში წავედი. რატომ იცრუა დედამ, რატომ დააფარა თავის შვილებს ხელი, არის კი ეს სწორი საქციელი თუ ნამუსში ჩახედვა უფრო უკეთესი იქნებოდა ამ მონსტრებისათვის, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში თავიანთი დედა ხან ერთთან ეგონათ და ხან — მეორესთან. შემდეგ, როცა გაიგეს დედის გაუჩინარების ამბავი, შეწუხდნენ, ხალხი რას იტყოდა, ეს ადარდებდათ, დედის მოძებნა თანხებთან იყო დაკავშირებული და ეძვირათ! აი, ეს სიტყვაა ამ ნოველის კულმინაცია, ყველაზე ზუსტად შერჩეული სიტყვა, რომელიც ტყვიასავით არის ჩაჯენილი ათიანში. შვილებს დედის მოსაძებნად წასვლა ეძვირათ! ამაზე დამთრგუნველი ემოცია და ადამიანის ამაზე მეტად დამაკნინებელი ფიქრი რაღა უნდა იყოს?
გილოცავთ დედებო და შვილებო დედაშვილობას! სანიმუშო შვილები და მშობლები ვყოფილიყავით! სანამ დედა-შვილს ერთმანეთი უყვარს, სამყაროს გადაშენება არ უწერია!
მაია მენთეშაშვილი – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის პედაგოგი