27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

დებატების როლი მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში

spot_img

ნანა ირემაძე

სსიპ მურთაზ ირემაძის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი

დებატები, როდესაც ეს სიტყვა გვესმის ყველას გვიჩნდება გარკვეული ასოციაცია, ეს შეიძლება იყოს თავისუფლება, საკუთარი აზრის დაცვა, დემოკრატია, სხვისი აზრის პატივისცემა და ასე შემდეგ. დებატები ადამიანთა შორის ურთიერთობის დამყარების და პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, თუმცა, მე მინდა ყურადღება გავამახვილო დებატებზე როგორც სასკოლო-სასწავლო მეთოდზე, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. დებატები არგუმენტირებული კამათია, რომელიც გარკვეული წესებით იმართება, ყველას აქვს საკუთარი აზრის დაცვის და სხვისი აზრის გაბათილების შესაძლებლობა, მაგრამ ისე,რომ არ დაარღვიოს სხვების უფლებები. დებატები ეს არის მცდელობა საპირისპირო მხარე დაარწმუნო შენი პოზიციის სისწორეში. ამ დროს ხშირად ხდება გადმობირება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად არგუმენტირებულად მსჯელობ და რამდენად დამაჯერებელია შენი პოზიცია.

დებატები ისეთი სასწავლო მეთოდია, რომელიც ყველაზე მეტად ააქტიურებს მოსწავლის შინაგან ძალებს, აზრის თავისუფლად გამოხატვის შედეგად, იხსნება ყველა კომპლექსი და მოსწავლეებს უვითარდებათ მნიშვნელოვანი ფუნქციურ – კომპეტენტური უნარები, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ მოქალაქედ  ჩამოყალიბებაში, ეს უნარებია: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ემპათიის უნარი, სხვისი აზრის პატივისცემა, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, თავდაჯერებულობა, გადმობირების უნარი, თვითრეგულირება, დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების და სხვადასხვა საკითხის კვლევის უნარი, დროის რაციონალურად გამოყენების უნარი და რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ავითარებს კამათის კულტურას. დიახ, ასეა, ამ და კიდევ სხვა უამრავ უნარს ავითარებს ეს ძალიან კარგი მეთოდი, ამის თქმა თამამად შემიძლია საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე.

მე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვარ და უდაოა, რომ ეს მეთოდი ამ საგანში განსაკუთრებულად კარგად მუშაობს, მას შეუძლია გაგვიყვანოს ყველა უნარის გამომუშავებასა და ყველა სამიზნე ცნებაზე, შესაბამისად, სრულ თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და საგნობრივ სტანდარტთან, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დებატები არა მარტო სამოქალაქოში არამედ, თითქმის ყველა საგანში ეფექტურად გამოიყენება, თუ მოვარგებთ და სათანადოდ წარვმართავთ; ასევე განსაკუთრებით კარგად მუშაობს ინტეგრირებული გაკვეთილების დროს, მაგალითად: სამოქალაქო განათლების და ბიოლოგიის ინტეგრირებულ გაკვეთილზე გამოვიყენეთ დებატების მეთოდი და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველა მასწავლებელმა, ყველა საგანში უნდა იმუშაოს უნარების განვითარებაზე და სწორედ ამ მხრივ არის საუკეთესო ინტეგრირებული გაკვეთილები დებატების მეთოდის გამოყენებით,

უნდა აღინიშნოს რომ დებატების სხვადასხვა ფორმატი არსებობს, ესენია:

1.ბრიტანული საპარლამენტო დებატები

2.კარლ პოპერის ფორმატი

3.ლინკოლნ-დუგლასის ფორმატი

4.საჯარო ფორუმ-დებატები

5.მსოფლიო სასკოლო სტილით დებატების ფორმატი

სწორედ ეს უკანასკნელი ფორმატია ჩემთვის ყველაზე მეტად მისაღები და აქტიურად ვიყენებ როგორც საკლუბო მუშაობის დროს ასევე საგაკვეთილო პროცესში, თითოეულ ფორმატზე შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ რადგან ყველა უნიკალურია თავისი არსით, თუმცა შევეცდები ავხსნა, თუ რატომ მომწონს მსოფლიო სასკოლო სტილით დებატების ფორმატი. ჩემი აზრით, ამ დროს, განსაკუთრებით ძლიერდება პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან გუნდის წარმატება კონკრეტული სპიკერის წარმატებულად გამოსვლაზეა გამოკიდებული, განსაკუთრებით თანამშრომლური გარემო იქმნება იქედან გამომდინარე რომ გუნდი თავიდანვე შეიმუშავებს ე.წ. ქეისს, რომელსაც დაიცავს ბოლომდე. იმისათვის რომ საკუთარი პოზიცია გაამყაროს უნდა მოიყვანოს პრაქტიკული მაგალითები, გაავლოს პარალელები და გამოიყენოს ასოციაციები. ამ პროცესში, გარდა უნარების გამომუშავებისა უამრავ თეორიულ ინფორმაციას იღებს რომელიც არასოდეს დაავიწყდება, რადგან მთელი გულით აქვს ნამუშევარი.

ზოგადად, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოება, დებატების გარეშე წარმოუდგენელია. როგორც მაჰათმა განდი ამბობდა: „გულწრფელი უთანხმოება ხშირად პროგრესის კარგი ნიშანია“. ამიტომ ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ გულწრფელი უთანხმოება და ჯანსაღი კრიტიკა, მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციონ, რათა ჩამოყალიბდნენ გლობალურ მოაზროვნე პიროვნებებად.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები