თემა: ჩემი მშობლიური სოფელი
კლასი: V-VI
მასწავლებელი: ჟანარ კალაჩიან
პროექტის მიზანი:
- სოფლის ისტორიის შესწავლა;
- მშობლიური სოფლისადმი სიყვარულის გრძნობის ჩამოყალიბება.
- სოფლის ცხოვრების ცვლილების გაცნობა და სოფლის მოსახლეობისთვის ბუკლეტების დარიგება.
გთავაზობთ პროექტის ფარგლებში მოძიებულ ინფორმაციას, რომელიც, ამავე პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალურ ბუკლეტებში შევიდა და დაურიგდა მოსახლეობას.
დაშბაში პატარა სომხური სოფელია წალკის რაიონში, რომელიც წალკიდან მხოლოდ 2 კილომეტრითაა დაშორებული. აქ, დაახლოებით, 370 მოქალაქე ცხოვრობს. დაშბაში ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 200-მეტრიანი კანიონის კიდეზე. ეს არის ე.წ. დაშბაშის კანიონი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი ჩანჩქერითა და საპიკნიკე ადგილებით.
1829 წელს აქ თურქეთიდან გადმოვიდნენ სომხები და თავიანთ დასახლებას უწოდეს „დაშბაშ“ — „სოფელი ქვაზე“. წალკის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში ეს ერთადერთი სომხური სოფელია. სოფელში ორი უძველესი ტაძარია: წმინდა გიორგის ეკლესია და ჯვრის გუმბათოვანი ტაძარი.
წერენ, რომ ის თრიალეთის ერისთავმა რატიმ ააგო X-XI საუკუნეში. სავარაუდოდ, ეს ეხება რატი I (960-988.) ბაღვაშს ან რატი II-ს (1005-1021).
ჩვენი სოფლის ერთ-ერთ ღირებულებას დაშბაშის საჯარო სკოლა წარმოადგენს, რომელიც. 1972 წელს აშენდა. ბოლო 17 წლის განმავლობაში სკოლას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, არსენ ჯმუხაძის დახმარებით. სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი 50 წელზე მეტია მუშაობს ამ სკოლის დირექტორად და მასწავლებლად. ამ ხნის განმავლობაში, მან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის განვითარებაში, მოსწავლეების აღზრდაში. ჩვენი მოსწავლეები, საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ, სწავლას სხვადასხვა საშუალო სკოლებში აგრძელებენ, იღებენ უმაღლეს განათლებას და კარგ პოზიციებზე იწყებენ მუშაობას ქალაქ წალკაში თუ ქვეყნის სხვა რეგიონებში. სკოლაში, წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმთავრის, მამა გიორგის ხელმძღვანელობით, გაიხსნა მუზეუმი, რომელიც ყოველთვის მზადაა მიიღოს სოფლისა და ჩვენი ქვეყნის ყველა დამთვალიერებლი, ასევე ტურისტები მთელი მსოფლიოდან.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, სოფელში ბევრი ცვლილება მოხდა, დაშბაშში ნელ-ნელა უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, გზა ნაწილობრივ ასფალტირებულია, ქუჩები — განათებული, ყველა მოსახლეს მიეწოდება სასმელი წყალი, დამონტაჟდა გაზსადენი. სამომავლოდ, სოფელში გაზსაც შემოიყვანენ, შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგური (ჰესის უფროსი — რუბენ გალუსტიანი).
სკოლამდე მოსასვლელი გზა მთლიანად მოასფალტდა, წყალი სკოლის ტერიტორიაზეა მიყვანილი და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი სოფლის გამგებელს, რუბენ ხაჩატურიანს და წალკის მუნიციპალიტეტის მერს, ილია საბაძეს. აღსანიშნავია, რომ სოფელში არის კერძო სახელოსნო (ინდმეწარმე „აღუნიკ კოჩარიან“), სადაც სამშენებლო ბლოკები იწარმოება. ბლოკების წარმოება მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოფლის მოსახლეობას სამშენებლო მასალების დაბალ ფასად შეძენის საშუალებასაც აძლევს.
სოფელში განვითარდა ტურიზმი, პარალელურად, გაჩნდა სერვისების სპექტრისა და ახალი რეკრეაციული ობიექტების გაფართოების ტენდენცია. Kass Land-ის წყალობით, სოფლის მცხოვრებთათვის სამუშაო ადგილები გაჩნდა, ასევე დიდი როლი ითამაშა სოფლის განვითარებაში ააიპ სენი-კავკასიის გარემოს დაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაცია სენმა, რომელმაც ხელი შეუწყო სოფელ დაშბაშში ახალი ობიექტების გახსნას, რომლებიც დაშბაშის კანიონს გადაჰყურებენ და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ, უზრუნველყოფენ, მაღალ სტანდარტებსა და ტექნოლოგიების გავრცელებას კორპორატიულ დონეზე.
სენის ორგანიზაციის წყალობით, სოფელში განახორციელე პროექტი „ყვავილები წალკაში“ — ყვავილების მოყვანა-გაყიდვა (ჰოლანდიური ვარდები) წალკის რეგიონში. ბოლო დრომდე ეს ადგილი ნაკლებად იყო ცნობილი, ახლა კი ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აქ ტურისტების ნაკადი არ წყდება.
ჟანარ კალაჩიან
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი