23 ნოემბერი, შაბათი, 2024

„დაჯექით, მასწ, ორიანი“, ანუ ჩავარდნილი გაკვეთილი

spot_img

ის შეგრძნება იცით, გაკვეთილი რომ არ მოგიმზადებია და მასწავლებელი მკაცრი ხმით გიბრძანებს დაჯექიო. ეს ჩემი ღამეული კოშმარია. საშინლად მეშინოდა ამის და, ცოდვა გამხელილი სჯობს, ბევრჯერ რაღაც გაუაზრებლად დამიზეპირებია. ეს ავადმყოფური პასუხისმგებლობის გრძნობა დღესაც მომყვება.

როცა მასწავლებელი გავხდი, მეგონა, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებდი ამ შიშს. რა ვიცოდი, რომ ზოგჯერ მასწავლებლებიც იღებენ ორიანებს. ეს განსაკუთრებით პირველ გაკვეთილებზე გვემართება, სანამ მოსწავლეებს შევეჩვევით და შეგვეჩვევიან.მასწავლებლის გადამზადების პროგრამაზე კი შემოგვაპარეს, ზოგჯერ შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გინდათო, ქცევის მართვაზეც ვისაუბრეთ. მაშინ ვიფიქრე, აქაც გამოურიეს მშრალი თეორია, კარგ მასწავლებელს ეს რაში უნდა დასჭირდეს-მეთქი. მართალია, 90-იანების ბოლოს დავიბადე, მაგრამ მითი მასწავლებლის შესახებ, წარბის აწევით რომ აჩერებს მთელ კლასს, ჩემი მოსწავლეობის დროსაც ცოცხლობდა. არა მარტო ეს, ბევრი სხვაც არსებობს. ამაზე მერე, ცალკე მოგიყვებით. იმას ვამბობდი, რომ მასწავლებლობა ძალიან ამბიციურად დავიწყე. კი ვიცოდი, ჩემს წარმოდგენაში არსებულ მასწავლებლებს რომ არ დავემსგავსებოდი (ყველაზე არ ვამბობ. საბედნიეროდ, ბევრი კარგი მასწავლებელიც ვიცი), მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სიტუაცია არ გამექცეოდა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა პირველად ბავშვები ვერ გავაჩუმე. სრული პანიკა დამემართა. რამდენიმე წუთით ყველანაირი თეორია დამავიწყდა. ასე უმწეოდ თავი ცხოვრებაში არ მიგრძვნია. მინდოდა, ბოლო ხმაზე მეღრიალა. საბედნიეროდ, მალევე ავიყვანე თავი ხელში და ბავშვებს შევთავაზე: რახან საგაკვეთილო განწყობაზე არ ხართ, მოდი, ცოტა ვითამაშოთ და გაკვეთილი მერე განვაგრძოთ-მეთქი. მათი გაოცებული სახეები უნდა გენახათ. ალბათ, სხვა რამეს ელოდნენ. მერე დავსვი და გულწრფელად დაველაპარაკე ჩემს განცდებზე. დარწმუნებული ვიყავი, გაიგებდნენ. ეს დიდებს არ გვესმის ერთმანეთის, თორემ პატარებს ძალიან კარგად შეუძლიათ მოსმენაც და თანაგრძნობაც.

ამიტომ მიყვარს მათთან ურთიერთობა. ბევრ კარგ რაღაცას აღვიძებენ ჩემში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქართულის არა, მარგამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანის გაკვეთილი გამოგვივიდა იმ დღეს. ბევრი ვიმსჯელეთ, ბევრიც ვიცინეთ ჩემი არშემდგარი შატალოს ისტორიაზე…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხდება ხოლმე, როცა ბავშვებს სულ არ „ეგაკვეთილებათ“. ძვირფასო მასწავლებლებო, ნუ გაბრაზდებით, ნურაფერს დააძალებთ თქვენს მოსწავლეებს. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. გაკვეთილის გაცდენა არ გაგხარებიათ? მეცადინეობა არ დაგზარებიათ? არა, იმას კი არ ვამბობ, გაკვეთილები აღარ ჩავატაროთ და ცეკვა-თამაშზე გადავიდეთ-მეთქი. უბრალოდ, აუცილებელია გვესმოდეს მათი, ვისაც ვასწავლით. ეს წარმატებული სასწავლო პროცესის საწინდარია. ასეთ „გაფუჭებულ“ გაკვეთილებსაც მივყავართ წარმატებულ გაკვეთილებამდე – აი, მასწ, ასე მალე მორჩა გაკვეთილიო რომ გეუბნებიან. სწორედ ამ დროს უჩნდებათ მოსწავლეებს მასწავლებლის მიმართ ნდობა და პატივისცემა. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ყველაფერს ჩვენზე უკეთ ამჩნევენ და მათი სიყვარულის დამსახურება სახუმარო არ არის.

დაბოლოს, თუ ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, ჩართეთ რეჟიმი „პეპი“. დიახ, ის პეპი, რომ იფიცებოდა, არასდროს გავიზრდები იმხელა, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შემრცხვესო.

ლალი კუკავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები