27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

„დედა ენის“ ხმაურიანი „დაბრუნება“

spot_img

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველდღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ! ამათ ჰგონიათ, რომ ვახტანგ როდონაიას გოგებაშვილი არ უყვარდა და იმიტომ შეიქმნა თანამედროვე სახელმძღვანელო? “  – ამ სიტყვებით ეხმაურება ლევან ბერძენიშვილი დედაენის სკოლებში „დაბრუნებას“ .

 

15 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვარიანში გამართულ  იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედებების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის დედაენა ამოღებული იქნა სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა.“  

მისივე თქმით, მაშინდელი პატრიოტები სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოს და ქართველი ერის გადარჩენის იდეას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა, ეს არის განათლება, და დღეს მე მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის დედაენას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც ეს უყვარდათ წინა თაობებს და გვიყვარს ჩვენ“.

საზოგადოების  მხრიდან გულისწყრომა არამხოლოდ „დედაენის ამოღებამ“, არამედ მისი დაბრუნების ინიციატივამაც გამოიწვია. საკმაოდ მკაცრი შეფასებები მოჰყვა დეპუტატების – მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას ამ საკანონმდებლო ინიციატივას. განათლების სპეციალისტმა, რეზო აფხაზავამ  ინიციატივას „ქარის წისქვილებთან ბრძოლა“ უწოდა. „ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს თანამედროვე რესურსის შექმნას თავისი მომავალი თაობისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად და მეცხრამეტე საუკუნის სამუზეუმო ექსპონატებს უბრუნდება, ძალიან ბუნდოვანი მომავლის წინაშე დგას!“  

მისი აზრით, ეს ინიციატივა თავად გოგებაშვილისეულ სამ ძირითად პრინციპს არღვევს:

„ჩემი ღრმა რწმენით, გოგებაშვილის სახელმძღვანელოს წარმატების მთავარი განმაპირობებელი იყო სამი ძირითადი პრინციპის ერთობლიობა: I. გოგებაშვილი დაეყრდნო, იმ  დროისთვის ინოვაციურ და თანამედროვე დასავლურ მეთოდოლოგიას (რომელიც რუსეთის გავლით მოხვდა საქართველოში); II. მან მოარგო სახელმძღვანელოს ტექსტები მოსწავლეთა, იმ  დროისთვის არსებულ ინტერესებს და III. მან გაითვალისწინა კოლეგების კრიტიკული მოსაზრებები და მრავალჯერ ძირფესვიანად გადაამუშავა და შეცვალა თავისივე სახელმძღვანელო (მათ შორის მეთოდიც).

დღეს, სამწუხაროდ, თითქოსდა პატრიოტიზმში შეფუთული ამ სრულიად გაუგებარი ინიციატივით ხდება მისი ამ სამივე ძირეული პრინციპის უგულებელყოფა!

თან ამაზე დროის და კალორიების ხარჯვა ხდება მაშინ, როდესაც სახელმძღვანელოების შექმნის არსებული სისტემა (გრიფირება) სრულიად არაადეკვატური და არაეფექტურია (ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ). ეს სისტემა ავტორებს სამ  თვეში სთხოვს სახელმძღვანელოს შემუშავებას (!!!), ექვსი თვე ანდომებს მათ შეფასებას და მაინც ვერ ახერხებს ამ შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზების თავიდან აცილებას.

იმის ნაცვლად, რომ ახლა კანონმდებლები, აღმასრულებლები და საზოგადოება იმით ვიყოთ დაკავებული, როგორ შევქმნათ სახელმძღვანელოების მოქნილი მოდელი, რომელშიც ჩართული იქნებიან უნივერსიტეტები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, ჩვენ რას ვაკეთებთ? ვებრძვით ქარის წისქვილებს!

დარწმუნებული ვარ, დღეს რომ იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი იყოს, ამ ინიციატივის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე თავად იქნებოდა!“

თუმცა, ინიციატივას კრიტიკოსები ისედაც საკმაოდ ბევრი ჰყავს.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი დედაენის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,  საარჩევნო წლის მოახლოებას უკავშირებს და თან სამწუხაროდ,  კორუფციის რისკებსაც  განიხილავს.  ის ამბობს, რომ „ეს ახალი გადაწყვეტილება არის სინამდვილეში ძველია, რადგან ზუსტად მსგავსი ინიციატივა გააჟღერეს 2011 წელს და მაშინაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაებრუნებინა გოგებაშვილის დედაენა. თუმცა გოგებაშვილის დედაენა არც იმ დროს და არც ახლა, სკოლებიდან არსად არ იყო წასული და მისი ადაპტირებული ვარიანტით დღესაც სწავლობენ ბავშვები, არის სხვა სახელმძღვანელოებიც.

„რომ მივყვეთ სიტუაციას, პირველი – რომ გოგებაშვილი ასად არ წასულა, შემდეგ მასწავლებლებს არავინ არ უკრძალავს დამხმარე სახელმძღვანელოს სახით ნებისმიერი რამ შეარჩიოს. ეს ყველაფერი მაინც უკავშირდება ერთ ძალიან უცნაურ სიტუაციას, რაც დაკავშირებულია სახელმძღვანელოების გრიფირებასთან. შარშან სკანდალურად წავიდა ეს პროცესი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შეიძლება, სახელმძღვანელომ გრიფი მიიღოს, მაგრამ სამინისტრომ არ დაბეჭდოს, რადგან ცოტა სკოლამ აირჩია და არ იყოს მისთვის ხელსაყრელი. ეს პროცესი მთლიანად არის გადასახედი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტრო საერთოდ არ უნდა ბეჭდავდეს სახელმძღვანელოს, ის ყველაფერში ერევა, ის ერევა სახელმძღვანელოების შეფასებაში და შემდეგ ბეჭდვაშიც. მას აქვს ყველა ბერკეტი და შესაბამისად, ის, რომ სახელმწიფომ ვიღაც ლოიალურ ჯგუფს გოგებაშვილის განახლებული დედაენა დაუბეჭდოს და შემდეგ საავტორო ჰონორარიც გადაუხადოს, ამას ჰქვია ძალიან კლასიკური გაგებით კორუფცია“, – აცხადებს თამარ მოსიაშვილი.

„სანამ სახელმწიფო უწყება, სადაც დასაქმებულები არიან პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, მსგავსი გადაწყვეტილებების ეპიცენტრში იმყოფებიან, ქართველი ხალხი მუდმივად ასეთი ბუნდოვანი ინიციატივების წინაშე დადგება. უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია, დერეგულირება და დეპოლიტიზება. სამინისტრომ უნდა აკეთოს განათლების პოლიტიკა და ეს პოლიტიკა არ არის რომ წიგნი შეაფასოს. კომისია შეიქმნა ნამდვილად ძალიან საპატივსაცემო ადამიანებისგან, თუმცა აბსოლუტურად დააიგნორეს კვალიფიციური ადამიანები, დიახ იმ კომისიაში არიან მეცნიერები, მაგრამ არ არიან დაწყებითი საფეხურის მეთოდიკის მკვლევრები “, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით კი „როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, რომ მათი „დედაენა“ ისწავლებოდეს სკოლებში, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ გოგებაშვილის დედაენაც იყოს სკოლაში, ანუ ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას. სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის – ან გოგებაშვილის „დედა ენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის თავისუფალი არჩევანი სკოლებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თავად წყვეტენ რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა გამოიყენონ პარალელურად გოგებაშვილის „დედაენა“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს. დღეს დამისვეს კითხვა, ხომ არ მოხდება „დედაენით“ „ბუქების“ ჩანაცვლება. „ბუქები“ არა მარტო დაურიგდებათ, არამედ უფრო მაღალ ტექნოლოგიები შევა სკოლებში. გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. ჩვენი მიზანია, მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა“.

♦♦♦

არ ვიცი რომელი სკოლა რომელ სახელმძღვანელოს აირჩევს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველა პირველკლასელს ბუქთან ერთად მერხზე, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსიის 34-ე გამოცემა დახვდება საჩუქრად. მანამდე კი, რომელ სახელმძღვანელოზე შეჩრედება მასწავლებლის არჩევანი, პირველკლასელებისთვის შემეცნების  განმსაზღვრელი ფაქტორია. ისიც კონკრეტულ პედაგოგზეა დამოკიდებული  „დედა ენის“ ადაპტირებულ ვერსიას დამხმარედ  აირჩევს თუ ძირითად სახელმძღვანელოდ, თუმცა, ერთი რამ აუცილებლად გასათვალისწინებელია – პრიორიტეტები დროის მიხედვით ცვალებადია. ისიც ძალიან საინტერესოა, როგორია „დედა ენის“ ახალი ვერსია, რომელმაც საზოგადოების მხრიდან ასეთი ხმაური გამოიწვია და რა შეცვალა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ.

მართალია, კარგ მასწავლებელს სახელმძღვანელოს გარეშეც შეუძლია სწავლება, მაგრამ რატომ უნდა გავიწვალოთ თავი, როცა თანამედროვე მეთოდები არსებობს?(ლევან ბერძენიშვილი).

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები